რამ გადააწყვეტინა ცნობილ ექსპერტს, კახა კახიშვილს „ციხეების სამინისტროში“ მუშაობა?

რამ გადააწყვეტინა ცნობილ ექსპერტს, კახა კახიშვილს „ციხეების სამინისტროში“ მუშაობა?

ჟურნალისტებმა დავკარგეთ პროფესიონალი ექსპერტი, ხელისუფლებამ კი შეიძინა პროფესიონალი საჯარო მოხელე, „საარჩევნო პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი" კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. „ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კახიშვილის ფიგურა წითელ ზოლად გასდევდა ყოფილ ახალ საკადრო ცვლილებას, მას ქრონიკულად მოიაზრებდა საზოგადოება მთავარი პროკურორის პოსტზე, თუმცა პოლიტიკური კულუარებიდან გვესმოდა, რომ კახა კახიშვილი იყო დამოუკიდებელი, პრინციპული და უმართავი, ამიტომაც პოლიტიკური ისტებლიშმენტი მის ადგილს ვერ ხედავდა მთავარი პროკურორის პოსტზე.

კახიშვილი ერთ-ერთ ურთულეს სისტემაში გადაამისამართეს. ვნახოთ, როგორ გაუძღვება ის ამ სირთულეებს და რა შედეგს დადებს. კახიშვილი საჯარო სამსახურში არასამთავრობო სექტორიდან გადადის. სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა გიგა გიორგაძეს ეკავა. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგაძე უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა დევნილთა სამინისტროში გადაიყვანა.

სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მისი პირველი მოადგილე, ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, ისინი კურსელები და მეგობრები არიან, რაც თანამშრომლობისთვის ერთი დიდი პლუსია, მღებრიშვილმა ყველაზე სანდო ადამიანი დაიყენა გვერდით იმ უწყებაში, სადაც „ნაციონალებს" ფესვები აქვთ გამდგარი, მათ ჰყავთ თავისი „ნასედკები", ამრევები, „თავისი" პატიმრები, ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა... თავის დროზე მათ შექმნეს სისტემა, რომელმაც სისასტიკით ცივილიზებული სამყარო გააოგნა. დღეს, პროკურატურას, შსს-სა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკვირდება, თუ როგორია მათდამი მიდგომა, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები, არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები  და ა.შ. ის კრიტიკული ჩანაწერები, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია გაკეთებული, სწორედ პატიმრობაში მყოფ ახალაიას, უგულავასა და მერაბიშვილს უკავშირდება. სულ მალე შესაძლოა, ევროპარლამენტმა ისინი პოლიტიკურ პატიმრებად აღიაროს. ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი საქმეების შესახებ, ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს: „დღეს საზოგადოებას ჭკუას ასწავლის ბოკერია, სიცრუის გამხმოვანებელი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებდა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს - ლენინისდროინდელი მეთოდებით პატიმრების წამება, გაუპატიურება, ამ ყველაფრის შეფუთვა ევალებოდა ბოკერიას. ეს ადამიანები დღეს ებრძვიან სახელმწიფოს, მოსახლეობას და აკეთებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ორი წლის წინ, პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას". ისინი დღითი დღე ახდენენ საკუთარი თავის მარგინალიზებას, მოსახლეობაში თესენ სიძულვილს, აგრესიას და ძალიან რთული იქნება მათი ინტეგრირება საზოგადოებაში. მე მათ მოვუწოდებ, შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა. ეს არის მავნებლური საქმიანობა, რითაც ისინი სახელმწიფოს აზიანებენ".

„უგულავას წერილად" ცნობილ უსტარში „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ სამოქმედო გეგმაში ციხის ბუნტია. კახიშვილი 2004 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადილედ უკვე მუშაობდა. ბოლო ხანს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველმა, ლალი მოროშკინამ ხელისუფლებას კახიშვილის დანიშვნა არაერთხელ ურჩია. მისი წინადადება გაითვალისწინეს თუ მღებრიშვილის, ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტია - კახიშვილი პირველ მოადგილედ დაინიშნა. რას დაუპირისპირებს მღებრიშვილ-კახიშვილის ტანდემი „ნაცპარტიზანებს"?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ალიას" კითხვებს სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე, კახა კახიშვილი უპასუხებს:

- სასჯელღასრულების სისტემის დაუძინებელი კრიტიკოსი რა ცვლილებებს გეგმავს უწყებაში, როგორ აპირებს ამ სისტემის რეფორმირებას?

