„თუ „ქართული ოცნება" „ნაციონალების" დანაშაულების მიმართ წაყრუების პოლიტიკას განზე არ გადადებს და სამართლიანობის აღდგენას რეალურად არ დაიწყებს, ვშიშობ უმართავი პროცესები არც ისე შორსაა", - ამის შესახებ ჟურნალისტი თემურ აფაქიძე წერს, რომელიც მკითხველს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ქონებაწართმეული ბიზნესმენის თემურ ყორშიას შესახებ უამბობს.
სტატიაში წერია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიზნესმენს ჯერ ქონება წაართვა, შემდეგ სამშობლოს მოღალატეობა დასწამა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადა. ქვეყნიდან გაქცეულმა ბიზნესმენმა პოლიტიკური თავშესაფრის ძიება დაიწყო და რუსეთში ჩავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყორშიაზე ძებნა იყო გამოცხადებული, ის დააპატიმრეს. 2011 25 მარტს კი ის ციხეში „გაურკვეველ ვითარებაში" გარდაიცვალა. საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ყორშია წამების შედეგად გარდაიცვალა.
„ეჭვი არ არის, „ნაცმოძრაობის" საცეცები მოსკოვშიც მისწვდა და შემდეგ, როდესაც რუსები მის უდანაშაულობაში დარწმუნდნენ და გათავისუფლება დაუპირეს, კარდინალური ზომებიც მიიღეს,რომ ქართველ ბიზნესმ ენს ციხე ცოცხალს არ დაეტოვებინა", - წერს სტატიის ავტორი.
მომხდარის შესახებ ყორშიას ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს, თუმცა უკვე 3 წელის საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა.
„ასეთი საქმეები ათასობით დევს საქართველოს პროკურატურაში, თითქოს იძიებენ, მაგრამ დღემდე არც ერთი (!!!) შემთხვევა არ გამოძიებულა, სქელ საქაღალდეებს მტვერი ედება და თუ ასე გაგრძელდა, მალე ყველა მათგანი ისტორიის საკუთრება გახდება.
არა მგონია პროკურატურის თუ დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში იყოს ასეთი ტოტალური წაყრუება. გონივრული ეჭვით თუ ვიხელმძღვანელებთ, აქ ისევ სახელისუფლებო სტრუქტურებში მრავლად შემორჩენილი „ნაციონალების" შავი საცეცების კვალი იკვეთება, რომელთა წარმომადგენლებიც ბოლო ხანს საშიშრად გააქტიურდნენ, თავი წამოყვეს, გაღმა შეედავეს პრინციპით აქეთ გვიკიჟინებენ, გვმოძღვრავენ და წარმოიდგინეთ, გვემუქრებიან კიდეც.
თუ „ქართული ოცნება" „ნაციონალების" დანაშაულების მიმართ წაყრუების პოლიტიკას განზე არ გადადებს და სამართლიანობის აღდგენას რეალურად არ დაიწყებს, ვშიშობ უმართავი პროცესები არც ისე შორსაა. ცალკე ხელისუფლების უმოქმედობით გაყოყოჩებული „ნაციონალური" კლანები და ცალკე თემურ ყორშიას მსგავსი ბედის გამზიარებელი, უკვე უპოვარებად ქცეული, ათასობით ადამიანი. სასწორის ერთ პინაზე ძალაუფლებადაკარგული, მაგრამ ისევ ძლიერი (ფინანსურადაც) „ნაცები" და მეორე პინაზე იმედგადაწურული განხრისხებული ხალხი, ხოლო შუაში თვალებახვეული, დაყრუებულ-დამუნჯებული სამართლიანობა", - წერს სტატიის ავტორი.