გია კორკოტაშვილმა "ფეისბუკით" ასეთ ტექსტი გაავრცელა: "ყურები გამიწმინდეთ, ხელისუფალნო, ყველაფერს გთავაზობთ: დიალოგს, დებატებს გეფერებით, აბა ასე, ჩემო ბატონო, აბა ისე და შენც არ მომიკვდე. თქვენი აზრით, თავმოყვარე ხალხი როგორ უნდა მოიქცეს, ააააააააა, ეტყობა, ეჭვი გეპარებათ წინა ათი წლის მმართველობის შედეგად დაჩმორებულ ხალხში? არაა მასე, ბიძია, ერთადერთი ფარი თქვენი არიან "ნაციონალები" და როგორ ფოლგაში გახვეულებს ეფოფინებით. ისე არ მოხდეს, ისე არ გადაამლაშოთ, ან ისე არ დააგვიანოთ, რომ "ზაადნო" ნაგვის გატანაში თქვენც მოყვეთ. ნაგავს მაინც გავიტანთ. ქართველი ხალხი ბრძენია, ითმენს იმდენს, ხანდახან აუტანელიც რომ არის, მაგრამ მოთმინების ფიალაც ივსება, კუჭი ცარიელია, უმუშევრობაა, დაუსაქმებელია უნიჭიერესი და პროფესიონალი ხალხი. გაცვდა ტერმინი "ნაციონალების წისქვილზე ასხამ წყალს"? სამართალი გვწყურია ან თქვენთან ერთად ან უთქვენოდ. გადაწყვეტილებაა სასწრაფოდ მისაღები. მიიღეთ საზოგადოების რჩევები თქვენდა და ჩვენდა საკეთილდღეოდ". - წერს კორკოტაშვილი.
"ალიას" გია კორკოტაშვილი ესაუბრა:
- თქვენი ტექსტის წაკითხვის შემდეგ, გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ცდილობდით შეხვედრას, საუბარს და არ გამოვიდა. ასეა?
- საქმე ისაა, რომ არც ისე ცუდი წრე მყავს მეგობრების, ვისი მეშვეობითაც ვცდილობდი მათთან სათქმელის მიტანას. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შემიძლია, თანამებრძოლი დავარქვა, მაგრამ ახლა რატომ არიან მიყუჩებულები და გაჩუმებულები, ეს არ ვიცი. შეიძლება, მათ უფრო მეტი იციან და ასე სჯობია სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ვიდრე მე ვიცი. თუმცა ეს თუ იციან, შეუძლიათ, იმ წრეს, ვისაც ენდობიან, ეს უნდა უთხრან. შე კაი დედმამიშვილო, თუ მაშინ მენდობოდი, როცა გვიჭერდნენ, სადაც ჩხუბი და დავიდარაბა იყო, წინა რიგში ვიყავი, გვერდს გიმაგრებდნენ ჩემზე უფრო მეტი ვაჟკაცები, ახლა რატომ არ გინდათ გვითხრათ, რომ არჩეული გაქვთ სახელმწიფოს მშენებლობის სხვა სტრატეგია, რომლის შესახებაც ხმამაღლა საუბარი საჭირო არ არის? ხომ შეიძლება, არსებობდეს ასეთი ვერსია და თუ ასეა, მაშინ თქვით და ამაშიც გვერდით დაგიდგებით. მაგრამ ვხედავთ არასასიამოვნო რამეებს გარედან და გული გვწყდება, გადავხარშეთ ყველაფერი და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარს სამშობლო და მოუსმინეთ მათ. რომ ვხედავთ, მთლად კარგად არ არის საქმე, მოდით, ჩამოდით იმ მაღალი საფეხურიდან, სტრატეგიულად ხელი რომ გაქვთ მოფარებული და საბრძოლო ველს აკვირდებით, ჩამოდით ხალხში და დავილაპარაკოთ. თუ არ გაქვთ სრული ინფორმაცია რამეზე, ჩვენ მოგაწვდით. შევხვდეთ და თუ გახსნილი დებატები არ გინდათ, თქვენ მოიყვანეთ ხალხი. დაილაპარაკეთ იმ ხალხთან, ვინც ერთ აზრზე დგანან და გავარკვიოთ, იქნებ ყველა უცოდინარია და თქვენ ხართ მართლები? ამ დროს პირიქით მგონია მე. საკმაოდ გამოცდილი და მცოდნეა საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს უზიარებს ამ აზრებს. ხელისუფლებიდან კი პასუხს არავინ გვცემს. ელემენტარულად, ყველამ კარგად იცის, მეფეები სასადილოებში დადიოდნენ გადაცმულები, რომ ადამიანების აზრი მოესმინათ. ამას წინათ ღია წერილით მივმართე ბიძინა ივანიშვილს, გივი ბერიკაშვილს და კახი კავსაძეს, ვთხოვე, იქნებ თქვენ მაინც მიაწვდინოთ ამ ხალხს ხმა, რომ "წყაროზე" უკვე სხვანაირად ლაპარაკობენ-თქო. საზოგადოებასთან ჩამოდი და ვილაპარაკოთ ყველას ბედნიერებისთვის, თორემ ნელ-ნელა ეს სიკეთე უცხოვდება-თქო.
