რა გაყალბებასა და ფინანსურ გარღვევაში სდებენ ბრალს და როგორ პასუხობს მეცნიერების კითხვებს თამარ სანიკიძე
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მდგომარეობა, უნივერსიტეტების კუნჭულებში ჩაკარგული მეცნიერება და მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა 150-ლარიანი ხელფასით დაფასება - ეს ის ძირითადი თემები იყო, რომლის გარშემოც თბილისის პარლამენტში მეცნიერების ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოსმენაზე მინისტრი თამარ სანიკიძე დაიბარა დ ა კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც გაატარა. ორწლიანი საპარლამენტო მუშაობის მანძილზე, ეს ამ კომიტეტის მეორე მოსმენა იყო, პირველი კი ერთი წლის წინ მეცნიერებათა აკადემიის შენობაში გაიმართა. უკმაყოფილო მეცნიერებმა არაერთი დაპირება მიიღეს, რაზეც პასუხი საკმაოდ მწვავედაც მოითხოვეს.
გაისმა ურთიერთბრალდებები, მათ შორის, საკმაოდ მძიმეც. შედეგი კი ისაა, რომ გადაწყდა, მსგავსი საკომიტეტო მოსმენა წელიწადში ერთხელ კი არა, სამჯერ გაიმართოს და მინისტრმა სკოლების პედაგოგებს, უნივერსიტეტების რექტორებსა და მეცნიერებს ცალ-ცალკე მოუსმინოს. გაირკვა ისიც, რომ სამინისტროს მეცნიერების განვითარების გულდაგულ დამალული 10-წლიანი სტრატეგია და კონცეფცია ჰქონია, რომლის პრეზენტაციაც 20 ოქტომბერს იგეგმება. ასევე, დაგეგმილია ეკონომიკური საბჭოს შექმნა, რომელიც ამ მიმართულებითაც იმუშავებს და სათავეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგება. მანამდე კი პარლამენტში დაბარებულ სანიკიძეს, კომიტეტზე ზუსტად 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნამდვილად ბევრის მოსმენა მოუხდა. „ჩვენმა სამინისტრომ მუშაობა კვლევით დაიწყო. ჩატარდა მეცნიერების აუდიტი, გამოიკვეთა პრიორიტეტები, ფინანსური საჭიროებები, ასევე რა სფეროში რამდენი მეცნიერია საქართველოში დარჩენილი. ეს ინფორმაცია შეჯერდა და გადაწყდა, რომ უნდა შექმნილიყო სტრუქტურა საბჭოს სახით, სადაც სტრატეგიულ მიმართულებებს განვიხილავდით’‘, - განაცხადა სანიკიძემ და პირველი, ვინც მის მოკლე გამოსვლას გამოეხმაურა, მრავალტანჯული სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი, მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი ავთანდილ არაბული იყო. მან ის რეკომენდაციები გაასაჯაროვა, რაც მეცნიერებმა თითქმის ერთი წლის წინ გაუგზავნეს სამინისტროს: 1. საჭიროა სამეცნიერო სისტემის ძველი სახით ნგრევის შემდეგ, რეორგანიზაციის ადეკვატური სქემის შემუშავება. 2. შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, აუცილებელია რეორგანიზაციის ეტაპობრივი განხორციელება: ჯერ უნდა განისაზღვროს სამეცნიერო ერთეულების იურიდიული სტატუსი, მოგვარდეს მეცნიერთა სახელფასო უზრუნველყოფა, განისაზღვროს დარგობრივი ტარიფი. შემდეგ, საჭიროა სამეცნიერო თანამდებობების კონკურსის წესით დაკავების ორგანიზება და საშტატო ერთეულების დაკომპლექტება. 3 შემდეგი ეტაპია ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და შენობიდან გამოსახლებული კვლევითი ინსტიტუტების შესაბამისი ფართით დაკმაყოფილება. 4. მოგვარდეს მეცნიერ-მუშაკთა ღირსეული საპენსიო უზრუნველყოფის პრობლემა. 5. სხვადასხვა კანონში აისახოს ცვლილებები, რაც სამეცნიერო სისტემის რეორგანიზაციას გახდის შესაძლებელს. 6. დაიწყოს დამოუკიდებელი კვლევითი ერთეულების განკარგულებაში არსებული ქონების ოფიციალური ინვენტარიცაზია.
