თანამედროვე ტექნიკის ეპოქაშიც კი, არსებობს საზოგადოება, რომელიც მართული ხდება და ისე ცხოვრობს, როგორც ზომბი. თუ ზომბირების ანატომია წარსულში მაგიურ რიტუალებთან იყო დაკავშირებული, დღეს გარკვეული ჯუფები ისეთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს იყენებენ, როგორიცაა შიში, გაჭირვება და სახელისუფლო იდეოლოგია. როგორ ხდება ადამიანზე ფსიქოლოგიური ზეწოლა? - “ქართული სიტყვა” პარაფსიქოლოგ თამაზ ჭეიშვილს ესაუბრა:
- ანალოგიური ტრაგედიები, მხედველობაში მაქვს სუიციდი და სუიციდის მცდელობები, კომუნისტების დროსაც ხდებოდა, მაგრამ ამას ტელევიზიით პირველ ნიუსად არ აცხადებდნენ. როგორ გგონიათ, კრიმინალურ ფაქტებს ადგილი წინა ხელისუფლების დროს არ ჰქონდა? ჰქონდა, მაგრამ ისინი ყველაფერს ფილტრავდნენ. ახლა გამჭვირვალობა უფრო გაიზარდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო მეტი თვითმკვლელობა და კრიმინალი ხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა 25 წელიწადია, ფსიქოლოგიური პრესის ქვეშაა, მოსახლეობის დიდ პროცენტს ნევროზი აქვს და ფსიქიური გადაცდენის ზღვარზეა, ნეგატიურმა ინფორმაციებმა ადამიანები შესაძლოა, კიდევ უფო მეტად დატვირთოს. ამიტომ ძალადობის ფაქტების ასეთი დიდი დოზით გაშუქება მიზანშეწონილი არაა. როგორც ფსიქოლოგი, მეტსაც გეტყვით: ყველა ქართული არხი საინფორმაციო გადაცემას განგაშით იწყებს. ეს შეგნებულად კეთდება, რითიც მოსახლეობის ზომბირება ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცენზურა უნდა შემოვიღოთ.
- ბატონო თამაზ, ხალხის დაზომბირება ვის ინტერესში შედის?
- ამას ის აკეთებს, ვისაც არხი ეკუთვნის. გასაგებია, უნდათ, რომ ბევრი მაყურებელი ჰყავდეთ, მაგრამ ეს მოსახლეობის ფსიქოლოგიური ზეწოლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. “ევრონიუსისა” და “ბი-ბი-სი”-ს საინფორმაციო გადაცემები გინახავთ? - მოსახლეობას ინფორმაციას პოლიტიკურ პროცესებზე აწვდიან, თუმცა კრიმინალი იქაც ხდება.
- არსებობს მოსაზრება, რომ პატარა ქვეყნები დიდი სახელმწიფოებისგან. მოსახლეობის დაზომბირებაც სწორედ დიდ სახელმწიფოებს აწყობთ...
- დიახ, ბევრი ასე მიიჩნევს, მაგრამ შემიძლია, ისეთი პატარა ქვეყნები ჩამოგითვალოთ, რომლებსაც არავინ მართავს. მაგალითად, ლუქსემბურგი, ავსტრია, ნორვეგია. საქართველოს უბედურება ისაა, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ყველას ინტერესშია. ჩვენ ისეთი სახელმწიფო ვართ, რომელსაც სატრანზიტო დერეფანი ჰქვია, აზიიდან ევროპაში რომ მოხვდე (ან პირიქით), საქართველო უნდა გაიარო, ამიტომ ყველას, მით უმეტეს, რუსეთს უნდა, რომ ჩვენზე გავლენა ჰქოდეს, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით, ბუფერული ზონა უკვე შექმნა. აშშ-სა და ნატო-ს ბუფერული ზონები არ აწყობთ. თუკი ისტორიას გადავხედავთ, მუდამ ომსა და გაჭირვებაში ვიყავით. ავიღოთ, მაგალითად ჩოხა, რომელიც შავი ფერის მებრძოლის კამუფლიაჟია. სულ თავს გვესხმოდნენ და გვერჩოდნენ. ჩვენ კი, არავინ დაგვიპყრია. დავით აღმაშენებლის დროს იმპერია დაპყრობითი ომების გარეშე შეიქმნა და ამას პრეცედენტი არ აქვს. რაც საქართველო არსებობს, ბედნიერი მხოლოდ 150 წელი ვიყავით, დანარჩენი წლები სულ ვომობდით, შავი ეროვნული ტანსაცმელიც ამის შედეგია.
- ისტორიის გარდა, ადამიანის ფსიქიკაზე გარემო ფაქტორებიც მოქმედებს. ამ პროცესებში ჩვენი აურა, ენერგეტიკული ბიოველი და კარმა რამდენად მონაწილეობს?
