SOS! - არ მიირთვათ ქაღალდსა და ცელოფანში შეფუთული პური, მოერიდეთ ნაღების კარაქსა და რძის სხვა პროდუქტებს!

SOS! - არ მიირთვათ ქაღალდსა და ცელოფანში შეფუთული პური, მოერიდეთ ნაღების კარაქსა და რძის სხვა პროდუქტებს!

კაცობრიობამ ხორბლის მარცვლის გამოყენება, დაახლოებით, 15 000 წლის წინ, ფინიკიაში დაიწყო. ხორბლის მარცვალს უნიკალური შემადგენლობა აქვს და მენდელეევის ცხრილის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს. ხორბლის მარცვლის გარსში A, E, B ვიტამინების ჯგუფები და დიდი რაოდენობით მინერალებია. თანამედროვე დამუშავებისას, ხორბლის მკვრივი გარსი ნარჩენებში მიდის და მხოლოდ შიგთავსი - გული რჩება. სწორედ ხორბლის გულისაგან იწარმოება უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი, რომელშიც მხოლოდ კალორიები და ვიტამინების 30%-მდეა დარჩენილი. როგორც ექიმ-დიეტოლოგები ამბობენ, თეთრ ფქვილში დარჩენილ ვიტამინების ჯგუფს, ჭარბი კალორიულობის გამო, ორგანიზმი ცუდად, ან საერთოდ ვერ ითვისებს... ადამიანმა ცხოველური რძის გამოყენება 7-8 ათასი წლის წინ, ცენტრალურ ევროპაში დაიწყო. რძის შაქრისა და ლაქტოზის ათვისება ხანგრძლივი პროცესი იყო, რამაც თანდათანობით გენეტიკური ცვლილებები გამოიწვია და ადამიანის ორგანიზმი ცხოველურ რძეს შეეგუა. რძე 100-მდე სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. ერთი ლიტრი რძე, თავისი კვებითი ღირებულებით, 500 გრამ ხორცს უდრის. ლაქტოზა სასარგებლოა ღვიძლის, გულის და თირკმელის უჯრედებისათვის. ძროხის რძეში, აგრეთვე, არის ცილა - კაზეინი, A და B1 ვიტამინები და ძალიან სასარგებლოა ზრდადი ორგანიზმისათვის, რადგან ხელს ჩონჩხის განვითარებას უწყობს. ამასთან, რძე, კალცის შემცველობის გამო, სასარგებლოა მოხუცებისათვისაც... მოკლედ, ასე აფასებს აკადემიური მედიცინა პურისა და რძის მნიშვნელობას. დაახლოებით, ორი ათეული წლის წინ, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს: ხორბლისა და რძის პროდუქტების მოხმარების შედეგად, ადამიანს ტვინის უჯრედები განუვითარდა და სწორედ ამ ორმა პროდუქტმა განაპირობა დღევანდელი ცივილური კაცობრიობის არსებობა... პური, პურის პროდუქტი, რძე და რძის პროდუქტი ადამიანის ყოველდღიურ რაციონში ყველაზე მოხმარებადია. რამდენადაა დაცული ამ პროდუქტების წარმოება და რა უნდა ვიცოდეთ მათი შეძენის დროს? - “ქართულ სიტყვასმომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაეტიკეტისხელმძღვანელი ამირან შენგელია ესაუბრა.

 

- ბატონო ამირან, ცნობილია, რომ მარცვლეული - ხორბალი, სიმინდი, სოიო გენმოდიფიცირებულია. საქართველოში ხორბალი საიდან შემოდის?

- მსოფლიოში ხორბლის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კანადაა, რომელიც უმაღლეს ტექნოლოგიებს იყენებს და ხორბლის გარდა, პირველად სწორედ იქ დაინერგა გენმოდიფიცირებული სიმინდის, სოიოსა და სხვა პროდუქტების წარმოება. კანადა ხორბლით მხოლოდ საქართველოს კი არა, რუსეთსაც ამარაგებს.

კანადის გარდა, საქართველოში ხორბალი უკრაინასა და ყაზახეთიდანაც შემოდის. დაბეჯითებით ვერ გეტყვით, მაგრამ კანადიდან, სავარაუდოდ, გენმოდიფიცირებული ხორბალი შემოდის. რაც შეეხება ყაზახეთსა და უკრაინას, იქიდან გენმოდიფიცირებული ხორბალი შესაძლოა, არ შემოდიოდეს, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყნებს ეს ტექნოლოგია დანერგილი არ ექნებათ, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ.