- რეალურად ეს არის უმძიმესი სფერო. სიმართლე რომ ვთქვა, ერთი პერიოდი დეპრესიაშიც კი ვიყავი, სანამ აქ მოსვლის თაობაზე გადაწყვეტილებას მივიღებდი, ვინაიდან ვიცი, რა სისტემაა. მეორე მხრივ, ვიფიქრე, თუ შენ არ შეიტანე შენი წვლილი რაღაც რეფორმაში, მხოლოდ საუბარი დიდხანს ვერ გაგრძელდება. მინდა მინისტრთან, მთავრობის გუნდთან ერთად განვახორციელო რეფორმა და ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ევროპული ტიპის პენიტენციალური დაწესებულება. სიღრმისეული რეფორმაა ჩასატარებელი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველა სისტემის დროს იყო სამინისტრო სამინისტროში. 2008 წელს ორი დეპარტამენტი გამოეყო იუსტიციის სამინისტროს - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სახით, ამის ბაზაზე შეიქმნა ერთი სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დეპარტამენტიანი სამინისტრო იყო შექმნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ინარჩუნებდა ავტონომიურობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ჰქონდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი, ფაქტობრივად, მინისტრთან შეუთანხმებლად შეეძლო მართვა, როგორც ფინანსების, ისე ადამიანური რესურსების. ამიტომ, ეს წარმოადგენდა სამინისტროს ძირითადად პოლიტიკურ კუდს, სადაც მინისტრი იყო პოლიტიკური ფიგურა და ხშირ შემთხვევაში მინისტრმა არ იცოდა იმ პროცესების შესახებ, რაც ხდებოდა სასჯელაღრსულების დეპარტამენტში, ვინაიდან სისტემა იძლეოდა ამის საშუალებას. რეფორმის ნაწილი იქნება, პირველ რიგში, ერთიანი ბიუჯეტის შექმნა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გაუუქმდება საკუთარი ბიუჯეტი, შეიქმნება სამინისტროში ერთი მთლიანი ბიუჯეტი, სასჯელაღსრულების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსს დაკარგავს, რიგითი დეპარტამენტის სახით შემოუერთდება სამინისტროს, ვინაიდან პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, მართვაც ჩვენ უნდა შევძლოთ. მეორე მხრივ, იქნება რესოციალიზაციაზე ფიქრი, თქვენ იცით, რომ სასჯელაღრსულების სამინისტროში მუშაობს სოციალური სამსახური, მაგრამ ამ სისტემის თანამშრომლები არიან ოფიცრები, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო პირებმა უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა. პატიმრებთან რესოციალიზაციის საკითხებზე იმუშავებენ სამოქალაქო პირები. ამავდროულად სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება სპეციალური კურსები, მსურველებს მიეცემათ საშუალება, გაიარონ რამდენიმეთვიანი სწავლება და მიიღონ შესაბამისი ცოდნა იმ პირებთან ურთიერთობის, რომლებიც იმყოფებიან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, ჩემთვის გაუგებარია, მაგალითად, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც მუშაობდა პოლიციაში, გადამზადების გარეშე მოვიდეს და ამ სისტემაში დაიწყოს მუშაობა, რადგან სულ სხვა პასუხისმგებლობა და სხვა მიდგომებია საჭირო, ამიტომ ჩვენ ზუსტად ამ კურსების შექმნაზე ვიმუშავებთ, ყველა თანამშრომელი იქნება აყვანილი მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის შედეგად და იქნება რამდენიმესაფეხურიანი კონკურსი. ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ადამიანი მიევლინება სასწავლო ცენტრში, სადაც მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს, შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით და თანამდებობრივი წინსვლის პერსპექტივით. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს გახლავთ ინფორმაციის მოპოვება. მოგეხსენებათ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც სიტუაციას ბოლომდე მაინცდამაინც ვერ ფლობს, რადგანაც ბაზები კონკრეტულ პატიმრებთან დაკავშირებით არ არსებობს, ვინ ვისთან იყო კონფლიქტში და ა.შ. ამიტომ, შეიქმნება ერთი დიდი ანალიტიკური სამსახური, ამავდროულად უსაფრთხოების სამსახური მოიპოვებს, ხოლო ანალიტიკური სამსახური დაამუშავებს ინფორმაციას, რასაც მიეცემა შესაბამისი მსვლელობა და დამუშავების შემდეგ, შეიქმნება ბაზები, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ვიზრუნებთ საპატიმრო დაწესებულებაში სამუშაო ადგილების შექმნაზე, საწარმოების შექმნას ვგულისხმობ.

