13 ოქტომბერს კომპანია "აიპიემმა" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის, ისევე როგორც წარმატების მოლოდინისა და მთავრობის საქმიანობის რეიტინგის პარამეტრები, სექტემბერში რეგრესს განიცდის.
რამდენიმე პუნქტით შემცირდა ჯანდაცვის, საგარეო ურთიერთობების, ასევე პოლიციისა და ადამიანის უფლებების საქმიანობის მიმართულებები. მხოლოდ ერთი მიმართულების, ტერიტორიული მთლიანობისა და ჯარის თემა გაიზარდა რამდენიმე პუნქტით. დასაქმების ინდექსი რეკორდულ დაბალ ნიშნულს - მინუს 55%-ს აღწევს. ყველაზე დიდი ვარდნა პოლიციის საქმიანობას აქვს (18 პუნქტი), აგრეთვე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებას (16 პუნქტი). წარმატების მოლოდინის შემთხვევაში ვითარება რთულია, რადგან უკლებლივ ყველა საქმიანობა, ერთი თვის განმავლობაში, მინიმუმ 10 პუნქტით ეცემა, ხოლო დასაქმების მოლოდინის ინდექსი ნულს უტოლდება. მაქსიმალურ მნიშვნელობას ჯანდაცვის მიმართულება იღებს - 20%. მკითხველს შევახსენებთ, რომ განსხვავებით მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსისა, წარმატების მოლოდინის ინდექსი ზომავს მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოების ეფექტს მომავალში, 3 წლის პერსპექტივით. ვითარება ამ თვალსაზრისით ძალზე რთულია, რადგან საშუალოდ 7%-იანი წარმატების მოლოდინის ინდექსი ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქალაქეები ნაკლებად არიან მოტივირებულნი, განახორციელონ საკუთარი რესურსების, მათ შორის დროითი და ფულადი რესურსების ინვესტირება მომავალში. ეს ყველაზე ნეგატიური შეფასებაა, რომელიც ბოლო პერიოდში ემპირიულ კვლევებში დაფიქსირდა, - ვკითხულობთ "აიპიემის" კვლევაში.
საინტერესოა, რა მეთოდიკით მოხდა კვლევის ჩატარება? ჰყავს თუ არა მას დამკვეთი და ვინ გადაიხადა კვლევაში ფული? ამ მიზნით ვცადეთ კომპანიის ხელმძღვანელთან გოჩა ცქიტიშვილთან დაკავშირება, მაგრამ მისი საკონტაქტო ტელეფონი ოფისში არ მოგვცეს, საბოლოოდ დიდი ამბის შემდეგ დავუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს ქეთი ჯავახიშვილს:
- ეს კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით და ტელეფონის საშუალებით გამოიკითხა 600 ადამიანი, რომელთა ასაკიც იყო 18 წელი და ზევით, შერჩევა გაკეთდა შემთხვევითი პრინციპით და ასევე, დასაქმებულებისა და დაუსაქმებლების შესაბამისი პროპორციულობით. ეს გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა პროფესიის, სქესისა და ასაკის ადამიანს ჰქონდა შანსი, ამ გამოკითხვაში მოხვედრილიყო. ანუ არსებობს სატელეფონო ბაზა, შემთხვევითი პრინციპით ხდება ნომრის ამორჩევა და, შესაბამისად, ამის მიხედვით ვრეკავდით.
- კი, მაგრამ ეს ნომრები როგორ ხვდება თქვენთან? ანუ, არიან აბონენტები, რომლებსაც ხშირად უკავშირდებით კვლევისთვის?
- არა, არა! ამ ბაზაში შემთხვევით ხვდება ეს ნომრები და ეს შემთხვევითობა არის აბსოლუტურად დაცული.
- ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ საინტერესოა, რატომ მე არ მიკავშირდებით შემთხვევით? კიდევ აპირებთ კვლევების ჩატარებას და რა საკითხებზე?
- ჩვენ წლის ბოლომდე კვლავ ვაპირებთ, ეს კვლევა გავაგრძელოთ, ანუ მთავრობის წარმატების ინდექსზე.
- წარმატების თუ წარუმატებლობის?
- თუ მეკითხებით, გპასუხობთ, გადაწყვეტილი გვაქვს ამ კვლევის გაგრძელება.
- ეს კვლევა ვინმეს შეკვეთაა, ვინ გადაიხადა ამაში ფული?
- კვლევები არის ორგანიზაციის რესურსით გაკეთებული, კომპანიის სახსრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნებოდა კლიენტის საკუთრება.
ამის შემდეგ ვუკავშირდები პროფესიით სოციოლოგს, "ქართული ოცნების" წევრს, პარლამენტარ გია ჟორჟოლიანს. მაინტერესებს, ანიჭებს თუ არა "ოცნება" მსგავს კვლევებს მნიშვნელობას და ითვალისწინებენ თუ არა მონაცემებს თავიანთ საქმიანობაში?
- არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ გამოკითხვას და გეტყვით, რატომ: ჯერ ვიტყვი, რომ ეგ "აიპიემი" ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ვფიქრობ, ეს მათ წინასწარ განწყობას განსაზღვრავს. 600-კაციანი სატელეფონო გამოკითხვა რას ნიშნავს? ეს არასაკმარისი შერჩევაა. მეთოდიკას არ ვიცნობ და იქ ძალიან ბევრი ხინჯი და ხარვეზი შეიძლება არსებობდეს. ასე რომ, სერიოზულად ამ გამოკითხვას ნამდვილად არ შევხედავდი.
- კი, მაგრამ ყველაფერი არასწორია ამ კვლევაში? რეალურად, კვლევა დევს და "ოცნება" არ გაითვალისწინებს?
