შოკისმომგვრელი ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან -“დადგინდა, რომ მკვლელობა საფერფლით იყო ჩადენილი...”

შოკისმომგვრელი ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან -“დადგინდა, რომ მკვლელობა საფერფლით იყო ჩადენილი...”

გავრცელებული ინფორმაციით, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის, რაულ უსუპოვის ცხედრებს შესაძლოა, ექსგუმაცია ჩაუტარდეთ. რა არის ექსგუმაცია, რამდენ ხანს ინახავს გვამი ინფორმაციას და რა დადგინდება სამარხების გახსნით? - “ქართული სიტყვაგთავაზობთ შოკისმომგვრელ ინტერვიუს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან. გაფრთხილებთ: ინტერვიუ მაინცდამაინც სასიამოვნო წასაკითხი არაა, თუმცა თუკი გამბედაობა გეყოფათ, კითხვა განაგრძეთ!

 

 

მაია ნიკოლეიშვილი: - ექსგუმაცია გარდაცვლილის სამარიდან ამოღებაა, ექსგუმირებული გვამის ექსპერტიზა კი, აბსოლუტურად სხვა პროცესია. ექსგუმაცია, საგამომძიებო პროცედურაა.

- სამარიდან გვამი პირველად როდის ამოიღეს?

- ეს არ ვიცი, მაგრამ მაგალითად, ბალზამირება ძველ ეგვიპტეში დაიწყეს და ეს მთელი რიტუალი იყო - ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ თუ გარდაცვალების შემდეგ, სხეული უცვლელი დარჩებოდა, ადამიანს კავშირი უკვდავებასთან ექნებოდა. მაშინ ბალზამირება სახელმწიფოს დონეზე იყო აყვანილი, ფუფუნებად ითვლებოდა და უკვდავების, ასე ვთქვათ, უფლება მხოლოდ ფარაონებს ჰქონდათ. საერთოდ, ვანო, კაცობრიობა სიკვდილის დამარცხებისა თუ მასთან შეგუების ფორმებს დასაბამიდან ეძებს.

- გეთანხმები, მაგრამ ამას ექსგუმაციაზე ვერ ვიტყვით...

- ცხადია, რადგან ექსგუმაცია წმინდა საგამოძიებო მოქმედებაა, რომელიც საქართველოსა და მთელ ცივილიზებულ ქვეყნებში, კანონითაა რეგლამენტირებული.

- არის ქვეყნები, სადაც ექსგუმაცია იკრძალება?

- ამის შესახებ არ მსმენია, თუმცა მუსულმანური რელიგიის მიმდევრები, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ექსგუმაციაზე ძალიან იშვიათად თანხმდებიან. სხვათა შორის, ჩემს წინა, ანუ მიშამდე ცხოვრებაში, ექსგუმაცია ექსგუმაციაზე ტარდებოდა, რაც მიკვირდა...

- მიცვალებულის საფლავიდან ამოღებას მართლმადიდებლური ეკლესია არ აპროტესტებს?

- არ ვიცი, ჭირისუფლები ნებართვას იღებდნენ თუ არა, მაგრამ ეკლესიის მხრიდან პრობლემა არასოდეს შემქმნია. სხვათა შორის, ვიდრე ექსგუმაციაზე დავთანხმდებოდი, ჭირისუფალს ყოველთვის ვეუბნებოდი: ამით კაცის სამართალი უნდა დავადგინოთ, მაგრამ ღმერთის სამართალიც არსებობს და იქნებ, სულის შეწუხება არ ღირს-მეთქი.

- ანუ, შენ, როგორც ექსპერტი, თვლი, რომ საფლავის გახსნა გარდაცვლილის სულის შეწუხებაა?

- დიახ, ასე ვთვლი, მაგრამ ექსგუმაცია იმიტომ კეთდება, რომ აქ მყოფმა, ანუ ცოცხალმა ადამიანმა თავისი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს, თან ცდილობს, რომ ამით სიმართლის დადგენას დაეხმაროს, თუმცა ამ სიმართლეს გარდაცვლილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისი სული უკვე სხვა განზომილებაშია და იქ სხვა სამართალი არსებობს.

