რომელ მინისტრებს მოხსნის ირაკლი ღარიბაშვილი და რის გამო დანიშნეს ზვიად ჯანყარაშვილი

რომელ მინისტრებს მოხსნის ირაკლი ღარიბაშვილი და რის გამო დანიშნეს ზვიად ჯანყარაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად?

კვირა პოზიტივით დასრულდა, გორში, ცენტრალურ სტადიონზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ცხინვალის "ლიახვს" "თბილისი" უჩვეულო შემადგენლობით წაეთამაშა. ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, თამაშობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მან კალაძეს გუნდის კაპიტნობა დააწერა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცოტა მოსუქებულა. "პაწოს" ბიჭი, შინაგან საქმეთა ბუთხუზა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ისეთი მეკარე იყო, კასილასს შეშურდებოდა. მისი გაბარიტების წყალობით, მოწინააღმდეგეს ბურთის შეგდება უჭირდა, თუმცა თამაში ფრედ - 4:4 დასრულდა. ღარიბაშვილმა თქვა, ასე მტერი დამემარცხებინოსო და მოწინააღმდეგის კარში სამი გოლი გაიტანა. "საკმაოდ უჩვეულო ფორმაში ვართ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი იდეა, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე სპორტი. იდეა დაიბადა დაახლოებით ორი თვის წინ, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. შევიტყვე, რომ ჩვენს ოს ძმებს სურდათ გორში ჩამოსვლა და კარიერის გაგრძელება ჩვენთან. ამ ინიციატივას მაქსიმალურად დავუჭირეთ მხარი. ისინი ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ და პრაქტიკულად, ყველა გუნდს უგებენ მეორე ლიგაში. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ოს ძმებთან ერთად ძალიან მეგობრული თამაში გავმართოთ. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ჩვენს ძმებს - ოსებსა და ქართველებს შორის", - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უჩვეულო ფორმაში გამოჩენამ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის პიარსვლები გაახსენა. თუმცა ასეთი პიარსვლები არც მიშას მოგონილია და არც ჯორჯ ვაშინგტონის, აპიარებენ ვაია, არ აპიარებენ და უი, მთავარია, პიარსვლების მიღმა რეალური შედეგი დაიდოს. 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლება პასიურია და ის თავისი გაკეთებული საქმეების სწორად წარმოჩენას ვერ ახერხებს:  

- აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი კიდევ ერთ საკადრო კარუსელს დაატრიალებს. პოსტებს დატოვებენ - განათლების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალოვანი უწყების მინისტრი, თუმცა ეს უკანასკნელი არ კონკრეტდება. ელოდებით თუ არა მთავრობაში ცვლილებებს? 
- მთავრობაში არანაირ არსებით ცვლილებებს არ ველოდები, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება შინაგან წინააღმდეგობებს ნაკლებად შეიცავს. ის, რა პრეტენზიებიც არის ხელისუფლების მიმართ, ამ პრეტენზიებს ნაკლებად იზიარებენ თვითონ ხელისუფლებაში. სახელისფულებო ელიტა ერთგვაროვანია. გარკვეული თვალსაზრისით, ის ერთგვაროვანია, იმაშიც, რომ პასიურია მოქმედებაში, ასევე პასიურია თავისი ნამოქმედარის აფიშირებაში. წულუკიანმაც კი აღნიშნა ეს. ზოგადი პასიურობა არის ერთ-ერთი ნიშანი ამ ხელისუფლების. ეს არის მათი პლუსიც და მინუსიც. ისინი არ არიან ისე აგრესიულად განწყობილი საზოგადოების მიმართ, როგორც წინა ხელისუფლება იყო. ეს კარგია, ასევე ადვილად მიდიან დათმობებზე, თუკი საზოგადოება მიუთითებს რაიმე შეცდომაზე, მაგრამ თავისი ხასიათით ისინი არიან პასიურები. მათ შორის სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ამ პასიურობას კი აქვს თავისი გამოძახილები, მე ვიტყოდი, უცხოეთშიც, იმიტომ, რომ ის კრიტიკა და ამ პროცესის შინაარსის შემოტრიალება, რაც ხდება, არიქა პოლიტიკური დევნაა და არა სამართლიანობის აღდგენა, როგორც ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი წარმოაჩენს ამ საქმეს, ესეც ამ ხელისუფლების პასიურობის პროდუქტია. 