- გინდათ თქვათ, რომ, თუ თქვენ არ უთხარით, მართლა არ იციან, რა ხდება ქვეყანაზე და რა განწყობაა ხალხში?
- ჩინოვნიკური ცხოვრება ძალიან დიდ დროს ითხოვს, მილიონი რამე უნდა შესრულდეს ეფექტურად. თუ კაცი ნიჭიერი ხარ და პროფესიონალი, იმ საქმესაც ასწრებ, რაც გაქვს და გარემოსთანაც ლავირებას აკეთებ. მაგრამ ადამიანმა, როცა არ იცი, რა უნდა აკეთო და დანიშვნით მიდიხარ თანამდებობაზე, იმას გაუჭირდება. უცოდინარობას გამოვრიცხავ, რადგან არ მინდა ასე იყოს, არჩეული ადამიანების უცოდინარობა არ მინდა დავიჯერო. მე მაქვს ინიციატივა, საზოგადოების ნაწილი შეკრიბეთ, რომელსაც ენდობით, რომლის ვექტორიც თქვენს ვექტორს ემთხვევა, თქვენ აკეთეთ თქვენი საქმე და საზოგადოებას რომ არ დაშორდეთ, ყოველთვის გქონდეთ ამათთან მჭიდრო ურთიერთობა, აზრი გაიზიარეთ, დებატებში შედით, იმსჯელეთ და საღი აზრი იპოვეთ. ახლა ისე ნუ იქნება, ამათ ჰგონიათ, რომ სწორად აშენებენ, იქიდან ჩართულია "ნაციონალური მოძრაობა" და ხელს უშლის, საზოგადოება კი გაჩერებულია. თუ ჩვენი და ხელისუფლების ვექტორი არ დაემთხვა ერთმანეთს, მოუვა "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, გადაიჩეხება ღვინიასავით. ასე მოუვათ მათაც.
- კონკრეტულად ვისთან საუბარი გსურდათ, რომ ეს ყველაფერი გეთქვათ და ვერ მოახერხეთ?
- ყველასთვის მინდოდა ხმის მიწვდენა, ვინც სათავეში არიან. თუნდაც ღარიბაშვილისთვის. მე ღარიბაშვილისტი ვარ და ამიტომ მინდა, რომ ამ ადამიანმა დაინახოს ყველაფერი, პატივს ვცემ ყველას, ვინც მთავრობაში არიან, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. ირაკლის კარგი დასაწყისი აქვს, ყველაფერს ერთად ვერ მოერევა, მაგრამ მისი გარემოცვის არ მჯერა. არ მომწონს ეს ხალხი, არ დავკონკრეტდები, სახელს არ დავასახელებ, მაგრამ თავადაც კარგად იციან, ვინ არ მომწონს. ირაკლის პიარი არ მომწონს, საქმეთა მმართველები, მისი გუნდის დამოკიდებულება ტელევიზიების მიმართ, რადგან არავის ისე არ აფარჩაკებს ტელევიზია, როგორც "ოცნებას". დებატში მიდიან თავისი ფეხით და მიაქვთ პატარა ნიჩაბი, რომ თავისი ხელით ამოითხარონ სამარე. იმ მოედანზე უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიები ცდილობენ, ისეთი ხალხი დაუსვან, რომ ფინალში ხელისუფლება აგებს. ასეა გარედან, ჩვენი ფალავნები აგებენ და დააწყდა ხალხს ნერვები. "ოცნებამ" კიდევ ერთხელ წააგო მაშინ, როცა დებატში უჯდება მხოლოდ "ნაციონალებს", სხვას არ მიიჩნევს ოპოზიციონერად.
