ვინ და რატომ ითხოვს ზვიად ქორიძის დაჭერას, შეწყალების კომისიის დაშლას და მთავრობისთვის მის გადაბარებას?

ვინ და რატომ ითხოვს ზვიად ქორიძის დაჭერას, შეწყალების კომისიის დაშლას და მთავრობისთვის მის გადაბარებას?

შეწყალების კომისია ჩვენთან დიდი ხანია ,,შეუწყალებლობის’‘ კომისიის სახელით სარგებლობს. კომისიამ, არსებობის დღიდან, მრავალი წევრი, თავმჯდომარე და დებულება შეიცვალა. ერთადერთი, რაც უცვლელია - შეწყალების ინსტიტუტს მუდმივად ერთპიროვნულად პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს და მას იმპერატიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას თავად კანონი აძლევს. მაგალითად, თუკი კომისია მხოლოდ იმ პატიმართა განცხადებებს განიხილავს, რომელიც დებულებების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, პრეზიდენტს პატიმრის შეწყალება ამ კრიტერიუმების გვერდის ავლითაც შეუძლია. ეს ჰუმანური მიდგომა კი ხშირად თავშისაცემად გვექცევა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოქმედი პრეზიდენტის მიერ ცოლისძმის, სამჯერ ნასამართლევი პატიმრის შეწყალება გახდა, რომელსაც სასჯელის მესამედიც კი არ ჰქონდა მოხდილი. ჰოდა, როცა ასეთი პრეცედენტი არსებობს, პრეცედენტები კი ტრადიციას ქმნის, ამ კომისიის მიმართ საზოგადოებაში ნდობა, ტრადიციულად, ძალიან დაბალია. შეწყალებული პატიმრების მიმართ შიში კი - ძალიან დიდი.    

 8 ოქტომბერს შეწყალების კომისიამ 699 განხილული განცხადების მიხედვით, 115 მსჯავრდებულს ვერდიქტი გამოუტანა - აქედან 88 სრულად შეიწყალა და მათ ციხეები იმავე ღამეს დატოვეს, დანარჩენ 27-ს კი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 7 არასრულწლოვანია, აქედან 4 სრულად გათავისუფლდა, სამს სასჯელი შეუმცირდა. გათავისუფლებულებს შორის მხოლოდ ერთი ქალია, რაც კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ იმით აგვიხსნა, რომ განსახილველ განცხადებათა შორის, ქალების ხვედრითი წილი ისედაც დაბალი იყო. მეტ განცხადებას ქალი პატიმრებისგან იგი მომავალ განხილვაზე ელის. ,,ვერსიისთვის’‘ ცნობილი გახდა ყველა ის მუხლი და შესაბამისი მუხლით გამოსულ პატიმართა რაოდენობა, ვისაც შეწყალება შეეხო: 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) ორი ადამიანია შეწყალებული, 177-ე მუხლით - 10 პატიმარი, 178-ე მუხლით - 1 კაცი, 260-ე მუხლით - 46 კაცი, 260-ე და 236-ე მუხლებით - 1 კაცი, 260-ე და 273-ე მუხლებით - 16 პატიმარი, 260-ე პრიმა და 273-ე მუხლებით - 1 კაცი, 273-ე მუხლით - 7 მსჯავრდებული. 273-ე და 238-ე მუხლებით - 1 ადამიანი, 338-ე და 341-ე მუხლებითაც - 1 კაცი. 344-ე მუხლით - 1 კაცი და 381-ე მუხლითაც - 1 მსჯავრდებული. ამ მუხლებით, როგორც მძიმე, ასევე ნაკლებადმძიმე დანაშაულში ბრალდებულები გასამართლდნენ. დანაშაულთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: სრულად გათავისუფლებულებს შორის არიან პირები, ვინც სასჯელს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით იხდიდა. არიან პატიმრები, ვინც ციხეში ქურდობისთვის, ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის, სამსახურეობრივი სიყალბისთვის იხდიდა.