- მაია, ესე იგი, საკუთარ თავთან გარკვეულ კომპრომისზე მიდიხარ - იმას აკეთებ, რასაც ეწინააღმდეგები. ექსგუმაციაზე ფინანსური ინტერესის გამო თანხმდები?

- არა.

- აბა?

- მგონია, რომ რაღაც ტიპის რთული ვალდებულებაა, ჩემი ცოდნისთვის გაღებული ხარკი... ჭირისუფალს დროს ვაძლევ, რომ ჩამოყალიბდეს და თუკი კატეგორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ექსგუმაციაზე მხოლოდ ამის შემდეგ ვთანხმდები. შესაბამისად, უფლის წინაშე პასუხისმგებლობასაც მე კი არა, ის იღებს. ყოველ შემთხვევაში, გამორიცხულია, ვინმე წავაქეზო, მოდი, ექსგუმაცია გავაკეთოთ-მეთქი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ამ ტიპის ექსპერტიზაში მინიმალურს ვიღებდი.

- ექსგუმაცია რა ჯდება?

- რაც ექსპერტიზას ხელმეორედ დავუბრუნდი, ექსგუმაცია არ გამიკეთებია, თავის დროზე კი, პრაქტიკულად, სულ გრანტებით ვაკეთებდი, ანუ ჭირისუფალი ფულს არ იხდიდა... საერთოდ, ექსგუმაციაში, ვთვლი, რომ სიმბოლური თანხა უნდა ავიღო...

- ეს სიმბოლური თანხა, მაინც, რამდენია, ასი ლარი?

- ალბათ, სამასი.

- ამ თანხას სახელმწიფო იხდის?

- არა, ოჯახი...

- ექსგუმაციისთვის შსს- ნებართვა აუცილებელია?

- სასამართლოსი...

ვანო, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ექსგუმაცია დიდი მარხვისა და ბრწყინვალე შვიდეულში არასოდეს გამიკეთებია.

- რატომ?

- ეკლესიური ცხოვრებით არ ვცხოვრობ, მაგრამ ზემოხსენებულ პერიოდში ექსგუმაცია არც გამიკეთებია და არც გავაკეთებ.  
- თუ შსს- ნებართვა არ იქნება, ექსგუმაცია სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება?

- იცი, როგორ ხდება? - ოჯახმა, ან პროცესის მწარმოებელმა სასამართლოს უნდა მიმართოს, რომელიც ექსგუმაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ექსგუმირებული გვამის ექსპერტიზის ჩატარებას კი, დღევანდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საგამოძიებო პროცესის მწარმოებელი არეგულირებს.

- საფლავის გათხრას ესწრები ხოლმე?

- დიახ.

- კიდევ ვინ ესწრება?

- სასაფლაოს ხელმძღვანელობა, საგამოძიებო პროცესის მწარმოებელი...

- ოჯახის წევრები და მოძღვარი?

- მოძღვარი არასოდეს მინახავს, ოჯახის წევრები კი, ზოგჯერ დასწრებიან... როგორც კი კუბოს სახურავი მიწისგან გათავისუფლდება, ფოტოების გადაღებას ვიწყებ ხოლმე.

- მაია, ამ დროს როგორი განცდა გაქვს, რას ელოდები?

- განცდა მძიმეა და იმაზე ვფიქრობ, ეს გარდაცვლილის სულისთვის რამდენად მისაღები იქნება...

- ქრისტიანული მოძღვრებით, გარდაცვალების შემდეგ, სული ადამიანის სხეულს ტოვებს. შესაბამისად, ექსგუმაციაც სხეულს ეხება და არა - სულს. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ დროს გარდაცვლილის სული უკვე სხვა ადამიანშია რეინკარნირებული...

- შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ სულს თავისი წინა სხეული არასოდეს ავიწყდება... სხეული ხომ სულის ტანსაცმელია და სული სადაც უნდა იყოს, ეს ტანსაცმელი მაინც მისია, მისი ნაქონია, მისი სუნი აქვს...  

- სუნი?

- ჰო, ყველა გარდაცვლილს თავისი სუნი აქვს...

- ხრწნის სუნი?

