დღეს ჩვენში ყველაფერი ევროპულია მოდური და, შესაბამისად, ყველა ქართველი ევრორემონტიან სახლზე ოცნებობს, თუმცა ეს ოცნება, სხვა ოცნებებისგან განსხვავებით, არცთუ ძნელად ასახდენია. მთავარია, სურვილთან ერთად, ფინანსებიც გქონდეს, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ლამაზი და კომფორტული ევრორემონტი მაინცდამაინც უსაფრთხო არაა. რატომ? - იმიტომ, რომ საქართველოში სამშენებლო მასალები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან შემოაქვთ, მაგრამ მათ წარმომავლობასა თუ ხარისხს არავინ ამოწმებს. ევროპელობა გვინდა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპაში, ახლადაშენებულ სახლში, ვიდრე მის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაში საბოლოოდ არ დარწმუნდებიან, ცხოველსაც არ უშვებენ! სხვათა შორის, ჩვენი კარის მეზობელი სომხები და აზერბაიჯანელებიც ასე იქცევიან, ანუ ექსპლუატაციაში გაშვებამდე, შენობის უსაფრთხოებას ამოწმებენ...
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ადამიანები რადიაციის 70%-ს სამშენებლო მასალებიდან იღებენ. თუკი ამას რადიოაქტიურ ნივთიერება “რადონის” დიდ რაოდენობას დავამატებთ, რომელიც ჯანმრთელობისათვის ძალიან სახიფათოა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ახალ სახლთან ერთად, ნელი მოქმედების ნაღმზე “ვჯდებით”, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება. რადიაციასა და “რადონს” ნებისმიერი სამშენებლო მასალა შეიცავს, მთავარია, გაკონტროლდეს დაშვებული ნორმა, რასაც საქართველოში არავინ აკეთებს. თუ ადრე მხოლოდ თურქეთი და უკრაინა “გვატყუებდა” და უხარისხო, რადიაციულად დაბინძურებულ მასალებს გვაწვდიდა, ახლა საყოველთაო უკონტროლობის პირობებში, სხვა ქვეყნებიც გათამამდნენ - დიდი ხანია უკრაინისა და თურქეთის ფარგლებს გასცდა ინფორმაცია, რომ საქართველოში სამშენებლო-სარემონტო მასალების ხარისხს არავინ ამოწმებს. ამიტომ, მთელი მსოფლიოდან ჩვენი მიმართულებით ჩამოწერილი და გამოუსადეგარი სამშენებლო მასალები დაიძრა.
როგორ გვატყუებენ? - ეს, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, რომელზეც პასუხი ჩვენ კი არა, ჯერჯერობით სახელმწიფოსაც არ აქვს.
და მაინც, როცა ჩვენზე არავინ ზრუნავს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ჩვენი საცხოვრებელი შედარებით უსაფრთხო გავხადოთ?
ქართული მასალები
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოშიც მზადდება სამშენებლო მასალები და თუკი ამ მასალების ხარისხს ავამაღლებთ, ეს ზემოხსენებულ საფრთხესაც აგვაცილებს და სამშენებლო მასალის შეძენაც შედარებით იაფი დაგვიჯდება.
რომან ფალელაშვილი, რომელიც წლებია, სამშენებლო სფეროში მოღვაწეობს, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, ისეთი ხარისხიანი სამშენებლო მასალები აწარმოოს, რომელსაც ადგილზეც გამოვიყენებთ და მეზობლებსაც მივყიდით, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი უკუღმა ხდება: თავიდან ყველა ხარისხიან პროდუქციას უშვებს, მერე კი, - “აფუჭებს”.
“მაგალითად, ცემენტი “ჰაიდელბერგი”, რომელიც ჩვენთან ძალიან პოპულარული იყო, თავიდან, მართლაც, კარგ პროდუქციას უშვებდა, მაგრამ ახლა ხარისხი ძალიან დაეცა და მას ისევ კასპის ცემენტი სჯობია. რაც შეეხება სარემონტო მასალებს, ამ კუთხით ქართული წარმოება თითქმის არ გვაქვს, უბრალოდ, არსებობენ თურქული კომპანიები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას საქართველოში ამზადებენ. შესაბამისად, ბრენდიც და ნედლეულიც თურქულია”, - ამბობს რომა ფალელაშვილი.
