"ქართული ოცნება" "ნაცხროვას" ოცნებებს უსრულებს!

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, აწ უკვე ბრალდებული  დავით კეზერაშვილი "ალიას", "კვირის ქრონიკასა" და მე, ჟურნალისტ  ლევან ჯავახიშვილს, სასამართლოში გვჩივის. გაგეცინებათ და, კეზერაშვილი ჩვენგან შელახული პატივის(?), ღირსებისა(?) და საქმიანი რეპუტაციის(?) აღდგენას ითხოვს. აგრეთვე, ქვემოთ რომ მოგახსენებთ, იმ სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის უარყოფას და ამის "ქრონიკასა" და "ალიაში" გამოქვეყნებაც უნდა. ასევე, ჩვენთვის, "სიმბოლური თანხის", 2500 ლარის დაკისრებას ითხოვს. ამაში ვეთანხმებით, კი, კეზერაშვილისთვის, რომელმაც ბიუჯეტი გამოხრა, კონტრაბანდითა და ქრთამებით, უკანონო თუ დაკანონებული ბიზნესის მფარველობით მილიონები იშოვა, 2500 ლარი ნამდვილად სიმბოლური თანხაა. ახლა ვნახოთ, რას გვედავება. 2014 წლის 23 ივნისს, "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა ჩემი წერილი, სათაურით: "როგორ იუბილეებს იხდიდნენ "ნაციონალები" და მათი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე". აღნიშნული ინფორმაცია "ქრონიკას" სამთავრობო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მოაწოდა, ამ სამსახურს ექვემდებარება სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, საიდანაც "ნაციონალთა" ახირებები ფინანსდებოდა, მათ შორის, დავით კეზერაშვილისა და სხვათა დაბადების დღეების ხარჯები. პუბლიკაციაში ვწერ, რომ დავით კეზერაშვილმა 2008 წლის 22 სექტემბერს, სწორედ ამ სააგენტოს ხარჯზე გადაიხადა დაბადების დღე, რომელიც 17 000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს და აქედან 2500 ლარი პიროტექნიკური საშუალებებისთვის გამოიყო. ეს ძალიან სწყენია კეზერაშვილს, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ 2500 ლარი მისი დაბადების დღის გალამაზებას მოხმარდა, ანუ მაშხალებს. ჰოდა, აი, ამ მაშხალებისთვის გადახდილ ფულს - 2500 ლარს ითხოვს ჩვენგან, სიმბოლურად, ეს ჰალსტუხიანი ყაჩაღი. გვეღადავება, რა. ცხადია, კეზერაშვილის ადვოკატი ლაშა მინდელი სარჩელში უარყოფს ამ ფაქტს. ვითომ იმის დასტურად, რომ დავით კეზერაშვილს დაბადების დღე არ გადაუხდიაო, ორი დოკუმენტი დევს საქმეში. ერთი დოკუმენტი "კეზერას" ადვოკატის მიმართვაა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილის სახელზე, რომელსაც ეკითხება, მართალია თუ არა გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან დავით კეზერაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად 17 000 ლარი გამოიყო და აქედან 2500 ლარი პიროტექნიკური საშუალებებისთვისო? ადვოკატი პირდაპირ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან იღებს პასუხს, - არაო, ასეთი ხარჯი არ გაგვიწევიაო.

