ადრეც მითქვამს - ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა “მინისტრის ცოლი” არ იყო... ვაკვირდები: იმას, რომ მისი თანამეცხედრე დღეს ქვეყნის მთავარი ჯარისკაცია, არ შეუცვლია - ისევ ისეთი ლაღი, თავისუფალი და “ბიუროკრატიული ვალდებულებებისგან” თავისუფალია. სოციალურ ქსელში, თურმე, წერენ ხოლმე, მინისტრის ცოლს არ ჰგავხარო. “ყველა პოზიციაზე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ - არ დავდივარ ჯიპით, ისევ ისე ვმუშაობ და ხელფასსაც ვიღებ, როგორც ადრე ვმუშაობდი, პაციენტები ყველა სოციალური წრიდან მყავს და ცხოვრებას ისევ ისე რეალურად ვეხები, როგორც აქამდე ვეხებოდი! საერთოდ, პანიკური ადამიანი არ ვარ და ვთვლი, რომ ერთგულება სიჩუმე არაა. მთავარია, ვინმეს მტრულად არ აკრიტიკებდე, თორემ ის, რომ ვიღაცას რაღაცაზე ყურადღება მიაქცევინო, პარანოიალურად არავინ უნდა აღიქვას... ისე, მაინტერესებს, რომელიმე წიგნში წერია, როგორი უნდა იყოს მინისტრის ცოლი? თუ წერია, ავტორი მითხარით, აუცილებლად წავიკითხავ. პატარა გოგო აღარ ვარ, დიდი ხანია, ჩემი პიროვნება სტრუქტურირებულია და ამ დროის განმავლობაში, სტუდენტის ცოლობიდან რომ დავიწყე, მინისტრის ცოლობაც გამომივიდა, ელჩისაც, მეომრისაც, უმუშევრისაც, ქუჩის ოპოზიციონერისაც... ამდენჯერ სახეს რა შეიცვლიდა? მთავარი, მგონი, ისაა, რომ 23 წელია, ადამიანის ცოლი ვარ და არც მე ვარ მხეცი”, - მეუბნება მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი, ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” თერაპიის ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე, რომელსაც სიტყვას აგრესიაზე ვუგდებ:
- ნათია, ადამიანში აგრესია დაბადებიდანვეა კოდირებული თუ შეძენილი თვისებაა?
- ადამიანის არსებობა დიქოტომიურია და აგრესიაც თანდაყოლილი თვისებაა. ჩვენ ცოცხალი, ცხოველი სხეული გვაქვს და ამიტომ, ჩვენი არსებობაც გარკვეულწილად ცხოველურ, ანუ ფიზიკურ გადარჩენას გულისხმობს, მაგრამ ჩვენში მეორე, როგორც უფალს ვეძახით, შემოქმედის ბუნებაცაა, სადაც ადამიანის ყველა კეთილშობილური თვისება იბადება.
- აგრესია გადარჩენისთვის თანდაყოლილი თვისებაა?
- აუცილებლად, მაგრამ ბალანსდარღვეული, ულოგიკო, ზღვარგადასული და დაუსაბუთებელი აგრესია უკვე ჩარევას მოითხოვს.
- ბალანსის დარღვევა ბუნებრივად ხდება თუ ყველაფერში დამნაშავე გარემო პირობებია?
- ვანო, გარემო პირობები, ცხადია, ბევრ რამეშია დამნაშავე - ჩვენი ფსიქიკა მუდმივ დინამიკაშია და მხოლოდ გარეშე კი არა, შინაგან მოვლენებსაც პასუხობს. ადამიანს, შეიძლება, უბრალოდ, თავი სტკიოდეს და ერთმა სიტყვამ ისე გააღიზიანოს, რომ ვინმეს მიმართ, ერთი შეხედვით, უმიზეზო აგრესია გამოავლინოს, მაგრამ ამ აგრესიის მიზეზი შინაგანი დისკომფორტი და წინააღმდეგობებია.
რაც შეეხება გარემო პირობებს, სოციალური და სხვა ფაქტორების გარდა, რომელზეც ფსიქიკას პასუხი აქვს, კოპირებული, ანუ დასწავლილი ქცევაც არსებობს.
- ეს რას ნიშნავს?
- რას და, - როცა ადამიანი საზოგადოებაში აგრესიას, როგორც გამოხატვის ფორმასა და ნორმას ხედავს, მის ქცევაშიც იგივე აისახება. ადამიანების უმეტესობა კონფორმისტია და ყველა ფსიქოლოგიური ექსპერიმეტი ადასტურებს, რომ ინდივიდუალურ პიროვნებად ჩამოყალიბებული, ყველა პოპულაციაში, მხოლოდ ადამიანების 20 პროცენტია, დანარჩენი 80 პროცენტი კი, გარკვეულწილად, კონფორმიზმის მსხვერპლია. ვანო, ალბათ, გინახავს, როცა ერთი თინეიჯერი აგრესიულ ქცევას წამოიწყებს - ვინმეზე იტყვის, რომ მისი ფეხსაცმელი არ მოსწონს და დაცინვას დაიწყებს, ამ აგრესიაში თითქმის მთელი კლასი ერთვება. ამდენად, სხვისი ქცევის კოპირება, მით უმეტეს, დომინანტური ჯგუფის, ან ხელოვნებისა თუ სხვა სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლისგან ნასროლი აგრესია უფრო ფართოდ დათესილი აგრესიაა.