- არა... ახალგარდაცვლილს თავისი სუნი აქვს, ინდივიდუალური, ისეთივე, როგორიც სიცოცხლეში ჰქონდა და სხვისგან განარჩევდა... საერთოდ, ისეთი გამძაფრებული ყნოსვა მაქვს, ვამბობ ხოლმე, მეძებარსაც შეშურდება-მეთქი. ყველა ადამიანის თმას, როგორც სხეულს, თავისი სპეციფიკური სუნი აქვს. ახალგარდაცვლილს რომ დაბანენ, მისი თმის ამ სპეციფიკურ სუნს მაშინვე ვგრძნობ...

- პირველი ექსგუმაცია გახსოვს?

- არა, მაგრამ ერთ საინტერესო რამეს გეტყვი, რაზეც პასუხი მას შემდეგ ვიპოვე, რაც ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე.

- ასეთი რა უნდა მითხრა?

- ლპობაში მყოფ გვამს, მართლაც, საშინელი სუნი აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გამძაფრებული ყნოსვა მაქვს - ყნოსვას ჩემთვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე - სხვა ადამიანებისთვის, მაგრამ მუშაობისას სუნს ვერ ვგრძნობ. მოკლედ, მუშაობას ვიწყებ, ისეთი საშინელი სუნია, რომ ხალხი ვერ ჩერდება, მე კი, ეს სუნი არ მაწუხებს.

- ექსგუმირებული გვამის ექსპერტიზისას პირბადეს არ იკეთებ?

- არა.

- რატომ?

- პირბადე სუნს უფრო აკავებს...

- შეიძლება, მაგრამ ბაქტერიების არ გეშინია?

- ჩემო კარგო, ჩემი პროფესია სარისკოა და მავნე სპეციალობათა, ასე ვთქვათ, რიგშია. ამიტომ, კომუნისტების დროს, კვირაში სამჯერ, უფასოდ ნახევარ ლიტრ რძეს გვაძლევდნენ, ხელფასზეც ძალიან სერიოზული დანამატი გვქონდა, შვებულებაში კი, 45 დღე გვიშვებდნენ.

მოკლედ, ვიცი, რომ ჩემი პროფესია მავნეა, მაგრამ ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრების წესია და ამას შეგუებული ვარ. მართალია, ხელთათმანით ვმუშაობ, მაგრამ გამორიცხული არაა, ხელი გაგეჭრას, გარდაცვლილი შიდსიანი იყოს და მორჩა, დაინფიცირებული ხარ!

- გვამიდან მხოლოდ შიდსის გადადების შანსი არსებობს თუ სხვა ინფექციური დაავადებისაც?

- უამრავი ვირუსული დაავადების, მაგალითად, ჰეპატიტის და თუნდაც გახმაურებული და საშინელი ებოლას...

ერთი სიტყვით, ეგსგუმირებულ გვამზე მუშაობისას სუნი არ მაწუხებს, მაგრამ მუშაობას რომ დავამთავრებ, ხელთათმანს გავიხდი, ხელებს საპნით სერიოზულად ვიბან და, ცხადია, სუნი არ მაქვს, მაგრამ გავა დაახლოებით, 30-40 წუთი და ისტერიკა მეწყება.

- რატომ?

- მგონია, რომ ხელებზე სუნი მაქვს... მახსოვს, ჩემს მძღოლს, ვასოს, აცხონოს ღმერთმა მისი სული, ვეკითხებოდი ხოლმე, ხელებზე სუნი მაქვს-მეთქი? მპასუხობდა, არა, გიორგევნა, რა სუნიო. მანქანაში ყოველთვის მქონდა საოცრად არომატული საპნების კომპლექტი და პიონის ლოსიონი, რომელიც სურნელოვანზე სურნელოვანია. ვასოს მანქანას ვაჩერებინებდი და ხელებს ჯერ ამ სურნელოვანი საპნებით ვიბანდი, მერე კი, პიონის ლოსიონით ვიმუშავებდი...

- ამ სუნს ახლაც გრძნობ?

- არა, მაგრამ განცდა მაქვს... მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ სუნი იმდენ ხანს მაწუხებდა, რამდენი ხანიც გვამზე ვიმუშავე, ანუ წარმოიდგინე, პროფესიული მომენტი რამდენად ძლიერია - რომ არაფერი გამომპარვოდა, ტვინი სუნს აკავებდა, ანუ ყნოსვის ცენტრს ბლოკავდა! საერთოდ, ექსპერტიზის დროს დიდი ყურადღებაა საჭირო - მახსოვს, ერთხელ, შევტრიალდი და ერთ-ერთმა ექსპერტმა მოტეხილი ნეკნის ძვლის დამალვა სცადა.

