რა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება
,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება’‘, - ასე ჰქვია ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის დაგეგმილ პროექტს, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში რამდენიმე დღეა განიხილავენ. თავად შეთანხმების დოკუმენტი 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნასთან ერთად, საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს. სამხედრო თანამშრომლობის გარდა, პროექტის მიხედვით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნაც განიხილება. მეტიც, რუსეთი თურმე აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფაზეც ,,იზრუნებს’‘, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებაზე, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ; ასევე შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის. აფხაზეთში რუსეთის კეთილი მიზნების არ სჯერათ - დოკუმენტს ე.წ. პარლამენტში უარყოფითი შეფასება მოყვა და პროექტი აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვის მცდელობად შეფასდა. რუსეთის შეთავაზებაზე მსჯელობს ,,ქართული ოცნებაც’‘, თუმცა მოლაპარაკების ჩაშლას ოკუპანტ მეზობელთან, ჯერჯერობით, არ გეგმავს. პირიქით, თედო ჯაფარიძის ინიციატივა, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით, დეპუტატის სიბერეს დაბრალდა, ზურაბ აბაშიძე კი პრაღაში რუს დიპლომატთან შესახვედრად მაინც გაემგზავრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, თუ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი კარასინთან შეხვედრაზე არ გაემგზავრებოდა, რუსეთთან ურთიერთობა უფრო დაიძაბებოდა. ,,დაველოდოთ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დასრულებას და ვნახავთ, სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება ამ ფორმატის ჩატარებაზე’‘, - ასეთია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის პოზიცია. მისივე განცხადებით, ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიურად მუშაობს, რათა ახალ გამოწვევაზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეთ. დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც. იგი დოკუმენტს საქართველოს შეურაცხმყოფელს უწოდებს და ამ ხელშეკრულების გაფორმებით ვითარების შეცვლას არ ელის: ,,თვითონ ტექსტის სულისკვეთება ამცირებს და შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, რადგან ოკუპაცია გრძელდება. ესაა მთავარი კონტექსტი და არა საკითხი, ჯარს ვინ აკონტროლებს. არმიას დიდი ხანია უკვე რუსეთი აკონტროლებს, რადგან ის საოკუპაციო რეჟიმის წამყვანი ფაქტორია. შესაბამისად, ყველა ჯარისკაცი ისედაც რუსეთს ემორჩილება’‘. ერთი სიტყვით, სანამ მმართველი გუნდი რუსეთის პროექტზე ერთიან სტრატეგიას შეიმუშავებს, საპარლამენტო უმცირესობა, აფხაზეთის ანექსიის აცილების მიზნით, ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს. ნაციონალური მოძრაობა ,,ქართულ ოცნებას’‘ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების შეწყვეტასა და დიალოგის გაგრძელებას მხოლოდ ჟენევის ფორმატით ურჩევს. ,,რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ინტენსიური მოლაპარაკება ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც აფხაზეთის ანექსიას ისახავს მიზნად, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი უნდა გახდეს. ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს ამ ფაქტის წინააღმდეგ. ხელისუფლებას თანამშრომლობას ვთავაზობთ. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არ მოგვისმინა და უკრაინის მოვლენებთან საქართველოს საკითხი არ განიხილა, ამ რეალობის წინაშე დავდექით. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების შეწყვეტასთან ერთად, საქართველოს პარლამენტისგან პოზიციის დაფიქსირებას მოვითხოვთ. რეზოლუციის ტექსტს მოვამზადებთ და დავარეგისტრირებთ. იმედია, კვირის ბოლომდე უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს’‘, - ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ზურა ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობას. პოზიციის შემუშავებისკენ პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმაც მოუწოდა, რომლის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას გეგმავს. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას, საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. რამდენად ადეკვატურია აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე თავად საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება, ან რა იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, ,,ვერსიის’‘ კითხვებს ,,ევროპელი დემოკრატების’‘ ლიდერი პაატა დავითაია პასუხობს, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მსგავს შეთანხმებას ორი თვის წინ პროგნოზირებდა: - რა აზრი ამ ქვეყანაში პროგნოზებსა და მოვლენების ანალიზს, თუ არავინ უსმენს?! როცა აფხაზეთში რუსეთის გეგმებზე ვსაუბრობდი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობდა, ყირიმის მოვლენებისა და აფხაზეთის შედარება გაუმართლებელიაო. რეალურად, აფხაზეთის ანექსია უკვე დაწყებულია და ეს შეუქცევადი პროცესია. საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენება ქართულ მხარეს მაშინ უნდა დაეწყო, როცა ამის შესახებ ვსაუბრობდი. როცა მტერს ელაქუცები, ის ცდილობს, მაქსიმალურად მეტი წაგართვას, რადგან ხედავს, ტერიტორიების დაცვა არ შეგიძლია. თუ თავად ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგა, სხვას რა უნდა ვთხოვოთ? დღეს აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკის გამტარი ხაჯიმბაა, რომელიც აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის მხარდაჭერას არც მალავს.
- რუსეთის მიერ წარმოდგენილი პროექტი თავად აფხაზებმა სუვერენიტეტის დაკარგვად შეაფასეს. საგარეო საქმეთა მინისტრიც აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაციას მაქსიმალურად მიაწვდის. აფხაზეთში დაწყებული პროცესის შეჩერების მექანიზმი ამოწურულია?
- საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგია არ აქვს. ის მხოლოდ ხანძრის დროებით ჩაქრობას ცდილობს. პაატა ზაქარეიშვილმა რა უნდა გააკეთოს, როცა საკითხის მნიშვნელობა არ იცის? თუ 2008 წელს აფხაზეთში რუსული ჯარი შედიოდა, დღეს ხელისუფლება დაღესტან-კახეთის გზის შენებაზე საუბრობს, რუსული ჯარი ენგურზე გადმოდის. ამის შემდეგ რუსეთი სამეგრელოსა და კახეთში ვითარების არევას ეცდება; არ დაგვავიწყდეს ჯავახეთიც, რომელსაც კრემლში უკვე რუსეთსა და სომხეთს შორის სასიცოცხლო კორიდორს უწოდებენ. საუბარია ცხინვალსა და ჯავახეთს შორის დაახლოებით 70-კილომეტრიან გზაზე. პროცესი საკმაოდ სწრაფად დაიწყება. ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი რუსეთს ებრძოდნენ, არავინ სვამდა კითხვას, რუსეთი ოკუპანტია თუ არა, ,,ქართული ოცნება’‘ კი, რუსეთს უბრძოლველად ბარდება.
- რა უნდა გაკეთებულიყო, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ჩაშლილიყო და რუსეთს ამ თემით სპეკულაციის საშუალება მისცემოდა?
- რუსეთს საქართველოს დაპყრობა უნდა! დაპირისპირების დრო არ არის, ყველა ერთ პოზიციაზე უნდა ჩამოყალიბდეს. რუსეთმა იცის, საქართველოს ომს ვერ მოუგებს, თუ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს არ დააპირისპირებს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ პრობლემის არსი ესმის. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ფინჯან ყავაზე საუბარს უფრო ჰგავს - იქ არც პროტოკოლი იწერება და არავინ იცის, რაზე თანხმდებიან. რომც შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში რუსეთს პასუხს ვინ მოსთხოვს? უნდა დაიწყოს სტრატეგიის შემუშავება, საერთაშორისო დონეზე თემის გახმაურება, მაგრამ, თუ თავად ოკუპაციაზე საუბარს ერიდები, დასავლეთშიც ყურადღებას არავინ მოგაქცევს.