როგორ ,,მალავდნენ’‘ ზონებზე ძებნილ და გამოძალვის მიზნით გატაცებულ ადამიანებს
იმის მიუხედავად, რომ 21-ე საუკუნეში, წესითა და რიგით, ქურდობასა და ,,კაი ბიჭობაზე’‘ ბევრი არ უნდა ფიქრობდეს, ციხე სავსეა მოზარდებით, რომლებსაც ცხოვრების წესად სწორედ ,,ქურდული’‘ აურჩევიათ. ძველი პატიმრები კი, რომლებსაც ამგვარი ცხოვრება გავლილი აქვთ, დანანებით ამბობენ, თავს იღუპავენ, ,,ქურდული’‘ ქურდებს აღარ უნდათ და ესენი ტყუილად გიჟდებიანო...
რუსთავის #17 დაწესებულებაში პატიმარი იჯდა, რომელიც კვირაში ერთხელ თუ იტყოდა რამეს, მაგრამ რაც უნდა ეთქვა, ყველა გასუსული უსმენდა. ,,კაი ბიჭების’‘ საკანში საუკეთესო ადგილზე ჰქონდა ნარი და ყველა პატივისცემით ეპყრობოდა. როცა სერიოზული რამ ხდებოდა, ,,მაყურებლები’‘ ეძახდნენ, ერთად ბჭობდნენ, ისიც ისმენდა, ხანდახან ოთახიდან უხმოდ გადიოდა, ხანაც სულ ორ-სამ სიტყვას იტყოდა და საკმარისი იყო.
,,ვინ არის?’‘, _ იკითხა ერთ დღეს პატიმარმა #0578-მა, როცა დაჩი ფ-ს უცნაური ქცევა შენიშნა.
,,ჩათვალე, ქურდია. დრო იყო, ზონებს აზანზარებდა. სადაც მიდიოდა, ,,პალაჟენია’‘ მიყავდა. მაგის პატიმრებსაც ეშინოდათ და ადმინისტრაციასაც. ანგარიშს უწევდნენ’‘...
,,კი, მაგრამ სიმაღლეში მეტრანახევარიც არ იქნება, წონაში 30 კილო და ამის ეშინოდათ?!’‘, _ გაოცდა პატიმარი.
,,ჩუმად, არ გაგიგოს’‘, _ გააჩუმეს #0578, მაგრამ ახლოსმდგომმა დაჩიმ ყველაფერი გაიგო, მშვიდად გახედა უცნობ პატიმარს, სახეზე დააკვირდა...
ორი დღის შემდეგ 67-ე საკნის კარი დაჩიმ შეაღო, თავდახრილი შევიდა, თითქოს ზეპირად იცოდა საკანში ნარების განლაგება, #0578 პატიმრის ნარისკენ დაიძრა და ჩამოუჯდა. #0578 მიესალმა, ჩაი შესთავაზა. თუ გაქვს, ყავა მირჩევნიაო, უთხრა სტუმარმა. ხუთ წუთში ერთი ჭიქიდან ყავას წრუპავდნენ.
,,სიმაღლე და წონა მთავარი არ არის. მთავარი გული და გონებაა. ახლა რომ ვეუბნები ამ ,,ბლატატას’‘, წიგნი წაიკითხეთ-მეთქი, მეუბნებიან, ჩვენ წიგნი კი არა, ქურდული გვაინტერესებსო. გაუნათლებელი ქურდები არ იყვნენ ადრე. ახლა სადღა არიან, თითებზე დასათვლელად დარჩნენ ნამდვილი ქურდები. აი, შენ განათლებული კაცი ხარ, უბრალოდ ქურდული ტერმინოლოგია არ იცი, თორემ ცოტა აქაური ,,ტაჩოვკა’‘ რომ მიიღო, ნებისმიერს აჯობებ ბაზარში, განათლებული ხარ და მაგიტომ’‘, _ მშვიდად თქვა დაჩიმ.