- სახელმწიფო უწყებები ითხოვენ დაფინანსების გაზრდას, სასჯელაღსრულების სამინისტრო უერთდება ამ მოთხოვნას?

 - დაფინანსების გაზრდაზე საუბარი არ არის, რადგან ჩვენ დაფინანსებას მაინცდამაინც არ ვუჩივით. ხოლო  იმ კუთხით, რომ პატიმრებს ჰქონდეთ რეალურად ნორმალური პირობები, ვფიქრობ, დღევანდელი ბიუჯეტითაც შევძლებთ ამის გაკეთებას...

- თქვენ აცხადებდით, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო გასაუქმებელი იყო. დღესაც ასე ფიქრობთ?

 - დიახ, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ ეს სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია, რადგან ისეთი სამინისტრო, რომელიც ვერ აკონტროლებს ორ დეპარტამენტს, არ არის საჭირო. ძალიან ძვირი უჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს ამ სამინისტროს შენახვა. თქვენ წარმოიდგინეთ, სამინისტრო იყო წარმოდგენილი ქუდის სახით, სადაც იყო მთელი აპარატი, მაგრამ ამ აპარატის ვერც ერთი თანამშრომელი, თავის მინისტრიანად, ვერ არკვევდა, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რისთვის იყო საჭირო ასეთი სამინისტრო. ამიტომაც გამიკრიტიკებია, რეფორმის შედეგად ზუსტად ესაა დაგეგმილი, რომ სამინისტრომ აიღოს მართვის ბერკეტები და თუ ვერ მოახერხებს, მაშინაც ვიტყვი, რომ სამინისტრო გასაუქმებელია.


- ასევე, ხელისუფლების მუდმივად საყვედურებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილი კადრებითაა სავსე სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტრო. როგორ აპირებთ მათ გაცხრილვას, დაითხოვთ სამსახურიდან?

- როგორც უკვე გითხარით, იქმნება სასწავლო ცენტრი, იქმნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც გამოავლენს, ვის მიეცემა საშუალება სისტემაში მუშაობისა. დღეს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელი არ არის გათანაბრებული შს სამინისტროს თანამშრომლებთანაც კი. აქედან გამომდინარე, ის ითვლება არაპრესტიჟულად. არ მიმდინარეობს ჩვენი თანამშრომლების სოციალური დაცვა, დაბალია პრესტიჟი, ამიტომ ჩვენ გავათანაბრებთ პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვის კრიტერიუმებთან და  იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა. ამავდროულად იქნება მოთხოვნები, რომელიც შეესაბამება ევროპული პენიტენციალური დეპარტამენტის სტანდარტებს და არა იმ პოსტკომუნისტურ გადმონაშთს რომელიც დღესაც გვაქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სახით.


- „ნაციონალების" ჩანერგილ კადრებს როგორ შეებრძოლებით?

- პირი, რომელიც დაინიშნება სასჯელაღსრულების სამინისტროში და იქნება სამხრეების ქვეშ, ის ვერანაირად ვერ იქნება პარტიის წევრი და ამავდროულად, რომელიმე პარტიის გულშემატკივრობა არ იქნება კრიტერიუმი პირის სამსახურიდან განთავისუფლება ან მიღებისთვის, მაგრამ, თუ კონკრეტულად რომელიმე თანამშრომელს გამოუვლინდა მყარი მტკიცებულება, რომ რაღაც დროის განმავლობაში ან დანაშაულს სჩადიოდა, ან მის საქმიანობაში იყო პრობლემა, ეს რეაგირების გარეშე ნამდვილად არ დარჩება.

