საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ახლახან წაუყენეს ბრალდებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ეს მომენტი დიდი ხნის წინ უნდა დამდგარიყო, თუმცა სენატში მისი მეგობრების დიდი ნაწილი, მათ შორის სენატორები მაკეინი, შაჰინი, რუბიო და რიში, დღესაც უარყოფენ რეალობას. როგორც ამერიკელს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა სააკაშვილის რეჟიმის ბნელი მხარე, მე მრცხვენია, რომ ჩვენი სენატორები განაგრძობენ მის მხარდაჭერას.
ამ ოთხმა სენატორმა საჯაროდ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ის დემოკრატი მოკავშირე, რომლის მებრძოლები ჩვენს სამხედრო ძალებთან მხარდამხარ მსახურობენ მსოფლიოს ბევრ კუთხეში, იმისთვის, რომ მან წამოიწყო გამოძიება სააკაშვილის წინააღმდეგ, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა ამ გამოძიების გაგრძელების შესახებ.
სააკაშვილის მიცემას სამართალში შვიდი წელი დასჭირდა - მისი თვალთმაქცობისა და სიცრუის შვიდი წელი, შვიდი წელი, რომელთა განმავლობაშიც სენატორები ორივე პარტიიდან და ტაფტის უნივერსიტეტის დეეკანი ჯეიმს სტავრიდისი ეფოფინებოდნენ სააკაშვილს. მაგრამ იმედია, რომ, ლას-ვეგასის მსგავსად, შვიდიანი ბედნიერი რიცხვი აღმოჩნდება. რა უფლებით ვწერ ამ შვიდი წლის შესახებ? მე ჩემს თავზე გამოვცადე ეს შვიდი წელი.
მართალია, „ნიუ-იორკ ტაიმსში“ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია სააკაშვილის, როგორც რეპუტაციაშელახული ლიდერის, არც თუ ისე სახარბიელო დახასიათება, და გამოთქმულია აზრი, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმთავითვე არ უნდა ჩაეკრათ ის გულში, ასევე ნახსენებია მის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული წაყენებული ბრალდებები, სტატიაში არაფერია ნათქვამი ბრალდების შესახებ, რომელიც ეხება ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას. 2006-2009 წლებში სწორედ მე გახლდით ამ დამოუკიდებელი ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი.
2006 წლის ოქტომბერში, რუპერტ მერდოკის კორპორაციის News Corp დავალებით, მე ჩავედი საქართველოში, რათა მეხელმძღვანელა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. ეს იყო საქართველოში ყველაზე პოპულარული და პატივცემული ტელევიზია. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო აკონტროლებდა მედიასაშუალებებს, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, რათა უზრუნველგვეყო „იმედის“ დამოუკიდებლობა.
ჩემს კოლეგებთან ერთად მეც ტელევიზიის შენობაში ვიყავი 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა ის გაავერანეს სააკაშვილისზონდერებმა, რომლებიც პარალელურად ახორციელებდნენ მისი ხელისუფლების გასაპროტესტებლად გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას თბილისის ცენტრში. სახეზე ნიღბები ეკეთათ, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მათი ამოცნობა, ხელში კი აკ-47 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ეკავათ, რომელიც ჩვენი რვათვენახევრის ორსული თანამშრომლის მუცელზე ჰქონდათ მიშვერილი. ის კი ჩანასახის პოზაში მოკუნტულიყო და ასე ცდილობდა ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის დაცვას.
მე ვხედავდი, როგორ უმიზნებდნენ თავში ძირს მოკრუნჩხულ ახალგაზრდა თანამშრომელს, რომელსაც ხელები სახეზე აეფარა იმ იმედით, რომ თავში არ ესროდნენ. მობილური ტელეფონები ჩამოგვართვეს და დააზიანეს თანამშრომელთა კომპიუტერები. მაშ, როგორ და რატომ ხდება ასეთი რამ? ვინ გასცემს კერძო ტელევიზიის დარბევისა და მისი თანამშრომლების მძევლად აყვანის ბრძანებას?
ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონზე ნაკლებია, მხოლოდ ერთ ადამიანს - პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ძალაუფლება, გაეცა ასეთი დარბევის ბრძანება.
ყველასთვის ნათელი იყო, ვინ გასცა ბრძანება. თავდასხმიდან ორ დღეში ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მმართველები რუსეთის ჯაშუშები იყვნენ, რაც წარმოადგენს ჩვეულ ხერხს, რომელსაც სააკაშვილი დღესაც იყენებს თავისი კონკურენტის წინააღმდეგ. როცა ამ ტყუილის ანკესზე არავინ წამოეგო, დარბევის მიზეზად გამოცხადდა ის, რომ ტელევიზია არ ამბობდა სიმართლეს ხელისუფლების შესახებ. ესეც სიცრუე იყო. სინამდვილეში სწორედ სიმართლის თქმა იყო პირველმიზეზი ხელისუფლებასთან ჩვენი პრობლემებისა.
ჩვენი ტელევიზია 30 დღის განმავლობაში არ გასულა ეთერში. დარბევის შედეგად ტექნიკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა მილიონ დოლარს აღემატებოდა. ტელევიზიამ მილიონობით დოლარის შემოსავალი დაკარგა. მიუხედავად ამისა, შვიდი წლის განმავლობაში ამ დანაშაულზე პასუხი არავის მოეკითხა.
ახალ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კანონის უზენაესობის დამკვიდრება, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი გაქცეულია და ემალება ქართულ პოლიციას. ეს კი მაძლევს იმედს, რომ ის, რაც დატრიალდა ნოემბრის იმ დღეს, სათანადოდ შეფასდება სასამართლოში და სამართალი უზრუნველყოფილი იქნება ყველასთვის, ვინც გადავიტანეთ ის საშინელი დღე და ღამე.
სააკაშვილი მოვიდა ძალაუფლებაში ვარდების რევოლუციის დროს, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ ვარდს ფოთლები საბოლოოდ შემოახმა. სენატორები მაკეინი, შაჰინი, რუბიო და რიში ალბათ დააბრმავა სააკაშვილის უკომპრომისო რიტორიკამ პუტინის წინააღმდეგ. მათ გამოეპარათ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა სერიული დამრღვევი იყო, რომელიც ზედამხედველობდა ციხეში სისტემატურ წამებას და მიწასთან ასწორებდა თავისუფალ პრესას.
იმედია, რომ დღეს, როცა სააკაშვილი სამართალში მისცეს, ეს სენატორები ხელახლა განიხილავენ თავიანთ პოზიციას მასზე. ჩვენა ლიდერებმა უნდა გაავრცელონ მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ტირანული ქცევა, თუნდაც ეგრეთწოდებული მოკავშირეებისაგან.
http://thehill.com/blogs/congress-blog/foreign-policy/220303-why-do-us-senators-support-a-tyrant