- შეგიძლიათ, დაბეჯითებით თქვათ, რომ საქართველოში შემოსული ხორბლის დიდი წილი გენმოდიფიცირებულია?

- რა თქმა უნდა, შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული ხორბალი ნამდვილად შემოდის, მაგრამ ამას ვერ დავამტკიცებ. ხორბალი იტვირთება ვაგონებში, ფოთში გემით შემოაქვთ და შესაბამისი კოდით მხოლოდ საბუთებში იქნება აღნიშნული, გენმოდიფიცირებულია თუ არა. ასე რომ, მხოლოდ გამყიდველმა და მყიდველმა იცის, პროდუქტი რამდენად ჯანსაღია. თუ ხორბლის ფქვილი შემოაქვთ, მაშინ შეფუთული და შესაბამისი კოდით ხარისხიც მითითებული უნდა იყოს, სადაც აღნიშნული იქნება, გენმოდიფიცირებულია თუ არა. უცხოელი პარტნიორები ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ...

- ქარხნებმა, რომლებიც პურს აცხობენ, იციან, ხორბალი გენმოდიფიცირებულია თუ არა?

- ვერ გეტყვით, წესით, უნდა იცოდნენ, შემომტანებისგან რას ყიდულობენ.

- თბილისში მრავალნაირი პური იყიდება: ქაღალდში შეფუთული, რომელსაც აწერია წონა, გამოსვლის თარიღი, ვარგისიანობის ვადა და შემცველობა... არის გამჭვირვალე ცელოფანით შეფუთული პური, რომელსაც არაფერი აწერია. ასევე, იყიდება საერთოდ შეუფუთავი პური. როგორ უნდა გავიგო, გენმოდიფიცირებულ პურს ვყიდულობ თუ არა?

- სწორედ ამაშია საქმე - შეფუთულ პურზე, წონის, ვადის, დამზადებისა და კალორიულობის გარდა, არაფერი წერია. ასე რომ, ვერ გაიგებ, გენმოდიფიცირებულია თუ არა. შეუფუთავ პურზე კი, საერთოდ ვერაფერს იტყვი და ვერც შეედავები.

- რატომ?

- საქართველოში მომხმარებელთა უფლებები კანონით სათანადოდ არაა დაცული. ჩვენ ჯერჯერობით იმ დონის ლაბორატორიები არ გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება გამოკვლევა, პროდუქტი გენმოდიფიცირებული ხომ არაა. ასეთი ლაბორატორიების შექმნას ახლა იწყებენ, რაც ძალიან დროული და კარგია. მსგავსი რამდენიმე ლაბორატორია უნდა იყოს: ერთი - სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, დანარჩენები - დამოუკიდებელი. რეაქტივები, რომლებიც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ავლენენ, ძალიან ძვირია და მომხმარებელს დამოუკიდებლად პროდუქტის შემოწმება გაუჭირდება. რომც შეამოწმოს და აღმოჩნდეს გენმოდიფიცირებული, რას გააწყობს? - როგორც აღვნიშნე, ქართველი მომხმარებელი საქართველოს კანონით სათანადოდ დაცული არაა.

დარღვევები ბევრია. ავიღოთ, მაგალითად, პურის გადაზიდვა თბილისში, განსაკუთრებით რაიონებსა და სოფლებში, შეუფუთავი პური მსუბუქი მანქანის საბარგულში იყრება და მაღაზიებში ისე მიაქვთ. ხშირად, ამისთვის ტაქსის ქირაობენ. პურის მსხვილ მეწარმეებს თავიანთი ტრანსპორტი ჰყავთ, გადაზიდვის წესებს იცავენ, შეფუთულ პურს ეტიკეტსაც აკრავენ, მაგრამ დარღვევები მაინც ბევრია: ცხელი პური არ უნდა დაიჭრას, მაგრამ იჭრება და ქაღალდით იფუთება, რაც დარღევაა. საერთოდ, პური მანამ ცხვება, ვიდრე არ გაცივდება. ცხელი დაჭრილი პური ცხობას ქაღალდში ასრულებს, რაც, ასევე, დარღვევაა. გარდა ამისა, პურის წონა და ვადა, როგორც წესი, ეტიკეტზე მითითებულს არ შეესაბამება. მაგალითად, პურს აწერია: “ვარგისიანია 72 საათი” და ამ დროს მითითებული არ არის, როდისაა გამომცხვარი.