- "ალიასთან" წინა ინტერვიუში, 2-3 კვირის წინ, მუქარანარევი ტონით საუბრობდით. მას შემდეგ შეხვედრა მაინც ვერ მოახერხეთ და "ფეისბუკით" იმიტომ მიმართეთ?
- საქმე ისაა, რომ უნდა ჰყავდეს ღარიბაშვილს ჯგუფი, ვინც ამ ყველაფერს ეტყვის. მინდა, ირაკლი მაგარი იყოს უფრო, ამ სიმაგრის განსამტკიცებლად მინდა, საზოგადოება მას გვერდით დაუდგეს. ჩვენ ასი ათასჯერ უკეთესად დავუჭერთ მას მხარს, ზუსტ დიაგნოზს დავუსვამთ, რა უნდა გააკეთოს. გარეთ, ვინც დასაქმებული არ არის, უფრო მაგრები არიან, ვიდრე ხელისუფლებაში დასაქმდნენ და ეს მტკენს გულს.
- რას აპირებთ ახლა და როდის იწყებთ?
- იმის გამო, რომ ფიალა აივსო ქართველ ხალხში, ნაგავი უნდა გაიხვეტოს. ეს ნაგავი არიან ისინი, ვინც 10 წელი უმწარებდა სიცოცხლეს ამ ხალხს. ზოგი საკვანძო ადგილზე მუშაობდა და ბოროტებას აკეთებდა, ეს უნდა დამტკიცდეს, ევროსაბჭოში რომ ვერ დაამტკიცებ, ვაშლის გათლის გამო არ დაგვიკავებია ახალაიაო, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს დანაშაული. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია "გახდი მოქალაქე", რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობაში გადაიზრდება. მოლაპარაკებები მიდის ხალხთან, ვინც ამ სულისკვეთებით არიან, სიმშვიდე დადგეს და "ნაცმოძრაობამ" აღარ გაამწვავოს ვითარება. უნდა დავამტკიცოთ, რომ დრომოჭმული პარტიაა და უნდა დაამთავროს, დროა! მხოლოდ ცუდის გასაკეთებლად არიან მოტივირებულები.
- მხარდამჭერების რა რაოდენობაზე გაქვთ გათვლა?
- არ მაქვს რაოდენობაზე აქცენტი. გვინდა, მემორანდუმი გავაკეთოთ, გავაკეთოთ ფრონტი ერთი მიზნით. მერე კი ბატონო, ზოგი მემარცხენეა, ზოგი მემარჯვენე და თავის გზაზე გაუმარჯოს. საქართველო რომ დადგეს სიმშვიდისა და აღმშენებლობის გზაზე, აუცილებელია რამე ნაბიჯის გადადგმა.
- არაერთი ორგანიზაცია შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ისინიც აპირებენ შემოერთებას?
- აუცილებლად. ყველა, ვისაც გული აქვს ნატკენი და ვერ დაინახა სამართლიანობა, ყველა ჩვენ გვერდით იქნება, იგივე იპოთეკარებისგან დაზარალებულები, ყველანაირი ლაილაის გარეშე გვინდა, პროდუქტი დავდოთ. ამიტომ გვინდა, შევიკრიბოთ, ოფისი დავიქირაოთ და არა ლამაზი ენით ვწეროთ "ფეისბუკზე".
- ზუსტად არ იცით თარიღი, როდის დაიწყებთ?
- ჯერ არა, ტყუილი იქნება, თუ თარიღს დავასახელებ. ჯერ ვეძებთ ოფისს.
- ოფისს და ორგანიზაციულ საკითხებს ფული სჭირდება. გაქვთ ამისთვის ფინანსები?
- ვისაც სურვილი აქვს, იქნებ დაგვეხმაროს. შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ და სპონსორობითა და კეთილი გულით დაგვეხმარონ.
- შესაძლოა, "ნაცების" პროვოკატორები შემოგიერთდნენ, ამაზე ხშირად საუბრობენ ხალხში. ამისგან როგორ აპირებთ თავის დაცვას?
- ჩვენი მოძრაობა დაიწყება ერთი ლოზუნგით, რომ ვართ ხელისუფლების მხარეს და მათთან ერთად გვინდა მომავალი. თუ ამას ხელისუფალი ვერ მიხვდება, მის გარეშე გავაკეთებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, "ნაცების" წისქვილზე დავასხათ წყალი. რაც შეეხება პროვოკატორებს, მაგათ მეტი რა მინახავს, უკვე ინტუიციით ვხვდები, ვინ არიან პროვოკატორები და მათ გამოვავლენთ.