რა მუქარის ზარები მიიღო წმინდა ბარბარეს სახელობის მესანთლემ და რა გაუმხილა ,,ვერსიას’‘ მამა ისემ
სამართალდამცველებმა, სვეტიცხოვლობას წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით, 16 ოქტომბერს ორი, 15 და 17 წლის ბავშვი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ეს ბავშვები წარსულში ქურდობაზე ნასამართლევი უკვე იყვნენ, ამჯერად კი დაკავებულებმა აღიარეს, რომ 14 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქინძმარაულის ქუჩის ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის სასაფლაოსთან მდებარე ეკლესიის კარი შეამტვრიეს და შესაწირი ყუთი გატეხეს, საიდანაც ფული მიითვისეს. დამნაშავეების სახლიდან, ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯვრები, ხატები, კრიალოსნები და სხვა საეკლესიო ნივთები. ჩადენილი დანაშაული ორივემ აღიარა და გამოძიება ჯგუფური ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ემუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა’‘ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ეს რომ მხოლოდ ეკლესიის გაქურდვის მორიგი ფაქტი არ ყოფილა, ამაზე ცოტამ თუ ისაუბრა. ,,ვერსია’‘ წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში თავად მივიდა და შემზარავი დარბევის ამსახველი არაერთი ფაქტიც ნახა: ღვთისმშობლის შეურაცხყოფილი ხატი, წმინდა გიორგის გაბზარული ხატი, რომლის ორად გადატეხაც სურდათ, ვერცხლის გადაღუნული ჯვრები, დამტვრეული ლოცვანი, რომელიც ტაძრის კედელზე ჩარჩოში ჩასმული ეკიდა, ხოლო შესაწირის ყუთები კედლიდან მთლიანად ამოგლეჯილი და წაღებული იყო. ტაძრის ეზოში, სადაც რამდენიმე საფლავია, მარმარილოს დიდი ქვა ეგდო, რომლითაც, როგორც გაირკვა, დაკეტილი ტაძრის კარი შეამტვრიეს. სხვათა შორის, ამ ქვის ადგილზე დაბრუნება რამდენიმე ზრდასრულმა მამაკაცმა დიდი გაჭირვებით მოახერხა, ამიტომ რამდენად სარწმუნოა, რომ 15 და 17 წლის ბავშვებმა ამ ქვით ეკლესიის კარი დამოუკიდებლად გატეხეს, სხვა თემაა. ადგილზე მრევლიც დაგვხვდა. რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ, რომელთაც ამ დანაშაულზე საკუთარი ვერსიები აქვთ. ერთ-ერთმა, ხანშიშესულმა ქალბატონმა გვითხრა, რომ ტაძრის შელახვამდე ერთი კვირით ადრე, მესანთლემ მუქარის ორი ზარი მიიღო; მეორე ქალბატონი კი ეჭვობდა, დამნაშავეებმა მაინცდამაინც ეს ტაძარი იმიტომ აირჩიეს, რომ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია პირველი იყო, საიდანაც საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებში სასწაულმოქმედი ხატი გადააბრძანესო. მრევლმა ისიც გვიამბო, რომ სულ ორიოდ დღის წინ, საჩხერის ერთ-ერთ სოფელში ეკლესია ანალოგიურად დაირბა, თუმცა ამ ამბის შესახებ არავის არაფერი უთქვამს და მომხდარი არც მედიასაშუალებებს გაუშუქებია. ვესაუბრეთ ტაძრის მესანთლეს, რომელიც პირველი იყო, ვინც დარბეული ეკლესია ნახა. თინათინ ჭუმბურიძემ გულისწყრომით შემოგვჩივლა, თავის ზედმეტად ატკიება არავის სურს, ეს ამბავი ყველამ უბრალო ქურდობად მონათლა, რომ იოლად გამოძვრნენო. ჩვენთან საუბარში მან მუქარის ზარების შესახებ ინფორმაციაც დაადასტურა და მომხდარიც ვრცლად გვიამბო.