- ისევ გენმოდოფიცირებას დავუბრუნდეთ. პური, მაკარონი, ვერმიშელი, ფუნთუშეული, ნამცხვარი ხორბლის ფქვილისაგან მზადდება და გამოდის, მომხმარებელმა არ იცის, რას ყიდულობს?

- ცხადია, არ იცის.

- რძის პროდუქტებზე რას იტყვით?

- აქ საქმე შედარებით უკეთესად გვაქვს. თუ ეტიკეტზე ISO ხარისხის ნიშანი აწერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს აქვს ყველა რესურსი, რათა ხარისხიანი პროდუქტი დაამზადოს. ავიღოთ, მაგალითად, რძე, რომელსაც აწერია: “არ შეიცავს ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებას”, ასეცაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნატურალურ რძეს მივირთმევთ. ეტიკეტზე უნდა ეწეროს - “დამზადებულია ნატურალური რძისაგან”, რაც იმას ნიშნავს, რომ რძე ნატურალურია და არ არის რძის ფხვნილისაგან დამზადებული. იგივე შემიძლია ვთქვა ხაჭოსა და არაჟანზე.

- ზოგიერთ კარაქს შეფუთვაზე დიდი ასოებით აწერიაკარაქი”, ქვეშ, წვრილად კი - “სპრედი”, ეს რა არის?

- სპრედი კარაქი არაა. სპრედი მცენარეულია, ან ნარევი ცხიმით მზადდება. რამდენჯერმე მივმართე შესაბამის სამსახურებს და ვუთხარი, რომ დაპატენტდეს სახელი “კარაქი”. როცა მაღაზიაში შედიხარ და პროდუქტს აწერია “კარაქი”, ის უნდა იყოს კარაქი და არა - სხვა რამ.

- ნამდვილი კარაქი არც ისაა, რომელსაცნაღებიაწერია?

- საერთოდ, 1 კგ კარაქის დასამზადებლად 21 ლიტრი, ანუ 42 ლარის რძეა საჭირო. გამოდის, 200 გრამიანი კარაქი, სულ მცირე, 8-10 ლარი უნდა ღირდეს. ნაღების კარაქი კი, 4-დან 5 ლარამდე ღირს. ნაღების კარაქში, ალბათ, რძის რაღაც პროცენტია გამოყენებული.

- ჩვენს მარკეტებში ნამდვილი კარაქი არ იყიდება?

- ქართული წარმოების - არა.

 

 

ევროკავშირის სურსათის ძირითადი კანონი

საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაეტიკეტმა” “ქართულ სიტყვასევროკავშირსა და საქართველოში მომხმარებელთა უფლებებიც გააცნო.

ევროკავშირის 178/2002 რეგულაციას სურსათის ძირითად კანონს ეძახიან, რომელიც ევროკავშირში სურსათის კანონმდებლობის ე.წ. ჰორიზონტალურ ჩარჩოს - პრინციპებს, ძირითად მოთხოვნებს, მიდგომებსა და იმ პროცედურებს ადგენს, რომლებსაც ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის სურსათის კანონმდებლობა უნდა ეფუძნებოდეს. ეს ეხება სურსათის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ყველა ეტაპს, მათ შორის, ე.წ. პირველად წარმოებას.

რეგულაცია, პირველ რიგში, სურსათის კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს ადგენს. სურსათის კანონმდებლობას ორი მიზანი აქვს:

1. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

სურსათის კანონმდებლობა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

1. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უნდა ეფუძნებოდეს რისკების ანალიზს, რაც იმას ნიშნავს, რომ რესურსები და ძალისხმევა, პირველ რიგში, იქით უნდა მიიმართოს, სადაც ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მეტი რისკია. ამ რისკების გამოვლენა და შეფასება კი, ობიექტურად და გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს.

2. დროებითი წინმსწრები ზომების მიღება მაშინაც აუცილებელია, როცა შესაძლო საშიშროების შესახებ საბოლოო მეცნიერული დასკვნა არ არსებობს.

3. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. კანონმდებლობამ უნდა მოახდინოს მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის პრევენცია.