- ეს ძალიან დიდი თემაა. დავიწყოთ იმით, რომ პარანორმალური მოვლენების შესწავლა კომუნისტების დროს იკრძალებოდა, ამიტომ, დანარჩენ სამყაროს 50 წლით ჩამოვრჩით. ვოლუნტარისტები პარაფსიქოლოგიას სარდაფებში სწავლობდნენ და ეს მაშინ, როცა აშშ-სა და კანადაში უკვე პარაფსიქოლოგიური იარაღიც ჰქონდათ. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, სწორედ მათი დამსახურებაა... მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირმა, ,,კა-გე-ბე”-ს ეგიდით, პარაფსიქოლოგიური იარაღის შექმნა დაიწყო, მაგრამ აშშ-მ დაასწრო...
პარაფსიქოლოგიით გართობა და გატაცება არ შეიძლება, რადგან ადამიანი, შეიძლება, ჭკუიდან შეირყეს. იაპონელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ადამიანის ტვინი გადამცემი და მიმღები სადგურია. ჩვენს ტვინს შეუძლია, იმოქმედოს მატერიაზე, მანძილსა და ადამიანთა ჯგუფებზე.
- ადამიანებზე თქვენც ზემოქმედებთ?
- ამას შეგნებულად არ ვაკეთებ - ამის საშუალებას ჩემი შინაგანი ბუნება და კონსტრუქცია არ მაძლევს. ეს რომ გავაკეთო, შავი, ან თეთრი მაგისტრი ვიქნები, ამის სურვილი კი ნამდვილად არ მაქვს. მავანი, ალბათ, ირონიულად ჩაიცინებს, მაგრამ “აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”. ეს რომ გაიგოთ, პარანორმალურ მოვლენებთან მუშაობის, სულ ცოტა, 30 წლის სტაჟი უნდა გქონდეთ! თუ ჩემთან ვინმე მოვა, დავეხმარები, ტკივილს მოვუხსნი, ვუმკურნალებ. სხვა ადამიანზე აზრით ზემოქმედება შესაძლებელია, მაგრამ ეს ადამიანი ზეენერგეტიკის მატარებელი უნდა იყოს და სინდისსა თუ ნამუსს არაფრად დაგიდევდეთ. მაგალითად, ვინმე მწყობრიდან რომ გამოვიყვანო, ეს თვენახევრის განმავლობაში უნდა ვაკეთო და მთელი ჩემი ენერგია გავცე, ამის გამო კი, შეიძლება ფეხები “გავფშიკო”. ადამიანზე მხოლოდ მისი ნებართვით ვზემოქმედებ.
რაც შეეხება დაბინძურებულ აურას, ეს ადამიანზეა დამოკიდებული - არ უნდა წარმოსთქვას ცუდი სიტყვა, ვინაიდან ყველა სიტყვას თავისი ენერგეტიკა აქვს და ადამიანს შიგნიდან ანგრევს. რატომ თვლის მართლმადიდებლობა ბილწსიტყვაობას ცოდვად? - იმიტომ, რომ ადამიანს უფრთხილდება. ბილწსიტყვაობით ჯერ შენ თავს ანგრევ, მერე - სხვას.
- ისე, ბატონო თამაზ, ბილწსიტყვაობაში პოლიტიკოსებს ვერავინ შეედრება - ერთმანეთს პარლამენტსა და პირდაპირ ეთერში აგინებენ. ადამიანს, რომელიც წონასწორობას კარგავს და ემოციებს ვერ აკონტროლებს, ფსიქოლოგისა და პარაფსიქოლოგის დახმარება სჭირდება?
- ემოციურობა ისტორიულად მოგვდგამს... მე თუ მკითხავთ, ქართველი ერი ფსიქოლოგიურად გატყდა - ამ 25-მა საშინელმა წელმა, მუდმივმა წნეხმა, განხიბვლვამ, ომებმა და შიმშილმა ადამიანების დიდ ნაწილში გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობის შექმნა გამოიწვია. საქართველო დიდ საგიჟეთს დაემსგავსა. ბევრმა გაასწრო და საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ გგონიათ, იმათ ულხინთ? აშშ-სა და ბრაზილიიდან მქონდა შემოთავაზება, რომ სამუშაოდ წავსულიყავი, მოქალაქეობასაც მაძლევდნენ და საკმაოდ კარგ პირობებს მთავაზობდნენ. ცოტა ხნით წავედი, მაგრამ ვერ გავძელი - ნოსტალგია დამეწყო, ღამეები არ მეძინა. მეგონა, მოვკვდებოდი და ამიტომ სამშობლოში დავბრუნდი. ქართველები ბუნებით მაქსიმალისტები ვართ, სიყვარულიც ზედმეტი ვიცით და სიძულვილიც. გარდა ამისა, სამშობლოს მოძალებული ნოსტალგიაც გვახასიათებს მიუხედავად იმისა, რომ ცუდ პირობებში ვცხოვრობთ და ხალხს ყველა ხელისუფლება ატყუებს.