- რად მინდა ეგ კვლევა, რაღაცები ისედაც ვიცით ჩვენ და არის სტატისტიკა, ასევე სხვა კვლევები და მდგომარეობა ვიცით. ზოგადად, დასაქმების პროგრამა რომ საქართველოში არ არსებობს და ამას სერიოზული პოლიტიკის შემუშავება სჭირდება, ამისთვის რად მინდა "აიპიემის" თქმა? ვიცი, რომ მართლაც სერიოზული ძვრებია საჭირო, რომ მოხდეს. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მართლაც, არჩევნებამდე ზოგადად მოლოდინები იყო მაღალი და ახლა განწყობა კრიტიკულია, ვიდრე ორი წლის წინათ. ჩემი აზრით, მომავალი წლისთვის ჩვენ სერიოზული პოლიტიკური ძვრები გვექნება მთელი რიგი მიმართულებებით და მათ შორის ხალხის ენთუზიაზმს აქვს დიდი მნიშვნელობა.
- კიდევ ხალხის ენთუზიაზმი? ხალხს ჰქონდა ენთუზიაზმი, რომელიც თქვენი შემხედვარე, ზოგისთვის შემცირდა, ზოგისთვის - გაქრა....
- მაგას გეუბნებით, სერიოზული პოლიტიკური ძვრები იქნება და არ ვგულისხმობ არჩევნებს, ვგულისხმობ პოლიტიკის ძვრებს დასაქმებისა და წარმოების განვითარების თვალსაზრისით და ველი, რომ მომავალ წელს იქნება ეს ყველაფერი და ხალხი ამაში ჩაერთვება.
- სამწუხაროა, რომ ხალხი ამ განვლილი ორი წლის მანძილზე ამაში არ ჩართეთ.
- კი, ბატონო. არა, ნუ, სულ ასე არ არის, რომ არ ჩაერთვნენ. სერიოზული ანალიზი თუ გვინდა, ჯერ ერთი, "აიპიემს" არ უნდა დაეყრდნოთ, მით უმეტესს 600-კაციან სატელეფონო გამოკითხვას. რაც შეეხება დასაქმების მონაცემებს, ეს გვაქვს ჩვენ და ვიცით, რომ არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა. ეს მონაცემი ისეთივეა, რაც ორი წლის წინათ.
- მინუს 55%?
- არა, ოდნავ გაუმჯობესებული.
- აბა, არ გაუმჯობესებულაო?
- მე ვამბობ, რომ პერსპექტივა ამისა არსებობს და ამისთვის მომავალი წელი იქნება სერიოზული გარღვევის წელი და მგონია, რომ ადამიანების დამოკიდებულებაც შეიცვლება და "აიპიემზე" რომ მეკითხებით, მე სოციოლოგიას უნივერსიტეტში ვასწავლი.
- კი, ბატონო, თავად თუ გაქვთ "ოცნებაში" მსგავსი კვლევები ჩატარებული?
- ჩვენ თუ ჩავატარებთ ამას, გამოვაქვეყნებთ კიდეც. არსებობს სტატისტიკა, გამოკითხვები, მათ შორის ზოგი საერთაშორისო, ზოგი - ადგილობრივი, მაგრამ გადამეტებულ მნიშვნელობას მათ არ მივანიჭებდი, თუმცა მათი მონაცემები უფრო ობიექტურია, ვიდრე "აიპიემის".
- და მაგ ობიექტური მონაცემების მიხედვით რა სურათია, სხვა შედეგია? ანუ განსხვავება რა არის?
- ყველაზე კარგი საზომი იყო არჩევნები, სადაც ვნახეთ, რომ ოქტომბერში უფრო მეტი მხარდაჭერა იყო და შემდეგ შემცირდა. ადგილობრივზე ვნახეთ, რომ მოსული ამომრჩევლის 50% მხარს გვიჭერს.
- მე უფრო ცოტა მახსოვს.
- არა, კაცო! მხოლოდ ზოგიერთ რაიონში იყო 47-48%, სადაც მეორე ტურები ჩატარდა. ცხადია, ეს გვიჩვენებს, რომ სამუშაო გვაქვს, შესაცვლელიც ბევრია და ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიდის, მაგრამ მომავალი წლიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის, წარმოების განვითარებას და, რაც მთავარია, ეს ორიენტირებული იქნება მთელ საქართველოზე.
- და ამას როდის დავინახავთ?
- უახლოესი თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით სერიოზული ძვრები იქნება. ორი თვე დამელოდეთ და თქვენვე ნახავთ, დამიჯერეთ.
- და ამ "აიპიემებს" თავში ჩავარტყამთ რეალური წინსვლით?
- აბა, რაა! რა მდგომარეობაც ჩვენს ქვეყანაშია, იმ შედეგების გამოსწორებას წლები უნდა, მაგრამ ნაბიჯები გადაიდგმება. თუმცა "აიპიემმა" შეიძლება, სულ ილაპარაკოს, ახლა მე არ მინდა კონკრეტულად ვილაპარაკო ამ კომპანიაზე, მაგრამ პროპაგანდისტულ ჯგუფებს ყოველთვის ექნებათ სათქმელი და არაადეკვატური მონაცემები, მაგრამ მე ვამბობ, ობიექტურ სურათზე, რადგანაც ხომ აქ ვცხოვრობთ და მონაცემები ვიცით და ამის საფუძველზე ვამბობ.
- მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ესენი მთლად ჰაერზე ვერ ილაპარაკებენ, "დიმ ბეზ აგნნია, ნი ბივაეტ" და "ოცნება" ძალიან ნელა იწყებს შენებას.
- რა თქმა უნდა, და ამიტომ გეუბნებით, ტემპი მოიმატებს.