- სხვათა შორის, დღეს ე.წ. ცნობადი სახეების აგრესია ერთობ პოპულარულია და, შესაბამისად, მასაც თვლის, რადგან ცნობილი მსახიობი, პოეტი თუ პოლიტიკოსი აგრესიულია, ესე იგი, აგრესია კარგიაო...
- შემდგარ ხელოვანს, ნებისმიერ შემდგარ პროფესიონალს თავისი “მრევლი”, მისი იდეების გამზიარებელი ჰყავს, საიდანაც შეიძლება, მხოლოდ 20-მა პროცენტმა ინდივიდუალურად დაასკვნას, რომ ამა თუ იმ პირის მიმართ სიმპათიის მიუხედავად, მისგან ნაკარნახევი კონკრეტული აგრესია არასწორია, 80 პროცენტი კი, ამ პიროვნების მიმართ ისევ უკრიტიკო ნდობას შეინარჩუნებს და მის, როგორც ავტორიტეტის აზრს, ანუ ამ შემთხვევაში, აგრესიას, მარტივად გაიზიარებს. ეკრანიდან აგრესიას ხშირად პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებიც აფრქვევენ...
- “ფეისები” აგრესიას მიზანმიმართულად აფრქვევენ?
- არ ვიცი, ამას ცნობიერად აკეთებენ, არაცნობიერად თუ მართლაც, ასეთი შეწუხებულები არიან, ყველას, ალბათ, თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ამ ადამიანს ერთი რამ - დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობა აერთიანებს. როცა თუნდაც ასი ადამიანის აზრზე გავლენა გაქვს, სასურველია, რომ შენი გამოსვლები სიკეთისკენ იყოს მიმართული, რადგან ამ ქვეყანას მოფერებაზე მეტად დღეს არაფერი სჭირდება! ჩვენი ქვეყანა ძალიან ტრავმირებულია და როგორც ადამიანს უნდა ტრავმის მერე მოფერების, სიყვარულის, ზრუნვის გამოხატვა, ქვეყანაც ასეა. შეიძლება, ყველა სიტუაციაში საქმით ბევრი ვერაფრის გაკეთება შეძლო, მაგრამ, თუ ძალიან სერიოზული მიზეზი არ არსებობს, სიტყვით მაინც არ უნდა მოშხამო გარემო,
- ტრავმირებაში ბოლო 9 წელს გულისხმობ?
- მხოლოდ ბოლო ცხრა კი არა, 25 წელს ვგულისხმობ - დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ძალიან ტრავმირებულები ვართ: ჯერ ამდენი წაგებული ომი და ადამიანური დანაკარგი; ომის სინდრომს მასობრივი ფსიქოზი მოჰყვა, როცა ხალხში იარაღი იყო და ომებზე მეტი ქუჩის გარჩევებისას დაიღუპა. ამ 25 წლის განმავლობაში, ტრაგიკული სიკვდილი თითქმის ყველა ოჯახს შეეხო... ამას დაემატა გაჭირვება, შიმშილი და ადამიანს რამდენის ატანა შეუძლია?!
- ნათია, მუდმივად გვასწავლიდნენ, რომ მორწმუნე, ტოლერანტი და ქრისტეს გზით მავალი ერი ვართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართველი დედა 5 წლის შვილს ნაჯახით კლავს, ახალგაზრდა მამაკაცი ბავშვს აუთოვებს, სისხლით ნათესავები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ... ზემოხსენებულმა 25 წელმა ერი მკვლელად ჩამოაყალიბა?
- ამას ვერ ვიტყვი... ზოგში შეიძლება, ფიქსაცია, აგრესიული ტენდენციის განმტკიცება მოხდა, მაგრამ ზოგადად, გავიმეორებ, ადამიანის ფსიქიკა მუდმივად დინამიკაშია, ანუ ცვლადია. ფსიქიკა სწორ პასუხს დადებით მოვლენებსაც სცემს. ჩვენ ისევ ტოლერანტულები და კეთილები ვართ. მთავარია, ვის ვუყურებთ და ვუსმენთ. მაგალითად, თუ ტელევიზორში ახალ ამბებს ვუყურებთ, ჩავთვლით, რომ საშინელი ერი ვართ, მაგრამ თუ ქუჩაში გავივლით, მივხვდებით, რომ უტკბილესი ერი ვართ.
- არადა, კრიმინალი ტელევიზორში კი არა, სწორედ ქუჩაში ხდება...
- კრიმინალი ყოველთვის იყო და იქნება იმიტომ, რომ ფსიქოპათია ფსიქიკის, ხშირად კი, ტვინის ორგანული ხარვეზია. ასე რომ, რაღაც სტატისტიკა ყოველთვის იარსებებს...
- მაინც, მგონია, რომ ეს აგრესია ერში დაბუდებული იყო და ახლა, უბრალოდ, ჯინივით, ბოთლიდან ამოვიდა...