დავით კეზერაშვილსა და მის ადვოკატს ჰგონიათ, რომ გაუჭრელი კოზირი უჭირავთ ხელში. ეგრე არ არის. სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოში, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი ბრძანებით, ვიდრე საპრეზიდენტო ვადას გაასრულებდა,  უამრავი ინფორმაცია გააქრეს სააგენტოს კომპიუტერული ქსელიდან, რომლებიც სააკაშვილისა და მისი ბანდის წევრების ღრეობებისა და სხვა არაკანონიერი ხარჯების დასტური იყო. მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა და ისიც მათივე უტვინობით. სააგენტოდან, ასევე გამქრალია დოკუმენტებიც, რომლებიც ექსპრეზიდენტისა და "ნაციონალთა" სხვა ლიდერებისთვის არამიზნობრივად გაწეული ხარჯები იყო. თუმცა, დოკუმენტების ნაწილი, რომლებიც უნდა განადგურებულიყო, სააგენტოს ერთმა თანამშრომელმა საიდუმლოდ გაიტანა და შეინახა. შესაძლოა, სწორედ იქ ინახებოდეს ის დოკუმენტიც, რომელიც "ნაციონალთა" ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების დაბადების დღეების ხარჯებს აღნუსხავს, მათ შორის პიროტექნიკის შესაძენსაც. ეს ინფორმაციაც "ქრონიკას" სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელმა მოაწოდა. იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურიდან უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად და ეს ფული სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერების გრიალს ხმარდებოდა, ისიც ადასტურებს, რომ სწორედ ამ სააგენტოდან და სწორედ არამიზნობრივად გახარჯული თანხებისთვის აქვთ ბრალი წაყენებული მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას. გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, ვინ წაშალა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ხარჯების აღმნუსხველი ფაილები, ვინ გააქრო ანალოგიური ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი ნაწილი ვინ გაიტანა საიდუმლოდ და სად შეინახა. 

ვიდრე სასამართლო პროცესი შედგება, "ქრონიკა" მკითხველს არაერთგზის შეახსენებს, ვინ არის დავით კეზერაშვილი და რეალურად, რის გამო გვიჩივის სასამართლოში. პატივი და ღირსება, რომლის აღდგენასაც ვითომ ახლა სასამართლოს გზით ლამობს, ამ კაცს არასდროს ჰქონდა. აბა, რაც არ აქვს, იმის აღსადგენად რატომ იბრძვის, ჩემთვის გაუგებარია. მეტიც, დავით კეზერაშვილი ერთი ხელიდან წასული ნარკომანია და მის შესახებ მედიაში იმაზე ათჯერ უფრო მწვავე, მართლა ალალი კაცისთვის შეურაცხმყოფელი ინფორმაციები გავრცელებულა, "ქრონიკაში" გამოქვეყნებული ის წერილი მათთან შედარებით, დითირამბებია, მაგრამ დღემდე არ შეწუხებულა ეს კაცი, არც სასამართლო გახსენებია. 

სიმართლე კი ის გახლავთ, რომ "ქრონიკაც" და "ალიაც" ყელში აქვთ "ნაცმოძრაობის" ბოსებს ამოსული. თავის დროზე, ორივე გაზეთმა ლომის წილი დაიდო "ნაცმოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის მოუსავლეთში გამგზავრების საქმეში, უკან არასდროს დაგვიხევია, რეჟიმს მუდამ შეუპოვრად ვებრძოდით. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მერე, "ნაციონალები" კურდღლებივით იმალებოდნენ და ერთ-ერთი პირველი დავით კეზერაშვილი იყო, რომელიც უცხოეთში გაიქცა. თავადაც კარგად იცოდნენ, რამდენი უბედურება დააწიეს ხალხსა და ქვეყანას და პასუხისმგებლობას გაექცნენ. ამ ბოლო დროს კი სული მოითქვა ჩვენმა უუკანალო ხელისუფლებამ, ჯერ კოჰაბიტაციური ერთი წლით მოიყვანა ფერზე სააკაშვილის პოლიტიკური ბანდის წევრები, მერე კი, გვარიანად რომ მოფერიანდნენ, როცა დარწმუნდნენ, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკური იმპოტენტების საკრებულოა და მეტი არაფერი, ადგნენ და შეტევაზეც გადმოვიდნენ. ამ შეტევის შედეგია ის სარჩელიც, რომლის შეტანაც უღირსებო კაცმა, დავით კეზერაშვილმა გაბედა "ალიასა" და "ქრონიკის" წინააღმდეგ. მალე მეტსაც იზამენ - თუ ყველას კუთვნილი ადგილი არ მიუჩინა ხელისუფლებამ, მალე "ქართულ ოცნებასაც" მისდგებიან სარჩელებით და კეზერაშვილივით ღირსების აღდგენასა და ფულს მოითხოვენ. ცოტა მეტად მოეფერეთ "ნაცებს", "მეოცნებენო", და დედას თუ არ გიტირებენ, მაგასაც ნახავთ!!! იმდენს იზამთ მაგ თქვენი უნიათობით, "ნაცებს" ამ ნანატრ რევოლუციას მართლა მოახდენინებთ და იმ საკნებში, 2 წლის წინათ "კეზერასნაირებს" რომ უმზადებდით, თქვენ გამოგკეტავენ. ხალხმა თავი გადადო, სიკვდილსა და ციხეზე წავიდა, ზურგით გათრიათ და ჩაგსვათ მაგ სავარძლებში და უპირველესად, სწორედ იმიტომ, რომ ამ ხალხის მთავარი მოთხოვნა შეგესრულებინათ, სამართლიანობა აღგედგინათ და "კეზერასნაირი" ბანდიტები ციხეებში გამოგემწყვდიათ. თქვენ კიდევ, იმდენი ქენით, თქვენი უნიათობით, საფრანგეთში დაჭერილი კეზერაშვილი იქაურ სასამართლოს გამოაშვებინეთ. საქმე ისე მიდის, მალე, ალბათ, ბაჩო ახალაიასაც გამოუშვებენ და ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად აღიარებენ და აი, მერე გაუძელით ამ ხალხს, ახლა თქვენს დასაფრენად რომ გამოეფინება ქუჩაში. 

შურისძიება შურისძიებად, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დავით კეზერაშვილი "ალიასა" და "ქრონიკას" სასამართლოში ვერ უჩივლებდა, "ნაციონალებს" კოტე კუბლაშვილი რომ არ ჰყავდეთ უზენაესი სასამართლოს შეფად. სწორედ კუბლაშვილის მონა მოსამართლეებმა, ერთხელ დაჯარიმეს უკვე "ალია ჰოლდინგი". "ალიაში", "ნაციონალთა" თავგადამკვდარ ფანს, მსახიობ ოთარ კობერიძეს აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ ინტერვიუში პედოფილიაში დასდო ბრალი, კუბლაშვილის სასამართლო ადგა, "ალია" გაამტყუნა და 50 000 ლარი დააკისრა კობერიძის სასარგებლოდ. რა შუაშია აქ "ალია"? ამ კითხვას ყველა ნორმალური იურისტი ერთადერთ პასუხს სცემს - არც არაფერში! აი, ეგრე, არაფერ შუაშია "ალია" და მაინც დააჯარიმეს. გასდით და აკეთებენ, კუბლაშვილიც შურისძიებით ტკბება, რადგან "ალიაც" და "ქრონიკაც" მის "ზონდერ-მოსამართლეებს" წლებია ამხელს, მის შესახებაც არაერთი კომპრომატი დაბეჭდილა და ესენი ვერ მოუნელებია. პირადი შურისძიება ცალკე და კოტე კუბლაშვილი "ნაცმოძრაობისთვის" ეფექტური იარაღია პარტიული შურისძიებისთვის, მარტო "ალიასა" და "ქრონიკას" კი არა, სხვა მედიასაშუალებებსაც უჩივიან "ნაცბელადები". ჰო, გასდით და აკეთებენ. ერთადერთ სახელისუფლებო შტოს - ე.წ. სასამართლო ხელისუფლებას ფლობენ "ნაციონალები" და რა დიდ გულზე არიან და ახლა, წარმოიდგინეთ, ამათ მართლა რევოლუცია რომ მოაწყონ, ხელისუფლება მთლიანად რომ ჩაიგდონ ხელში, დედას გვიტირებენ! ვისაც ერთი გადაბრუნებული სტრიქონი დაუწერია მათზე, ყველას გლდანის ციხეში ამოგვალპობენ, ცხადია, მათი გამოკლებით, ვინც ბოლო მომენტში გივია თარგამაძის ნავში არ ისკუპებს. 