- ხედავთ თუ არა სახელისუფლებო კრიზისის ნიშნებს და სახელისუფლებო გუნდს რამდენად ელოდება ორად გაყოფა? პრემიერი აძლიერებს თავის პოლიტიკურ პარტიას და აღმასრულებელ მდივნად დაასახელა ზვიად ჯანყარაშვილი. რა პროცესებს უნდა ველოდოთ? 
- პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან რა ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას, ეს ნაბიჯები ვერ დაასუსტებს ღარიბაშვილის ძალაუფლებას, ვერ დაასუსტებს იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად მარგველაშვილის ხელში არანაირი ძალაუფლება არ არის. მის ამ ნაბიჯებს მხოლოდ ფსიქოლოგიური დატვირთვა თუ ექნება, რომელსაც დაკვირვებული თვალი შეამჩნევს. მეტიც, მასმედიის მთლიანი კორპუსისთვისაც შეიძლება არ იყოს ეს თვალშისაცემი. ვინც პოლიტიკითაა დაკავებული, მხოლოდ ის თუ შეამჩნევს ამას, თორემ მოსახლეობისთვის ეს ისეთი მკაფიო და ანგარიშგასაწევი არ იქნება, რადგან მოსახლეობა ანგარიშს უწევს ძალაუფლებას. ამას არც ნიშნისმოგებით ვამბობ და არც სინანულით, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ტიპის არჩევნებში ხელისუფლება იღებს იმას, რაც სურს, ვინც არ უნდა იყოს ეს პარტია. 86% აიღო არჩევნებზე თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ, როგორც პრეზიდენტმა, ხოლო ნახევარ წელიწადში ედუარდ შევარდნაძემ - 96%. ასე რომ, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, ადამიანებმა იმისკენ გადაძალეს თავისი არჩევანი. ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნიშანია ისე, როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ, ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის გაზრდა საფრთხეს არ უქმნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მანამ, სანამ არჩევნები არ დადგება. არჩევნების მომენტში კი შესაძლოა, ყოველგვარი ძალაუფლების გარეშე მყოფმა პიროვნებამ აიღოს ხმები, როგორც ეს მოხდა ივანიშვილის შემთხვევაში, მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაშიც ვერ იტყვი, რომ ეს ტიპური მაგალითია, რადგან ივანიშვილის პირობებში ერთ მხარეს იყო სააკაშვილის ცოცხების შიში, ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილის ქველმოქმედების რამდენიმეწლიანი ისტორია. აი, ამ არჩევანის წინაშე იდგა ხალხი. მარგველაშვილს ასეთი ისტორია არ აქვს და მოსახლეობას ასეთ საფრთხეს არ უქმნის, რომ ორი წლის მერე ჩვენ ვნახოთ არჩევნების შემდეგ მათი დუელი. ასეც რომ მოხდეს, ამ დუელს არ ექნება სერიოზული რისკი "ქართული ოცნებისთვის". მარგველაშვილს სურს, რომ შეძლებისდაგვარად გაამყაროს პოზიციები, ანალოგიური სურვილები აქვს ღარიბაშვილს. 