სერიალებიდან დაწყებული, ჩვენთან ყველაფერი თურქული პოპულარულია, შესაბამისად, პოპულარულია თურქული წარმოების ცემენტიც, რომელიც იმდენად უხარისხოა, რომ ევროპის ერთ ქვეყანაშიც არ შეაქვთ, საქართველოში კი, დიდი წარმატებით იყიდება...
არამდგრადი თანამედროვე შენობები
ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ თანამედროვე შენობების უდიდესი ნაწილი დიდი დარღვევებით შენდება. ამიტომ, მათი ექსპლუატაციაში გადაცემა ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული: არაა შემოწმებული შენობების სეისმური მდგრადობა, რადიაციის დონე და ასე შემდეგ.
რომან ფალელაშვილი: - “ვაღიარებ, რომ ძველი შენობები უფრო მდგრადია, ვიდრე - ახლანდელი. ძველად სამშენებლო მასალა უფრო ხარისხიანი იყო და წლები ისე გადიოდა, შენობას კოროზია არ უჩნდებოდა, რასაც ვერ ვიტყვი ახალ შენობებზე. ერთი და ორი წლის აშენებულს უკვე ატყობ, რომ არმატურა უვარგისია და შესაბამისად, ამ შენობის ექსპლუატაცია სარისკოა. ვიცი რამდენიმე ობიექტი, რომელიც იმის გამო გააჩერეს, რომ უხარისხო ე.წ. არმატურით შენდებოდა. მშენებლებს გამოყენებული ჰქონდათ თურქული “ალმატურა”, არადა, ყველაზე ხარისხიანი “ალმატურა” ჯერჯერობით მაინც რუსულია, რომელიც საქართველოში აღარ შემოდის. იმის თქმაც არ შეიძლება, რომ თურქული “ალმატურა” საერთოდ გამოუსადეგარია, იქაც აქვთ ხარისხიანი მასალები, მაგრამ ძვირია და ძირითადად, თვითონ იყენებენ. საქართველოში კი, ნაკლებად შემოდის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა “აპალოვკის” ჩამოხსნის მერე, ბეტონი მთლიანად ჩამოშლილა”.
რითი ვარემონტებთ
თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ახლადაშენებული შენობა თავზე მალე არ ჩამოგენგრათ, დღის წესრიგში მისი გარემონტება და სარემონტო მასალები დადგება. როგორც აღმოჩნდა, აქაც პრობლემებია - არავინ მოგატყუოთ, რომ საქართველოში შემოტანილი ესპანური და იტალიური პროდუქცია პირველი ხარისხისაა.
რომან ფალელაშვილი: - “იმ მოსაპირკეთებელი საშუალებებიდან, რაც საქართველოში შემოდის, ერთიც არაა პირველი ხარისხის. რაც უნდა გითხრან, რომ ესპანურ, ან თუნდაც, იტალიურ საუკეთესო პროდუქციას ყიდულობთ, არ დაიჯეროთ. ჩვენთან ხარისხიან მოსაპირკეთებელ საშუალებებს ვერ იპოვით. ამიტომ, ვისაც ფული აქვს, ამ პროდუქციას პირდაპირ ესპანეთსა და იტალიაში უკვეთავს. ასე რომ, თბილისის ნებისმიერ მაღაზიაში, რაც უნდა დიდი ბრენდის წარმომადგენელი იყოს, ხარისხიანი პროდუქცია არ იყიდება...
საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სამშენებლო მასალები ვაწარმოოთ, მაგრამ ზარმაცები ვართ: გვირჩევნია, ვიყიდოთ და ჩვენიანს უფრო ძვირად მივყიდოთ. ელიავას ბაზრობის მაგალითი ავიღოთ: იხდი ფულს და გამყიდველი მასალის ასაღებად საწყობში გაგზავნის. მიხვალ ადგილზე და აღმოაჩენ, რომ ორი-სამი ლარით მეტი გადაიხადე. ასე რომ, ელიავას ბაზრობა სადღაც მეოთხე ხელია, წარმოიდგინეთ, რამდენი ლარით ძვირდება ნებისმიერი სამშენებლო-სარემონტო პროდუქცია საქართველოში შემოტანის მერე...”
P.S. ევროპელობა მხოლოდ ლამაზად აშენებულ და გარემონტებულ შენობებს არ ნიშნავს, ევროპელობა, პირველ რიგში, ხარისხია.