მოსკოვში ჩატარებულმა "თბილისობამ" გასულ კვირას, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გადაფარა. ეს უკვე მეოთხე "თბილისობა" იყო, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, მაგრამ ყველაზე სკანდალური. ამ სკანდალის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მოსკოვის მერიისა და მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის, მიხეილ ხუბუტიას მიერ დაფინანსებულ კონცერტზე ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილი ამღერდნენ. მგონი, შეხსენება არ გინდათ, ეს მომღერლები ადრე ვის უმღეროდნენ და ვის უკმევდნენ გუნდრუკს. სამივენი "ნაცმოძრაობის" მომღერლებად ითვლებოდნენ, მათ აქტიურ მხარდამჭერებად და თავის დროზე, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ არც ერთ ღონისძიებას არ ტოვებდნენ. იმ დროს, როცა ქართველ მომღერალთა დიდ ნაწილს სცენას არ აკარებდნენ, ესენი ყველგან იყვნენ, სადაც "ნაცები" სუფრას გაშლიდნენ. მეტიც, ნინო ჩხეიძე და ლელა წურწუმია, მოსკოვში წასვლამდე, ისევ "ნაცების" გულშემატკივრებად ითვლებოდნენ. აი, მოსკოვურმა თბილისობამ კი სულ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. "ნაციონალებმა" ხომ ყველა ის მომღერალი, მოცეკვავე და ზოგადად, ხელოვანი, რუსეთის აგენტებად და პუტინის პირად მონებად გამოაცხადეს, ვინც თუნდაც ერთხელ წავიდა რუსეთში, იმღერა ან იცეკვა. "ნაციონალურმა" მედიამ კინაღამ ინფარქტი დამართა ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს, როცა 2013 წლის იანვარში, "ერისიონმა" მოსკოვში კონცერტი გამართა. მაშინ, რუსთაველზე, "ერისიონის" ოფისის წინ, აქციებს მართავდნენ და მისთვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მოხსნას ითხოვდნენ, როგორ გაბედეს და ჩვენს დამპყრობელ ქვეყანაში, თანაც, კრემლში როგორ იცეკვესო.
მძიმე დღეები გადაატანინეს მაშინ ამ ანსამბლის მოცეკვავეებს ვითომპატრიოტმა "ნაცებმა". "ერისიონის" ჯვარცმა რა მოსატანია იმასთან, რაც ამ დღეებში ხდებოდა. "ნაციონალები" და მათი მიმდევრები სახტად დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ წურწუმია, ბადურაშვილი და ნინო ჩხეიძე მოსკოვში იყვნენ წასულნი. მერე ისიც გაირკვა, რომ "თბილისობას", მოსკოვის მერიასთან ერთად, მიხეილ ხუბუტია აფინანსებდა, ვლადიმერ პუტინის მეგობარი თუ არა, მასთან ნამდვილად დაახლოებული ადამიანი. ხუბუტიას რა ხანია, კრემლის ლაქიასა და "ფე-ეს-ბე"-ს აგენტს ეძახიან "ნაცები" და რა გამოვიდა? "ნაცების" სათაყვანებელი მომღერლები მოსკოვის მერიის, ანუ პუტინისა და მისი ახლობლის, ანუ ისევ პუტინის მიერ გამართულ კონცერტზე გამოვიდნენ? როცა ეს გააცნობიერეს "ნაცმიმდევრებმა", მთლად ჭკუაზე გადავიდნენ, სოციალურ ქსელში "ჩაქოლეს" სამივე მომღერალი. თუმცა, ეს რიგითი "ნაცები" იყვნენ, მათ ფეისებს კი, რომლებიც