სექტემბრის დასაწყისში, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების გადაწყვეტილებით, შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’‘ დირექტორი, ლევან ჯინჭარაძე გაათავისუფლეს. ცვლილებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, რადგან მურმან დუმბაძის თანაგუნდელმა ყოფილმა დირექტორმა მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით ახსნა და დასძინა, რომ აჭარის მთავრობის მეთაურის, არჩილ ხაბაძის მამა თამაზ ხაბაძე ებრძვის, რომელიც აჭარის საწარმოთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელია. სინამდვილეში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის გათავისუფლებას, პოლიტიკურ ზემეტად, ეკონომიკური საფუძველი აქვს. თანაც, საკმაოდ სერიოზული, რადგან ექსდირექტორს პოსტი შიდა აუდიტის ჩატარების შემდეგ დაატოვებინეს. შიდა აუდიტით, მხოლოდ განვლილი ერთი წლის მასალები შემოწმდა. ,,ვერსიამ’‘ კი გაცილებით სერიოზული დოკუმენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ექსკლუზიურად მოიპოვა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2010-2011-2012 წლების ფინანსურ დოკუმენტაციას ეხება, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი. მას შემდეგ, რაც პროკურატურა ამ მასალებს შეისწავლის, ლევან ჯინჭარაძესთან ერთად, პასუხისმგებლობა მის წინამორბედს, ნიკო თავდგირიძესაც დაეკისრება.
დარღვევები ბუღალტერიაში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’‘ საქმიანობის ფინანსური აუდიტი განახორციელა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უკვე მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი, 2010-2012 წლების ბალანსებისა და მასთან დაკავშირებული ანგარიშგების შემოწმების ფაქტებისგან შედგება. სახელმწიფო აუდიტებმა ამ დოკუმენტებში არსებული ფინანსური დარღვევები გამოავლინეს და დაასკვნეს, რომ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 2010 წელს 54 236 ლარის, 2011 წელს 187 485 ლარის, ხოლო 2012 წელს 152 281 ლარის ზარალი მიადგა.
შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’‘ საბუღალტრო ჩანაწერებით ირკვევა, რომ 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქარხანას ბალანსზე ერიცხებოდა 25 414 703 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები. აუდიტის პერიოდში, ქარხანაში 8 774 ლარის ძირითადი საშუალებები შეიძინეს, 1 897 ლარის კი უსასყიდლოდ გადასცეს; მეტიც, საწესდებო კაპიტალიდან გაიტანეს და ძირითადი საშუალებების ღირებულება 17 342 820 ლარით შეამცირეს.
აუდიტორული დასკვნით ისიც ირკვევა, რომ საბუღალტრო ჩანაწერების არასწორად წარმოების მოტივით, საზოგადოების ხარჯზე ძირითადი საშუალებების ღირებულება 7 672 401 ლარით შეამცირეს, თუმცა შესაბამისი კომისიის დასკვნის მიხედვით, უვარგისობის მოტივით, 7 553 ლარის აქტივები ჩამოწერეს. 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვეთის გათვალისწინებით, ქარხანას ნაშთად ერიცხებოდა 74 535 ლარის ქონება. 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’‘ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებიდან, შენობა-ნაგებობების ღირებულება 1 015 626 ლარს შეადგენდა, რეზერვუარის - 1 995 484 ლარს, მილსადენების - 825 518 ლარს, სატუმბოების - 167 578 ლარს, სარკინიგზო ხაზის - 1 213 717 ლარს, ენერგოსაამქროს - 248 989 ლარს, სხვა ძირითადი საშუალებების 19 947 791 ლარს.
,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’‘ 2010 წლის 27 მაისის ბრძანებით, ქარხნის საწესდებო კაპიტალიდან 15 982 831 ლარის ღირებულების ქონება გაიტანეს, 2011 წლის 24 იანვრის ბრძანებით - 24 605 ლარის ქონება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებებით, ქარხნის საწესდებო კაპიტალიდან 1 335 384 ლარის ქონება გაიტანეს, მთლიანობაში კი 17 342 820 ლარის ღირებულების ქონებაა გატანილი. აქედან გამომდინარე, ქარხნის ბალანსზე ნაშთად მხოლოდ 74 535 ლარის ღირებულების სხვა ძირითადი საშუალებები ირიცხება.