თინათინ ჭუმბურიძე: ,,20 წელია აქ ვმუშაობ, მთელი ოჯახი აქ ვართ და ვმსახურობთ, მედავითნედ, სტიქაროსნად. ასეთი რამ 20 წლის განმავლობაში არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკლესია 20-ჯერ მაინცაა გაქურდული. ამ ტერიტორიაზე სულ მარტო ვარ ხოლმე და შეიძლება ისე მომკლან, კაციშვილმა ვერაფერი გაიგოს. ნაცემიც ვყოფილვარ, ეკლესიაც გაუქურდავთ, შესაწირი ყუთებიც დაუმტვრევიათ, მაგრამ ხატები და სტიქარი არავის შეურაცხჰყვია. შელახული იყო ყველა სიწმინდე, საკურთხეველი. მანამდე კი, ერთი კვირით ადრე, ორჯერ მივიღე სატელეფონო ზარი და ვიფიქრე, ალბათ, შეცდნენ-მეთქი. ასე მეუბნებოდნენ, შეისრულეთ ოცნებაო და უშვერი სიტყვებით მომმართავდნენ. ამის შესახებ ტაძრის დარბევის შემდეგ გამახსენდა, ეს ამბავი კრიმინალისტებსაც ვუთხარი, ტელეფონიც წაიღეს, მაგრამ ახლა აზრი არ აქვსო, მითხრეს. ალბათ, ყველაზე რეალური ორი ვერსიაა - ეს ან რელიგიური ექსტრემიზმი და შურისძიების გამოვლინება იყო მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, ან რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი, რასაც ამ ზარებს ვუკავშირებ. ჩვენი მოძღვარიც ძალიან გულახდილია, ღიად საუბარი უყვარს და ეს ფრაზა, აიხდინეთ ოცნებაო, შეიძლება პოლიტიკურადაც გავიგოთ. ველოდებით, რას იზამს პოლიცია. ჯერჯერობით, საქმე მხოლოდ გაქურდვის მუხლითაა აღძრული, არადა, სპეციალურად გავაფრთხილე, რომ ეს ქურდობა არ იყო. მთელ მრევლს შევკრებ და ყველანი ფეხზე დავდგებით, რომ სიმართლე გაირკვეს. საკურთხეველში შევიდნენ და სახარებას შეეხნენ, მეორე სართულზე ავიდნენ და საგალობლების წიგნები გადმოყარეს, საეკლესიო სამოსელი გასვარეს, ღვთისმშობლის ხატი შელახეს, ჯვრები გადაგრიხეს. ქურდობის დროს ჯვარს ვინ გრეხს? წმინდა ნინოს ლოცვას ვინ ამტვრევს?! ტაძარი შელახულია, მართლმადიდებლობა, ეკლესია და ქართველი ერია შეურაცხყოფილი. ამ ხელისუფლებას ის უნდა, ვიღაც დაიჭიროს ქურდობაზე, ჩასვან და მერე ციხიდან მარტივად გამოვიდეს. ეს არის ძალიან ცუდი პროცესის დასაწყისი. აბა, ერთი, მეჩეთზე მომხდარიყო ასეთი თავდასხმა, მთელი არასამთავრობოები დაესეოდნენ და ერთი ამბავი ატყდებოდა, ახლა კი სერიოზული განცხადება არავის გაუკეთებია, მხოლოდ გამგებელი მოვიდა. ჩემი აზრით, ეს შეკვეთილი, ჯგუფური ვანდალური აქტი იყო. იმ მარმარილოს ქვას 2-3 კაცი მაინც უნდა, რომ ასწიონ. ვიღაც სასაფლაოს შესასვლელთანაც ხომ უნდა მდგარიყო, რომ დანარჩენები გაეფრთხილებინა, ვიღაც მოდისო. თანაც სიგნალიზაციაც გვაქვს, რომელიც ღამით მთელ ქუჩაზე ისმის. რასაც წმინდა ბარბარე მკარნახობს, იმას გეუბნებით - ეს ქურდობა არ ყოფილა. ეს ეკლესიისა და წმინდანების შეურაცხყოფა იყო! შესაწირი ყუთებიც თვალის ასახვევად ჩამოგლიჯეს, რომ ეს ქურდობას დაბრალდებოდა. თუ ვინმეს რამის წაღება უნდოდა, ოქროს საათი და ძეწკვი რომ ისევ დევს ხატთან, არ წაიღებდნენ? ეტყობა, არ უნდათ, რომ ზედმეტად შეწუხდნენ და ადვილად გამოძრომა მოინდომეს. ვიღაცას დაიჭერენ და იტყვიან, ამან იქურდაო. მთავრობასა და პოლიციას თავის შეწუხება არ უნდა და ეგაა, მერე ამ ფაქტს სხვა ელფერი რომ მიეცეს, მეტი მუშაობა და გამოძიება მოუწევთ და სწორედ ეგ არ უნდათ. ვამბობდი, ვიღაც ცუდად შემოძვრა-მეთქი, მოძღვარსაც ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან ვიღაცები დადიან, მატლებივით ფუთფუთებენ, რაღაცას ჩაჰკირკიტებენ. ამიტომ ეს შეკვეთილი მგონია და არც გამოძიების იმედი მაქვს. ადრეც მოუყვანიათ ძაღლები და კატები, მაგრამ არაფერი გამოუძიებიათ, ვნახოთ, რას იზამენ. ეს საქმე თუ ჩაიფარცხა და კრიმინალები არ შეშინდნენ, ცოტა ხანში შემოვლენ და მომკლავენ’‘. ამასობაში, ტაძარში ეკლესიის წინამძღვარი, მამა ისეც დაბრუნდა, რომელიც საპატრიარქოში იმყოფებოდა და მასთან გასაუბრების საშუალებაც მოგვეცა:
- მამაო, დანაშაულს თქვენ რა შეფასებას აძლევთ?