ახლა ჩამპალ ნარკომანს, დავით კეზერაშვილს დავუბრუნდეთ. ამ კაცს საქართველოს პროკურატურამ 3 მუხლით დასდო ბრალი. საერთო ჯამში, დავით კეზერაშვილს, როგორც მოხელეს, ქრთამის სახით - 4 669 978 აშშ დოლარი, ხოლო როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, კერძო პირს, 7 664 705 აშშ დოლარი აქვს მითვისებული. გარდა ამისა, კეზერაშვილი გიგი უგულავასთან ერთად "ტელეიმედის" უკანონოდ გასხვისების საქმეშიცაა ბრალდებული. კეზერაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. ამჟამად საფრანგეთშია და ამ ქვეყანას ვერ ტოვებს, რადგან სხვა, ნებისმიერ ქვეყანაში დაიჭერენ. საფრანგეთში ჩასვრილ ქართულ პროკურატურაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე გავიხსენოთ, ვინ იყო დავით კეზერაშვილი. 

მიშა სააკაშვილმა "ნაცმოძრაობა" რომ დააარსა, კეზერაშვილი ამ პარტიის წევრი გახდა და პარტიის ოფისის დაცვა ევალებოდა, დათო კირკიტაძესთან, ლადო ვარძელაშვილთან, დათო გალეგაშვილთან და სხვა, ხელმოცარულ ახალგაზრდებთან ერთად. მუდმივად სიგარეტს მათხოვრობდა "კეზერა" და მერე, მარიკა ვერულაშვილსა და ლადო ჭიპაშვილს შეეცოდათ და ხან სიგარეტს ყიდულობდნენ მისთვის, ხან სიგარეტის ფულს ჩუქნიდნენ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიშა სააკაშვილმა კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის უფროსად დანიშნა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა მისი ნარკოდამოკიდებულების შესახებ. ფინანსური პოლიცია კეზერაშვილმა ბიზნესმენთათვის უკანონოდ ფულის, ქონების წართმევის იარაღად გადააქცია. სად იყო ჯერ სოდ-ისა და კუდ-ის მრისხანება, სად იყო ჯერ "მოდულის" შემზარავი ისტორიები, როცა კეზერაშვილის უწყებაში ხალხს აუბედურებდნენ? აი, მართლა ღირსებასაც ულახავდნენ, პატივსაც და მთელ ქონებასაც ართმევდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეში "კეზერას" მარჯვენა ხელი ირაკლი კირკიტაძე იყო, დავით კირკიტაძის ძმა, რომელიც მაღალ პოსტზე მუშაობდა ფინანსურ პოლიციაში. სწორედ ირაკლი კირკიტაძე ადგენდა გასაკოტრებელი ბიზნესმენების სიას და თავად მართავდა მათთან მოლაპარაკების პირველ რაუნდს. ვინც ქონებას არ დათმობდა, მათ საქმეს აღუძრავდნენ, შესაშინებლად, 3 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში ამწყვდევდნენ, მერე კი, უკვე გატეხილ ბიზნესმენებს, თავად კეზერაშვილი უტარებდა "ლექციას", როგორ უნდა ეჩუქებინათ ქონება სახელმწიფოსთვის თუ "ნაცმოძრაობის" რომელიმე ლიდერის ნათესავისთვის. ასე მოუთხრეს "ქრონიკას" ეს ამბავი ფინანსური პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა. დღეს ათეულ ათასობით ადამიანი ითხოვს ძალით წართმეულ ქონებას და მათი ნახევარი მაინც, სწორედ იმ ფინანსურმა პოლიციამ გააუბედურა, "კეზერა" რომ ხელმძღვანელობდა. სწორედ კეზერაშვილის ბრძანებით შეცვივდნენ ნიღბიანი სპეცრაზმელები პეკინის ქუჩაზე მდებარე კაფე "ნიკალაში" და ბავშვებსა და ქალებს გულები დაუხეთქდეს. ამ ვანდალიზმის გამო, მაშინ უცხოეთის ქვეყნების ელჩებმაც გამოთქვეს პროტესტი. 
