ქონების შესახებ კანონში პრივატიზების ორი ახალი ფორმა - უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა, გაჩნდება. კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია. როგორც ირკვევა, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ ცვლილებით მთავრობა პრივატიზაციის კუთხით გააქტიურებას გეგმავს. აღნიშნულ ცვლილებებზე "ჯი-ეიჩ-ენი" ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ესაუბრა.
-ბატონო რომან, რა ცვლილებები შედის მოქმედ კანონში და რატომ ?
- ვერ გეტყვით რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ცვლილებები. თუ პრივატიზების დაჩქარებაზეა საუბარი, ამჟამად არსებული ყველა ფორმა იძლევა ამის შესაძლებლობას. კანონში პრივატიზების „ტექნიკის" კუთხით ფაქტობრივად არაფერი იცვლება. განსხვავება მხოლოდ ნიუანსებშია. ამ ნიუანსებშია ეშმაკის თავი დამარხული. არ ვიცი, ან შეგნებულად აკეთებენ, ან შეცდომა მოსდით.
-კონკრეტულად რა ცვლილებებია გათვალისწინებული?
- ქონების შესახებ კანონში პრივატიზების ორი ახალი ფორმა - უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა გაჩნდება. ანუ მოხდება ქონების გადაცემა არა ყიდვა- გაყიდვის, არამედ ჩუქების ფორმით. რა თქმა უნდა, ჩუქება და ერთ ლარად გაყიდვა ფინანსურად იდენტური ცნებაა, მაგრამ მთლად ასე არ არის იურიდიულად ( პირველ შემთხვევაში ქონების გადაცემა ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე შემთხვევაში განსხვავებული ფორმით), მით უმეტეს, ფსიქოლოგიური, მორალური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. რამდენს წამოაძახებენ, რატომ გაჩუქა მთავრობამ ქონებაო. ნაყიდი ქონება უფრო დაცულია. ამიტომაცაა მთელ მსოფლიოში გავრცელებული ქონების სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად გაყიდვის ტრადიცია.
მაგრამ ამ შემთხვევაში, ვთქვათ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
საკითხი სხვა რამეშია: ამჟამად მოქმედ კანონში არის პრივატიზების ორი ანალოგიური ფორმა, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი ბორბალის გამოგონებას.
-რა ფორმებია ეს. რითი ვერ აკმაყოფილებს იგი პრივატიზაციის დაჩქარების სურვილს. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის განმარტებით წერილში ეს არის მთავარ არგუმენტად მოყვანილი.
-ასეთი მოქმედი ფორმებია პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით,ძალიან სწრაფად და მარტივად, თუნდაც ერთ ლარად. მეორეა კონკურენტული შერჩეევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ გადაცემის ფორმა.
-ხომ ყოფილა უსასყიდლო გადაცემა ისედაც?
- კი, სწორია, მაგრამ არსებული წესით უნდა მოახდინო კონკურენტული შერჩევა და არა უბრალოდ ჩუქება. მაგრამ, ჯანდაბას, ასეც რომ იყოს, არც ესაა დიდი უბედურება. საკითხი სხვა ნიუანსშია. ეს ეხება ახალი ფორმის შემოღებას-გაცვლას. ამჟამად ამ ნორმას ჰქვია სახელმწიფო ქონების გადაცემა ტოლფას ქონების სანაცვლოდ. მთავრობის პროექტში ტოლფასობის ცნება გაქრა. ანუ მე შემიძლია მოგცე მილიონი ლარის ქონება( ვთქვათ მიწა), ათასი ლარის ქონების სანაცვლოდ. ეს უკვე დამაფიქრებელია. აქ უკვე კვლავ მომიწევს ძველი გამოთქმის გახსენება-ხომ არ იმზირებიან ამ ნორმის უკან ნაცნობი ადამიანების პორტრეტები?
-იქნებ სახელმწიფოს უღირს ათასლარიანი ქონების სანაცვლოდ მილიონიანი ქონების შეთავაზება?
- ეს უაზრობაა. იყიდოს ათას ლარად და დაზოგავს ცხრაას ოთხმოცდა ცხრამეტ ათასს.
მოკლედ, ვერ ჩავწვდი ცვლილებების ლოგიკურ არსს. იმედია, იურიდიული კომიტეტი გაერკვევა ამ ნიუანსებში. საფინანსო კომიტეტის იმედი ნაკლებად მაქვს.