ვალერი ბგანბა: აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება

ვალერი ბგანბა: აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი ბგანბას აზრით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი „ძალიან ბევრ შეკითხვას“ ბადებს, რადგან „ბევრ ადგილას საუბარი ეხება სუვერენიტეტის დაკარგვას“. ეს შეფასება ბგანბამ გამოთქვა სოხუმში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების  პროექტი, რომელიც მოსკოვის მიერ არის მომზადებული, 13 ოქტომბერს წარუდგინეს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს. როგორია ვალერი ბგანბას ზოგადი შთაბეჭდილება ხელშეკრულების პროექტზე? ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც მას დაუსვა სოხუმში ჩვენი რადიოს რუსულენოვანი პროექტის “ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა, ელენა ზავოდსკაიამ.

ვალერი ბგანბა: შეკითხვა მეტია, ვიდრე პასუხი. მე, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდი, რომ, პრინციპში, ხელშეკრულება, რომელიც ჩვენთან 2008 წლიდან არსებობს, სავსებით მისაღებია, სავსებით შეესაბამება ყველა მოთხოვნას, მით უმეტეს, რომ მისი განვითარება მოიცავს 80-ზე მეტი სახელმწიფოთაშორის და უწყებათაშორის ხელშეკრულებას. უბრალოდ, საჭირო იყო მათი შინაარსით შევსება და ყველა საკითხი მოგვარდებოდა. იქ არის თავდაცვაც, უსაფრთხოებაც. იქ არის ყველა სტრუქტურის, პირველ რიგში, სამართალდამცავი სტრუქტურების ურთიერთქმედებაც.

ელენა ზავოდსკაია: და დანარჩენი დეპუტატების რეაქცია როგორი იყო?

ვალერი ბგანბა: ასეთივე რეაქცია აქვს ყველას. ძალიან ბევრი შეკითხვაა და ყველანი სხედან, მსჯელობენ, ხაზავენ, ასწორებენ. არ ვისურვებდი, გამოვიყენო ფორმულირება, როგორიც არის „ნეგატიური“, მაგრამ მასთან ახლოს არის რეაქცია, თუ გულახდილად ვიტყვით, რადგან ბევრ ადგილას საუბარია სუვერენიტეტის დაკარგვაზე. ამიტომ, რასაკვირველია, დეპუტატების რეაქცია ვერ იქნებოდა დადებითი - ამასთან, მათი პოლიტიკური ორიენტაციისაგან დამოუკიდებლად. დეპუტატების მთელი მასა, რბილად რომ ვთქვა, მთლიანად არ ეთანხმება ხელშეკრულების ასეთ რედაქციას.

ელენა ზავოდსკაია: ხელშეკრულების რომელი დებულებები იწვევს ყველაზე უარყოფით რეაქციას?

ვალერი ბგანბა: საუბარია, დავუშვათ, საერთო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაზე. ამასთან, გაუგებარია, შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს თავდაცვის სამინისტროს თავისი სტრუქტურებით. საუბარია იმაზე, რომ ამ შეიარაღებული დაჯგუფების სარდლობას, რაიმე სახის აგრესიის შემთხვევაში, ჩაიბარებს რუსეთის მხარე, ანუ სარდლობა დაინიშნება რუსეთის უფლებამოსილი მხარის მიერ. საუბარია საბაჟო კონტროლზე ჩვენი ქვეყნის შიგნითაც კი, ანუ აეროპორტში,  თუ ის ამოქმედდება, ნავსადგურში საბაჟო კონტროლს რუსეთის მხარე განახორციელებს. საუბარია ჩვენი სასაზღვრო სამსახურების დისლოკაციაზე საქართველო-აფხაზეთის საზღვრის მიმართულებით. მაგრამ, ამავე დროს, როცა ვსაუბრობთ ნავსადგურზე, აეროპორტზე, გამოდის, რომ ვექტორი მიმართულია აფხაზეთის შიგნითაც. ტვირთები, რომლებიც აფხაზეთში სხვა ქვეყნების გავლით შემოდის, არ უნდა იყოს რუსეთის მხარის საბაჟო შემოწმების საგანი, რადგან ისინი არ კვეთს რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს. ბუნებრივია, ეს არის ჩვენი მებაჟეების, ჩვენი მესაზღვრეების საქმე. იქ ბევრი რამ არის გაუგებარი. მაგალითად, განათლების სტანდარტები. არ ვიცი, როგორ შეუძლია რუსეთის მხარეს, დაგვეხმაროს აფხაზური ენის შესწავლის სტანდარტების შემუშავებაში? მერე საუბარია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში. არადა, ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები. მაგალითისათვის შორს არ წავალ: ჩვენი დეპუტატი ახრა კვეკვესკირი არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ე.ი. მას არ ეკუთვნის დახმარება და პენსია? ბევრი შეკითხვაა...

ელენა ზავოდსკაია: როგორ აპირებს პარლამენტი ხელშეკრულების მიღებულ პროექტზე მუშაობას?

ვალერი ბგანბა: იურისტებთან ერთად საკითხი ჯერ, რასაკვირველია, ღრმად არ შეგვისწავლია. ახლა ვიჯექი იურიდიულ განყოფილებაში ჩვენს იურისტებთან ერთად. ამაზე ვმსჯელობდით. ისინი ახლა მუშაობენ ამ ტექსტზე და ყველა დეპუტატიც აქტიურად არის ამით დაკავებული. გვექნება ჩვენი შენიშვნები, მოსაზრებები მოცემულ პროექტზე. ვფიქრობ, ცოტა შენიშვნა არ იქნება ჩვენი მხრიდან. შევეცდებით, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვთხოვა,  ერთი-ორი კვირის განმავლობაში შევიმუშაოთ ჩვენი შენიშვნები მოცემულ პროექტზე. ვფიქრობ, რაღაც ცვლილებებს შევიტანთ პრაქტიკულად ყველა მუხლში, პრეამბულის გარდა. პრეამბულა საუცხოოა! ჩვენ მათ (შენიშვნებს) მოვაგროვებთ და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადავცემთ. ასეთი სახით ის, მე ვფიქრობ, მიუღებელია.

ერთადერთი, რაც სასიხარულოა, არის ის, რომ ხელშეკრულების ეს პროექტი - მე მას არც კი ვუწოდებდი პროექტს - ხელშეკრულების შავი ვარიანტი მაშინვე ყველგან გამოქვეყნდა. პრაქტიკულად მიმდინარეობს საერთო-სახალხო განხილვა. ეს, ალბათ, პირველად ხდება ჩვენს პრაქტიკაში. და ღმერთმა ქნას, რომ ერთად შევძლოთ ამ ხელშეკრულების შემუშავება. ჩვენ ყველას გვესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აუცილებელია. გვესმის, რომ ის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. მაგრამ, იმავდროულად, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო საკუთარი სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ. ამიტომ, რასაკვირველია, მოვამზადებთ კურსს, რომლითაც მართლაც განვამტკიცებთ რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობას, მაგრამ, ამავე დროს, უნდა იყოს თანასწორუფლებიანობა. აქ საუბარი არის არა დიდ და პატარა სახელმწიფოებზე, არამედ საუბარია ორ სახელმწიფოზე და, რასაკვირველია, მათ ხელშეკრულება უნდა დადონ, როგორც თანასწორუფლებიანმა სუბიექტებმა.