როგორც არაბულმა მოსმენაზე აღნიშნა, მეცნიერთა მიერ მომზადებული დოკუმენტები მოცულობაში გაცილებით მეტი, დაახლოებით 100 გვერდი იყო, სამინისტრომ კი, პრემიერს, დასკვნის სახით, მხოლოდ 40-გვერდიანი დოკუმენტები გაუგზავნა. გარდა იმისა, რომ ამ დასკვნას გაყალბებული ეწოდა, ისიც ითქვა, რომ ზოგიერთი კვლევითი ინსტიტუტი საერთოდ შენობის გარეშე დარჩა, ზოგი - უნივერსიტეტს შეეფარა, ზოგ მეცნიერს ხელფასი დააკლდა, ზოგს იგივე დარჩა, ზოგსაც მოემატა, გადანაწილება კი მიკერძოებულად მიმდინარეობდა. ეს განცხადებები მინისტრისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ბრალდებები გაისმა გია შარვაშიძის მისამართით, რომელმაც მეცნიერების აუდიტი ჩაატარა. დაახლოებით სამსაათიან შეხვედრაზე ისეთ ფრაზებსაც მოისმენდით, როგორიცაა, ,,მეცნიერთა ხელფასის მომატებაზე ერთი გროში არ დახარჯულა’‘...
ხელფასებისა და ფინანსების საკითხი აქტუალური თემურ ნანეიშვილის გამოსვლაშიც იყო: ,,სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ 2 წლის შემდეგ ისევ ამ საკითხებზე მოგვიხდებოდა მუშაობა. როცა მეცნიერთა საბჭოსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, ითქვა, ჯერ მოვახდინოთ ინვენტარიზაცია, გამოყოფილ თანხებს ასე ხომ არ გავფანტავთო და მერე განსაზღვროთ, ვის რა ეკუთვნის, რამდენი მეცნიერი დარჩა ქვეყანაში... პროცესი მარტამდე უნდა დასრულებულიყო. შუა მუშაობაში, უცებ, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე დაიწყო საუბარი. თუ არის საშუალება, შენობის გადახურვის წინააღმდეგი კი არაა ვინმე და ის კი არ მოგვწონს, რომ ინსტიტუტში წყალი ჩამოდის, მაგრამ პირველ რიგში ხომ ადამიანია და მის პრობლემას უნდა მიხედო?! 150 ლარი აქვს დღეს მეცნიერს ხელფასი, აბა წარმოიდგინეთ, რომ თვიდან თვემდე თქვენც ამ ხელფასით უნდა იცხოვროთ. კაცი თუ ცოცხალი არ იქნა, შენობა რად გვინდა?! მეცნიერები სულს ღაფავენ, ამ დროს, 150 ლარი აქვთ ხელფასი, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ჰქვიათ! ეს პათოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ’‘.
მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი, მეცნიერთა წამოძახილს, რაც ამ გამოსვლას უხვად მოყვა, ასე უპასუხა: ,,ხაზინიდან ამონაწერს გაჩვენებთ, რომ თქვენი ფული არსად მიდის... არ ვამბობ, რომ ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ რაც გაკეთდა, ხაზს იმასაც ნუ გადავუსვამთ. ჩატარდა აუდიტი, დაიდო დასკვნა, შეფასდა არსებული რესურსი. ახლა სწორედ ამ დასკვნას მივყვებით და მისი შედეგებით ვხელმძღვანელობთ. 20 ოქტომბერს ახალი, 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაცია გვექნება. ვფიქრობ, არსებული საბჭო უნდა გაფართოვდეს, მეცნიერების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაიხვეწოს და საბჭოს გადავუგზავნოთ. ძირითად, მსხვილ გადაწყვეტილებებსაც სწორედ ეს საბჭო მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შენიშვნები დაუმსახურებლად მივიღე, ალბათ, ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ და საერთო ენასაც გამოვნახავთ. რადგან მეცნიერთა საბჭოს ხელმძღვანელთან, თამაზ მარსაგიშვილთან საერთო ენა ვერ გამოინახა, ისიც შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ ამ საბჭოს წევრი მეც გავხდები, არამეცნიერი, თუ ეს თქვენთვის მისაღები იქნება და ყველა დასკვნა თუ დოკუმენტი ჩემი თანდასწრებით დაიწერება’‘.