არის მსჯავრდებული, რომელმაც ციხიდან გაქცევა მოახერხა, კიდევ ერთმა სამხედრო ნაწილი თვითნებურად მიატოვა. 260-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებას გულისხმობს, ციხე 50-მდე, ანუ ყველაზე ბევრმა პატიმარმა დატოვა. სასჯელის ვადა კი გაუნახევრდა იმ ორ პირს, ვინც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი დაარღვია და ციხეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჩაჯდა. სწორედ ეს არის სადავო და მარტივი კითხვაც ისმის - როცა პრეზიდენტს რამდენიმე კვირაა უდევს კანონპროექტი უკანონო აბორტების გამკაცრების შესახებ, მასზე წინ ხელს მკვლელობისთვის გასამართლებულთა შეწყალებაზე რა ლოგიკით აწერს? ,,ვერსიისთვის’‘ განმარტება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ გააკეთა: ,,საზოგადოება ამ პროცესს უფრო ჰუმანურად უნდა მოეკიდოს. ხმალამოღებულები კი არ უნდა დავხვდეთ - არ შეიძლება, გამოხვიდე და ციხეში უნდა ჩალპეო. ნუ შევუქმნით საზოგადოებას აზრს, რომ შეწყალება საჭირო არ არის და ციხის გარეთ სამოთხეა. ვინც ყველაზე მეტს საუბრობს იმაზე, რომ მკაცრები და დაუნდობლები უნდა ვიყოთ, შეიძლება, ხვალ თავად აღმოჩნდეს ციხეში, ამისგან დაზღვეული ხომ არავინაა?’‘ რა თქმა უნდა, ჩვენ ის დეტალები არ ვიცით, რაც კომისიის წევრთათვისაა ცნობილი: რა შემამსუბუქებელი გარემოება ახლავს მკვლელობას და ა.შ. მაგრამ ამ დავასა და აჟიოტაჟსაც ზუსტად ის იწვევს, რომ ტექნიკური დებულების გარდა, კომისიისა და პრეზიდენტის მუშაობის შესახებ არაფერი ვიცით. არც საკუთარი მოტივაცია გაუზიარებია ჩვენთვის ვინმეს და არც შემამსუბუქებელი ფაქტები უჩვენებია. ჩვენი საზოგადოება არც ისე არაჰუმანურია, როგორც ჩანს და არც პატიმრებს მიიჩნევს სისხლისმსმელებად - უბრალოდ, მეტი ინფორმაციაა საჭირო იმისთვის, ვენდოთ და რაც შეიძლება ნაკლები ფაქტი უნდა დაფიქსირდეს რომ ნათესავების შერჩევითი შეწყალების შესახებ.

,,ვერსიამ’‘ შეწყალების ამ აქტის შესაფასებლად პროფესიონალ იურისტებს მიმართა. როგორც ლევან ალაფიშვილი აცხადებს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ლოგიკა და არგუმენტი არ სჭირდება, თუმცა მისთვის ხალხის ნაწილის უკმაყოფილებაც გასაგებია, ამიტომ ხარვეზებს თავად კომისიის მუშაობის სტრუქტურაში ხედავს. ,,მესმის, მოსალოდნელ საფრთხეებზე საზოგადოების შიში და სიფრთხილე, მაგრამ ამნისტიისგან განსხვავებით, სადაც შესაძლოა, მძიმე მუხლით დაკავებულები მასობრივად გათავისუფლდნენ, შეწყალების დროს ასე არ ხდება. სხვათა შორის, წინა პრეზიდენტის დროს, შეწყალებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, დღევანდელი მაჩვენებელი კი კრიმინოგენურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. აქ შეიძლება იმაზე ვიდავოთ, რატომ გამოვიდა კონკრეტულად ის პატიმარი და არა სხვა და გაჩნდეს კითხვა, სამართლიანობისა და თანაბრობის პრინციპის შესახებ. რეალურდ, ჩვენ არ ვიცით პრეზიდენტის არგუმენტაცია, არ ვიცით, რის საფუძველზე გასცა კომისიამ რეკომენდაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებთან დაკავშირებით. ამაზე არც საჯარო განცხადება გაუკეთებია ადმინისტრაციასა და კომისიას. ვარაუდის დონეზე ვერ ვიმსჯელებთ, რადგან შეწყალების კომისია ინსტიტუციურად, ჯერ ძალიან გაუმართავი და დახურულია. არ ვიცით კონკრეტული საქმის გარემოებები, რა როგორ აღიქვეს კომისიის წევრებმა, რა პერსონალური მოსაზრებები ჰქონდათ, დებატები როგორ წარიმართა და კენჭისყრით რა გადაწყდა. ეს კი ჯეროვანი შეფასების საშუალებას არ გვაძლევს’‘. უფრო კრიტიკული მოსაზრებები აქვს ,,უფლებათდამცველთა გაერთიანების’‘ ხელმძღვანელს, ნიკოლოზ მჟავანაძეს, რომელიც პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდის: ,,შეიწყალეს მკვლელობისთვის გასამართლებული ორი პირი და საკითხავია, ესენი მარგველაშვილის ნათესავები ხომ არ არიან? მან ისეთ მძიმე დანაშაულზე შეიწყალა საკუთარი ცოლის ნახევარძმა, სამჯერ ნასამართლევი კაცი, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი და 2 წელში ციხიდან გამოვიდა, რომ ამის მერე აღარაფერი გამიკვირდება.

