ვისი ცრუ ინფორმაციის საფუძველზე ჩაცხრილეს სამი უდანაშაულო ახალგაზრდა და რას ითხოვენ წალკაში ჩასახლებული აჭარელი ეკოემიგრანტები

ვისი ცრუ ინფორმაციის საფუძველზე ჩაცხრილეს სამი უდანაშაულო ახალგაზრდა და რას ითხოვენ წალკაში ჩასახლებული აჭარელი ეკოემიგრანტები

რამდენიმე დღის წინ, წალკაში ჩასახლებულმა ეკოემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს მთავრობის მეთაურს პეტიცია გაუგზავნეს, რომელშიც ნათქვამია: “აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და უსუსურია ადგილობრივი თვითმმართველობა. ის ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენს აქ დამკვიდრებას, შეგნებულად აწყობს საბოტაჟს ხელისუფლებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. ამის გამო, წელს, ჩამოსახლებულმა 150 ოჯახმა მოახდინა უკუემიგრაცია, 600-მდე ოჯახი იქნა გამოსახლებული და ამჟამად ცხოვრობს ქირით, ან შეხიზნულია რომელიმე ოჯახთან. მოშლილია რაიონში ინფრასტრუქტურა, სოფლების უმრავლესობას არ მიეწოდება წყალი, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი თანხა იყო გამოყოფილი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, რომელიც უკანონოდ იქნა მითვისებული ადგილობრივი კლანის მიერ (ლაპარაკია მილიონებზე)... ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, უახლოეს მომავალში შეიქმნას კომპეტენტური კომისია არასამთავრობოებისა და მოსახლეობის ჩართულობით, რათა შემუშავებული იქნას საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მექანიზმი. აგერეთვე, სხვადასხვა მაფიოზური პირების მიერ მიწების შესყიდვის კანონიერება და მოხდეს აღნიშნული მიწების მოსახლეობისთვის გადანაწილება”.

იფეთქებს თუ არა წალკაში სოციალური ბუნტი? - უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელიც აჭარელი ეკოემიგრანტების თემაზე დიდი ხანია, მუშაობს, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ მოსახლეობა გაუსაძლის პირობებშია და თუკი ხელისუფლება ხალხის ხმას ყურად არ იღებს, სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება.

ბლადაძის თქმითვე, წალკაში მცხოვრებ აჭარლებს არც “ნაციონალების” 9-წლიანი მმართველობისას ულხინდათ, მაგრამ მაშინ ხალხი დაშინებული იყო და ხმას ვერ იღებდა.

როგორც ადგილობრივები მეუბნებიან, წინა ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ წალკაში ეთნიკური კონფლიქტის ინსპირირება მომხდარიყო. სწორედ ამიტომ, “ნაციონალებიეთნიკურ სომხებს, აჭარელი ეკოემიგრანტების ხარჯზე, სასათბურე პირობებს უქმნიდნენ. ამ რაიონში შემოსავლის, პრინციპში, ერთადერთი წყარო, მიწაა, მაგრამ როგორც ამიხსნეს, 9 წლის განმავლობაში, მიწის ნაკვეთებს იჯარით მხოლოდ ადგილობრივ სომხებს აძლევდნენ. ხალხმა ისიც მითხრა, რომ ამ გარიგებითნაციონალებისერიოზულ ფულს აკეთებდნენ. აჭარელი ეკოემიგრანტები ყოფილ ხელისუფლებას დახმარებას ამაოდ სთხოვდნენ”. - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე.

უფლებადამცველი, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, რამდენიმე წლის წინ, წალკის ბაზართან მომხდარ მკვლელობასაც იხსენებს, როცა ეთნიკურმა სომხებმა სვანი მამაკაცი მოკლეს და მიანიშნებს, რომ ეს მკვლელობაც ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებას ემსახურებოდა. ბლადაძის თქმითვე, “ნაციონალები” წალკაში სიტუაციას მაშინ ძაბავდნენ, როცა თბილისში პოლიტიკური მუხტი კულმინაციას აღწევდა”, - აღნიშნავს ბლადაძე.