იმავე პერიოდში, სოდ-ის უფროსის, ერეკლე კოდუას დაკვეთით, ფარული ჩანაწერები გაკეთდა და მერე გამოქვეყნდა - ფინანსური პოლიციის მაშინდელი შეფი დავით კეზერაშვილი განგრეულ კაიფშია და თავის მძღოლს კიდევ ერთი "ბაიანის" ამოტანას ავალებს, თუმცა კიდევ უფრო სერიოზული ბრალი პირველად სწორედ ამ ჩანაწერიდან გამოიკვეთა, როცა კეზერაშვილი მანქანების არასწორ ტენდერებში გამოიჭირა კოდუას უწყებამ და მის საქმიანობაში კორუფციის ნიშნები აღმოაჩინა. ამის მიუხედავად, კეზერაშვილი არავის დაუსჯია. 

აი, ეს ბანდიტი ნარკომანი, მიშა სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ამ პოსტზე მუშაობის პერიოდში, უამრავ სკანდალში გაეხვია. "ქრონიკა" წერდა, რომ 2007 წლის ოქტომბერში, საქართველოს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, იააკ აავიკსი ესტუმრა. ესტონელი მინისტრი თავდაცვის სამინისტროში დავით კეზერაშვილს შეხვდა, "კეზერა" კაიფში იყო და ჩაეძინა. იააკ აავიკსი, ვიდრე კეზერაშვილი გაიღვიძებდა, მისი კაბინეტიდან გამოვიდა და, თავის დელეგაციასთან ერთად, უკან მოუხედავად დატოვა სამინისტროს შენობა. ეს ამბავი ესტონელმა მინისტრმა მიშა სააკაშვილს უთხრა და იქვე დააყოლა, კეზერაშვილისთანა თავდაცვის მინისტრით საქართველომ ნატო-ში შესვლაზე არც იოცნებოს, ეგ კაცი დროზე მოაშორეთ მაგ პოსტიდანო. სააკაშვილმა ეს რომ გაიგო, ახლად გამოღვიძებულ კეზერაშვილს გონს მოსვლა არ დააცადა, დაურეკა და დედა აგინა. მეორე დღეს, კეზერაშვილისა და იააკ აავიკსის მორიგი შეხვედრა იყო დაგეგმილი, მაგრამ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ისე წავიდა საქართველოდან, იმ საკითხების დიდი ნაწილი, რომლებიც უნდა განეხილათ, განსახილველი დარჩა. აი, ასე შეჰყავდათ კეზერაშვილსა და სააკაშვილს საქართველო ნატო-ში. "ქრონიკის" ეს წერილი რომ გამოქვეყნდა, კეზერაშვილს შელახული ღირსება და პატივი რატომღაც არ გახსენებია, არადა მაშინაც სიმართლე დავწერეთ და შემდეგშიც, სადაც ბიუჯეტის ხარჯზე კეზერაშვილის გადახდილ დაბადების დღეზე მოვუთხრობდით მკითხველს და რომელი წერილის გამოც ახლა გვიჩივის. უბრალოდ, "კეზერამ" დაკვეთა ახლა მიიღო "ნაცებისგან", რომ ჩვენთვის ეჩივლა და რაც დაავალეს, ის გააკეთა, თორემ თავადაც კარგად იცის, რომ, რაც მის შესახებ დაგვიწერია, ყველაფერი მართალია. ისევ "ქრონიკის" ძველ პუბლიკაციას გავიხსენებ, როცა კეზერაშვილის ომისდროინდელ "ვაჟკაცობებზე" ვწერდით: "ომის დროს, ნორიოს სპეცრაზმის ბაზას კუდ-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფი იცავდა. თავად სპეცრაზმელები ომში იყვნენ. 