გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა 95% ქალია. ძალადობის შედეგად გაცილებით მეტი ქალი კვდება, ვიდრე - სიმსივნით, ავტოსაგზაო შემთხვევებში და ომის დროს. ყოველწლიურად, მსოფლიოში 5 ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველი მესამე კი, სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი ხდება. მოძალადე, უმეტესად, პარტნიორი მამაკაცია. მაგალითად, ინდოეთში, ამ მიზეზით, ყოველდღიურად 22 ქალს კლავენ, აშშ-ში - ოთხს, ევროპაში კი, პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ძალადობას, ყოველი მეხუთე ქალი განიცდის. ქალზე განხორციელებული ძალადობის სტატისტიკაში საქართველოსაც “საპატიო” ადგილი უკავია და ბოლოდროინდელი ფაქტები ამის ნათელი დასტურია. ჩვენი კანონმდებლობით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობით დარღვევას გულისხმობს.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოკითხული ქართველი ქალების 80%-ზე მეტი, ოჯახში განხორციელებული ძალადობის გამომწვევ მიზეზად უმუშევრობას, სიღარიბესა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. ფსიქოლოგები კი თვლიან, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ალკოჰოლიზმი თუ ნარკომანია ძალადობისთვის ხელისშემწყობი ფაქტორებია და არა - მიზეზი. მოძალადე მამაკაცის მიზანი პარტნიორზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებაა.
გაერო-ს მაღალჩინოსანი მიშელ ბაჩეტი აცხადებს: “გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წლიური ანგარიშის სტატისტიკა შემაშფოთებელია, მამაკაცის მხრიდან ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები კი - შემზარავი”.
ასე რომ, დღეს, 21-ე საუკუნის დასაწყისში, საკაცობრიო ცივილიზაციის უდიდესი მიღწევების ეპოქაში, ქალის მიმართ განორციელებული ძალადობის ფაქტები საერთაშორისო და საყოველთაო პრობლემაა. რატომ? - ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, მაგრამ მაინც შორიდან დავიწყებ, ძალიან შორიდან...
აქვს თუ არა ქალს სული
ძველი აღთქმის პირველ თავში - “დაბადება”, ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ერთდროულად შექმნა კაცი და ქალი. აკურთხა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას და ა.შ., მაგრამ “დაბადების” მეორე თავში (როგორც ჩანს, უკვე სხვა მწერალი წერს) განმარტებაა, რომ ღმერთმა ქალი მოგვიანებით, ადამის ნეკნისგან შექმნა. სხვათა შორის, თუმცა რატომ სხვათა შორის, სწორედ “დაბადების” მეორე თავში შეტანილმა ცვლილებამ და განმარტებამ ჩაუყარა საფუძველი კონფლიქტს ქალსა და კაცს შორის. ამ თემაზე, საუკუნეების განმავლობაში, ლაპარაკობდნენ კათოლიკურ ეკლესიაში და ბჭობდნენ: აქვს თუ არა სული ქალს და თუ აქვს, რატომ? ადამს ღმერთმა შთაბერა სული, ქალი კი, ადამის ნეკნისაგან შექმნა მის შემწედ, ანუ ღმერთს ქალისათვის სული არ შთაუბერავს.
ქრისტიანული რელიგიის მიხედვით (აგრეთვე, ბუდიზმი, იუდაიზმი, ისლამი და სხვ.), ქალი მეორეხარისხოვანი არსებაა და მისი მთავარი ფუნქცია შვილის (ვაჟის) გაჩენაა. ასე თვლიდა საზოგადოება წარსულ ეპოქებში და ასე თვლიან დღესაც აზიის ბევრ ქვეყანაში.
ისევ “დაბადებას” დავუბრუნდეთ, მესამე თავში ქალი გამოყვანილია, როგორც ცოდვით დაცემული, დამნაშავე, რომელმაც ღმერთის მორჩილი ადამი შეაცდინა. ღმერთმა განაჩენი გამოუტანა დედაკაცს და უთხრა: “სატანჯველს გაგიმრავლებ, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი, იბატონებს შენზე!”
ქალი ხდება მიზეზი ადამიანის, პრაქტიკულად, მთელი კაცობრიობის უბედურების, რადგან, რომ არა მისი სულსწრაფობა, ღმერთი ადამს (კაცს) სამოთხიდან არ გამოაგდებდა. ერთადერთი მანუგეშებელი ფუნქცია, რომელიც ქალს დაეკისრა, ისაა, რომელიღაც ერთი ქალი, გამორჩეული დედაკაცთა შორის, შობს “მხსნელს”. ბიბლიის მიხედვით, დედაკაცის ხვედრია ტანჯვა, მოთმინება და მორჩილება.