- ვანო, ესეც ჩვენი ემოციური უტრირებისკენ მიდრეკილებაა, თორემ სხვა ქვეყნებშიც ასეა. მაგალითად, აშშ-ში ვცხოვრობდი და იქაური ამბები ჩემს ფოკუსში უფრო მეტად ექცეოდა. ნორვეგიელი ბრეივიკის სისასტიკე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რადგან გასაკუთრებული მოვლენა იყო, თორემ აშშ-ში ხშირად მომხდარა, რომ მოსწავლეს თანაკლასელები თუ თანასკოლელები მოუკლავს. ნიუ იორკში ისეთი კრიმინალური უბნებიც არსებობს, სადაც ცხვირსაც ვერ შეჰყოფ, ანუ სისასტიკე ყველგანაა და სხვა ქვეყნებში ისეთი კრიმინალიც ყოფილა, ჩვენ ზღაპრადაც რომ არ გვსმენია, მაგრამ არც ერთი ერის წარმომადგენელი თავს კრიმინალთან არ გააიგივებს და არ იტყვის, ცუდი ერი ვართო. არც ჩვენ ვართ ცუდი ერი! სულ ვამბობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, მაგრამ საქმე მხოლოდ იღბალზე არაა. ფაქტია, რომ ჩვენს გარშემო ამდენი კარგი ადამიანი არსებობს...
- არ ვიცი, უცხოეთში როგორაა, მაგრამ საქართველოში თითქმის ყველა მეორე “ვიზუალური მორწმუნეა” - ეკლესიაში დადის. იქიდან გამოსულმა კი, შეიძლება, საშინელება ჩაიდინოს. ამას რითი ხსნი?
- ვერ ვიტყვი, რომ ყოველი მეორე მორწმუნეა და ეს შეფასება გადაჭარბებული მგონია...
- მორწმუნეობაში ეკლესიაში სიარულს ვგულისხმობ...
- ეკლესიაში ადამიანი მაშინ მიდის, როცა ეშინია, ახლობელი ჰყავს ავად და უნდა, ღმერთს დახმარება სთხოვოს. ეს ღმერთთან ინფანტილური დამოკიდებულებაა - ღმერთთან ერთად კი არ ცხოვრობ, არამედ, მას მუდმივად რაღაცას სთხოვ. არადა, უნდა შეიგრძნო, რომ ღმერთი შენს სულშია. საერთოდ, ყველაფერში ხარვეზი გვაქვს - პროფესიული პასუხისმგებლობა თითქმის არ არსებობს, მოშლილია სკოლები, ბევრი რაღაც სიღრმისეულად ვერაა გააზრებული და ისეთი რთული იდეა, როგორიც ქრისტიანული იდეაა, მრევლს, რომელსაც კარგი მასწავლებელი იშვიათად ჰყავს, ბოლომდე გააზრებული ვერ ექნება. იმას არ ვამბობ, რომ კარგი მოძღვრები არ არიან, მაგრამ ისეთივე ცოტანი არიან, როგორც ვთქვათ, ნამდვილი პროფესორები, ექიმები თუ მასწავლებლები. ადამიანები ღმერთზე ფიქრს იმდენად ახერხებენ, რამხელა სულიერი განვითარებაც აქვთ: ვიღაც შიშის გამო, ვიღაც - აკვიატების... მხოლოდ იშვიათი ადამიანია ჰარმონიაში თავის ღვთაებრივ საწყისთან.
- ნათია, წეღან ავტორიტეტები ახსენე. შეიძლება, ამ თემაზე საუბარი არ გსურს, მაგრამ ბოლო დროს აგრესიას თავად სასულიერო პირებიც გამოხატავენ - 17 მაისზე რომ აღარაფერი ვთქვა, ამას წინათ, ერთ-ერთ აქციაზე ანაფორიანი ადამიანი პოლიციას ყურის აწევით ემუქრებოდა... როცა აგრესიას სასულიერო პირი ამჟღავნებს, ეს ხალხისთვის უფრი მეტი სტიმული და მიმბაძველობის მოტივაციაა?
- რა თქმა უნდა. ბევრ სასულიერო პირსაც, შეიძლება, გააზრებული არ აქვს, რას ემსახურება... მეორე მხრივ, ჩვენც, რადგან ფორმალურად ღმერთს ემსახურება, უფრო მეტს ვთხოვთ, თორემ მაგალითად, ბავშვობაში, როცა მუსიკის მასწავლებელი ხელებს ზურგს უკან წაგვაღებინებდა და ასე გვამღერებდა, წარმომიდგენია, როგორი სასაცილოები ვიყავით. ამას ახლა რომ ვიაზრებ, სიცილით ვკვდები, მაგრამ მაშინ ამ ქალის მეშინოდა, რადგან ხშირად ფიზიკურადაც, თმას “მაპუტავდა”. მღვდელი, მასწავლებელი, სამართალდამცველი... ბოლოს და ბოლოს, რამ გაყო? - ყველას ადამიანის სული და ბედი აბარია.
- ეს “ზურგს უკან ხელებდამალული” სიმღერა შენს ქვეცნობიერში აგრესიას აჩენდა?