იმის გამო, რომ ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებიდან, კაპიტალის შემცირების გზით, 17 342 820 ლარის ღირებულების აქტივები გაიტანეს, სახელმწიფო აუდიტებმა დაასკვნეს, რომ ეს საბუღალტრო ოპერაცია ქარხნის სრულფასოვნად ფუნქციონირების შეფერხების მაღალი რისკის შემცველი იყო. სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ქარხნის საბალანსო მონაცემებში, ძირითადი საშუალებების ღირებულების 7 672 401 ლარით შემცირების კანონშესაბამისობაც მაღალ რისკს შეიცავს და დამატებით შესწავლას საჭიროებს.
ძირითადი საშუალებების 7 672 401 ლარით შემცირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტორებს შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინეს. გაირკვა, რომ 7 672 401 ლარი, წინა პერიოდებში, მიწის ხარვეზით გადაფასებისგან წარმოშობილი ნამეტი იყო, თუმცა ამ მტკიცებულებაში, რომელიც ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის დასკვნაა, მითითებული არ არის, კონკრეტულად რა პერიოდში დაუშვა ქარხნის ხელმძღვანელობამ შეცდომა-ხარვეზი. მეტიც, მტკიცებულებებში ამ ხარვეზის დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოიპოვება. სხვა აუდიტორული კომპანიის დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტებმა გაარკვიეს, რომ 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქარხანას 815 568 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა, რომლის ღირებულება 11 568 618 ლარი იყო. აქედან გამომდინარე, ამ ორ აუდიტორულ დასკვნაში ასახული ინფორმაცია ურთიერთშეუსაბამოა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: ,,წინა პერიოდების (2004 წლის ჩათვლით) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ დალუქა. 2013 წლის 1 მარტს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქარხანამ ამ დოკუმენტაციის ლუქის გახსნაზე უარი მიიღო. ამდენად, საბალანსო მონაცემების 7 672 401 ლარით შემცირება, მაღალი რისკის შემცველია და საშუალება არ გვეძლევა გამოვთქვათ მოსაზრება, რამდენად კანონიერია ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების შემცირება’‘.
შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული სანქცია
შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’‘ პასუხისმგებელი პირების მიერ, 2010-2011 წლების ანგარიშგებების არასრულყოფილად წარმოების გამო, 2013 წელს, ქარხანას ბიუჯეტის სასარგებლოდ, 55 192 200 ლარის დამატებითი სანქცია დაეკისრა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 9 დეკემბრის #081-878 სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ 2011 წლის 31 მარტამდე, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პასუხისმგებელ პირებს, 2010 წლის მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია უნდა წარედგინათ 86 067 ლარზე; 2011 წლის 1 აპრილამდე - 2010 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია 71 132 ლარზე; 2012 წლის 2 აპრილამდე - 2011 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია 26 775 ლარზე, რაც 2012 წლის 29 დეკემბრამდე (ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლამდე - ავტ.), ფაქტობრივად, წარდგენილი არ ყოფილა. ამ დარღვევის გამო, შემოსავლების სამსახურმა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 55 192 200 ლარის დამატებითი სანქცია დააკისრა.
იმ პირობებში, როდესაც შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’‘ პასუხისმგებელმა პირებმა, ქარხნის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია არ ჩაატარეს, ურთიერთშედარების აქტები არ შეადგინეს, სახელმწიფო აუდიტებმა დაასკვნეს, რომ ქარხნის ბალანსზე რიცხული დავალიანებების ფაქტობრივი მდგომარეობა და აუდიტის პერიოდში ნაშთის ცვლილება, მაღალი რისკის შემცველია.
კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები
საბალანსო მონაცემებით, 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქარხანას მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების სახით 1 868 981, ხოლო კრედიტორული დავალიანების სახით - 363 181 ლარი დაერიცხა. დებიტორული დავალიანება მიწოდებასა და მომსახურებაში გადახდილი 996 105 ლარის სახით, ავანსებში გასტუმრებული 688 377 ლარით, მოკლევადიან მოთხოვნებში გადახდილი 179 681 ლარითა და საწარმოო პერსონალის მიმართ მოთხოვნებში გადახდილი 4 818 ლარით წარმოიშვა.
