ქართუმი მხატვრული ფილმი ,,მაგდანას ლურჯა’‘ ბავშვობიდან არ მიყვარს. ფილმში კეთილი ვერ იმარჯვებს, ბოროტის გამარჯვება კი რატომ უნდა მომწონებოდა? დიდი ხანია ,,მაგდანას ლურჯა’‘ არ მინახავს და მივხვდი, რომ არც ქართული ტელევიზიების მამები სწყალობენ ამ ფილმს. არადა, დღეს ქართულ პოლიტიკაში შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს ამ ფილმს და კონკრეტულად მის პერსონაჟ ლურჯას. ახლა არ დამიწყოთ, ეთიკის ფარგლებში დარჩი, ლურჯა პოლიტიკასთან რა მოსატანია - საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, ბატონებო. ლურჯა არც შაურმასთან უნდა ყოფილიყო კავშირში, მაგრამ იმდენი მოვახერხეთ, კონკრეტულად ამ ფილმს ლამის ,,მაგდანას შაურმა’‘ დაერქვა. მახსოვს, ერთი პერიოდი ქართული პოლიტიკა ისეთ გზას ადგა, ევროპამ თუ ამერიკამ მენახშირე ვაჭარივით დაიყვირა ,,ხევში, ხევში გადააგდეთო’‘, მაგრამ გადასაგდებად ვერ გავიმეტეთ (ეგებ ჯობდა). სხვა ბატონისგან მოპარული ბალახით გამოვკვებეთ, დავბანეთ, დავვარცხნეთ და ევროპას ისე ვანახეთ, გაოგნებული დარჩა. მერე იყო, ევროპა- ამერიკისთვის საზიდი ,,მაწვნის’‘ მოგროვება მეზობლებში რომ დავიწყეთ და ლურჯას იმაზე მეტი ავკიდეთ, ვიდრე ზიდვა შეეძლო. არადა, ერთხელ რომ დავარდა, კი უნდა გვესწავლა წესითა და რიგით ჭკუა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვერაფერი ვისწავლეთ. მოკლედ... ,,თუკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდება, ჩვენს მიერ შეფასდება როგორც საქართველოს ანექსიის მცდელობა’‘, - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
თავიდან კი ვიფიქრე, ქალბატონი მაია ან უხასიათოდ არის, ან ჯიუტობს (დიდი ხანია პოლიტიკაშია და ლურჯას გათვალისწინებით...) და მრჩევლებს ყურს არ უგდებს- თქო, მაგრამ მერე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება წავიკითხე, სადაც ამბობენ, რომ თურმე მათ პოზიციასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფიქსირებს და... ყურები ჩამოვყარე. ჰო, ლურჯასავით... ქალბატონო მაია და დანარჩენებო, თქვენს მიერ რუსეთის მხრიდან განხორციელებული ქმედებები აქამდე თუ არ არის შეფასებული, როგორც საქართველოს ანექსიის მცდელობა, ახლა ეგ თქვენი განცხადება, გნებავთ, ღობის იქით დააბით, გნებავთ აქეთ, მაინც არაფერი გამოვა. სანამ ლურჯა ხეზე არ ავა, მანამ არ შეაწუხებს რუსეთს სინდისი თქვენი განცხადების გამო და თუ ამ განცხადებით გსურთ ამ ყველაფრის მიფუჩეჩება, ბარაქალა თქვენ. ახლა ვიღაც იტყვის, აბა, მეტი რა ქნასო და მე გეტყვით, რა უნდა ქნას. რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ, საერთოდ რა გვინდა ჩვენ. ის, რომ ნატო- ში ინტეგრაციას თავის დროზე მოსახლეობის უმრავლესობამ მისცა ხმა, მაინც მოდაზე აყოლა მგონია, თორემ მეეჭვება, ამ ინტეგრაციის მომხრე მოსახლეობის უმრავლესობამ დაახლოებით მაინც იცოდეს, რა ორგანიზაციაა ნატო, რას გვპირდება და ზოგადად, როგორია წესდება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სადავო ტერიტორიების მქონე ქვეყანას ნატო- ში შესვლა გაუჭირდება. ჩვენ კი სადავო ტერიტორია ლამის დამტკიცებულზე მეტი გვაქვს და ამიტომ, ნატო- ს კარზე ბრახუნით კიდევ კარგა ხანს გადავიტყავებთ ხელებს. რეფერენდუმი კიდევ იმიტომ არის საჭირო, რომ ბოლო დროს (მანჩო გიორგობიანს დავესესხები და მერე დავუბრუნებ) ჩვენი ,,ბომონძღი’‘ ერთობ უცნაურად იქცევა. იქცევა კი არა, მოიქცა და პოზიცია ღიად დააფიქსირა. ხალხი, რომელიც ღირსების ორდენის არაერთგზის მფლობელია (მიშა ხომ კიდებდა ხოლმე და ზოგს ორჯერ, გააჩნია, როგორ მოეწონებოდა... დაკიდება) და ორიდან ერთ შემთხვევაში ორდენი აფხაზეთზე კლიპის გამო მიიღო, რუსეთში (იმ ქვეყანაში, ფანჯიკიძე და საბჭო ანექსორად გამოცხადებას რომ უპირებენ და აქამდე რა ჰგონიათ, ვერ გეტყვით) ჩავიდა და ,,ბუტია ხუსთან’‘ (მე დავარქვი, იმიტომ რომ გვებუტება ხოლმე, როცა მამა- მარჩენალს შეუგინებენ) ერთად ითბილისა. ჰოდა, ის მაინტერესებს, ეს ადამიანები რეფერენდუმში ვის მისცემენ (ხმას) და რაც მთავარია, ეს მიცემა ისევე ღია უნდა იყოს, როგორც მოსკოვური ,,ტიფლისობა’‘. აი, მერე გაირკვევა, რუსეთი ანექსორად უნდა გამოვაცხადოთ თუ მეგობრად და ზოგადად, ლურჯას მაწონი სად უნდა ვაზიდვინოთ. თორემ ასე რა გამოვა, ტვირთს აქ ვკიდებთ, კარდაკარ დავატარებთ და იმის გასაღებას ვცდილობთ, რაც ჩვენი არ არის. გამოჩნდება ვინმე და ლურჯას თავის ტვირთიანად წაგვართმევს და იმასაც დაგვიმტკიცებს, რომ ეს ჩვენი ,,საზიდარი’‘ ყოველთვის მაგათი იყო და უბრალოდ დროებით სარგებლობაში გვქონდა.
p.s. (პოსლე სკაზანნოე) ,,მაგდანას ლურჯას’‘ ოპერატორები ლევ სუხოვი და ალექსანდრე დიღმელოვი არიან და ვინმე გვეტყვის ოდესმე, ქართული პოლიტიკის ოპერატორების გვარებს?!