- თქვენი აზრით, რატომ შეხვდა პრეზიდენტი ტელევიზიის წამყვანებს მაშინ, როცა თემა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იყო და ეს წამყვანების კვალიფიკაციას სცილდება, რა იმალება ამ ლამაზად შეფუთული პიარსვლის მიღმა? 
- ის, თუ რატომ შეხვდა პრეზიდენტი ტელევიზიის წამყვანებს, ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საინფორმაციო მხარდაჭერის გარანტიებს იღებს. ეს ბუნებრივი ამბავია, პრეზიდენტს სჭირდება ძალაუფლება და ის ამ ძალაუფლების გამტკიცების გზით მიდის. მას აქვს სურვილი, მორალური ძალა მაინც ჰქონდეს, რომ ადვილად არ დააჩაგვრინოს თავი ოპონენტებს. 

- რაც შეეხება პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნას, ფიქრობთ თუ არა, რომ პრემიერმა კახი კალაძის, როგორც პარტიის გენერალური მდივნის ძალაუფლება ჯანყარაშვილით დააბალანსა? 
- საინფორმაციო სივრცეში ტრიალებს ის თემა, რომ პრემიერსა და კალაძეს შორის ურთიერთობები მთლად თბილი არ არის და მათ შორის კონკურენციაა, მაგრამ მე მიჭირს ამაზე დეტალური საუბარი. ერთი რამ ფაქტია. არ გამოვრიცხავ, რომ კახი კალაძე ცოტა სხვა ტიპის პოლიტიკის მომხრე იყოს, როგორც გარკვეული ხასიათის მქონე პიროვნებაა, ვიდრე ღარიბაშვილი. პიროვნულად ისინი სხვადასხვა სტილის ხალხია, კალაძე უფრო ღიაა, უფრო კომუნიკაბელურია, უფრო თავისუფალია ურთიერთობებში, მას ჰქონდა ღიაობის პერიოდი, მთელი მისი ბიოგრაფია მიანიშნებს, რომ ის სულ იყო საზოგადოებასთან ურთიერთობაში და იყო პოპულარული ფეხბურთელი. ღარიბაშვილს უფრო კაბინეტური სტილი ახასიათებს. ფაქტობრივად, ის ახლახან შემოვიდა პოლიტიკაში. გავიხსენოთ, რომ საჯარო ურთიერთობები გარკვეული ტვირთი აღმოჩნდა ივანიშვილისთვისაც, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა. ამიტომ, როცა არ ხარ მიჩვეული, ასეთ საჯარო ურთიერთობებში ყოფნა ადვილი ნამდვილად არ არის. ამიტომ არ მიკვირს, რომ ამ ორ ადამიანს ჰქონდეს პოლიტიკური მართვის სხვადასხვა სტილი. ის, რომ კალაძე და ღარიბაშვილი მმართველობის სტილით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვა, ისინი დაპირისპირებულები არიან, რადგან სიტყვა "დაპირისპირება" უფრო მძაფრია, ვიდრე არსებული სიტუაცია. 

- ფაქტია, რომ ერთი ბომონი ორ ლიდერს ვერ დაიტევს. გამორიცხავთ, რომ კახი კალაძემ წამოიწყოს დამოუკიდებელი თამაში, შექმნას პოლიტიკური პარტია და მას მხარი დაუჭიროს პრეზიდენტმა? და კალაძემ რომ შექმნას პარტია და მხარი დაუჭიროს პრეზიდენტმა, როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი გაჰყვება ამ ორი კაცის ალიანსს? 
- თუ გამოვალთ იმ პრინციპიდან, რომ ხალხი ძალაუფლებას უჭერს მხარს. ძალაუფლება არც კალაძეს აქვს და არც მარგველაშვილს. იმისთვის, რომ ძალაუფლების არმქონე ლიდერებმა ხალხის ყურადღება მიიქციონ და მათ მხარი დაუჭირონ, უნდა არსებობდეს ძალიან სერიოზული კრიზისი თვითონ ხელისუფლებაში და ამ კრიზისის დამბალანსებლად უნდა აღიქმებოდნენ ეს ფიგურები. გავიხსენოთ შევარდნაძის მიმართ დამოკიდებულება და სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის გუნდი. იქ კრიზისის წყაროდ მიჩნეული იყო შევარდნაძე, რომელიც აჩერებდა რეფორმებს და მეორე მხარეს იდგა რეფორმატორთა გუნდი, რომლებიც ამ რეფორმებს მოიტანდნენ. ამან გადაწყვიტა ხალხის გადასვლა სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის მხარეს. მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ სახელისუფლებო კრიზისის ნიშნებს, სანამ ამ ხელისუფლების ალტერნატივად იქნება "ნაციონალური მოძრაობა", სახელისუფლო გუნდის მიმართ უკმაყოფილება არასოდეს მიაღწევს პიკს. იმიტომ, რომ უფრო დიდი უკმაყოფილების წყარო არის "ნაციონალური მოძრაობა", ხალხის აღქმაში არის ასეთი რამ დალექილი, თუ ეს ხელისუფლება წავა, შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდეს. საზოგადოებისთვის კი მათი მოსვლა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის პასიურობა, რომელსაც ამ ხელისუფლებას უჩივიან. 