- ჩემში, რადგან სხვა მხრივ, სხვა სიტუაციებში თავს მაინც შინაგანად დაცულად ვგრძნობდი, ალბათ, უფრო იუმორად ფორმირდებოდა, მაგრამ ზოგადად, თუკი ბავშვს მასწავლებელი ასე ექცევა და ამავე დროს, მშობლებიც მკაცრი ჰყავს და დაშვებულია, რომ ოჯახშიც ხელი წამოარტყან (საბედნიეროდ, ჩემს ოჯახში ასეთი ატმოსფერო არასოდეს ყოფილა), მაშინ ბავშვის შინაგანი უსაფრთხოების სისტემა, ფსიქიკა იმსხვრევა და წარმოიდგენს, რომ ყველაფერი ეს დასაშვებია, რადგან აღზრდის ფორმაა... სასულიერო პირიც სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია და ის არაჩვეულებრივი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ ღრმად გაიაზრებს, რამხელა ფილოსოფიას ემსახურება...
- გამორიცხავ, რომ ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან აგრესიის გამომჟღავნება გაუაზრებელი კი არა, მიზანმიმართულია?
- ვანო, კონსპირაციული თეორიებისთვის არ გამოვდგები, რადგან ჩემს სამყაროში აუტისტურად ვცხოვრობ და ყველაფერს ისე ვერ ვაკვირდები, რომ ტენდენციებად აღვიქვა, თუმცა სადმე საბოტაჟსა თუ ხელოვნურად შექმნილ ჯგუფებს არ გამოვრიცხავ, ანუ დაშვება ყველაფრის შეიძლება, თუმცა ამაზე ფიქრისთვის დრო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ მრჩება...
- ამ თემაზე ლაპარაკს ოდნავ მოგვიანებით ვაპირებდი, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და, არ ვთვლი, რომ აუტისტურ სამყაროში ცხოვრობ. ყოველ შემთხვევაში, შენი “ფეისბუქპოსტები” მუდმივად ფართო საზოგადოების განსჯა-განხილვის საგანია და ეს უკვე აუტისტური სამყარო აღარაა...
- ვერ დაგეთანხმები, რადგან ის, რასაც “ფეისბუქზე” ვწერ, ისევ ჩემი სამყაროდანაა, არ ვიჩხრიკები ახალ ამბებში, არავის ქცევას არ დავდევ და ვუთვალთვალებ, არც ზოგად ამბებზე ვწერ. ათიდან რვა პოსტი “კამარას” ეძღვნება, ორი კი, შეიძლება, ისევ და ისევ ჩემთვის განსაკუთრებით პირადი იყოს, რომელიც შვილს, ან რამე მოვლენას ეხება.
- ამას წინათ, “ფეისბუქზე” ერთ-ერთ გადაცემას გამოეხმაურე, რომელშიც ირაკლი ალასანია მონაწილეობდა და დაწერე: “ალას, ძალიან მომეწონა ეს გადაცემა იმიტომ, რომ ასეთია, თავის თავია და თავის თავი კიდევ ოქროსია, კარგიანია. პირადი შინაარსის ინტერვიუები ძაბავს, არ უყვარს, მაგრამ რადგან დასთანხმდა, პასუხისმგებლიანია და გულწრფელ პასუხებს იძლევა, უსაყვარლესია, მოკლედ, ჩემს თვალშიც და, ისევ და ისევ ჩემი სუბიექტური აზრით, ობიექტურადაც. გთხოვთ, რა... არ იფიქროთ ახლა, რომ იოლად ვებმები და რადგან ჩემზე კარგობები თქვა, ავვარდი...” ნათია, იცი, პატივს რატომ გცემ? - გახსნილი ხარ! ხომ შეგეძლო, ირაკლისთვის მადლობა საჯაროდ არ გადაგეხადა და შენი აზრი შინ გაგეზიარებინა?
- კი, შემეძლო...
- შენი განცდა სამსჯავროზე რატომ გამოიტანე?
- რთული შეკითხვაა... ცოტა უნდა დავფიქრდე... არ ვიცი...
- ანუ, არ იცი, ზემოხსენებული ტექსტი რატომ დაასტატუსე?
- შინაგანი მიზეზი, ალბათ, ვიცი, მაგრამ სხარტად ვერ გიპასუხებ. მაგალითად, როცა “ფეისბუქზე” დავწერე, “კამარაში” ჩიტის სახლებს ვაკეთებთ-მეთქი, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჯერ ერთი, გაიგონ, როგორ ადამიანებთან მაქვს საქმე. მეორეც, იქნებ, ვინმემ მოინდომოს, ეს სახლუნები საქველმოქმედო მიზნით იყიდოს და ამით ადამიანები წაახალისოს, რომ მათი შრომა ფუჭი არაა და პირიქით, მოწონებულია.
რაც შეეხება ირაკლიზე დაწერილ პოსტს, ეს ემოცია იყო, რომელიც უცებ გავაზიარე, თან არ ვთვლი, რომ კარგი ემოციის გაზიარება პრობლემაა. ამ გაზიარების შინაგანი მიზეზი, ალბათ, ისიცაა, რომ ირაკლი ასპარეზზეა და ის რომ არ იყოს ასპარეზზე, არც მე ვიქნებოდი, ანუ არც მე შემაწუხებდა ხშირად მის მიმართ უსამართლოდ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება და არ მექნებოდა შინაგანი სურვილი, რომ მეთქვა ყველასთვის: რა სისულელეა, რატომ კადრულობთ ამას, ის ხომ კეთილი და კარგია?! სხვათა შორის, ძალიან დიდხანს მაწუხებდა, რომ ჩემკენ ზედმეტი ყურადღება წამოვიდა და სხვა როლი მომენიჭა, რაღაც ჰარმონია დამერღვა, თუმცა “ფეისბუქზე” წერა ისე გავაგრძელე, როგორც მაშინ ვწერდი, როცა მხოლოდ 100-მდე ნამდვილი მეგობარი, ერთი ამდენი რეალური ნაცნობი მყავდა და ერთმანეთს ამბებს ვუზიარებდით.