- საერთოდ ადამიანი იმას შეურაცხყოფს, ვინც და რაც მასზე ძლიერია. თავისზე სუსტს არავინ ებრძვის. ჩვენი ერის სიმტკიცე კი ყოველთვის ეკლესია იყო, მაგრამ მსოფლიო კოსმოპოლიტიზმს ეს აღარ სჭირდება. ჩვენ გავკივით, რომ არ გვინდა ტრადიციები, ნატოსა და ევროკავშირში უნდა შევიდეთ, მაგრამ, როცა რესტორანში შევდივართ, მოქეიფე ბიჭები ხომ არ ვხდებით. შეიძლება, უბრალოდ ისადილო და უკან გამოხვიდე. ასევე შეიძლება შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ ისეთი არ გავხდეთ, როგორებიც იქ დაგვხვდებიან. ყველა ხელისუფლება, ძველიცა და ახალიც, იმაზე ფიქრობს, თავისი საქმე გაიკეთოს. სათავეში მოსვლამდე ყველა პატრიარქის მეგობარია, მოსვლის შემდეგ ყველა ბრძოლას უწყებს უწმინდესს, ეს ცოტა მკვახე განცხადებაა, მაგრამ რომ არ ვთქვა, გული არ მითმენს. რამე რომ დასჭირდებათ, პატრიარქთან გარბიან. თუმცა მარტო ეკლესიაში დგომა არაფერს ნიშნავს. კახურად ვიტყვი, თაგვი სულ წისქვილშია, მაგრამ მეწისქვილე ვერასოდეს გახდება. ეკლესიას ცუდად რომ ხელს შეახებს ადამიანი, ეს მთელი ერის შეურაცხყოფაა. მე კი დღეს, შეურაცხყოფილი ერის ხმა არ მესმის.
- როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩიეს ეს ტაძარი, რომელიც არც დიდია, არც მდიდარი, არც გზის პირზეა. ეს ვანდალური აქტი ლოგიკურად, რით შეიძლება აიხსნას?
- ამაზე ბევრი ვიფიქრე. ეს არ იყო ქურდობა, ეს იყო ეკლესიის მიზანმიმართული დარბევა. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა, ისე ცუდად გავხდი, ყველა ორგანო მიკანკალებდა. ამას რომ აკეთებს ვიღაც, ვინ არის ეს ადამიანი?! სადამდე დავედით? ვისზე გვაქვს დღეს სწორება?! აგრესორი არ გეგონოთ, მაგრამ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველობისა და მართლმადიდებლობის მტერია.
- ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში იყავით. რამე გამოხმაურება, ან განცხადების გაკეთება ხომ არ იგეგმება, რომ ეს საქმე მხოლოდ ქურდობის მუხლით არ ჩაიფარცხოს?
- საპატრიარქო ჩვენი საეკლესიო ხელისუფალია. ვფიქრობ, ეს საქმე ქურდობის მუხლით არ უნდა დარჩეს, რადგან ეს არ იყო ქურდობა. თუმცა რამდენიც უნდა ვიყვიროთ, დანაშაულის კვალიფიკაციას მაინც საგამოძიებო ორგანოები ადგენენ. ჩემი აზრი საპატრიარქოშიც ვთქვი - ეს რიტუალური დანაშაული იყო! პატრიარქი ელოდება, რას იზამენ. ეს ამბავი უკვე იცის პოლიციის უფროსმა, მან თავისი სამმართველოს უფროსს უნდა მოახსენოს, იმან - შს მინისტრის მოადგილეს. ანუ ახლა ჩვენ ველით, ვის რა პოზიცია ექნება ეკლესიისთვის! ეს პოზიცია ქურდობის მუხლით დაპატიმრებული ორი ბავშვი აღმოჩნდა, 15 და 17 წლის სკოლის მოსწავლეები, მამა ისემ, კი, რომელსაც მოგვიანებით კვლავ ვესაუბრეთ, ასეთი შეფასება გააკეთა: ,,ახლა უნდა ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. უნდა ვნახო, რას იზამენ ის ბავშვები, როგორ მოქმედებენ, როგორ აწევენ იმ მარმარილოს ქვას და ა.შ. ამის შემდეგ ვკითხავ, რატომ შევიდნენ საკურთხეველში და მივხვდები, მათ კიდევ ვინმე ახლდა, ეს შეკვეთა იყო და ბავშვები გამოიყენეს თუ არა’‘.