- ამიტომაც გაკეთდა პირველი პოლიტიკური რეფორმა, სახელად "შუა გაკრეფილები". ფაქტობრივად, არასაპარლამენტო ოპოზიცია მარტივ მამრავლებად დაიშალა, არჩევანი აღარ არის, დარჩა მხოლოდ ნინო ბურჯანაძე, რომელმაც გააერთიანა "ქრისტიან-დემოკრატები" და ჯონდი ბაღათურია, "ლეიბორისტები", "პატრიოტთა ალიანსი". 
- სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება სხვა ოპოზიციის გაძლიერებას ხელს არ უწყობს. გამსახურდიას ხელისუფლებიდან დაწყებული, სააკაშვილის რეჟიმით დასრულებული, ჩვენ სადმე გვინახავს, როცა ხელისუფლება ოპოზიციას ხელს უწყობს გაძლიერებაში? ჩვენს რეალობაში დიდი დემოკრატობაა, თუ ძალის გამოყენებით არ დასდევს ხელისუფლება ოპოზიციას. ოპოზიციამ თვითონ უნდა იპოვოს თავისი ადგილი, ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ ძალიან მძიმე სურათი მივიღეთ, არასაპარლამენტო ოპოზიციას უფრო მეტი მანდატი უნდა აეღო, მაგრამ მე ამას ოპოზიციას არ დავაბრალებდი. რომ გავიხსენოთ უახლესი ისტორია, მოსახლეობა თვითონ კლავს ოპოზიციას. თუ ხალხმა ოპოზიციას ხმა არ მისცა, რის ხარჯზე უნდა იარსებოს? 

- იქნებ ოპოზიცია ვერ ახერხებს თავისი პოლიტიკური გზა განვლოს ისე, რომ ხალხი მას ენდოს? 
- მე არ ვარ იმის მომხრე, ჩავთვალო, რომ ხალხი ყოველთვის მართალია და პოლიტიკური ლიდერები ყოველთვის ცდებიან. ხალხი რომ ყოველთვის მართალი იყოს, ალბათ, უკეთესი ცხოვრება გვექნებოდა. როგორ შეიძლება, ხალხი იყოს მართალი, როდესაც გაჭირვებულ ქვეყანაში, რომელსაც 24 წელია ქრონიკული უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები მოსდევს, ამ ხალხმა არანაირი ყურადღება არ მიაქცია მემარჯვენე პარტიას. ეს ახლა ნორმალურია?!. ასე რომ, ამ შემთხვევაში მე არ ვარ მომხრე, ხალხს თავზე ხელი გადავუსვათ და ვუთხრათ, რომ შენ ყოველვის მართალი ხარ, პირიქით, ხალხმა უნდა იცოდეს, სად უშვებს შეცდომას. დემოკრატიის ძირითადი გასაღები დევს ხალხში და თუ ხალხი ამ გასაღებს სწორად არ ხმარობს, იმ ხალხისგან არაფერი არ გამოვა და მიმაჩნია, რომ ჩვენთან ხალხი არ ხმარობს სწორად ამ გასაღებს. საზოგადოება ჯერ აკანონებს ერთი პარტიის ძალაუფლებას, მერე კი ასარჩევი აღარ აქვს. როცა ასარჩევი აღარ არის, კონკურენცია კვდება პარტიებს შორის და პარტიასაც მოტივი ეკარგება, იყოს უკეთესი. ხალხი რომ სპობს პარტიების კონკურენციას, ეს ნიშნავს, რომ ის ანადგურებს ხარისხს. ამიტომ არის, რომ აღარ გვივარგა პოლიტიკური ხარისხი და მერე აღარ გვაწყობს ეს პარტიები. ასე რომ, ოპოზიციას ჩვენი ხელით ვსპობთ, მერე კი არ მოგვწონს ის, რომ მმართველი პარტია არ იქცევა ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა. არც მოიქცევა, რადგან მას კონკურენტი არ ჰყავს. 