- სხვათა შორის, შევამჩნიე, რომ ყველა მსურველს იმეგობრებ. რატომ?
- მე თვითონ, თუ კარგი გრძნობა არ მაქვს, გამორიცხულია, ვინმეს მეგობრობა შევთავაზო და სხვის მიმართ უნდობელი რატომ უნდა ვიყო? თუ ცუდი გრძნობა აქვს და მაინც მიმეგობრდება, ეს ხომ ჩემი პრობლემა არაა?!
- ესე იგი, ცდილობ, ყველაში მხოლოდ კარგი დაინახო?
- ვანო, არ ვცდილობ... ადამიანის საწყისი კეთილია. რაღაცების გამო ადამიანში რაღაც ზიანდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. უბრალოდ, ადამიანს რაღაც დააკლდა - სითბო, აღიარება, ანუ გარემოდან რაღაც ისე ვერ მიიღო, როგორც უნდა მიეღო...
- ოდესმე მკვლელს შეხვედრიხარ?
- კი...
- ადამიანი მკვლელი როგორ და რატომ ხდება?
- რაჭაში, ერთ ოჯახში სტუმრად ვიყავი და ახალგაზრდა კაცი (მაშინ ჯერ კიდევ ბიჭი) გავიცანი, რომელსაც ასეთი ამბავი გადახდა: 90-იან წლებში, მასიური ყაჩაღობები რომ ხდებოდა, არავინ იცის, მხედრიონელები იყვნენ თუ სხვები, ამ ბიჭის სახლში შევარდნენ, მისი და, ორსული ცოლი სცემეს, თვითონ კი, გულის არეში დაჭრეს, დაჭრილმა გვერდით ოთახში გასვლა მოახერხა, იარაღი აიღო და სამი თავდამსხმელი მოკლა, ერთი კი, დაჭრა. თუკი შეიძლება, მკვლელობა გაამართლო, ამ სიტუაციაზე მეტად ვერსად გაამართლებ - ადამიანს კლავდნენ, ორი ქალი - მისი ფეხმძიმე ცოლი და და კი, ფეხქვეშ გაიგდეს და მომაკვდავმა ყაჩაღები მოიგერია. ამ წარსულით ეს ბიჭი საშინლად ტრავმირებული იყო, ძალიან იტანჯებოდა და ეკლესიურად ცხოვრობდა. ჩემზე შთაბეჭდილება სწორედ მისმა ამ განცდამ მოახდინა.
ბავშვობიდან ერთი ეპიზოდი მახსოვს, რომელსაც დედა მიყვებოდა: შავ-თეთრი ტელევიზორი ახალი შემოსული რომ იყო, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილა, მაგრამ მამა საზღვარგარეთ უნდა წასულიყო და თავისი მეგობრისთვის, რომელსაც იმ დროს ტელევიზორი არ ჰქონდა, ძალიან ინტელიგენტი ადამიანისთვის, ლიტერატორ ედიშერ ყიფიანისთვის უთქვამს, მეწყინება, თუ ჩემთან, სახლში, ფეხბურთის სანახავად ყოველ საღამოს არ მიხვალო. დედა ამბობდა, ედიშერი შინაგანად ისეთი დახვეწილი კაცი იყო, რომ ერთხელაც არ მაკადრა, მარტო მოსულიყო და ყოველ საღამოს, ცოლთან ერთად მოდიოდა, ქალები ვჭორაობდით, ის კი, ფეხბურთს უყურებდაო... აი, იმ ბიჭთან ურთიერთობისას სწორედ ასეთი დამოკიდებულება ვიგრძენი - ირაკლი მარნის დასათვალიერებლად წაიყვანეს, მე კი ყველას დავავიწყდი, ეს ბიჭი კარში გაჩერდა: რომ მიხვდა, მთლად მარტო ვრჩებოდი, არც სხვებს გაჰყვა და არც შიგნით შემოვიდა, რომ ზედმეტად არ გამშინაურებოდა. მოკლედ, ეს ადამიანი არასოდეს დამავიწყდება და ვთვლი, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებულად კარგი ადამიანია, ვისაც შევხვედრივარ, მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან აღარსად მინახავს.
- ნათია, ამბავი, რომელიც მიამბე, განსაკუთრებულია, მაგრამ მაგალითად, ორი დღის წინ, ქმარმა ცოლს, შვილების თვალწინ, თავი ნაჯახით მოაჭრა...
- ქმარს კარგი ჯანმრთელობა არ ჰქონდა...
- ესე იგი, მკვლელობის წინაპირობა ცუდი ჯანმრთელობაა?
- მკვლელობა, როცა სიცოცხლის ინსტინქტის ლოგიკით და გადარჩენის აუცილებლობით, მოგერიების მიზეზით არაა გამოწვეული, რომელზეც გესაუბრე, ამ შემთხვევაში, ადგილი, მინიმუმ ფსიქოპათიას აქვს.