2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დავალიანებები გაიზარდა და 2 118 508 ლარი შეადგინა. მათ შორის, მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 1 226 590 ლარი, გადახდილი ავანსების სახით 686 519, მოკლევადიანი მოთხოვნების სახით 180 887 და საწარმოო პერსონალის მიმართ მოთხოვნების სახით 24 512 ლარი.
კრედიტორული დავალიანება მიწოდებასა და მომსახურებაში გადახდილი 350 783 ლარით, სახელფასო ანგარიშში გასტუმრებული 11 665 ლარითა და სხვა ვალდებულებებში დარიცხული 733 ლარით წარმოიშვა. 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დავალიანებები 335 361 ლარით შემცირდა, მათ შორის, მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 329 222 ლარით, გადასახდელი ხელფასიდან - 6 658 ლარითა და სხვა დარიცხული ვალდებულებებიდან - 129 ლარით.
ბალანსზე რიცხული დავალიანებები ძირითადად 1999-2009 წლებში წარმოიშვა, რაზეც ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის’‘ პასუხისმგებელმა პირებმა სრული ინვენტარიზაცია (აუდიტორული შემოწმება) არ ჩაატარეს და დავალიანებების მქონე პირებთან ურთიერთშედარების აქტებიც არ შეადგინეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტებმა დაასკვნეს, რომ ქარხნის ბალანსზე რიცხული დავალიანებების ფაქტობრივი მდგომარეობა, რეალობა და აუდიტის პერიოდში ნაშთის ცვლილება, მაღალ რისკს შეიცავს.
რაც შეეხება ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შემოსავლებს, სახელმწიფო აუდიტორული დასკვნის მიხედვით, 2010 წელს, ქარხნის შემოსავალი 1 568 313 ლარი იყო. მათ შორის, ძირითადი საშუალებების იჯარიდან 1 507 318, პროდუქციის რეალიზაციიდან 34 598, მომსახურებიდან 16 502, დეპოზიტიდან 6 179 და სხვა შემოსავლის სახით 3 716 ლარი.
2011 წელს, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შემოსავალი 213 567 ლარი იყო. მათ შორის, იჯარიდან 1 441, პროდუქციის რეალიზაციიდან 2 550, საპროცენტო შემოსავლიდან 3 531, ფასეულობის უსასყიდლო გადმოცემის სახით 95 021 და სხვა არასაოპერაციო შემოსავლიდან 111 024 ლარი. 2012 წელს ქარხნის შემოსავალი 12 831 ლარი იყო. აქედან იჯარის სახით, ნავთობგადამამუშავებელმა 11 133, საპროცენტო შემოსავლიდან 1 638, ხოლო სხვა არასაოპერაციო შემოსავლიდან 60 ლარი მიიღო.
აუდიტის პერიოდში, ქარხანამ მასალების რეალიზაციიდან (დღგ-ს ჩათვლით) 46 970 006 ლარი მიიღო. ქარხნის პასუხისმგებელმა პირებმა, სახელმწიფო აუდიტორებს მასალების აუქციონის საშუალებით რეალიზაციის მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს, რის გამოც ძნელია დადგენა, გაიყიდა თუ არა საბაზრო ფასად ეს მასალები.
აუდიტის პერიოდში გაწეული ხარჯები 2 188 713 ლარს შეადგენს. მათ შორის, შრომის ანაზღაურება 598 521, რეალიზებული მასალების თვითღირებულება 17 013, ძირითადი აქტივების ცვეთა 327 555, ტრანსპორტის შენახვის ხარჯები 32 250, კომუნალური და საკანცელარიო ხარჯი 128 675, საბიუჯეტო გადასახადები (ქონება, მიწა, სანქცია) - 777 306, სხვადასხვა მომსახურება 130 883, წარმომადგენლობითი ხარჯი 5 817, მარჩენალის დაკარგვის გამო გაწეული კომპენსაცია 16 899, სხვა არასაოპერაციო ხარჯი 153 794 ლარი.