უფლებადამცველი, რომელიც თავის დროზე ემიგრაციაში იმყოფებოდა და “ნაციონალების” “საგმირო საქმეებზე” ინფორმაციას ევროსტრუქტურებს აწვდიდა, მოგვიანებით კი, ე.წ. ციხის კადრების გასაჯაროებაშიც მონაწილეობდა, ხელოვნური ეთნოკონფლიქტისა და ხალხის დაშინების კონტექსტში, 2006 წლის 12 იანვარს სამგორში ჩატარებულ გახმაურებულ სპეცოპერაციასაც იხსენებს და რამდენიმე საყურადღებო მინიშნებას აკეთებს.

რამდენიმე დღის წინ, წალკაში ვიყავი, სადაც მოსახლეობამ საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. უფლებადამცველი ვარ და, ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ და უაპელაციოდ ხელს არავის დავადებ, მაგრამ ვფიქრობ, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, ნავთლუღის სპეცოპერაციის შემდეგ, სპეცოპერაციაში უშუალო მონაწილეების გარდა, პრემია კიდევ ვინ აიღო. ამასთან, უნდა დადგინდეს, თუ ვინ იყო მაშინ წალკის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი. როგორც მოსახლეობა მიხსნის, მაშინ ადგილობრივ უშიშროებას წალკის დღევანდელი გამგებელი საბაძე ხელმძღვანელობდა”, - აღნიშნავს მერაბ ბლადაძე.

შეკითხვაზე, თუ რა შუაშია პრემია და, მით უმეტეს, რაიონული უშიშროების სამსახური, უფლებადამცველი ბლადაძე ასე პასუხობს:

ხალხში გავრცელებული ვერსიით, ცენტრს, ანუ თბილისს სწორედ ადგილობრივი უშიშროებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სამი აჭარელი ახალგაზრდა თითქოს შეიარაღებული იყო და ციხეზე თავდასხმას აპირებდა. თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ გამოვა, რომ ამ ცრუ ინფორმაციას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი, ადგილობრივი ძალოვანები უფროსობის წინაშე თავს მოიწონებდნენ, რომ დიდი კრიმინალი აღკვეთეს და მეორე, აჭარელი ეკოემიგრანტები საბოლოოდ შეშინდებოდნენ და ხმის ამოღებას ვეღარასოდეს გაბედავდნენ. პრინციპში, ასეც მოხდა - იმ სამი უბედური ბავშვის ჩაცხრილვის მერე, ეკოემიგრანტები საჯარო ლაპარაკს ვეღარ ბედავდნენ. ეს კი არადა, ხალხი ისევ დაკომპლექსებულია და, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა და პოლიტიკური ნიშნით აღარავის დევნიან, ქუჩაში გამოსვლას დღესაც ერიდება”.

შეგახსენებთ: 2006 წლის 12 იანვარს, გამოძიების მასალების თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, მაშინდელი დირექტორის, დათა ახალაიას ხელმძღვანელობით, დაგეგმა და ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც ქ. თბილისში, ე.წ. ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საეჭვო გარემოებებში სამი ახალგაზრდა - შოთა (მურად) გორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე იმ მოტივით ჩაცხრილეს, რომ ისინი, თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, ქ. რუსთავის ¹1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ.

სპეცოპერაციამდე კი მოვლენები, როგორც მერაბ ბლადაძე ამბობს, ასე ვითარდებოდა: სამი აჭარელი ახალგაზრდა, წალკის რაიონის სოფელ ავრალოში, ნათესავთან იმყოფებოდა. წალკაში ეს ბიჭების პირველი სტუმრობა იყო. სოფლიდან ახალგაზრდები ერთ-ერთის ახლო ნათესავმა წამოიყვანა. ბლადაძის თქმით, სწორედ ამ წუთიდან დაიწყო ყველაფერი, ანუ როგორც უფლებადამცველი, მოსახლეობაზე დაყრდნობით, განმარტავს, ინფორმატორმა ადგილობრივ უშიშროებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიჭები თბილისში აპირებდნენ წასვლას. ამის თაობაზე წალკიდან თბილისში უპატაკეს და სპეცოპერაციაც დაიგეგმა.