- ფსიქოპათია გადამდებია?
- ინდუცირება ყველაფრის შეიძლება.
- რა უწყობს ხელს ფსიქოპათიას? ამბობენ, რომ ხალხში აგრესიას ტელევიზია ზრდის...
- ადამიანს სარკისებური ნეირონები და მაიმუნის ინსტინქტი აქვს - მიბაძოს, გაიმეოროს, დაისწავლოს.
- ადამიანი რაღა მაინცდამაინც ცუდს სწავლობს?
- იმიტომ, რომ კარგის სწავლა ძნელია, მით უმეტეს, როცა მასწავლებელიც აღარსადაა, რომელიც სხვას კარგის და ცუდის გარჩევაში დაეხმარება. ცხოველურ საწყისს დასწავლა არც სჭირდება, ამოცანა მისი მოთოკვა და საკუთარ თავში გახედნაა. ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში ერთი ძალიან ცუდი რამ მოხდა.
- რა?
- კარგი ქცევის ნორმა წაიშალა. მაგალითად, საბჭოთა კავშირშიც კი ესმოდათ, რომ ინტელექტუალური ავტორიტეტები საჭირონი იყვნენ. ამიტომ, მაშინდელი მწერლებისა თუ ინტელექტუალური ავტორიტეტების “მატრაკვეცობები” სუკ-ს ძალიანაც არ მოსწონდა, მაგრამ ითმენდა და მათ რაღაც დონემდე თავისუფლებას აძლევდა.
- “მატრაკვეცობაში” რას გულისხმობ?
- თამამი აზრის გამოთქმას, რაღაც პოზიციის განმტკიცებას, მოდის დაკანონებას. მაგალითად, მამაჩემი და მისი მეგობრები ცუდ საქციელად თვლიდნენ, თუ ვინმე შვილს რუსულ სკოლაში ასწავლიდა. ამ “მოდის” დამკვიდრებით გარკვეულწილად ქართული ენა გადაარჩინეს, როცა იმავე პერიოდში, ბაქოში, უკრაინაში და არა მარტო, მთელი თაობები რუსულად იყვნენ განათლებულნი, საკუთარ ენაზე ძლივს ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა, არა ყველა და არა ყოველთვის, მაგრამ ხშირად ეს ხალხი სიმართლის სათქმელად რაღაც ფორმას პოულობდა, რაც სუკ-ს არ სიამოვნებდა, მაგრამ ცდილობდა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის და დემორალიზებისთვის თავის არიდების გამო, მსგავსი ავტორიტეტები ეთმინა. თავის მხრივ, ამ საზოგადოებრივმა ავტორიტეტებმაც ისწავლეს თამაშის წესი, როგორ გამოსდგომოდნენ ქვეყანას ისე, რომ ბოლომდე არ გადაჩეხილიყვნენ. მერე კი, დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს ინტელიგენტები, თურმე, წითლები ყოფილან - თითქოს სსრკ-ში მხოლოდ ისინი იყვნენ დაბადებულნი, სხვა ყველანი კი, უდროობასა და უწონადობიდან მოვსულვართ; თურმე, არავის არაფერი გაუკეთებია; თურმე, ისტორია ყოველთვის იმ დღიდან იწყება, როცა ვინმე ახალი მოგვევლინა... ყველა ყველას სიხარულის ყიჟინით “რეცხავს” და ყველაფერმა ამან გამოიწვია, რომ საზოგადოებას ბუნდოვანი ეტალონიც აღარ ჰყავს, რის გამოც ფსიქიკას დასაყრდენების საპოვნელად საუკუნეების სიშორის გავლა უწევს და უფრო და უფრო ირაციონალიზმსა და აპათიაში ვარდება. ჩანაცვლება უნდოდათ და სიცარიელე მიიღეს. ჩანაცვლება არ ხდება “ჩარეცხვით” და სიძულვილით, ჩანაცვლება ხდება უკეთესობით. ნეტავ, ყველა სფეროში სულ უკეთესზე უკეთესების არჩევაში ვიყოთ.
- მესმის, რომ კონსპირაციული თეორიის არ გჯერა, მაგრამ მაინც გკითხავ: ყველაფერი ეს მიზანმიმართულად და შეგნებულად კეთდება?
- არ ვიცი, ეს პოლიტიკა კრემლმა, მასონებმა თუ სხვა ვიღაცებმა დაგეგმეს თუ არა... ყოველთვის მგონია, რომ ყველაფერი ბევრად მარტივად არის - როცა ადამიანი სრულყოფილი პიროვნება არაა და თავის თავში რწმენას ვერ პოულობს, მტრული ინსტინქტი უფრო მაღალი აქვს და როგორც კი რაღაც გავლენის სფეროს ჩაიგდებს ხელში, რაღაც სიმაღლეს მიაღწევს, გარემოს ანგარიშს უსწორებს.
- ...გაგიმართლა, რომ გურამ და დალი ფანჯიკიძეების შვილად დაიბადე?
- დიახ, ვთვლი, რომ კარგი “კარტი” დამირიგდა.
- ის, როგორიც დღეს ხარ, მშობლების დამსახურებაა თუ შენს თავზე იმუშავე?
