,,პუტინი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია!’‘

,,პუტინი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია!’‘

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის საგარეო თეზისები

,,პუტინი ჩემთვის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს, რაციონალური პოლიტიკის მომხრეა და, ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში ქართულ-რუსული ურთიერთობების აგება შესაძლებელი იქნება’‘, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, რომელიც პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს. რას გულისხმობს ,,პუტინის რაციონალურ პოლიტიკაში’‘ დაგახდათუარაგიორგიმარგველაშვილისაქართველოსუახლოესისტორიაშიმეორეოპოზიციონერიპრეზიდენტი? - ,,ვერსიის’‘ კითხვებს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი პასუხობს.                
- სამშობლოსთვის პუტინი მართლაც რაციონალური პოლიტიკის მომხრეა, რაც მისი ქმედებებიდანაც კარგად ჩანს, თუმცა იგივეს საქართველოსთან მიმართებაში ვერ გავიმეორებ. მიუხედავად ამისა, ვეთანხმები აზრს, რომ პუტინი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია.   
                 
- ათწლიანი მმართველობის, 2008 წლის ომისა და რუსეთის საგარეო უწყების ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადებების ფონზე, პუტინს რაციონალური პოლიტიკის მიმდევრად რატომ მიიჩნევთ, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კრემლთან სხვა ტიპის ურთიერთობები ყალიბდება?                   
- 2008 წლის ომი და რუსეთის ოფიციალური განცხადებები არ ნიშნავს, რომ პუტინს რუსეთ- საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი და მძიმე პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია. მთავარია, ამის სურვილი რამდენად ექნება. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალსახად საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ და შედეგიც სახეზეა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. ისიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგია, რომ ნატო- ს წევრი ქვეყნები რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაბათილებისკენ მოუწოდებენ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალის გაყვანაზეც მიუთითებენ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და მსგავსი ტიპის ჩანაწერი რეზოლუციაში არასოდეს ყოფილა. პარალელურად, რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის და ამით მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ვცდილობთ. სტაბილური საქართველო რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია და არ მგონია, რუსეთსაც თავის საზღვართან არეული და არასტაბილური ქვეყნის არსებობა უნდოდეს. პირიქით, რაც უფრო ძლიერი მეზობელი ეყოლება, რუსეთისთვისაც უკეთესია.   
                
- ქალბატონო ირინა, რუსეთის რამდენიმესაუკუნოვან პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ, თქვენთვის ვერც უკრაინის მაგალითი გახდა საკმარისი, სადაც პუტინი მეზობელ ქვეყანაზე გავლენის მოპოვებას სწორედ მისი მაქსიმალური დასუსტებით ცდილობს. ამ ილუზიების მართლა გჯერათ თუ ყველაფერი დიპლომატიის ნაწილია?                    
- ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს მოტყუებას ან თავის მოქონვას ვცდილობ, პირიქით მეც და პრეზიდენტსაც გულწრფელად გვჯერა. ლოგიკაც ამას გვკარნახობს და, მიუხედავად იმისა, რუსეთი გვეთანხმება თუ არა, პროცესს ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ. დასავლელი პარტნიორებიც მოგვიწოდებენ, რუსეთის გაღიზიანება კი არა, მასთან არსებულ პრობლემებზე საუბარია საჭირო. ასეთი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დათმობას სულაც არ ნიშნავს. ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარს არასოდეს ვიტყვით - ეს ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არ არის.                 
- ფიქრობთ, რუსეთი და ნატო თავსებადია?              
- დიახ, ჩემი აზრით, თავსებადია. რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო და კულტურული თვალსაზრისით, უკვე დაიძრა. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.                    
- მოგწონთ, როცა მოსკოვის ცენტრში ქართველები ,,თბილისობას’‘ აღნიშნავენ და არც იმის წინააღმდეგი ხართ, საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანზე ,,მასლინიცა’‘ აღინიშნოს?            

- ეს ნამდვილად არ მომწონს და არც იმ ადამიანებისა მესმის, რომლებიც ერთი წლის წინ მოსკოვში ,,ერისიონის’‘ კონცერტს აპროტესტებდნენ, დღეს კი იქ თავად ამღერდნენ, თუმცა ეს მათი არჩევანია.      
               
- გიორგი მარგველაშვილი პუტინთან შეხვედრისთვისაც ხომ არ ემზადება?                 
- ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, არავინ მუშაობს, თუმცა ოდესღაც ეს შეხვედრა უნდა შედგეს. მნიშვნელობა არ აქვს, პუტინს პრეზიდენტი შეხვდება თუ პრემიერი, ან მომავალი ხელისუფლების პირველი პირები, დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად დიალოგი აუცილებელია. ამ ეტაპზე, ეს ფონი არ არსებობს, შეხვედრა შეხვედრისთვის კი არავის სჭირდება.    
                     