ჯემალ ჭკუასელსა და მისი ანსამბლის წევრებს მოღალატეებსა და სამშობლოს გამყიდველებს ეძახდნენ, არც მედიით, არ სოცქსელით, არაფერი გაუპროტესტებიათ. "ნაცბელადთა" და "ნაცფეისთა" სიჩუმის მიზეზი ერთადერთი იყო, ესენი ხომ ორმაგი სტანდარტის ხალხია?! რაც არ შეიძლება ჯემალ ჭკუასელისთვის, ის ნინო ჩხეიძისთვის შეიძლება, რადგან ნინო ჩხეიძის მეუღლე გიორგი კორახაშვილი, ვანო მერაბიშვილის მეგობარია. სამშობლო? ოკუპაცია? ქვეყნის ღალატი და ქართველი ვაჟკაცების მიწაში ჩამდები პუტინი? ეს სიტყვები მარტო მაშინ ახსენდებათ, თუ მათთვის არასასურველი, პოლიტიკურად მიუღებელი ხელოვანი წავა მოსკოვში და იქ რაღაცას გააკეთებს. აი, თუ თავისიანი წავა, იმას ყველაფერი ეპატიება. დავით პაიჭაძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, კობა ხაბაზი, გიორგი ვაშაძე, პოეტი დეფი გოგობედაშვილი, ეკა კვესიტაძე, გიგა ნასარიძე... კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, ვინც უკადრებელს აკადრებდა "ერისიონს" და და რატომღაც ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ ნინის, ლელასა ნინოს მოსკოვური კონცერტი. ყველამ ხმა ჩაიკმინდა. აი, ეგეთია "ნაციონალური" სამართალი, მორალი. არა, მარტო "ერისიონი"? მოსკოვში სტუმრობისა და იქ კონცერტზე გამოსვლის გამო, ჯერ პაატა ბურჭულაძესა და ნანი ბრეგვაძეს ეძახეს მოღალატეები და მერე რობერტ სტურუასაც არ დააკლეს სამშობლოს გამყიდველის იარლიყები, როცა მოსკოვის ერთ-ერთ თეატრში დადგა სპექტაკლი. მოკლედ. ე.წ. ნაცბომონდი ხმაჩაწყვეტილია და ქართველი მომღერლების მოსკოვში კონცერტობას წვრილი "ნაცები" აპროტესტებენ. ისე, ერთ რამეში კი უნდა დაეთანხმო ამ ხალხს. ხელოვანი ხარ, თუ ვინც გინდა, ის იყავი, ელემენტარული მადლიერების გრძნობა უნდა გქონდეს, ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი და ნინო ჩხეიძე საკმაოდ სოლიდურ ჰონორარებს იღებდნენ სახელმწიფო ღონისძიებებზე გამოსვლისას, "ნაციონალთა" კორპორაციულ ღონისძიებებზეც მღეროდნენ და იქაც კარგად უხდიდნენ. სამივენი, ბოლოს და ბოლოს, "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა. ნინი ბადურაშვილმა, 2011 წლის 26 მაისს სისხლით მორწყულ რუსთაველზე საქართველოს ჰიმნიც დააგუგუნა. ახლა, პოლიტიკური ძალის ერთგულება და ხალხის აბუჩად აგდება უფრო შორს ვეღარ წავა, ხელოვანი უარესს ვეღარაფერს გააკეთებს, მთელ საქართველოს სულში ჩააფურთხა მაშინ ბადურაშვილმა, "ნაცმოძრაობის" სექტანტები კი გმირს ეძახდნენ. აი, ამის მერე, იმ ხალხს რომ უღალატებ, რომელმაც უამრავი ამაგი დაგდო, რომელთა გულისთვის ათასობით ადამიანს თავი შეაძულე და შენი სიმღერა კი არა, ხსენებაც აღარ უნდა, მათ რაც გულს გაუხეთქავს, იმას რომ გააკეთებ და მოსკოვში წახვალ, მგონი, მართლა "ტეხავს". თუმცა, ბადურაშვილი კარგა ხანია გაემიჯნა "ნაცმოძრაობას" და საამისო