თუკი გვინდა, რომ სიმართლე დადგინდეს, გამოძიებამ იმ ინფორმატორის ვინაობაც უნდა დაადგინოს, ვინც ძალოვანებს ბიჭების თბილისში წასვლა შეატყობინა. საერთოდ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირება ვიღაცებს არ აწყობთ, რადგან, როგორც მეუბნებიან, ახალაია ყველაფერსდაფქვავსდა ზოგიერთებს, რომლებიცნაცმოძრაობიდან” “ოცნებაშიგადაბარგდნენ და დღეს თანამდებობებზეც არიან, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ”, - ამბობს მერაბ ბლადაძე.

რა რეაქცია მოჰყვება გამოძიების მხრიდან უფლებადამცველის მიერ გახმაურებულ ვერსიას? - ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ნიშანდობლივია, რომ “ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმე უკვე სასამართლოშია, სახელმწიფო მბრალდებელმა დასკვნითი სიტყვა უკვე წაიკითხა და თემიდა განაჩენს, ალბათ, დღე-დღეზე გამოიტანს.

როგორც ქართული საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსი” იუწყება, საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: ნავთლუღის სპეცოპერაციას, რუსთავის ¹1 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტსა და გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნას.

ბაჩო ახალაიას ბრალი ბოლო ორ ეპიზოდში ედება. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, ახალაიამ რუსთავის ¹1 დაწესებულებაში პატიმრების ცემის ბრძანება გასცა. საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე კი, რომელიც გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობას გულისხმობს, ახალაიას აღნიშნული პატიმრებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას ედავებიან.

ამ საქმეზე ბრალდებულია: მეგის ქარდავა, დათა ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. დათა ახალაიას საქმე იმ მოტივით, რომ მისი ექსტრადირების საკითხი საბერძნეთში არ გადაწყვეტილა, ცალკე წარმოებად გამოიყო. დანარჩენი პირების საქმე კი, ერთ წარმოებად მიმდინარეობს. მეგის ქარდავა ძებნილია. ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი კი, პატიმრობაში იმყოფებიან.

აქვე, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს „ექსპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული სახელმწიფო მბრალდებლის სასამართლო პროცესზე გამოსვლიდან:

“2006 წლის 12 იანვარს, დავით ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილის და გიორგი დგებუაძის მიერ ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის მკვლელობას, იმავე ღამით, ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას მიერ რუსთავის ციხეში ექვსი პატიმრის წამება მოჰყვა. ციხეზე თავდასხმისა და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენას პატიმრების აღიარებითი ჩვენებებიღა აკლდა. სწორედ ამიტომ, 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით, ღამის 11 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია, ლერი ხუხია და ¹7 დაწესებულების დირექტორი მეგის ქარდავა, სპეცრაზმელებთან ერთად, მივიდნენ რუსთავის ¹1 დაწესებულებაში. ახალაია და მისი თანმხლები პირები ადმინისტრაციის ტერიტორიაზე, ციხის შესასვლელთან, .. ვახტასთან ახლოს გაჩერდნენ და დაწესებულების დირექტორს, ტარიელ ტყემალაძეს ოთხი პატიმრის: გია გორგაძის (ერთ-ერთი მოკლულის ძმა - რედ), დავით ლექვთაძის, მიხეილ მანდარიას, ვალერიან პაპავას და მათთან ერთად ციხის მაყურებლების გამოძახება მოსთხოვეს.