- რა მიზნით?

- ცეცხლნასროლი ჭრილობა იყო და დამალვას ამიტომ შეეცადა, მაგრამ მაშინვე ვეცი... მოკლედ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება და ფსიქიკაც მაცდიდა, დამენახა, ვთქვათ, უცებ ტყვიის გულა რომ ჩამოვარდნილიყო და ვინმეს აეღო... მერე კი, ფსიქიკა იმდენ ხანს მაწამებდა, რამდენ ხანსაც ყნოსვის შეკავების საშუალება მომცა...

- მაია, რა ამის პასუხია და, ადამიანები გარდაცვლილს საიქიოში უცნაურ ნივთებს ატანენ ხოლმე. კუბოში რა დაგხვედრია?

- კუბოში ჩატანებული ნივთების ჩამონათვალი ყოველთვის კეთდება.

- ამ ნივთებს ისევ თან ატანენ?

- კი, თუმცა ზოგჯერ მოძველებულ ნივთებს ცვლიან. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ოჯახის წევრისთვის ექსგუმირებული გვამის ნახვა ამიკრძალავს, განსაკუთრებით, დედისთვის, რათა ისეთი ხსომებოდა, როგორიც იყო და არ ენახა სრულიად სახეშეცვლილი...

- მიწა ადამიანს იმ სახით, რა სახითაც ასაფლავებენ, რამდენ ხანს ინახავს?

- 10-15 წლის შემდეგ, რბილი ქსოვილები, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ გამონაკლისებიც ხდება: მამა გაბრიელს მხოლოდ რბილი ქსოვილები კი არა, სახსარიც შენარჩუნებული ჰქონდა.

ერთი შემთხვევა არასოდეს დამავიწყდება, რომელიც ჩემთვის სასწაულს უტოლდება - ოთხი წლის გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან ანალიზისთვის სისხლი ავიღე. გვამი უცვლელი იყო - სხეულზე სუდარა ეფარა, თავზე - არა. სახე აბსოლუტურად შავი, ანუ ლპობაში იყო წასული, სხეული კი, უხრწნელი დამხვდა. ოჯახს ექსპერტიზით იმის დადგენა უნდოდა, ერთი დანით იყო მოკლული თუ ორით. გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, ამის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან რბილი ქსოვილები, წესით, აღარ უნდა არსებობდეს. მეშინოდა, რომ აღარაფერი დადგინდებოდა და ბრალდებული შეიძლება, ამის მერე გაეთავისუფლებინათ კიდეც, ვინაიდან ვიცოდით, რომ ოჯახის თხოვნით გვამი სრულყოფილად გაკვეთილი არ იყო. ოჯახის წევრებს ვეხვეწებოდი, ამას ნუ გამაკეთებინებთ-მეთქი. ვიდრე ექსგუმაცია დაიწყებოდა, გარდაცვლილის დედას ვთხოვე, ძალიან დიდი ალბათობით, ვერაფერს დავადგენ და თქვენი შვილის სულს ტყუილად ნუ შევაწუხებთ-მეთქი. მკითხა, პასუხი რამდენი პროცენტით არ იქნებაო. 97 პროცენტით გეუბნებით, ვერ დავადგენ, ორი დანა იყო თუ ერთი-მეთქი. მახსოვს, ხელი ავიქნიე და ვთქვი, ის სამი პროცენტი კი, სასწაულის იყოს-მეთქი. აი, სწორედ მაგ სასწაულის იმედით გავაკეთოთ ექსგუმაციაო... დავიწყეთ... სახეს რომ შევხედე, როგორც გითხარი, შავი იყო და ჩავთვალე, რომ ჩემი ვარაუდი მართლდებოდა, მაგრამ “დუბლიონკა” რომ გახადეს, გავოგნდი - სხეული აბსოლუტურად უხრწნელი იყო და თუ არა სასწაული, ამის ახსნა არ არსებობს, მით უმეტეს, რომ თავი სხვა მდგომარეობაში იყო, სხეული კი, - სხვა. ბიოლოგიური ექსპერტიზისთვის სისხლი ავიღე.