- თქვენ არ გიპასუხიათ კითხვაზე, ზვიად ჯანყარაშვილის აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა ნიშნავს თუ არა კალაძის ძალაუფლების დაბალანსებას? 
- მე არ ვიტყოდი, რომ კახი კალაძე პრემიერმა ჩააჩოჩა, არსებობდა რეალური მოტივი იმისა, რომ კახი კალაძე პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე არ იქნებოდა იდეალური. რადგან კალაძეს არანაირი პარტიული გამოცდილება არ გააჩნია, პარტიის მშენებლობას გამოცდილება და ცოდნა სჭირდება და მას თავისი პრობლემები აქვს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ჯანყარაშვილის დანიშვნა გამოწვეული იყო იმით, რომ არსებობდა პარტიის მშენებლობის დეფიციტი და ამ დეფიციტის კომპენსაციის მიზნით დანიშნა პრემიერმა ჯანყარაშვილი. სხვათა შორის, ძალიან რთული საქმეა პარტიის მშენებლობა, პარტიების ისტორიაში სულ რამდენიმე კაცი იყო, ვისაც პარტიის გაკეთების ნიჭი აღმოაჩნდა, მაგალითად, ზურაბ ჟვანია. ის ძალიან ადვილად ართმევდა თავს ამ საქმეს, ამიტომ დანიშნა ჟვანია თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირის" გენერალურ მდივნად ედუარდ შევარდნაძემ. მე მაგალითად, არ მახსენდება უახლეს ქართულ პოლიტიკაში ისეთი პიროვნება, რომელსაც ჟვანიასავით კარგად გამოსდიოდეს პარტიის მშენებლობა. პარტია მაშინ ხარ ძლიერი, როცა ხალხი მაშინ დაგიდგება გვერდით, როცა გიჭირს. სამწუხაროდ, ახალ სახელისუფლებო პარტიის მკვეთრ იდეოლოგიას ვერ ვხედავ. ეს პრობლემა თითქმის ყველა სახელისუფლებო პარტიას ჰქონდა, ისინი ამბობდნენ, მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ როგორ და რა გზით, თვითონაც არ იციან. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ კვალიფიციურ კადრებს აზრს არ ეკითხებიან, არადა ეს კადრები მათ წინ არის და ეუბნებიან, გამოგვიყენეთო. როცა შემოთავაზებას არ იღებ, გიჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას არ უნდა იმ მიზნის მიღწევა, რაც მას დასახული აქვს. ამა თუ იმ მიმართულებით იდეოლოგიის გაკეთება, ყველა პარტიისთვის იყო მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობის დროს, მხოლოდ მაშინ ეძახიან პროფესიონალებს პროგრამის დასაწერად, მაგრამ სამოქმედო პროგრამა კიდევ სხვა რამეს ნიშნავს. იმ საარჩევნო პროგრამასაც წერენ და მერე აღარ ასრულებენ.