- ძველი რომაული გამოთქმა გამახსენდა, “მიეცი ხალხს პური, სანახაობა.....”
- ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საზოგადოება ისევ განიხიბლოს და ეს ღმერთმა ნუ ქნას! ასეთ ქვეყანაში შეიძლება, ადამიანი გაწონასწორებული იყოს? 1990-წლიდან მოყოლებული, თაობები ისე იზრდებიან, რომ სულ ტყუილი ესმით და ამიტომ ნდობა აღარ აქვთ. ეს ახალგაზრდები უფრო პრაგმატულები არიან და ავტომატურად გამოუმუშავდათ შეკითხვა: ხომ არ მატყუებენ? ჩემი თაობის ხალხი უფრო ოპტიმისტია. ეს დანგრეული ქვეყანა რომ „აჟურში“ მოიყვანო, წლები უნდა. იცით, ნატო-ში რატომ არ გვღებულობენ? - ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკა არ აქვს, ეროვნულ პროდუქტს არ ქმნის და მხოლოდ იმპორტით ცხოვრობს, ევროპულ სისტემაზე ვერ აეწყობა. ჩვენნაირ ქვეყანასთან რომ ასოცირების ხელშეკრულება დადეს, იცით, რამხელა მიღწევაა?! ზოგს ევროპა არ უნდა და რუსეთს ებღაუჭება, მაგრამ ის კი არ იცის, რომ რუსეთს თავისი თავი გასჭირვებია.
- რას გულისხმობთ?
- მთელი რუსეთი გალოთებულია - 11 წლიდან იწყებენ ლოთობას გოგოები და ბიჭები. მოსახლეობის 80% სვამს. ჯერ კიდევ პეტრე პირველი ებრძოდა ლოთობას, ჩვენ კი გვინდა, მათთან ვიყოთ?! რუსეთმა სიკეთე ვის მოუტანა? კორეაში ომი რუსეთმა არ დაიწყო? მერე, აშშ-მ წაართვა სამხრეთ კორეა. ამიტომაცაა მისი სამხრეთ ნაწილი აყვავებული, ჩრდილოეთში კი, დღემდე დიქტატურა მძვინვარებს. ისიც არ შეიძლება, რომ რუსეთს ეომო. ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ადამიანები ფსიქოლოგიური წონასწორობიდან გამოსულნი არიან, ლოდინის რეჟიმია... “ნაციონალებმა” “ქართულ ოცნებას” ინფორმაციულ ომში რატომ აჯობეს? იმიტომ, რომ დიპლომატიური თვალსაზრისით უფრო გაქნილები არიან... ქართული გენი გვშველის, თორემ აქამდე ფიზიკურად გავნადგურდებოდით. განსაკუთრებით ინტელიგენციას გაუჭირდა, რადგან მოაზროვნე ინტელიგენცია ერთ ხელისუფლებასაც არ აწყობს.
- ხალხი ამდენ მატერიალურ-სოციალურ პრობლემას როგორ უნდა გაუმკლავდეს, რას ურჩევთ, ბატონო თამაზ?
- საქართველოს პოლიტიკოსებმა ვერ უშველეს. გამოდის, რომ ან ეს პოლიტიკოსები არიან გაქნილები, უვიცები და დილეტანტები, ან ბედი არ აქვს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს. ჩვენ მესია არ გვინდა... ივანიშვილი ვერ გადაგვარჩენს, რადგან ბიზნესმენია და არა - პოლიტიკოსი. მან სააკაშვილზე შური იძია, ეს ტირანი მოიშორა და წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში მაგარია, მიხვდა, რომ ქვეყანას ვერ მართავდა და წავიდა, კაცურად მოიქცა. შექმნა სამოქალაქო ორგანიზაცია - გამოსავალი მონახა, აბა, რა ექნა?
რაც შეეხება რჩევას, ჩემო კარგებო, შექმენით სიკეთის პატარა კუნძულები. ასეთი პატარ-პატარა კუნძულები, რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესია. ეს კუნძულები თქვენი ოჯახები, სამეგობროა, რომელიც მერე, მთელ სახელმწიფოდ გადაიქცევა და ერთი დიდი სიკეთის კუნძული შეიქმნება. ეს საქმე ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ყველამ რომ სიკეთე ვთესოთ, ის გავრცელდება და ჩვენი დაბინძურებული აურაც გაიწმინდება. ერთმანეთს უნდა გავაძლებინოთ, თორემ პოლიტიკოსების იმედად დარჩენა არ წაგვადგება!