,,დაჩი, შენზე ლეგენდებს ყვებიან. ზოგი ამბობს, ქურდია, მაგრამ ჩუმად არის, სროკი რომ არ დაუმატონო, ზოგი სხვა რამეს ამბობს. აქედან გასვლის შემდეგ ჩანაწერების გაკეთებას ვაპირებ, თუ მომიყვები, შენს ისტორიასაც დავწერ’‘, _ უთხრა #0578-მა.
,,არ დაწერ რა მქვია, იმიტომ რომ სახელითაც ყველა მიხვდება ვინ ვარ (ეს პირობა შევასრულე, რადგან მართლაც ისეთი სახელი ერქვა, 3000 პატიმარში ერთადერთი იყო), მეორეც, რასაც მოვყვები, ისე დაწერ, არ მინდა შელამაზება და სენტიმენტები... ისე, რა საინტერესო სიტყვაა ეს სენტიმენტები... მაგრად ვკაიფობ. ზოგადად, უცხო სიტყვებზე ვკაიფობ, ამ ახლადგამომცხვარ ბლატატას რომ ვეუბნები ხოლმე და მერე უცხო სიტყვათა ლექსიკონში ეძებენ, ნეტავ დაჩიმ რა თქვაო. იდიოტები... ასე ჰგონიათ, ჩემს ბაგეთაგან მხოლოდ ჭეშმარიტი ქურდული ისმის...’‘
,,და მაინც, რატომ დაგიჭირეს და რატომ ეშინიათ თუ პატივს გცემენ?! თითქმის არ ლაპარაკობ... ვინ ხარ?!’‘
,,ჩემი დაჭერა ამერიკულ ფილმს ჰგავდა. ორი ვერტმფრენი, სპეცდანიშნულების რაზმი... მერე საინფორმაციოებში ტრიალი, რომ საშიში დამნაშავე დაიჭირეს. 19 წლის ვიყავი, ქურდობა მართლა მინდოდა, ცოტა დამაკლდა. მაშინ ზონები ასე არ იყო. ბარაკებად ცხოვრობდნენ. ზონაზე რომ მომიყვანეს, ქურდების ბარაკში შევედი. უფრო სწორად, თავად შემიყვანეს. გარეთ ისე ვიცხოვრე, ვიმსახურებდი აშკარად. 20 წლისა ზონის მაყურებელი გავხდი. იმ ზონაზე შვიდი ქურდი იჯდა, არ იყო მარტივი _ ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი ყოფილიყო. არ ვამბობ, რომ ზონაზე ყველაფერი შემოდიოდა... წამალი იყო, ქალები ნებისმიერ დროს შეგეძლო მოგეყვანა, საჭმელ-სასმელი _ ოხრად’‘...
,,ამბობენ, მანქანების ვაზვრატები ციხიდან კეთდებოდაო, მართალია?!’‘
,,მარტო მანქანების?! რუსთავის პირველ ზონაში ერთი ჩვენი ძმაკაცი იმალებოდა, ძებნაში იყო, საქართველოდან ვერ გავიდა, ზონაზე შემოვიყვანეთ, ჩვენთან ცხოვრობდა, პოლიცია კი 6 თვე გარეთ ეძებდა. შემდეგ წავიდა და წავიდა... ბიზნესმენებისთვის ოჯახის წევრი მოუტაციათ და ზონაზე გვყოლია, სანამ ფულს გადაიხდიდნენ. ,,ობშიაკი’‘ მე მებარა და იცი, რამდენი იყო მაშინ?! _ ნახევარ მილიონ დოლარამდე, ქეშად. ახლა, ამათ რომ ნახევარი მილიონი მისცე, ვერ დათვლიან...’‘
,,რატომ ამბობენ შენზე ქურდია, მაგრამ არ ამბობსო?!