არ მინდა, სიტყვა გამიგრძელდეს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც უნდა გავიხსენო ბიბლიიდან: სამოთხის ბაღში მხოლოდ კაცს უბოძა ღმერთმა სახელი - ადამი. ადამის ნეკნიდან შექმნილი დედაკაცი უსახელო იყო. სამოთხიდან გამოძევების შემდეგ, ცოდვათდაცემული დედაკაცი პირველი ვაჟის (კაენი) გაჩენის შემდეგ, იღებს სახელს - ევა, რომელიც ადამმა დაარქვა. ევა ებრაული სახელია და სიცოცხლეს ნიშნავს. ასე იწყება კაცისა და ქალის ისტორია ბიბლიის მიხედვით და ქალის როლი ამ ისტორიაში შესაშური ნამდვილად არ არის.
მამაკაცის 5-ათასწლიანი უპირატესობა
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ძველი აღთქმის - “დაბადება”, უძველესი ტექსტი დაწერილია ძვ. წ. აღ-ით მე-8-მე-4 ათასწლეულებში, ახალი აღთქმის კი - მე-4 საუკუნის დასაწყისში (ახ. წ. აღ-ით). მთელი ეს პერიოდი ათასწლეულებად რომ გადავთვალოთ, ყველაზე მცირე, 5 000 წელი მამაკაცი პრივილეგირებული პერსონა იყო.
ორივე - ძველი და ახალი აღთქმა იყო და არის საკრალური მნიშვნელობის, რომელიც მამაკაცის ცნობიერებას აყალიბებს: კაცს უნდა ემორჩილებოდეს ქალი. მამაკაცს უკვე გენეტიკური მახსოვრობის დონეზე აქვს გამჯდარი, რომ ქალი არ უნდა ეურჩებოდეს, მაგრამ თავის მხრივ, ქალი უნდა არჩინოს, ქალმა ოჯახს - შვილებს და ქმარს უნდა მოუაროს, ქმრის ერთგული უნდა იყოს და ა.შ. თუ ქალი ქმარს უღალატებდა, საჯაროდ უნდა დასჯილიყო. მოღალატე ცოლებს ქვებით ქოლავდნენ, უკეთეს შემთხვევაში, ვირზე უკუღმა სვამდნენ და ტალახს ესროდნენ. ხშირად კაცი თავის პრივილეგირებულ მდგომარეობას იყენებდა და, მობეზრებული ცოლი სახლიდან რომ გაეგდო, ათას ტყუილს აბრალებდა. კაცის სიტყვა, რა თქმა უნდა, ჭრიდა და მოძულებულ ცოლს ან ქუჩაში გააგდებდა, ან ღალატს დააბრალებდა და ხალხს ჩააქოლინებდა. ერთი სიტყვით, ქალის მდგომარეობა საზოგადოებაში მამაკაცზე იყო დამოკიდებული და ეს მამაკაცი შეიძლება, მამა, ან ქმარი ყოფილიყო.
პრაქტიკულად, სულ რაღაც ერთი საუკუნეა, რაც ქალი მამაკაცთან გათანაბრდა და ისიც ქალების მხრიდან ხანგრძლივი და დიდი ბრძოლის შემდეგ. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ქალების დიდი ნაწილი უკვე აქტიურად გამოდის საზოგადო ასპარეზზე და მამაკაცის პრიორიტეტი სერიოზულ რყევებს განიცდის.
21-ე საუკუნის დასაწყისიდან, ევროკავშირის რეკომენდაციების თანახმად, დემოკრატიული ქვეყნების სახელმწიფო უწყებებში დაცული უნდა იყოს მამაკაცთა და ქალთა ბალანსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ქალების რაოდენობა სახელმწიფო სამსახურში, იქნება ეს პარლამეტი, სამინისტრო თუ სამოქალაქო სექტორი.
ასეთი ცვლილებები მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცებისთვის, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან ე.წ. ტრადიციული აზროვნების მამაკაცები და აგრესიამ ქალების მიმართ ძალიან იმატა. ხშირად “ტრადიციული” აზროვნების მამაკაცებისთვის შეურაცხმყოფელია ქალის უფლებების მათთან გათანაბრება და უკიდურეს ზომებს მიმართავენ, რაც არცთუ იშვიათად ფატალურად მთავრდება.
5 000-წლიანი სტიგმის შემდეგ, რაღაც ერთ საუკუნეში, ცნობიერების შეცვლა იოლი არ არის, მით უმეტეს, მაშინ, როცა ინტელექტისა და განათლების დონე საზოგადოებაში საშუალოზე დაბალია და ეს ეხება არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ, - ქალებსაც. სწორედ ამიტომ აკეთებენ ფსიქოლოგები აქცენტს ცნობიერების გაფართოებაზე, რაც განათლების დონის ამაღლებას გულისხმობს.