12 აგვისტოს, საღამოს, კუდ-ის ქვედანაყოფმა მიიღო სატელეფონო ბრძანება, რომ ნორიოს ბაზა დაეტოვებინა. წყაროს ინფორმაციით, იმავე ღამით, დავით კეზერაშვილის ბრძანებით, ნორიოს ბაზაზე მივიდნენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მანქანები და რაც ბაზაზე იარაღი იყო, სულ გაზიდეს. ბაზაზე კი, სულ მცირე, 300 000 დოლარის შეიარაღება იყო. არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება 12 აგვისტოს, ღამით, როცა სარკოზი-მედვედევის ცნობილი ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჯერ არ არის ხელმოწერილი, ამ დოკუმენტს ხელი იმ დღეს, ოღონდ მოგვიანებით მოეწერა, რუსეთის ჯარი იგოეთში დგას და თბილისის ასაღებად ემზადება, ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა კი, ცხინვალის მახლობელ, გორის, კასპისა და ქარელის სოფლებში რუს ჯარისკაცებთან ბრძოლას ეწირებიან... ეს იარაღი დავით კეზერაშვილმა გაყიდა". 

ახლა, რაც თქვენ წაიკითხეთ, ეს "ქრონიკის" წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სამშობლოს ღალატსა და იარაღით უკანონო ვაჭრობას ნიშნავს. მეტი რაღა უნდა დაგვეწერა "კეზერაზე", რომ ღირსება და პატივი შელახვოდა? ნუ, ეტყობა, "კეზერასთვის" სამშობლოს გამყიდველობა და იარაღით უკანონო ვაჭრობა ჩვეულებრივი საქმეა, ეს პატივი და ღირსება არ ელახება კაცს და ძალაა? 

კეზერაშვილი იარაღით რომ ვაჭრობდა, ამის შესახებ "ქრონიკა" და "ალია" არაერთხელ წერდა. "კეზერა" რუსი იარაღით მოვაჭრის, ამჟამად ამერიკის ციხის პატიმრის, ვიქტორ ბუტის პარტნიორი იყო. კერძოდ, სხვადასხვა წყაროსა და რესპონდენტების მონაყოლზე დაყრდნობით ვწერდით, რომ დავით კეზერაშვილმა ვიქტორ ბუტს მიჰყიდა 5000 ამერიკული შაშხანა "ემ-4". ბუტმა ეს შაშხანები, თავის მხრივ, კოლუმბიის ტერორისტულ ორგანიზაცია "ფალკის" მიჰყიდა, რომელიც აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების "შავ სიაში" ჰყავს შეყვანილი. ამ გარიგების შესახებ საქმის კურსში კეზერაშვილიც იყო და მან კარგად იცოდა, რომ იარაღი კოლუმბიელებს უნდა წაეღოთ.  ეს ამერიკული "ემ-4"-ები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის" ფარგლებში გადაეცა, მინისტრმა კი, 2008 წლის ომის შემდეგ, შაშხანები ტერორისტებს მიჰყიდა. როგორი საქმეა, ამერიკელები იარაღს რომ გაჩუქებენ და მათ იმ ტერორისტებს მიჰყიდი, რომლებიც ამერიკის მოქალაქეთა დახოცვითა და ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან? აი, ამის გამოქვეყნების მერე, არც კი შეშფოთებულა კეზერაშვილი, პროტესტიც კი არ გამოუხატავს, ერთი საპროტესტო სტრიქონი რაა, ის არ გამოუგზავნია რედაქციაში, ეს ყველაფერი ტყუილიაო. არარსებული ღირსებისა და პატივის შელახვა ხომ საერთოდ არ გახსენებია "კეზერას". დედის რძესავით შეირგო იარაღით მოვაჭრის სახელი, ვიქტორ ბუტისა და კოლუმბიური ტერორისტული ორგანიზაციის პარტნიორობა...