,,გადაწყდა ჩემი მონათვლა, შეიკრიბა შვიდი ქურდი. ერთმა კი, ციხის რეზბალნიციდან დარეკა, დაჩისთან კითხვები მაქვს, მალე მანდ ვიქნები, ჯერ არ მონათლოთო. ორ კვირაში მოვიდა, დამისვა კითხვები, ვუპასუხე, ავხსენი... ,,ობშიაკს’‘ ეხებოდა. მერე მე დავუსვი კითხვები იმ ,,ობშიაკზე’‘, რომელიც მას ებარა და იქ დამთავრდა იმის ქურდობა. გადაწყდა, ერთ კვირაში შეიკრიბებოდნენ და ,,მომნათლავდნენ’‘, მაგრამ ერთ კვირაში ქურდები ზონებიდან გააქრეს... ბაჩო ახალაიას ბავშვობიდან ვიცნობ, ორთაჭალაში ვიყავი, ბუნტი რომ დაიწყო. უფრო სწორედ, წინა დღეს გამომიშვეს რუსთავში. გამიკვირდა, ეტაპს არ ველოდი. მეორე დღეს მივხვდი, რაც მოხდა. ბავშვობის მეგობრობის ხათრით გამიფრთხილდა ბაჩო ალბათ, მაგრამ, როცა რუსთავის ზონაზე მოვიდა, პირდაპირ ვაგინე. არაფერი უთქვამს. მერე შემომითვალა, სიკვდილს გადავარჩინე და უმადური ყოფილაო. რაც მან გააკეთა, არ უნდა აცოცხლოს კაცმა... ახლა რომ ,,კაი ბიჭები’‘ ,,რამკებს’‘ ამტვრევენ, ჯართისა და მანქანის სარკეების მოპარვაზე არიან ძირითადად. მაშინ ამას ქურდობა არ ერქვა, ბაცაცობა უფრო იყო’‘...
,,შენ რაზე დაგიჭირეს?!’
,,უინტერესოა, დამიჯერე. დიდ სისულელეზე... ზოგადად, სისულელეა ეს ყველაფერი. ქურდები მაფიოზები გახდნენ, წამლის ბიზნესშიც ჩაყეს ცხვირი, იქ კომერსანტობა დაიწყეს, დაცვით დადიან. მორჩა ქურდული, მაგრამ ამ პატარებს ამის გაგება არ უნდათ’‘.
,,გარეთ რომ გახვალ, რას აპირებ?!’‘
,,ცოლს უნდა გავშორდე და მეორე მოვიყვანო. მე და ერთ გოგოს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. რომ დამიჭირეს, აქ მოვაწერეთ ხელი. ზონაზე შემოდიოდა და რჩებოდა. შვილიც გვეყოლა, მაგრამ ჩემი პროტესტის მიუხედავად, საცხოვრებლად ესპანეთში წავიდა. არადა, თვეში მინიმუმ ორი ათას დოლარს ვუგზავნიდი ზონიდან. ვერ ვაპატიებ... მიმატოვა აქ და ეს ჩემთვის ღალატია. არ აქვს მნიშვნელობა, ჰყავს თუ არა ვინმე გარეთ. მთავარია, მიმატოვა. მერე გამოჩნდება რამე. მოპარვას აზრი არ აქვს. მსხვილი ქურდობა არ გამოვა. ჯერ ერთი, საამისოდ ფინანსებია საჭირო და მეორეც, ძნელია ვინმეს ენდო. ორი სახლი მაქვს თბილისში, ერთს გავყიდი და ეგებ რამე დავიწყო...’‘
* * *
დაჩის ცოლი ჯერ არ მოუყვანია. არც ცოლ-შვილი უნახავს და მართალია, ერთი ბინა გაყიდა, მთელი ფული დედის მკურნალობას მოახმარა. ახლა თბილისში ცხოვრობს. ისევ ისეთია, ჩუმად დადის, ხმას არ იღებს და ვინც ცნობს, გაოცებით უყურებს, როგორ დაჭკვიანებულაო. ხანდახან უბნის ბიჭები რჩევისთვის ადიან, მაგრამ რჩევაზე უარს ეუბნება _ საქმე ნახეთ, ამ სისულელეს შეეშვით, ქურდები დინოზავრებივით გადაშენდნენო. არადა, ამბობენ, ერთ-ერთი უკანასკნელი დინოზავრი თავად არის, მაგრამ არ აღიარებსო...
პატიმარი #0578