პატიმრებს შეაგვიანდათ, რის გამოც ტარიელ ტყემალაძე თავად გადავიდა მათი საცხოვრებელი ზონის ტერიტორიაზე. გზად ორი პატიმარი: მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი შეხვდა, რომლებსაც უთხრა, რომ დაწესებულებაში მისული იყო დეპარტამენტის თავმჯდომარე და მათ ეძახდა. ბაჩანა ახალაიამ პატიმარ ბერდია მესხს, მიახლოებისთანავე, ვინაობა ჰკითხა და მას შემდეგ, რაც ტარიელ ტყემალაძისგან შეიტყო, რომ სწორედ ეს იყომაყურებელი”, შეაგინა და  ხელი დაარტყა, შემდეგ კი, მამუკა ბეჭვაიას ავტომატის კონდახი ჩაარტყა მხარში. ახალაიას მსგავსად მოიქცა მეგის ქარდავაც - ჯერ ბერდია მესხს დაარტყა ხელკეტი, შემდეგ კი, - მამუკა ბეჭვაიას, რის შემდეგაც პატიმრების ცემაში სპეცრაზმი ჩაერთო. ორი პატიმრის ცემა, ციხის შიდა ტერიტორიაზე, დაახლოებით 4-5 წუთი გაგრძელდა... დაახლოებით, 10 წუთში, ციხის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე დანარჩენი ოთხი პატიმარი გადავიდა, მათ მიმართ ძალადობა იგივე სცენარით განხორციელდა. თავდაპირველად ბაჩანა ახალაიამ პატიმარი ვალერიან პაპავა შენიშნა, რომელსაც უბრძანა სირბილით მისულიყო მასთან, მიახლოებისთანავე, მან და მეგის ქარდავამ ავტომატის კონდახისა და ხელკეტის გამოყენებით, ცემა დაუწყეს, პარალელურად, სპეცრაზმელები გია გორგაძეს, მიხეილ მანდარიას და დავით ლექვთაძეს სცემდნენ. ციხის ტერიტორიაზე ამ ოთხი პატიმრის ცემა, დაახლოებით, 15 წუთი გაგრძელდა... ისინი გააშიშვლეს და მიწაზე დაყრილები ხელკეტებით სასტიკად სცემეს, სწორედ ამ დროს ბაჩანა ახალაია გია გორგაძეს მიუახლოვდა და წიხლი ჩაარტყა სახეში, ეს ქმედება მან რამდენჯერმე გაიმეორა. შემდეგ, პატიმრები წამოაყენეს  და სახით კედლისკენ დააყენეს. ბაჩანა ახალაია პატიმრებთან ახლოს იდგა და ხმამაღლა უყვიროდა სპეცრაზმს: ,,დაუყარეთ ბინძური იარაღები და დახოცეთ!“ ამ სიტყვების ფონზე სპეცრაზმელები ავტომატების გადატენვის და ავტომანქანების დამუხრუჭების ხმებით პატიმრებს აგრძნობინებდნენ, რომ სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები. ბოლოს, ახალაიამ ჩამოიარა და მათ სათითაოდ დაარტყა ხელკეტი. ნაცემ პატიმრებს სასჯელაღსრულების ავტომანქანაში, .. ვარონკაში ასვლა უბრძანეს. მანქანა დაიძრა, თუმცა 5 წუთში გაჩერდა. სპეცრაზმელებმა პატიმრები ჩამოყარეს .. ვარონკიდან და ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას წამოწყებით, კვლავ სასტიკად სცემეს. შემდეგ, ხელმეორედ გააშიშვლეს და იანვრის ღამეს, გაუსაძლის სიცივეში, ცემით დაყარეს ტალახში... ნახევარი საათის შემდეგ, პატიმრებს ტანსაცმლის აღება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომანქანაში ჩასხდომა უბრძანეს და... სასჯელაღსრულების ¹7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

...თავდაპირველად ხუთივე პატიმარი ერთ საკანში მოათავსეს, შემდეგ კი, სათითაოდ გაიყვანეს მეგის ქარდავას კაბინეტში, სადაც პატიმრებმა განხორციელებული ძალადობის მიზეზი შეიტყვეს: მათ მოსთხოვეს ჩვენებები მიეცათ ციხიდან გაქცევის არარსებული გეგმის თაობაზე. ჩვენების მიცემას არ მოითხოვდნენ პატიმარ მამუკა ბეჭვაიასა და ბერდია მესხისგან, მათ სცემდნენ და აწამებდნენ იმის გამო, რომ ციხეშიმაყურებლებისსტატუსი ჰქონდათ.