მიზეზიც აქვს. მოგეხსენებათ, მისი ბაბუა ცნობილი მსახიობი, იმედა კახიანია, რომლის ძმისშვილი, გიორგი კახიანი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატია ამ კოალიციიდან, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეც გახლავთ. ის კახი კალაძის მეგობარია და სწორედაც მან წარუდგინა ბიძინა ივანიშვილს სამტრედიის მაჟორიტარ კანდიდატად, როცა თავად მინისტრი გახდა. მოკლედ, დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი კაცი, გიორგი კახიანი ნინის ბიძაა და არჩევანის გაკეთება ბადურაშვილს, ადრე თუ გვიან, მოუწევდა - ოჯახის ან "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ბიძის გადეპუტატება, ბადურაშვილისთვის "მაშველი რგოლი" გამოდგა და მას მაგრად ჩაეჭიდა. შესაბამისად, "ნაცებს" უგანა. ეტყობა, ტვინგაყინულმა "ნაციონალებმა" ეს ამბავი არ იციან, თორემ თქვენ მერე გენახათ, რა დღეს დააყრიდნენ ბადურაშვილს. ლელა წურწუმია კი ბოლო მომენტამდე გვერდში ედგა "ნაციონალებს". გიგი უგულავა რომ დაიჭირეს, "მშვიდობის ხიდზე" გიგილოს მხარდამჭერ აქციაზეც მივიდა, ტელევიზიებს კომენტარიც მისცა და აქო და ადიდა ეს ჩვენი უგულავა და მისი დაჭერა გააპროტესტა, "ვდრუგ" და ეს ლელა წურწუმია მოსკოვში, პუტინის დაფინანსებულ კონცერტზე გამოდის. "ტეხავს". რა, მაგრად "ტეხავს". ნინო ჩხეიძე კი ყველაზე დიდი ახლობელი იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერებისა. უკვე მოგახსენეთ, მისი მეუღლე ვანო მერაბიშვილის მეგობარია. მერაბიშვილი, ვიდრე დაიჭერდნენ, გიორგი კორახაშვილის სახლში ცხოვრობდა ოჯახით, რატომ ცხოვრობდა მის სახლში, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია. სწორედ "ნაცების" მფარველობით გახდა კორახაშვილი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულო ბიზნესმენი. ნინო ჩხეიძესაც, ისევე როგორც წურწუმიასა და ბადურაშვილს, "ნაციონალთა" კონტროლირებად ყველა მედიასაშუალებაში კარი ჰქონდათ გახსნილი, იმდენ ტოქშოუსა და სხვადასხვა გადაცემებში იწვევდნენ, რომ ხალხს უკვე მობეზრებული ჰყავდა ეს მომღერლები. ტელევიზიისა და ზოგადად, მედიის კეთილგანწყობა რომ მომღერლის წარმატების პირდაპირ პროპორციულია, ეს ყველამ იცის. ლელა წურწუმია შემდგარი მომღერალი მაინც იყო, როცა "ნაცების" ბანაკში გადავიდა, მაგრამ ნინი ბადურაშვილი და ნინო ჩხეიძე "ნაცებმა" გაავარსკვლავეს. ჰოდა, "გაგიტყდება", როცა ამდენ ამაგს წყალში ჩაგიყრიან გოგონები, წავლენ და რა ვიცი, პუტინისა თუ ხუბუტიას დაკრულზე იმღერებენ. შენს უბეში გაზრდილი მომღერლები, უეცრად, შენი მტრის ბანაკში რომ აღმოჩნდებიან. მტერში, ცხადია, მიხეილ ხუბუტიას ვგულისხმობ, რომელიც "ნაცებმა" დიდი ხანია, საქართველოს მოღალატეთა და მტერთა თავიანთ მიერ შედგენილ სიაში შეიყვანეს და ამ სიაში ხუბუტია არცთუ ურიგოდ გამოიყურება - პირველ ათეულშია.
საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ფაქტზე მიშა სააკაშვილი? მისმა ორდენოსანმა მომღერლებმა მოსკოვში იმღერეს მის გულგასახეთქად და ერთი კომენტარი არ გაუკეთებია. რა ვიცი, საქართველოში რაღაც გაფხაკუნდება თუ არა, ეგრევე აკომენტარებს და რაღა ახლა ჩაუვარდა ენა? საინტერესო კი იქნებოდა, რას იტყოდა მიშა ამ უმადურ მომღერლებზე. კი, უმადურები არიან, რადგან "ნაცმოძრაობა" თან გადაყვა ამ სამივე მომღერალს, ძალიან ბევრი გაუკეთეს მათ, მატერიალურ სიკეთეზე რომ აღარაფერი ვთქვათ და უცებ უგანეს. ლელა წურწუმია, როგორც მიხეილ ხუბუტიამ "ალიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მოსკოვში ნათესავებთან იყო ჩასული, იქაურ "თბილისობაზე" სპეციალურად არ ჩასულა და მერე, ხუბუტიას კონცერტზე გამოსვლაზე უარი ვეღარ უთხრა. ნუ, ეს პატარა თავის გამართლებაა ლელასთვის, მაგრამ "ნაცები" მაინც არ შეუნდობენ. აი, ბადურაშვილისა და ჩხეიძეს საქმე წასულია, მათ თბილისშივე იცოდნენ, რომ კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხუბუტია იყო.
ახლა მოდით, ამ ამბავს სხვა კუთხით შევხედოთ. ვიმეორებ, არ ვამართლებ ჩვენი მომღერლების საქციელს იმის გამო, რომ მათ მართლა მშობლიურ პარტიას უღალატეს, თუნდაც ეს "ნაცმოძრაობა" იყოს. ეს, უბრალოდ, უმადურობაა და მოგეხსენებათ, უმადურობა ცუდი საქციელია. თუმცა, უნდა იმღერონ თუ არა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში, ამაზე ჩემი აზრი მაქვს. უნდა იმღერონ და რაც შეიძლება ხშირად. და არამხოლოდ მომღერლები უნდა ჩავიდნენ რუსეთში. ლელა წურწუმიას, ნინი ბადურაშვილსა და ნინო ჩხეიძეს პუტინისთვის არ უმღერიათ, მათ ქართველებს უმღერეს, 20 ათასი ქართველი ესწრებოდა მათ გამოსვლასო, ძალიან ბევრი წყარო ირწმუნება. 10 ათასი კი რუსი ყოფილა. რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, აქედან 700 ათასი - მოსკოვში. ამ ხალხს აქვს უფლება, დააფინანსოს ქართველი ხელოვანები, ჩაიყვანოს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში და მათი ხელოვნებით დატკბეს. რუსეთი ოკუპანტია, ეს უდავოა, მაგრამ რა დააშავეს რუსეთში მყოფმა ქართველებმა? აკი მათ ნათესავები, ბევრს კი ოჯახები ჰყავს საქართველოში და თუ რუსეთი რაიმე უბედურებას დაგვაწევს, მათი ოჯახის წევრები და ნათესავ-მეგობრები საკუთარ თავზე იწვნევენ ამ ყველაფერს? რატომ ცდილობენ "ნაციონალები" დღემდე დაგვიმტკიცონ, რომ ვინც რუსეთშია ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი, ყველა პუტინის აპოლოგეტი და საქართველოს მტერია? შე უპატრონო, ფერეიდანში ჩადიხარ და იქ 400 წლის წინათ გადასახლებული ქართველების მობრუნებას ლამობ, მათთვის ცეკვა-თამაში შეიძლება და რუსეთში მყოფი ქართველებისთვის - არა? ნინო ჩხეიძემ უფასოდ რომ იმღეროს რუსეთში, ეს არ შეიძლება და "ნაციონალმა" კობა ნაყოფიამ ქალაქ ორიოლში ბიზნესი რომ აკეთოს და მილიონები იშოვნოს, ეს შეიძლება? აა, კობა ნაყოფია ხომ მიშა სააკაშვილის პირადი "გოლდენ-ქარდი" იყო და მას ყველაფერი ეპატიება.