- ჩვენ გვახსოვს, სოზარ სუბარმა სპეციალური შემოწმება ჩაატარა და ამოიღო ფარული ვიდეოკამერები, აპირებთ თუ არა რევიზიის განხორციელებას?

- კამერები იქნება ის, სადაც ამის საჭიროებაა, ამავდროულად იქნება პატიმარი გაფრთხილებული, რომ მას აკვირდებიან, ფარული კამერები არსად არ იქნება დამონტაჟებული.


- „ნაციონალური მოძრაობის" უკანასკნელმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ საინფორმაციო ბაზა სასჯელაღსრულების სამინისტროში განადგურებული დახვდა, აპირებთ თუ არა მოიძიოთ ამ ბაზის ასავალ-დასავალი?..

- რა თქმა უნდა, დავინტერესდები, არა მხოლოდ ბაზის მოპოვებით, არამედ იმით, ვინ გაანადგურა ეს ბაზა. ეს არის დროის საკითხი, მე ახლა მზად არ ვარ სიღრმისეულად მოგახსენოთ, რა ვითარებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შესწავლის საგანია...


- ერთ-ერთი მწვავე და მტკივნეული, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება, არის „მაყურებლის" ინსტიტუტი, რომელმაც „ოცნების" ხელისუფლების პირობებში კვლავ მოიკიდა ფეხი. როგორ შეებრძოლებით ამ მავნე გამოვლინებას და „ნაციონალების" ე.წ. „ქათმებსა" და „მამლებს", რომლებიც „ნაცების" დატკაცუნებაზე სიტუაციას ძაბავენ ციხეებში?

- „მაყურებლების" ინსტიტუტი არის ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც ზოგიერთი პარტია ფიქრობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ასევე ქურდული ტრადიციის მატარებლები ფიქრობენ ბერკეტების ხელში აღებას, ისინი თვლიან, რომ მათი დრო დადგა, მაგრამ ეს  არის მირაჟი, რა თქმა უნდა, ის ხისტი მიდგომები, რაც „ნაცმოძრაობას" ჰქონდა, წარმოუდგენელიც არის, რომ ამ სისტემაში დაინერგოს, მაგრამ მეორეა, რომ პატიმარი დაემორჩილება რეჟიმს, რომელიც დადგენილია ამ დაწესებულებაში, შეღავათები არავის არ ექნება, არც ქურდული ტრადიციის მატარებლებს. მე მესმის მათი, მათ აქვთ მცდელობა ამ ბერკეტების ხელში აღების, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ამის მცდელობა აქვთ ყველგან მსოფლიოში, თქვენ თუ გადახედავთ პრაქტიკას, ზოგ ადგილას მათ „კოზა ნოსტრა" ჰქვია, ზოგ ადგილას „იაკუძა". მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ, კომპლექსურად ამას წინ აღვუდგეთ, რეფორმის გატარების შედეგად თავისთავად ბევრი პრობლემა მოიხსნება, ბერკეტები გამოეცლებათ და სურვილიც გაუქრებათ.

- თუკი ბაჩანა ახალაიამ, ივანე მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ მოინდომა თქვენთან შეხვედრა, თქვენ მათ მოინახულებთ?

- რა თქმა უნდა, არა მხოლოდ გიგის, ბაჩანასა და ვანოს, პეტრესაც შეხვდები, პავლესაც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, მე არ ვარ სადის კურატორი, მაგრამ ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვაზე, რა თქმა უნდა, ვიზრუნებ.

- სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ კარგი რესპონდენტი, იმედია, სახეს არ დაკარგავთ და ჟურნალისტებისთვის კვლავ გახსნილი იქნებით...

- გპირდებით, რომ ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, თქვენ კარგად იცით, რომ თანამდებობა არის დროებითი, ვეცდები, სახე არ დავკარგო, ზუსტად ვიცი, რომ ეს არ მოხდება.