მეგის ქარდავას კაბინეტში პატიმრებზე ძალადობა უფრო საშიში მეთოდებით განხორციელდა. ასე, მაგალითად, ბაჩანა ახალაიამ ოთახში შესულ ბერდია მესხს შეაგინა და წიხლი ჩაარტყა, ხოლო მეგის ქარდავამ ქამრით სცემა. ერთადერთი შეკითხვა დაუსვა მეგის ქარდავამ მის ოთახში შესულ პატიმარ მამუკა ბეჭვაიას, თუ რა ხდებოდაზონაშიდა მას შემდეგ, რაც პატიმარმა უპასუხა, რომ ციხეში არაფერი ხდებოდა, ბაჩანა ახალაიამ მას სილა გააწნა, ხოლო მეგის ქარდავამ ხელკეტით სცემა... თავდაპირველად, ბაჩანა ახალაიამ მეგის ქარდავასა და სანდრო ხულორდავას განუცხადა, თქვენ იცით, რაც უნდა დააწერინოთო და ოთახიდან გავიდა. ამის შემდეგ, პატიმარს მეგის ქარდავამ შესთავაზა, მიეცა ჩვენება, რომ თითქოს ნავთლუღში ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდა ციხეზე შეიარაღებულ თავდასხმას აპირებდა, პატიმრების გაქცევის მოწყობის მიზნით. ვალერიან პაპავამ უარი განაცხადა იმ ჩვენების მიცემაზე, რაც შესთავაზეს და რაც სინამდვილისგან ძალიან შორს იყო. განრისხებულმა მეგის ქარდავამ მაცივრის კარი გამოაღო და პატიმარს ყინულიანი წყალი გადაასხა. შემდეგ კი, მისი ბრძანებით, სპეცრაზმელებმა დენის აპარატი შემოიტანეს და მასზე პატიმარი ხელებით და ფეხებით მიაერთეს. შემდეგ, აპარატი მუშა მდგომარეობაში მოიყვანეს და თანდათან ძაბვის მომატებით, ელექტრონების მოქმედება გააძლიერეს სხეულზე, რამაც პატიმარს გაუსაძლისი ტკივილი განაცდევინა. ასეთ მდგომარეობაში ამყოფეს პატიმარი ვალერიან პაპავა მეგის ქარადავამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ნახევარი საათის განმავლობაში, რომელიც ტკივილისგან გამწარებული არაადამიანური ხმით ყვიროდა. საბოლოოდ, ქარდავამ ნაწამები პატიმრისგან ჩვენება ვერ მიიღო, ჩვენების მიცემაზე მეგის ქარდავას უარი განუცხადა, ასევე, პატიმარმა მიხეილ მანდარიამ, რომელიც მეგის ქარდავამ და სპეცრაზმელებმა გონების დაკარგვამდე სცემეს. მიხეილ მანდარიამ ცემისგან გონი კაბინეტში რამდენჯერმე დაკარგა... დაჟინებით ითხოვდა აღიარებით ჩვენებას მეგის ქარდავა ნავთლუღის ავტოსადგურზე მოკლული შოთა გორგაძის ძმისგან, გია გორგაძისგან, რადგან გია გორგაძის აღიარებითი ჩვენება ყველაზე ეფექტური საშუალება იქნებოდა საზოგადოდ გავრცელებული ცრუ ვერსიის გასამყარებლად. სპეცრაზმელებმა ის რამდენჯერმე გაიყვანეს მეგის ქარდავას კაბინეტში, სადაც ქარდავა ფიზიკურად უსწორდებოდა და ეუბნებოდა, რომზონიდანგაქცევა უნდა ეღიარებინა. ძალადობისა და მუქარის მიუხედავად, გია გორგაძემ ციხეში მისულ გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება არ მისცა. ამის გამო, მეგის ქარდავამ თავის კაბინეტში შეიყვანა, სეიფის კარი გააღო, ავტომატი გამოიღო, ლულა პირზე მიაბჯინა და უთხრა: ,,ან გახვალ და გამომძიებელს რასაც გეუბნები, იმას ეტყვი, ან აქვე მოგკლავ!“ გია გორგაძემ, რომელსაც ციხიდან ცოცხლად გამოსვლის იმედი დაკარგული ჰქონდა, ქარდავას ანიშნა, რომ მოეკლა, რადგან ჩვენებას არ მისცემდა.

პატიმრების წამებას მხოლოდ დავით ლექვთაძის აღიარებითი ჩვენება მოჰყვა, რაც გადაიღეს ვიდეოკამერით და გაავრცელეს მედიის საშუალებებით”.