"ნაცაქტივი" ყველანაირად ცდილობდა, ამ სამი მომღერლის მოსკოვში ვიზიტი ხელისუფლებასთან დაეკავშირებინა, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, - ხუბუტიამ ცალკე გადაუხადა მაგათ და ცალკე, ბიძინა ივანიშვილმა და იმიტომ გადაიბირეს, ძალიან ბევრი გადაუხადეს, თორემ ისე ეგენი მოსკოვში წამსვლელები არ იყვნენო. თუმცა, ამ აბსურდული ვერსიისა არავის სჯერა. ერთი, რომ მომღერლებმა უფასოდ იმღერეს და მეორეც, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედიით შეიტყვეს მათი მოსკოვში ყოფნის ამბავი. ვიდრე "ნაცბანდის" ლაქიები ხელისუფლებას დააბრალებდნენ ამ მომღერალთა მოსკოვურ "თბილისობაზე" გამოსვლას, ვიდრე იწიოკებდნენ, რომ მათი მოსკოვში სიმღერა ქვეყნის ღალატი და 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების შეურაცხყოფაა, ურიგო არ იქნებოდა, ამ ტვინგაწყალებულებს ერთი ამბავი გაეხსენებინათ. 2008 წლის ნოემბერში, ომიდან რაღაც 3 თვის შემდეგ, საქართველოს იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ წერილი გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მორჩილებით სთხოვდა, რუსეთში გამართულიყო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ასევე, "ერისიონისა" და სხვა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და გამოფენები. გესმით, იმ "ერისიონის" კონცერტების გამართვას სთავაზობდა ვაშაძე რუსებს, "ნაცებმა" რომ შავი დღე აყარეს, მოსკოვში რატომ იცეკვეთო. მოკლედ, ეს "თბილისობა" მიმიქარავს, იქ ისეთი ამბავი უნდა ყოფილიყო, თანაც რამდენიმედღიანი, თუ რამდენიმეკვირიანი არა. სხვათა შორის, იმ დროს, ამ ანტიერისიონულ კამპანიაში თავად გრიგოლ ვაშაძეც იყო ჩართული, მაგრამ მის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ეს წერილი რომ ამოუქექა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა, მისი წკმუტი აღარავის გაუგია ამ თემაზე. რა გამოდის? მიშა სააკაშვილის ნება როცა იყო, ქართველ ხელოვანებს ომიდან 3 თვეში შეეძლოთ მოსკოვში ჩასვლა და კონცერტების გამართვა, მაშინ აღარც მოღალატეებს დაუძახებდა მათ ვინმე და არც გმირულად დაღუპული ვაჟკაცების სულები შეაწუხებდნენ. აი, თუ მიხეილ ხუბუტიამ ომიდან 6 წლის მერე 3 მომღერალი ჩაიყვანა მოსკოვში, ეს უკვე ქვეყნის დაქცევაა. კი მაგრამ, 2008 წლის ნოემბერში საქართველო ოკუპირებული არ იყო, პუტინი კიდევ კაციჭამია? აკი მაშინ ჯერაც მოუშუშებელი გვქონდა ომით მოყენებული ჭრილობები? სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილები ჯერაც კარვებში ცხოვრობდნენ და ათობით დაღუპული მებრძოლისა და მშვიდობიანი მოქალაქის ასავალი არავინ იცოდა. ქვეყანაში გლოვა იყო, გრიგოლ ვაშაძე კი ქართველ ხელოვანებს მოსკოვში წაყვანას უპირებდა, მიშას ეგრე უნდოდა და მორჩა! აი, ეგეთი სამართალი, ეგეთი ორმაგი სტანდარტები ჰქონდათ "ნაცებს" და ეგრე ჭრიდნენ და კერავდნენ, იმიტომაც ეტირათ ყოფის დღე! ისე, რუსეთის კულტურის მინისტრის დედა ვატირე, ვაშაძის ამ წინადადებას რომ არ დასთანხმდა და 2009 წელი ქართველებმა ტაშ-ფანდურით არ მიულოცეს ოკუპანტ რუსებს, დღეს ხომ ხმაჩაწყვეტილები იქნებოდნენ ეს რუსოფილები, პატრიოტობას რომ იბრალებენ.