- თუ რამედ ვღირვარ, ოჯახმა ბევრი მომცა. ერთი მაგალითი მამაჩემის კაცთმოყვარეობა და საოცარი გულჩვილობაა - ხშირად შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც უთქვამს, მამაშენი აი, მაშინ დამეხმარა, ან რეგულარულად მეხმარებოდა... მამა ვერ იტანდა და განიცდიდა, როცა შეამჩნევდა, რომ ბავშვს რამე აკლდა. ბევრმა არც კი იცოდა, მამაჩემი ლექსს წერდა თუ პროზას, მაგრამ უყვარდა, როგორც ადამიანი. მეორე მაგალითია დედაჩემის საოცარი უკომპრომისობა. ლამის ნახევარი საქართველო, რომელიც მისი სტუდენტი იყო, დამემოწმება, რომ დედაჩემისთვის არ არსებობდა ბიძაშვილი, ახლობელი, მთავრობის წევრი, მეფე და ბელადი, ვინ უნდა გაცოცხლებულიყო, ვის უნდა ებრძანებინა, რომ მასთან ჩაეწყო. ყევლაფერი ეს შვილებზე ბუნებრივად გადმოვიდა, მაგრამ ვანო, იცი, ჩემი აზრით, უმთავრესი რა არის? - ოჯახში უმცროსი შვილი ვიყავი და, შესაბამისად, ბევრს ვუყვარდი და მეფერებოდა. ნაფერებ ადამიანს კი, გარემოს მიმართ ნდობა აქვს, რადგან მის გამოცდილებაში ბევრი სიყვარულია დალექილი. ყველა ადამიანი ცდილობს, თავის გარშემო ის სამყარო შექმნას, რომელიც მისთვისაა გასაგები და კარგი. იმის გამო, რომ ყველას ვუყვარდი, სამყაროსადმი შურისძიება არ გამჩენია და აქედან გამომდინარე, სხვების შურისძიების გრძნობაც მაწუხებს. მინდა, ვაჩვენო, რომ იქ, სადაც ვარ, სიმშვიდეა და ეს სიმშვიდე გავშალო, სხვისთვისაც შევქმნა.
- როგორც მახსოვს, ერთხელ, “ფეისბუქზე” დავწერე, პოლიტიკაში ნათია ფანჯიკიძის მსგავსი ადამიანები უნდა იყვნენ-მეთქი...
- პოლიტიკაში ჩემნაირი ადამიანები ვერ იქნებიან...
- რატომ? ჩვენებურ პოლიტიკას, პირფერობად არ ჩამითვალო და, სწორედ შენნაირი მშვიდი და პოზიტიური ხალხი სჭირდება...
- ვანო, ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი დიდი შეცდომა ისაა, რომ ეტალონად და ყველაზე პოპულარულ ადამიანებად პოლიტიკოსები წარმოისახა. ამაში დიდი წვლილი ჟურნალისტებსაც მიგიძღვით. ბედნიერი ვიქნები, თუკი მწერლები, პოეტები, რეჟისორები, მეცნიერები და სხვა ჰუმანისტები მომძლავრდებიან და სათქმელს ისე იტყვიან, რომ პოლიტიკოსებზე პოპულარულები და საზოგადოებისთვის გეზის მიმცემები გახდებიან. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებში სწორედ ასეა. ადამიანებს რაღაც კომფორტი რომ შეუქმნა, აუცილებელი არაა, პოლიტიკაში იყო. პოლიტიკაში ჩემნაირი ტიპაჟი ვერასოდეს იქნება იმიტომ, რომ პოლიტიკა ბრძოლის და აგრესიის ასპარეზია. ჩემში კი, აგრესია საკმარისი არაა - მაშინაც კი, როცა ვბრაზდები, ჩემი ენერგია ძალიან სწრაფად განილევა.
- რა გაბრაზებს?
- ადამიანი ვარ და ჩემი მტრული ინსტინქტები მეც მაქვს.
- და ამ მტრულ ინსტინქტებს როდის ავლენ?
- ვთქვათ, უსამართლობაზე... შეიძლება, უცებ ავფეთქდე და ცუდი სიტყვებიც ვთქვა, რადგან ვთვლი, რომ ცუდი სიტყვები გულს ანთავისუფლებს, მაგრამ ზუსტად ხუთ წუთში, ეს განილევა. ერთხელ, “კამარას” გამოფენას ვგეგმავდით, რაღაც აირია და ბუყბუყი დავიწყე, მაგრამ არც მენეჯერმა და არც - დირექტორმა, ყურადღება არ მომაქცია და თავისი საქმე გააგრძელა. მერე ვიკითხე, ასე რატომ მოიქცნენ და მითხრეს, ვიცოდით, რომ მალე დაწყნარდებოდიო...
- სხვათა შორის, ირაკლიც მშვიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. იმ ფონზე, როცა პოლიტიკა აგრესიის ასპარეზია, მას შენ აბალანსებ?
- ირაკლის სამხედრო წრთვნა აქვს გავლილი. ყველაფერს მე ვერ მივიწერ. მისი დიდი ენერგია შრომის ენერგიად გადამუშავდება, მისი ადრენალინიც სწორად მუშავდება - როცა ომია, ომშია, როცა მშვიდობაა, პარაშუტით ხტება, ანუ ირაკლიმ იცის, როგორ მოუაროს თავის გრძნობებს და ფსიქიკურ რესურსს.
