ნაციონალურ მოძრაობისთვის მიცემული ბოლო გაფრთხილება, განცხადება, რომ ქვეყანაში ქაოსი და არეულობა მარტო ნაციონალებს აწყობთდა 315-ე მუხლით აღძრული საქმე მთელი პარტიის წინააღმდეგ, რაც ძალადობრივი შეთქმულების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას გულისხმობს - მხოლოდ ეს განცხადებებიც მოწმობს, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში კრიტიკულ ზღვარზეა. თუ ამას რუსეთის თავხედურ ნაბიჯებსაც დავუმატებთ აფხაზეთში და ლარსის საზღვართან, ქვეყანა ამ შიდა და გარე საფრთხეების ფონზე, არცთუ სახარბიელო ვითარებაშია. ,,ვერსიისთვის’‘ ანალიზს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აკეთებს.
- ,,ოცნების’‘ ამ განცხადებების მიზანი პრევენციაა, რომ გარკვეული არეულობის შემთხვევაში, ხელისუფლებას ბრალდებული ჰყავდეს. ასე იქცეოდა სააკაშვილიც - მისთვის ანტიგმირი რუსეთი იყო და ვინც არ ეთანხმებოდა, ყველას რუსეთის აგენტს ეძახდა. ,,ოცნებამ’‘ ნაციონალებს ე.წ. უკანა ფონი ვერ უპოვა, მაგრამ ანტიგმირს თავად ნაციონალებისგან ქმნის. პრობლემაა, რომ ეს მხოლოდ განცხადებებია და ხელისუფლებას ფაქტები არ წარმოუდგენია. როცა არგუმენტები არ ჩანს, პროცესი ამორფული ხდება მაშინაც კი, თუ მთავრობა სიმართლეს ამბობს. ზოგადად, ნაციონალების ქმედებების მოტივი ადვილი გამოსაცნობია - ხელისუფლებაში დაბრუნებას ყველა გზით შეეცდებიან. ,,ქართული ოცნება’‘ კი ამ დრომდე ყველაფერს აკეთებდა, პოლიტიკურ სარბიელზე მათ დასატოვებლად. ჰოდა, როცა ამბობ, რომ ეს ძალა სახელმწიფოსთვის საშიში მტერია, მაგრამ პოლიტიკაში მის დარჩენას უწყობ ხელს, ცოტა გაუგებარია. 315-ე მუხლით საქმის აღძვრა, კიდევ უფრო გაუგებარია. 2 წლის წინ ხალხის ნაწილი მთელი პარტიის გასამართლებას ითხოვდა, როგორც ეს ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის შემთხვევაში მოხდა. მახსოვს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ნაციონალურ მოძრაობაში დამნაშავე სულ რამდენიმე კაცია, დანარჩენები კი ჩვენი საზოგადოების წევრები არიანო. შესაბამისად, არ მესმის, რატომ მიჰყავთ საქმე აქამდე, როცა ინფორმაციის საფუძველზე, ამ შეთქმულების აღკვეთა შეუძლიათ ან ხალხი ასე რატომ დაზაფრეს?!
- კვანძის გასახსნელად დაჭერების ახალი სერია გველის, თუ საქმე უფრო რთულადაა და მასშტაბურ დაპირისპირებას უნდა ველოდეთ?
- ეს უგნური პროცესია... ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ დესტრუქციული ქმედებები, პირველ რიგში, ხელისუფლებას არ აწყობს. როცა ხელისუფლება ხარ და ამბობ, რომ ქაოსით ნაციონალური მოძრაობაა დაინტერესებული, ყველაფერი უნდა გააკეთო, პროცესი მართო. მხოლოდ განცხადებები და ნაციონალების გამოწვევა საკმარისი არაა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ყველამ თავისებურად დაიწყო. ნაციონალები ახალ, ახალგაზრდა კადრებს ამზადებენ. ,,ოცნება’‘ კი მიხვდა, რომ, თუკი დღეს ბიძინა ივანიშვილი გამოვა და ვინმეს მხარს დაუჭერს, იგი, რაღაც შემადგენლობით, პარლამენტში მოხვდება. ნაციონალებიც შევლენ პარლამენტში, რადგან მყარი ამომრჩეველი ჰყავთ. ოღონდ, ნაკლები რაოდენობით. შესაძლოა, ,,ოცნება’‘ ამ პროცესით ნაციონალების დასუსტებას და პარლამენტში ვერშესვლას ცდილობდეს.
- ამ გეგმის ნაწილია ქვეყანაში მომხდარი ყველა ცუდი ფაქტის ოპონენტისთვის დაბრალება - იქნება ეს ვიღაცის გატაცება თუ ტაძრის დარბევა?
- ჯერჯერობით, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის დარბევა მიჩქმალულია. თუ ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია და ელემენტარულ საფრთხეებს ვერ უმკლავდება, გარესაფრთხეების მოგერიებაზე საუბარი ზედმეტია. რამდენი ხანია ვამბობ, რომ დღევანდელი ვითარება წინა მოვლენების გაგრძელებაა. ეს ერთი ლოგიკური ჯაჭვია: ვიღაც გარედან ცდილობს, საქართველოში დაძაბულობის კერა შექმნას, გატესტოს და თუ არ გაამართლებს, მერე ახალი კერა შექმნას. ასეთი იყო სამცხეში მინარეთის კოშკის მოხსნა, ქობულეთში ღორის თავის მუსლიმების კარზე მიჭედება, თუმცა ჯამში, ეს კერები ისეთი გარდამტეხი არ აღმოჩნდა, ვითარება მთელ ქვეყანაში აერია. ახლა, წმინდა ბარბარეს ეკლესიის დარბევით მართლმადიდებლებს დაარტყეს და ასეთი გათვლა იყო - იქნებ, მართლმადიდებლობა, როგორც ქართველი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგია, უფრო ფეთქებადი საკითხი აღმოჩნდეს და ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვეს ქვეყანაშიო. ამ სიუჟეტის ავტორი გარემტერია, რომელსაც სულ სხვა კუთხით აინტერესებს ჩვენს ქვეყანაში შიდააშლილობა.