- ექსპერტიზამ რა აჩვენა?

- სისხლი აბსოლუტურად ჩვეულებრივი იყო... ისე, ადრეულ და გვიან გვამურ მოვლენებზე საუბარი ყველა სახელმძღვანელოშია, მაგრამ ეს, რაც მოგიყევი, ნამდვილი სასწაულია!.

- მაია, ექსგუმირებული გვამის სასამართლო ექსპერტიზას აზრი გარდაცვალებიდან რამდენი ხნის განმავლობაში აქვს?

- გვამის სასამართლო ექსპერტიზას აზრი ყოველთვის აქვს.

- ესე იგი, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების ექსგუმაციამ გამოძიებას შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცეს, ანუ ექსგუმაციით ის უნდა დადგინდეს, პრემიერი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გაზით გაიგუდნენ თუ არა?

- ექსგუმაციის მთავარი მიზანი, ალბათ, უფრო დაზიანებების, განსაკუთრებით, ძვლოვანი ქსოვილის დაზიანების დადგენაა.

რაც შეეხება რბილ ქსოვილებს, სასამართლო მედიცინის წესით და კანონით, რბილი ქსოვილების დაზიანება ვეღარ უნდა ვნახოთ.

- ექსგუმაცია გასცემს შეკითხვაზე პასუხს: ჟვანია მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას შეეწირა?

- მხოლოდ ექსპერტიზით ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება. თავზე, მაგარი გარსის ქვეშ, ჟვანიას დაზიანება ჰქონდა და ეს თავის დროზე ჩატარებულ მიკროსკოპულ კვლევაშიც წერია.

- ხომ შეიძლება, ეს დაზიანება დაცემით მიიღო?

- ყველაფერი შეიძლება...

- სასამართლო ექსპერტიზა იმას დაადგენს, ეს დაზიანება ბუნებრივი დაცემის შედეგია თუ, თავში ბლაგვი საგნის, ვთქვათ, საფერფლის ჩარტყმის?

- ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა: ბავშვი ამბობდა, მამამ დედას თავში, აი, ამ ადგილას დაარტყაო. გარდაცვლილი მტკვარში იპოვეს, გვამი გახრწნილი კი არა, გახრწნილზე გახრწნილი იყო. ქალა-სარქველზე დაზიანება, მართლაც, არსებობდა, მაგრამ ექსპერტიზით იმის დადგენა, ეს დაზიანება სიცოცხლისდროინდელი იყო თუ არა, ვერ მოხერხდებოდა, რადგან გვამი წყალში შეიძლება, რამეს მიეხეთქა, თუმცა დაზიანება ზუსტად იმ ადგილას იყო, რომელზეც ბავშვი მიუთითებდა...

- მაია, ჟვანიაზე გკითხე...

- თუ ქალა-სარქველზე მოტეხილობა დაგვხვდა, მაშინ გასაგები გახდება, რომ ეს ძალის ზემოქმედების ზონაა.

ეს შემთხვევა კი, ლენინგრადში მქონდა: ქმრის საყვარელმა, რომელმაც გაიგო, რომ ორსულად იყო, ცოლი მოკლა. თავდაპირველად, მკვლელობა ქმარს ბრალდებოდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ქმრის საყვარელმა ცოლს თავში ბროლის წახნაგოვანი საფერფლე ჩაარტყა. ასეთი საფერფლე ისეთ კვალს ტოვებს, რომ მახსოვს, თავის ქალიდან ზომებს ვიღებდი და საფერფლეს ვადარებდი. მოკლედ, დადგინდა, რომ მკვლელობა საფერფლით იყო ჩადენილი.

- მაშასადამე, სიმართლე, შეიძლება, ჟვანიას შემთხვევაშიც დადგინდეს?

- თუ მოტეხილობა იქნება, რატომაც არა?!

- მაია, რამდენიმე დღის წინ, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას ექსპერიმენტი შესთავაზე, ანუ სწორ კვალს რომ დაადგეთ, ვინმე მოდელირებულად უნდამოკლათ”?