- ბოლო დროს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლება თუ ვიზიტებზე პრემიერთან დავა საბოტაჟად აღიქმება. საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად მიანიშნებს, რომ მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციას შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალი ოპოზიციური ძალა ხომ არ ყალიბდება?                   
- როგორც ვიცი, პატიმრების საკითხს კომისია განიხილავს. პირადად მე, არც საგარეო ვიზიტების მომზადებაში ვარ ჩართული და ყველა შეხვედრას არც უელსის სამიტზე დავსწრებივარ. პირველი შეხვედრა კი რასმუსენთან იყო, რომელსაც ქალბატონი მაიაც ესწრებოდა... მთავარი შედეგია - დელეგაციამ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და ის დოკუმენტი, რომელიც უელსის სამიტიდან წამოვიღეთ, ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სხვა ინფორმაცია არ მაქვს და საკითხზე ვრცლად საუბარიც არ შემიძლია.                        
- რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, არ ფიქრობთ, რომ უწყება ფორმალურ სტრუქტურად იქცა? - ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სხდომა ჩაატარეთ, რომელსაც პრემიერი არ დაესწრო.                  
- უშიშროების საბჭო, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფორმალურ უწყებად ვერ იქცევა. საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. მაგალითად, ქვეყანაში საომარ თუ საგანგებო მდგომარეობას, გიორგი მარგველაშვილის გარდა, ვერავინ გამოაცხადებს. უამრავი სხვა საკითხია, რომელსაც უშიშროების საბჭო ან პრეზიდენტი წყვეტს. ამ ტიპის წყობის ქვეყანაში უშიშროების საბჭო ერთადერთი ორგანოა, სადაც პრეზიდენტს ურთიერთობა აქვს მთავრობასთან და მეორე მხრივ, პარლამენტთან... ვფიქრობ, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საბჭოს კომპეტენციის გამიჯვნა აუცილებელია. ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი ვიყავი, როცა ირაკლი სესიაშვილსა და ვახტანგ ხმალაძესთან ერთად ეს პროექტი წარვადგინე. ამასობაში, პრემიერის სათათბირო ორგანოც შეიქმნა, რომელთანაც საკმაოდ ხშირი ურთიერთობა გვაქვს. კრიზისებს მართვა სწორედ ამ საბჭოს მეშვეობით ხდება და მასთან მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ. 

- როცა პარლამენტის წევრი იყავით, ყოფილი პრეზიდენტის ხარჯი გაასაჯაროეთ, პრეზიდენტი მარგველაშვილი კი სააკაშვილისთვის ბრალის წასაყენებლად ფინანსურ დოკუმენტებს გრიფს ,,საიდუმლო’‘ ერთი თვის განმავლობაში არ ხსნიდა. ამასობაში, ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ მკაცრი რეზოლუცია მიიღო... 
- იმედი მაქვს, ხელისუფლება მოახერხებს, ერთი მხრივ, ყველა დამნაშავე დასაჯოს, მეორე მხრივ კი ქვეყნის შიგნით და გარეთ გამოძიებაში არსებულ კითხვებს უპასუხოს. ყველა დამნაშავემ უნდა იცოდეს, პრეზიდენტია თუ რიგითი ჩინოვნიკი, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში, დაისჯება. ეს პრეცედენტი ქვეყანაში უნდა შეიქმნას, თუმცა აუცილებელია, პროკურატურამ მყარი მტკიცებულებები წარმოადგინოს. პრეზიდენტს კი, ვადა არ დაურღვევია, პირიქით, ვადის ფარგლებში მოხსნა გრიფი. სამწუხაროა, რომ ეს საკითხი პროკურატურამ სააშკარაოზე ვადაზე ადრე გამოიტანა, არადა ეს საიდუმლო მიმოწერა იყო. მსგავსი ტიპის ურთიერთობა პრეზიდენტს, პროკურატურას ან მთავრობას კი არა, სახელმწიფოს აზარალებს. სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი პატივისცემა ყველას ევალება. მიუხედავად იმისა, პიროვნება მოგწონს თუ არა. სხვათა შორის, ორი დღის წინ, პარლამენტი უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხსა და მასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის განხილვას დაუბრუნდა. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ მთელი რიგი საკითხების გარშემო პოზიციების შეუჯერებლობის გამო, განხილვა შეჩერდა. პროექტით, ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია მხოლოდ სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება. ამავე კანონპროექტით, ფინანსთა მინისტრის ნაცვლად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იქნებიან.