- ამ ხაზის გაგრძელებაა აფხაზეთ-რუსეთს შორის მოკავშირეობა-ინტეგრაციას დოკუმენტის დადება და მეორე მხრივ, ლარსზე საზღვრის გადმოწევა? კარასინისა და აბაშიძის შეხვედრებიც ჩვეულ რეჟიშმი გრძელდება, არადა, დღეს იმაზე არავინ საუბრობს, რა იცვლება საქართველოსთვის ამ პროცესების შედეგად!
- აფხაზეთი და რუსეთი დაწყებულ საქმეს აგრძელებენ, მით უმეტეს, მათ ურთიერთობაში უკვე აფხაზეთის კონფედერაციად გარდაქმნის თემა გაჩნდა. ახლა ამ პოლიტიკის ლეგალიზება მიმდინარეობს და ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის. აფხაზეთთან ურთიერთობის ლეგალიზებას რუსეთი რუსული პასპორტების გაცემითაც ცდილობდა, მაგრამ მსოფლიომ ეს არ აღიარა, აღიარა მხოლოდ ნაურუმ. შედეგი ახლაც იგივე იქნება. ახლა აფხაზეთში სერიოზული კრიზისია და რაც დრო გავა, მეტად გაღრმავდება. აფხაზებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პრეტენზია აქვთ, მაგრამ თითოეულმა აფხაზმა იცის, რომ მსოფლიოში ვერსად წავა და იცხოვრებს, ვერ ისწავლის, იასპარეზებს აფხაზეთის სახელით. დღეს აფხაზეთს ათიათასობით დევნილი ჰყავს ე.წ. მტერ საქართველოში, რომელიც ავად თუ კარგად, წინ-წინ მიდის და მსოფლიოში თავის ადგილს იმკვიდრებს. შესაბამისად, ასეთი შემთხვევები საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ და აფხაზეთს საქართველოსთან და არა რუსეთთან ყოფნის ეს დადებითი ასპექტები მესიჯებად გავუგზავნოთ. უნდა დავანახოთ, რომ აფხაზებისა და ოსების ხსნა ისევ საქართველოშია. როცა ,,ოცნება’‘ ხელისუფლებაში მოვიდა და თქვა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მსურსო, მხარი დავუჭირე, რადგან ეს დიპლომატიის აუცილებლობაა - ასე უნდა თქვა, მაგრამ თუ ატყობ, რომ წინ ვერ მიდიხარ, ურთიერთობა ადგილზე უნდა გაყინო. ახლა კი საქართველო სრულიად გაურკევველ მდგომარეობაშია და ისე ჩანს, რომ ჩვენ უფრო ვართ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით დაინტერესებული, ვიდრე თავად რუსეთი. დღეს რუსეთთან ურთიერთობას, არც ერთ დონეზე, აზრი არ აქვს. ყველა ნაბიჯი, რასაც ვდგამთ, მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ. კარგ დონეზე შევჩერდით - შევცვალეთ სააკაშვილის აგრესიული სტილი, ვთქვით, რომ არ გვინდა მტრობა, მაგრამ პასუხად ვერაფერი მივიღეთ. ეს დიპლომატია ადგილზე გაგვეყინა, ახლა რაღაც გაურკევველ ნაბიჯებს ვდგამთ არსაით.
- რამდენიმე რელიგიური და პოლიტიკური კერა, გარესაფთხეები - ვინ ისარგებლებს ამით, ვინ დარჩება წაგებული და პირდაპირ ვთქვათ, ვინ არის ის გარემტერი, ვინც, შეიძლება, ამ ყველაფერს პროვოცირებდეს?
- წაგებული ხალხი და ქვეყანა დარჩება. ყველზე მეტად ხელისუფლება დაზარალდება, რადგან ქვეყანაში დესტრუქცია არ აწყობს. გარემტრის გამოცნობა მარტივია: ეს პროცესი სხვადასხვა რელიგიური წარმომადგენლობებისგან ნაკლებადაა მართული. თაოსანი არც მართლმადიდებლური ეკლესიის წევრია და არც სხვა აღმსარებლობის მიმდევარი. ყველა რელიგია დაუცველი გახდა საქართველოში და დღეს ყველა ერთნაირად დავზარალდით, მეც, ისლამისტიც და სხვებიც. დღეს, საქართველოში ქაოსი, რუსების გარდა, არავის აწყობს. საქართველოში თანხები ჩადო შტატებმა, ევროკავშირმა და ამ ქვეყნის ნგრევა, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, სხვას არავის აინტერესებს, მათ შორის, არც აზიურ და ისლამურ სახელმწიფოებს, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. აი, რუსეთი კი მას მერე, რაც ევროპის ნაწილი გვინდა გავხდეთ და ამ მიზნისკენ მივდივართ, განსაკუთრებით აქტიურად ნერგავს ჩვენს სამეზობლოში იდელოგიას, რომ საქართველო კავკასიის წევრი ქვეყანა აღარ არის!