- ამას გამოძიება ექსპერიმენტს ეძახის, ჩვენს ენაზე კი, სიტუაციური ექსპერტიზა ჰქვია.

- და ამით რა დადგინდება?

- ეროსის შემთხვევა, სასამართლო ექსპერტიზის თვალსაზრისით, განსაკუთრებულია - სხვა თუ არაფერი, ისეთი “შტანც მარკაა”, რომელიც სასამართლო მედიცინის ერთ ატლასში, ან სახელმძღვანელოშიც არაა აღწერილი, ანუ თავის ქალაზე ლულის ანაბეჭდი იმდენად ზუსტია, “ჩეზე 75” რომ ნახო, მაშინვე იტყვი, ჰო, რა თქმა უნდა, ამ იარაღითაა ნასროლიო.

ვიცით, მიბჯენა რა კუთხით და ფორმით მოხდა. ასევე, ვიცით, რომ მანქანის გვერდითა და უკანა მარჯვენა სავარძლებზე სისხლის წვეთები მარაოსებრადაა განლაგებული. სისხლის შხეფებს წაგრძელებული ფორმა აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა მანძილიდან და რა კუთხით ეცემოდა.

- ამ დეტალებს საქმე მკვლელობისკენ მიჰყავს?

- არ ვიცი... არსებობს ერთი ვარიანტი, რომ მარცხენა სავარძელზე, ანუ ეროსის უკან ვიღაც იჯდა.

- ეს ექსპერიმენტით დადგინდება?

- გამორიცხული არაფერია...

- თუკი მანქანაში, ეროსის გარდა, სხვა ვინმეც იმყოფებოდა, ანაბეჭდები არ დატოვა?

- ანაბეჭდი ძალიან გლუვ ზედაპირზე რჩება, მანქანის სალონი კი, ასეთი არაა, თუმცა იარაღზეც შერეული ანაბეჭდია...

- ანუ, იარაღზე მხოლოდ ეროსის ანაბეჭდი არაა?

- ამას ვერ გეტყვი...

- რატომ?

- ამაზე ვერ ვილაპარაკებ...

- ესე იგი, არსებობს საეჭვო დეტალები...

- ვანო, ხომ გითხარი, რომ ამაზე ვერ ვილაპარაკებ...

- მანქანის უკანა მარცხენა სავარძელზე სისხლის შხეფები არ აღმოჩნდა?

- ორი პატარა შხეფია, თუმცა ჯერ არ ვიცი, ვის ეკუთვნის... მოკლედ, ამ ექსპერიმენტით დავინახავთ, ეროსი საკუთარი ხელით მოკვდა თუ სხვისი... ჩემი აზრით, ეს ექსპერიმენტი ძალიან მარტივი და, ამასთან, სარწმუნოა.

- ...მაია, თავის დროზე გვამებით რატომ დაინტერესდი?

- პირველ კურსზე გავთხოვდი, ვიპრანჭებოდი კიდეც, მაგრამ ქირურგობა მინდოდა, სანკტ-პეტერბურგში რომ ჩავედი, მუშაობა სასწრაფოზე დავიწყე, ექსპერტებთან ურთიერთობა ხშირად მიწევდა. ეს ხალხი საოცრად კონტაქტური იყო და შემომთავაზეს, ხომ არ გინდა, თავი სასამართლო ექსპერტიზაში მოსინჯოო.

- როცა გაიგეს, რომ გვამებმა გაგიტაცა, შინ რა გითხრეს?

- არაფერი, რადგან ეს ჩემი არჩევანი იყო...

- გვამები გესიზმრება?

- ისე არა, მხოლოდ საქმესთან კავშირში, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ზუსტად ის დაზიანება მინახავს, რაც სიზმარს მოუცია...

- მუშაობისას არ გაქვს განცდა, რომ გვამს შეიძლება, რამე ატკინო?

- ყოველთვის ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს... ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ქირურგიაა... სხვათა შორის, ხანდახან ის შეგრძნებაც მაქვს, რომ მისი სულიც იქვე, სადღაცაა... ჩემი პროფესია ხომ სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზეა აღმოცენებული და ნაძალადევი სიკვდილით დაღუპულს, მკვლელის მიერ ნატკენს,  სულ ბოლოს, სასამართლო მედიკოსის ხელი ეხება...