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა ოქროპირიძემ ლაშა მახარაძე მოკლა და ახლაც იგივე რომ განმეორდეს, მერე ხელისუფლების სინანული გამოასწორებს საქმეს?! დღეს შეწყალება შერჩევითია! ისიც გაუგებარია, თუკი კრიმინოგენური მდგომარეობა მძიმდება, მაშინ რატომ ვუშვებთ ციხიდან მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, რათა ეს მდგომარეობა უფრო დავამძიმოთ? თავად კომისია კი, რომელიც ასეთ მძიმე დამნაშავეებს იწყალებს და მსუბუქ დანაშაულში ბრალდებულები შეწყალებას წლობით ელიან, ხალხში ნდობას კარგავს. ისმის კითხვა, საერთოდ აქვს თუ არა აზრი ამ კომისიაში განცხადების შეტანას?! გაოგნებული ვარ ზვიად ქორიძის განცხადებით - მან ერთ-ერთ ქალბატონზე, ანასტასია ზაუტაშვილზე, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზე დაიჭირეს და ციხეში შიმშილობდა, თქვა, განცხადებაც რომ შემოიტანოს, მაინც არ გამოვუშვებთო. ეს რას ნიშნავს? ამის გამო, რაც კომისიაზე პირდაპირი ზეწოლაა, ქორიძე საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირი რომ იყოს, ციხეში დაიჭერდნენ! ზვიად ქორიძე დასაჭერია, იგი კომისიის 4-გვერდიან დებულებას არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს. მეორე მხრივ, პრეზიდენტი კომისიაზე ზეწოლას ახდენს, რადგან არა მგონია, კომისიის წევრებს ვენები გადაეჭრათ, მარგველაშვილის ცოლისძმა გამოვუშვათო. თუკი პრეზიდენტი დაინტერესებული მხარე ერთხელ უკვე იყო, არც ისაა გამორიცხული, ამ მკვლელების შეწყალებაშიც ჩარეულიყო. ამ კომისიაში ქორიძე პრეზიდენტის მიერ დელეგირებულია და სწორედ მის უპასუხისმგებლო განცხადებებს მოჰყვა ორი თვის წინ პატიმრების შიმშილობა. კომისია საერთოდ დასაშლელია, რადგან მის არსებობას აზრი არ აქვს - ეს გახლავთ უფუნქციო კომისია. თავად წევრები ჩემთან პირად საუბარში ამბობენ, აღარ გვინდა აქ მუშაობა, მის ფუნქციონირებას აზრი ეკარგებაო. მესმის, კომისია რაღაც საკითხებს პრეზიდენტთან ათანხმებს, მაგრამ, თუ ასე მუშაობა არ შეუძლია, მაშინ პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას, რაკი სათანადოდ ვერ უძღვება, ნათესავებს იწყალებს, არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს და მთავრობას გადაეცეს!