Heforshe
2014 წლის 20 აგვისტოს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა და ახალგაზრდა ბრიტანელმა მსახიობმა ემა უიტსონმა (ფილმი “ჰარი პოტერი”, ჰერმიონა) სტარტი მისცეს ქალებთან სოლიდარობის ერთ-ერთ უმსხვილეს კამპანიას - Heforshe. ამ კამპანიის მიზანია, ქალთა ემანსიპაციისა და თანაბარუფლებიანობის დაცვისათვის ბრძოლაში ჩართონ მოწიფული და ახალგაზრდა მამაკაცები, აგრეთვე, თინეიჯერი ბიჭები. კამპანიის ორგანიზატორებს განზრახული აქვთ, ერთი წლის განმავლობაში, ქალთა უფლებების დამცველთა რიგებში მილიარდი ე.წ. ძლიერი სქესის წარმომადგენელი გააერთიანონ.
ამ პროცესის თვალის მიდევნება შესაძლებელი იქნება ინტერნეტრუკაზე, რომელიც რეალურ დროში აჩვენებს, თუ ვინ და სად შეუერთდა კამპანიას. კამპანიის დაწყების ცერემონიაზე ინტერნეტრუკა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა გაააქტიურა და განაცხადა: “უკვე დადგა დრო, როცა მნიშვნელოვანი ხდება ზომების მიღება არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე, არამედ, საჭიროა, შეიცვალოს დამოკიდებულება ქალების მიმართ. შეგახსენებთ, რომ ყოველი მესამე ქალი მსოფლიოში ძალადობის მსხვერპლია მამაკაცის მხრიდან და უმეტეს შემთხვევაში, მოძალადე არის მამა, ქმარი, პარტნიორი ან უფროსი სამსახურში. გვინდა, მოვუწოდოთ მოწიფულ და ახალგაზრდა მამაკაცებს: არ აღმართოთ ხელი ქალზე, აღიმაღლეთ ხმა ძალადობის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეთ თანაბარ უფლებებს ყველასათვის”.
ბრიტანელმა მსახიობმა, ემა უიტსონმა, რომელიც გაერო-ს კეთილი ნების ელჩია, განაცხადა: “მინდა, მამაკაცებმა მხარი აგვიბან, რათა მათი ქალიშვილები, დები და დედები აღარ გახდნენ ცრურწმენების მსხვერპლნი, მათ ვაჟიშვილებს კი არ რცხვენოდეთ ნამდვილი გრძნობებისა და ადამიანურობის გამოხატვა, რაც თავიანთ თავში ღრმად დამალეს, თამამად გამოხატონ ჭეშმარიტი გრძნობები და გახდნენ სრულფასოვანი პიროვნებები”.
P.S. მინდა, ისევ ბიბლიას დავუბრუნდე: დედაკაცთა შორის გამორჩეულმა ღვთისმშობელმა მარიამმა დედამიწაზე მხსნელი მოავლინა. მართალია, იესო ჯვარს აცვეს, მაგრამ ფაქტია, რომ დედამიწაზე მისი მოვლენის შემდეგ, შეიცვალა წელთაღრიცხვა და ახალი ერა დაიწყო. ორი ათასი წლის წინ, დედამიწაზე უფალი დააბიჯებდა, რომელიც სამოთხიდან ცოდვის გამო განდევნილი ქალის შთამომავალმა შობა. ქრისტიანული რელიგიით, მესიის მოსვლის შემდეგ, პირველი ქალის, ევას ცოდვათდაცემა უკვე შეწყალებული იყო, მაგრამ... ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ, ქალებს გვინდა, გვინდა სამართლიანად და უფლის ნებით. ქრისტეს დაბადებიდან დღემდე, უამრავი განსაცდელი გამოიარა ქალმა და, მათ შორის, ყველაზე მძიმე - კუდიანებზე ნადირობა შუა საუკუნეებში. სხვა რელიგიების მიხედვით, ქალის როლი და ადგილი საზოგადოებაში კიდევ უფრო მძიმე და დამამცირებელი იყო, რაც სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. საუკუნეებრივი წნეხის მიუხედავად, ქალი მაინც იბრძოდა, იბრძოდა და დღემდე მოვიდა. ქალსა და მის მნიშვნელობაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. ისტორიას შემორჩა ერთი საინტერესო ფაქტიც: 1140 წელს, რომის იმპერიის მეფემ, კონრად III-მ ვეისბერგი აიღო და დანგრეულ ქალაქში მცხოვრებ ქალებს უფლება მისცა, წაეღოთ ის, რაც სურდათ და დაეტოვებინათ ქალაქი. ვეისბერგის ქალებმა ზურგზე ქმრები მოიკიდეს.
და მაინც, მიუხედავად ძველი აღთქმის საკრალურობისა, ეჭვი მაქვს, რომ “დაბადების” მეორე თავში შეცდომა გაიპარა. ცხადია, ავტორი კაცი იყო, იქნებ, ვინმე ქალმა გააბრაზა და გაცხარებულ გულზე შური იძია?! არ არის გამორიცხული, ადამიანი ხომ ადამიანია და მისთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის, მათ შორის, არც - ტყუილი, პატივმოყვარეობა და ძალაუფლების სიყვარული...