4. სურსათის კანონმდებლობის შემუშავება, შეფასება, ან ცვლილება ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით უნდა ხდებოდეს.

5. თუკი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული სურსათი ჯანმრთელობისთვის საშიშია, საჯარო ორგანოებმა ამის შესახებ ფართო საზოგადოებას უნდა ამცნონ და რაც შეიძლება, ზუსტად უნდა აღიწეროს სურსათი, რომელიც საშიშია.

 

 

რა სხვაობაა ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს შორის

ევროკავშირში 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ცხოვრობს. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ თანამეგობრობის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია მომხმარებელი ევროკავშირის ბაზარს ენდობოდეს. ამიტომ, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მომხმარებელს ერთნაირი უფლებები აქვს. მომხმარებელთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების ეფექტურ დაცვას ევროკავშირის ერთიანი კანონმდებლობა უზრუნველყოფს.

ევროკავშირისა და ქართველ მომხმარებელს შორის მთავარი სხვაობა კი ასეთია:

მომხმარებელს უფლება აქვს, დარწმუნებული იყოს, რომ გასაყიდად გამოტანილი საქონელი უსაფრთხოა. ეს უფლება უზრუნველყოფილია ორი ვალდებულებით: მეწარმე (იმპორტიორი) ვალდებულია, ბრუნვაში მხოლოდ უსაფრთხო საქონელი გაუშვას.

საქართველოში ასეთი მოთხოვნა დადგენილი არ არის

სახელმწიფო ვალდებულია, აკონტროლოს მეწარმეების მიერ ამ  

ვალდებულების შესრულება და თუკი დარღვევას აღმოაჩენს, მეწარმე დააჯარიმოს, უვარგისი საქონელი კი ბაზრიდან ამოიღოს და მომხმარებლისგანაც გამოითხოვოს.

საქართველოში ასეთი რამ მხოლოდ წამლებისა და სურსათის სფეროში ხდება და ისიც - მცირე მასშტაბით.

თუკი საფრთხის შემცველი საქონელი ბაზარზე მაინც მოხვდა, შეიძინა მომხმარებელმა და მას ზიანი მიადგა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის სრული ანაზღაურება საქონლის მწარმოებლისაგან, ან იმპორტიორისაგან.

ეს უფლება მომხმარებელს საქართველოშიც აქვს.

მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს ზუსტად ისეთი საქონელი, როგორსაც შეჰპირდნენ. შეპირებაში იგულისხმება ამ საქონლის თვისებების თაობაზე შექმნილი შთაბეჭდილება - რეკლამის, ეტიკეტის, ინსტრუქციის, ზეპირი აღწერის გზით. თუ საქონელს შეპირებული თვისებები არ გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ მას ნაკლი აქვს. გამყიდველი (მაღაზია) ვალდებულია, გამოასწოროს ეს ნაკლი ნივთის შეკეთების, ან გამოცვლის საშუალებით, დაიბრუნოს საქონელი, ან თუკი მომხმარებელი თანახმაა, შეამციროს მისი ფასი. ყოველივე ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ მომხმარებელს არ მოუწიოს ხარჯების გაღება და ამ პროცესმა არ გამოიწვიოს მისი ზედმეტი შეწუხება, ან საქმიანობის შეფერხება.

ეს უფლება მომხმარებელს საქართველოშიც აქვს, თუმცა ამ უფლებას არ ერთვის შემდეგი მნიშვნელოვანი დამატებები:

). ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს საქონლის, ან ნივთის შეძენიდან (მიღებიდან), სულ მცირე, 2 წლის განმავლობაში. ამას “კანონისმიერი გარანტია” ეწოდება. მეწარმის, ან მაღაზიის მიერ დადგენილი გარანტიით, ან სხვა ხელშეკრულებით ამ ვადის შემცირება შეუძლებელია. საქართველოში მომხმარებლის დაცვის ეს მექანიზმი არ არსებობს!

ევროკავშირში ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მოქმედებს ე.წ. მომხმარებლის უდანაშაულობის პრეზუმპცია – მომხმარებელს არ სჭირდება ამტკიცოს, რომ ნაკლი მას არ გამოუწვევია. ითვლება, რომ თუკი ნაკლი აღმოჩნდა, იგი ნივთს გაყიდვის მომენტშიც ჰქონდა (თუკი გამყიდველი საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს).

საქართველოში მომხმარებელს ეს უფლება არ აქვს!