დააფინანსებს თუ არა დავით კეზერაშვილი ინტერნეტტელევიზიებს და რის სანაცვლოდ გამოუშვებენ ციხიდან ბაჩო ახალაიას
,,თუ კედელზე დაკიდებული თოფი ერთხელ გაისვრის, ის მეორედაც აუცილებლად გავარდება’‘... - დღეს ისეთი ვითარებაა, სადაც კედელზე დაკიდებული თოფის როლში ის ფარული ჩანაწერებია, რომლებზეც ამბობენ, თითქოს განადგურდა. თითქოს იმიტომ, რომ რეალურად ყველამ იცის - ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა გატანილი, არცთუ მცირე ნაწილი კი აქვე, საქართველოში ტრიალებს. კადრების სერიოზული ნაწილი გლდანის #8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს აქვს (რამდენიმე მობილურშიც ჰქონდა და თავისუფალ დროს ერთობა ხოლმე). სხვათა შორის, ,,ქილერას’‘ (მუხაძის მეტსახელია) არსებობა ყველას მიავიწყდა. არადა, მას ფარულ ჩანაწერებთან ერთად ინფორმაციაც აქვს, როგორ იყენებდა წინა ხელისუფლება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მომსახურე პერსონალს ზონდერებად. ჩანაწერები გატანილია რუსეთშიც და იქ მოღვაწე ქართველები არ მალავენ, რომ კომპრომატებს მალე ანახებენ საზოგადოებას. საუბარი არამხოლოდ ყოფილ, მოქმედ ხელისუფლებაზეც, უფრო კონკრეტულად კი, რამდენიმე მოქმედ მინისტრზეცაა. თავის მხრივ იმუქრებიან ჟურნალისტები. ისინი, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს თავი გადადეს, საფრთხის ქვეშ არამარტო საკუთარი, არამედ ოჯახის წევრთა სიცოცხლეც დააყენეს და დღეს აღარავის დასჭირდა. უფრო სწორად, მათ გამოყენებას ყოფილი ხელისუფლება ცდილობს. ეს ის შემთხვევაა, როცა მუსიკას ის უკვეთავს, ვინც ფულს იხდის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. ძველი, ე.წ. პროფესიონალი კადრები თავს დიდად კომფორტულად ვერ გრძნობენ და მზად არიან, ძველ ბატონებს ემსახურონ, სანაცვლოდ კი სამომავლო სიკეთე სურთ.
ამას წინ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა თქვა, საკადრო პოლიტიკა ოჯახის წევრების დონეზე წყდება, ისეთი არაფერი კეთდება გამოვიდნენ და ხმამაღლა თქვან, თუ კეთდება, უნარი არ აქვთ, საზოგადოებას მიაწოდონ. არ მჯერა, რომ მერაბიშვილის, ახალაიას, კოდუასა და სხვათა ნათესავები ხელფასის გამო ამათ ბოლომდე გვერდში დაუდგებიან. უკვე ისეთი კომპრომატებია გატანილი განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურებიდან, ბომბის ეფექტი ექნებაო. ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ე.წ. ინტერნეტტელევიზიები. ამ ტენდენციას ხელისუფლება მშვიდად უყურებს. იმას არავინ ამბობს, რომ კომპიუტერსმიჯაჭვული საზოგადოება, სწორედ მათი მომხმარებელია და კარგად მიწოდებული რეკლამის შემთხვევაში, ამ ტელევიზიებს მაყურებელი აშკარად არ მოაკლდება. თანაც, ყველა ტელევიზიის უკან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები თუ სახელები დგანან. ისინი, ვინც საქმის კეთებაც იცის და ისიც იცის, ხელისუფლებას სად, როდის და როგორ დაარტყას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან მათზე არსებული კომპრომატების შესახებ. მეტიც, აბსოლუტურ უმრავლესობას ნანახი აქვს, რა კომპრომატი არსებობს მათზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს კომპრომატები სოციალურ ქსელებზე არ დაიდოს, ისინი ყველაფერზე წავლენ. ყველაფერზე წასვლა კი, რას ნიშნავს, ჩვენზე უკეთ ზემოთ უნდა იცოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ინტერნეტ- ტელევიზიებს პირადად დავით კეზერაშვილი დააფინანსებს. ის კეზერაშვილი, რომელიც ჩვენი პროკურატურის უნიათობით არ გადმოგვცეს და იმავე პროკურატურის უნიათობით, არც დათა ახლაიას გადმოგვცემენ. სწორედ დათას გამოშვებას ელოდებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რადგან მან უნდა მიაწოდოს კომპრომატების ნაწილი ინტერნეტ- ტელევიზიებს. მერე უნდა გაიმართოს ვაჭრობა, დანარჩენი კომპრომატების არგაშვების სანაცვლოდ, რა უნდა გააკეთოს მოქმედმა ხელისუფლებამ. როგორც გვითხრეს, მთავარი სავაჭრო თემა ახალაია- მერაბიშვილი- უგულავას ტრიოდან მინიმუმ ერთის გამოშვება იქნება და დიდი ალბათობით, ხელისუფლება ამას დათანხმდება.
საუბარი კონკრეტულად ბაჩო ახალაიას გამოშვებაზეა, რადგან მას სამეგრელოს აფეთქებაც შეუძლია. თან, არის ხალხი, ვისაც მხოლოდ ბაჩოსი სჯერა. პირველ რიგში, მეგის ქარდავა, რომელსაც სამეგრელოს ტყეებში გადაღებული კომპრომატების მთელი არქივი აქვს და ამ არქივით როგორც წინა, ისე მოქმედ ხელისუფლებას ევაჭრება. ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვერ მოახერხა სოსო თოფურიძემ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ახალაიებთან ძველი ნდობის აღდგენისთვის, თოფურიძე ყველაფერს აკეთებს, რამდენჯერმე საბერძნეთშიც იყო დათა ახალაიას ადვოკატთან სასაუბროდ. ეს მისი მხრიდან დიდი რისკია, რადგან ყალბი საბუთებით მოძრაობს და არაა გამორიცხული, დათას გვერდით მიუსვან. მიუხედავად ამისა, გარისკვა უღირს, თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთიდან წასულმა უფროსმა ახალაიამ მთელი ბიუჯეტი თან გაიყოლა და ახლა სასტუმროს ფულს თოფურიძეს საქართველოდან ოჯახის წევრები ურიცხავენ. ცნობისათვის, მხოლოდ ამ გადარიცხვით შეიძლება დადგენა, სად არის თოფურიძე, თუმცა როგორც ჩანს მისი დაკავება- ჩამოყვანა ვიღაცას არ აწყობს. იქნებ მას, ვინც ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირია და თოფურიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა საკმარისი ვიდეოჩანაწერებისა და კომპრომატების არარსებობის გამო ჩაიშალა? თოფურიძემ უარი თქვა შეთავაზებაზე, საქართველოში დაბრუნებულიყო, ციხეში 2-3 წლით ჩამჯდარიყო და შემდეგ მშვიდად ეცხოვრა. ჯანმრთელობაშერყეულ თოფურიძეს ციხეში ერთი დღის გატარებაც არ სურს, ხელისუფლება კი ამაზე არ მიდის, რადგან ამომრჩეველი ვერ გაიგებს. პრინციპში, ამომრჩეველს ბევრი სხვა რამეც არ ესმის და ვინძლო ახალ წლამდე არ გაანათლონ, ისეთი რამეები არ უჩვენონ, წინა თუ მოქმედი ხელისუფლება კუდიგორის გზას გაუყენოს და... გამგებმა გაიგოს - 2013 წელს წინა ხელისუფლების უმაღლეს პირებთან პრივატულ საღამოებზე ქეიფი და ცეკვა- თამაშიც კომპრომატი მგონია მე.