- თქვენი ცოლქმრობა ზეცაში იყო გადაწყვეტილი თუ ერთმანეთს მერე შეეწყვეთ?
- სხვათა შორის, “ფეისბუქზე” ავატარად კამათლები მიყენია - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩემი გვარი ფანჯი-ზე იწყება. მეორეც, სახუმარო ფილოსოფიით რომ ვთქვა, კამათელი შენს ხელში იკენწლება - შენ ცხოვრებას თამაშობ, მაგრამ როცა კამათელს გააგორებ, ჰაერში იღბალი, კარმა ატრიალებს, ანუ ყველაფერი შენს ხელთაა და ყველაფერი ღვთის ნებაა. შესაბამისად, შემთხვევითობისთვის ადგილი აღარ რჩება.
- შენი გაგორებული კამათელი იღბალმა როგორ დაატრიალა?
- კამათელი, რა თქმა უნდა, ჩემი გაგორებულია - ირაკლი რომ გავიცანი, ამ თამაშში შევედი და ვფიქრობ, იღბალმაც კამათლები საინტერესოდ დაატრიალა - ჩვენ ერთად 23 საინტერესო წელი გავიარეთ და აქ ყველაფერი იყო - სიხარულიც, ტკივილიც, შიმშილიც, სიკვდილიც, წარმატებაც... “დღეები ბრუნავს, ვით კამათელი”... ყოველი დილა ახალი სიცოცხლე, შანსი, საფრთხე, თავგადასავალი და სიხარულია - ეს ჩემი და ირაკლის საყვარელი კონცეფციაა...
- ნათია, ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, როგორიც საქართველოა, ნათია ფანჯიკიძისთვის, რომელსაც თავისი აუტისტური სამყარო აქვს, ადვილია თუ ძნელი? ისე, აუტისტური სამყარო შეიძლება, ვიღაცებმა სხვანაირად გაიგონ...
- არა უშავს, ყველას შეუძლია, ყოველთვის თავისი საკმარისი გაიგოს... საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყველგან, სადაც ვარ, კარგია, რადგან ჩემი სამყარო მე თვითონ დამაქვს... ვთვლი, რომ საქართველო ძალიან თბილი ქვეყანაა. არ ვიცი, სხვა ხალხს იმდენი რომ გადაეტანა, რამდენიც ჩვენ გადავიტანეთ, როგორი იქნებოდა. უბრალოდ, ძალიან მძიმე სოციალური პირობებია და გერიდება, რომ არ გშია, როცა ბევრს შია. კარგი იქნება, რომ ასე არ იყოს. ცხოვრება წინ მიდის და იმედია, ყველაფერი გამოსწორდება!
- წეღან სუკ-ი ახსენე. მამას პრობლემებს უქმნიდა?
- გადმოცემით ვიცი, რომ “თვალი პატიოსანს” რაღაც პრობლემები ჰქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შინ ვინმე პირზე ხელს მაფარებდა, რამე არ თქვაო. მგონი, მესამე კლასში ვიყავი, როცა სკოლაში სახელმწიფო წერა გამოცხადდა, დანომრილი რვეულები დაგვირიგეს და გვითხრეს, დაგვეწერა, თუ როგორ შეხვდნენ პარტიის 26-ე ყრილობას ჩვენი ოჯახები. აბსოლუტურად ყველაფერი დავწერე - მამაჩემმა ვის შეაგინა, ვისზე რა თქვა... ვერ წარმომედგინა, რომ იმის გამეორება, რაც მამამ თქვა, არ შეიძლებოდა. მახსოვს, შალვა ამონაშვილმა მამაჩემს ეს რვეული გადმოსცა და სიცილით უთხრა, გურამ, ბავშვთან ცოტა ფრთხილად იყავიო. მამაჩემმაც სიცილით მითხრა, კაცო, რასაც გაიგებ, ყველაფერი კი არ უნდა დაწეროო და ამაზე მეტი საყვედური არ უთქვამს. მოკლედ, ეს ფაქტი ისე არ დამამახსოვრდა, როგორც ტრავმა ან საფრთხე.
- ნათია, როცა “ფეისბუქზე” მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ სტატუსს “დებ”, ამის თაობაზე ირაკლის წინასწარ ეუბნები?
- რა თქმა უნდა, არა.
- ბოლოს, ნათია, არსებობს რეცეპტი, რითიც ადამიანები ცუდის მიმბაძველობასა და კოპირებაზე უარს ვიტყვით?
- არჩევანის საკითხია, რა გრძნობებზე დავფიქსირდებით და რამდენად მივხვდებით, რომ აგრესიის ჯაჭვი სულს ენერგიისგან წრიტავს, აცარიელებს. სასარგებლო, წინსვლის ენერგიის შექმნა ფსიქიკაში მხოლოდ დადებითი სტიმულების გაძლიერებას შეუძლია. სიხარულიც და სიყვარულიც გადამდებია, ჰოდა რისი ვირუსი ვიქნებით, ჩვენი ნებაა.
რაც შეეხება რეცეპტს, ეს ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის საკითხია, ყველამ თავის ირგვლივ უნდა შექმნას სწორი ატმოსფერო, დადებითი ფსიქოლოგიური ველი და ყველამ თავი ოდნავ შემოქმედად მაინც იგრძნოს.