პარასკევს, ტვ-"იმედზე" ინგა გრიგოლიას "რე-აქციის" მთავარი თემა სწორედ ეს სკანდალური "თბილისობა" იყო. გრიგოლიამ მოსკოვიდან მიხეილ ხუბუტიაც ჩაერთო, რომელმაც ერთი საგულისხმო რამ განაცხადა, ჟენევაში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი შემხვდა და მითხრა, მიშა სოჭში თუ ჩამოვა, მოახდენ მასთან რუსეთში ქართველთა დიასპორის შეხვედრის ორგანიზებასო? ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნებოდა. სააკაშვილი დღეს ყველა საშუალებას მიმართავს, რომ როგორმე პოლიტიკური მძორის სტატუსი მოიცილოს და ძალები იმდენად მაინც მოიკრიბოს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს. დღეს უკვე იმ მიხეილ ხუბუტიას დახმარებაც დასჭირდა, რომელსაც მოღალატესა და "ფე-ეს-ბე"-ს აგენტს ეძახდნენ თავადაც და "მიშმადიდებლებიც" თუმცა, ეს ხუბუტიასა და სააკაშვილის პირველი შესაძლო კონტაქტი არ არის. მიშა მოსკოვში არაერთხელ სტუმრობდა ხუბუტიას. მათ შორის, პრეზიდენტის რანგში და რა ვიცი, როცა მან მოიძულა, მერე გახდა ეს კაცი კრემლის ლაქია და აგენტი? მეეჭვება ძალიან, ხუბუტიას არასდროს დაუმალავს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და სიმპათიები და როცა სააკაშვილი მასთან დარბოდა მოსკოვში, მაშინაც აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინის ძმაკაცი იყო...
ვიდრე ამ წერილს დავასრულებ, მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან მომენტზე უნდა შევაჩერო. მოსკოვში ნინო ჩხეიძემაც იმღერა, ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილის მეუღლემ. კორახაშვილი არამხოლოდ ვანო მერაბიშვილის ძმაკაცი იყო, "ნაციონალთა" ერთ-ერთი დამფინანსებელიც. გავრცელებული ინფორმაციით, ის არა მხოლოდ პარტიას, ცალკეულ ლიდერებსაც აფინანსებდა. მოკლედ, სააკაშვილის კარზე მიღებულ და პატივდებული ბიზნესმენი გახლდათ. გიორგი კორახაშვილი გონიერი და შორსმჭვრეტელი კაცია, აი, ასჯერ რომ გაზომავს და ერთხელ გაჭრის, ეგეთი. ეს მისი ახლობლებისგან ვიცი. ახლა დაფიქრდით. ასეთი ფრთხილი კაცი, მოსკოვში, მოსკოვის მერიისა და მიხეილ ხუბუტიას კონცერტზე ისე გაუშვებდა მეუღლეს, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო იმაში, რომ ამის გამო, არავინ არასდროს არ მოსთხოვდა პასუხს? ამის დაშვება შეუძლებელია. ეს კი ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. "ნაცმოძრაობის" კულუარებში ღრმად ჩახედულმა გიორგი კორახაშვილმა ჩინებულად იცის, რომ სააკაშვილის საქმეც წასულია, მერაბიშვილისაც და მთელი "ნაცმოძრაობისაც", მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ, უმცირესიც კი. სხვა შემთხვევაში, კორახაშვილი მეუღლეს მოსკოვში არ გაუშვებდა...
ცნობილია, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ ოპონენტებს და მტრებს, თავისიანებსაც არ ენდობოდა და თითქმის ყველა მათგანზე ფარული ჩანაწერები ჰქონდა გაკეთებული. იმასაც ამბობენ, კომპრომატები ჰქონდა თავის კარის მომღერლებზეცო. ისიც ვიცით, რომ ამ ჩანაწერების სრული თუ არა დიდი ნაწილი ხელისუფლების ხელში გადმოვიდა. მოსკოვური "თბილისობის" შემდეგ ის ვერსიაც ამუშავდა, რომ სწორედ ამ ჩანაწერების გავრცელების შიშით შეიცვალეს "მიშას დამკვრელებმა" პოლიტიკური ორიენტაცია და ახალ ნავში გადასხდნენ. ისე, ამათგან იმდენი რამე გვახსოვს, გასაკვირი მართლაც არაფერია...