სხდომა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ შეაჯამა, რომელიც იმ სამსაათიან შეხვედრაზე, გამწარებული მეცნიერების გარდა, დეპუტატებს შორის ერთადერთი იყო, ვისაც საქმიანი შენიშვნები და მკვეთრი შეფასებები ჰქონდა: ,,სახელმწიფომ უნდა აღიაროს მეცნიერის პროფესია - დღეს მეცნიერება დროებით უმუშევარი ადამიანის პოზიციაშია. მეცნიერებზე კი გენოციდია გამოცხადებული. მესმის, გაფუჭება გაცილებით იოლია, ვიდრე გაფუჭებულის გამოსწორება, მაგრამ ჩვენ ახლა ხელში მოგვცეს პისტოლეტი, რათა მეცნიერება საკონტროლი გასროლით მოვკლათ! თუ ასე გავაგრძელეთ, საქართველოში მეცნიერება საბოლოოდ დასამარდება. მაშინ იმის თქმა მომიწევს, რომ განათლოების სამინისტრო აგრძელებს შაშკინისა და ლომაიას კურსს! შესაძლოა, ეს ჩვენი, პარლამენტის ბრალიცაა, რადგან უფრო მტკიცე და აქტიურები უნდა ვყოფილიყავით’‘.
ხანგრძლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,ვერსია’‘ ბრალდებების ერთ-ერთ ადრესატს გია შერვაშიძეს ესაუბრა, რომელმაც მეცნიერების აუდიტი ჩაატარა:
- აუდიტის დასკვნების გაყალბებას გედავებიან, ასევე მეცნიერების მიერ გადმოგზავნილი რეკომენდაციების დამახინჯებას და ირაკლი ღარიბაშვილისთვის ასე მიწოდებას.
- 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებული კვლევითი დაწესებულებები უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილდა. 4-ის გარდა, ყველას გადანაწილება მოხდა და ეს პროცესი ძალიან სწრაფად და მექანიკურად მიმდინარეობდა, ყოველგვარი პრინციპის გარეშე. ზოგ შემთხვევაში, შერწყმა მართლაც მოხდა, ზოგან - არა. ეს პრობლემა ნაკლებად შეეხო სამედიცინო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს, მაგრამ შეეხო სხვებს, ამიტომ პრობლემა ნებისმიერ შემთხვევაში მოსაგვარებელია. დარჩა მეცნიერ-თანამშრომელთა დიდი რაოდენობა, ვინც არც ლექციებს კითხულობს, არც დოქტორანტები აჰყავს. ასევე, მოსაწესრიგებელია სამართლებრივი სტატუსიც. რაც შეეხება დასკვნების გაყალბებას, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. მეცნიერების დასკვნა ეკონომიკურ საბჭოს უცვლელად წარვუდგინეთ, უბრალოდ, გაკეთდა დიდი დოკუმენტის დაიჯესტი, დანარჩენი დოკუმენტაცია, ანუ 42 კვლევითი დაწესებულების პროექტი კი ამ დაიჯესტს მიემაგრა. ამ შემთხვევაში, ნამდვილად კომუნიკაციის პრობლემა იყო.
- ძირითადი მოთხოვნა, რაც მოსმენაზე ისმოდა, 150-ლარიანი ხელფასების გაზრდაა. შეგიძლიათ, ამ საკითხზე კონკრეტულად უპასუხოთ?
- ერთია, რომ ხელფასების საკითხი მოსაგვარებელია, რაც, თავის მხრივ, სტატუსთანაა დაკავშირებული. ჯერ უნდა აღდგეს მეცნიერთა სტატუსი და განისაზღვროს კვლევითი ინსტიტუტების იურიდიული ფორმა და მერე ვიფიქროთ, კონკრეტულ რიცხვებზე. ცვლილებებია შესატანი მეცნიერების შესახებ კანონშიც და ამ ცვლილებების ინიცირებას ის საბჭო მოახდენს, რომელიც მომავალში გაფართოვდება. ეს საბჭო პარლამენტში შეიტანს შესაბამის პაკეტს და მას მხარს დაუჭერენ. ალბათ, საბჭო დაახლოებით ერთ კვირაში შეიკრიბება. ახალ წლამდე კი მისი გაფართოებაც უნდა მოესწროს, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადებაცა და პარლამენტში ინიცირებაც.