როცა ნარმანიას თბილისის მერად ვირჩევდით, ის და მისი თანაგუნდელები "ქართული ოცნებიდან", იმას ნამდვილად არ აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნებდნენ და ათასობით ლარს დაიმატებდნენ ხელფასზე. არ ვიცი, მომავალში იქნებ, წინასაარჩევნო დანაპირებების შესრულებაც დაიწყონ, მაგრამ ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებიათ დედაქალაქში, რომ შემოსავალი გაეორმაგებინათ.
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო დაწესებულებებში პრემიების შესახებ კანონი მიიღო, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გაიცემა და ისიც, მაქსიმუმ, ერთი თვის ხელფასის ოდენობის. ნარმანიამ გასაცემ თანხას სახელფასო დანამატი დაარქვა და პრემიებზე გამოცემული კანონი არ შეეხება. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მერიის კონკრეტული ჩინოვნიკი, რამდენიმე ათას ლარს სახელფასო დანამატის სახით აიღებს თუ პრემიის სახით?
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მერიის მაღალჩინოსნებს მაღალი ხელფასები არ აკმარა და 26 თანამდებობის პირი, 4 თვის განმავლობაში, 152 000 ლარს აიღებს. მერის ბრძანებულების მიხედვით, ამ ნოვაციას სახელფასო დანამატი ჰქვია და 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან წლის ბოლომდე უნდა გაიცეს. ნარმანიამ ის 26 ჩინოვნიკიც გამოყო, რომლებიც ამ დანამატს აიღებენ: დედაქალაქის ვიცე-მერი - 3540 ლარი, მერის მოადგილე - 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსი - 3180, მისი პირველი მოადგილე - 2000 და მოადგილე - 1800, საქალაქო სამსახურის უფროსები - 2600, რაიონის გამგებლები - 2600, რაიონის გამგებლის მოადგილეები - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი - 1300. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნარმანიას თავისთვის დანამატი არ გამოუწერია.
ნარმანიას ამ გადაწყვეტილებას "ქართული ოცნებიდან" მხარდამჭერები არ მოჰკლებია, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რიმა ბერიძის განცხადება, - საჯარო მოხელეს 24-საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა და მისი შრომა შესაბამისი ანაზღაურებით უნდა დაფასდესო. ეს რა არგუმენტია? რაღაც მეეჭვება, 24-საათიან რეჟიმში უწევდეთ მუშაობა მერიის მაღალჩინოსნებს და თუ ეს ასეა, მაშინ ამ ჩინოვნიკთა კვალიფიკაციაა ასამაღლებელი. თუ მართლა მუდმივად სამსახურშია და ამ სამსახურს, კანონით დადგენილ ვადებში ვერ ასრულებს, მაშინ უკვე მათი პროფესიონალიზმი დგება ეჭვქვეშ.
დავუშვათ, რიმა ბერიძე მართალია, მერიის ჩინოვნიკები თავებს იხოცავენ მუშაობითა და ხალხზე ზრუნვით და ამიტომ, და არა დაბალი კვალიფიკაციის გამო, უწევთ 24-საათიანი მუშაობა. ვისაც ახლა ხელფასი ეცოტავება და მერმა მათ ამ დანამატით უნდა შეუვსოს მოთხოვნილება, ამ ხალხმა, ვიდრე თანამდებობაზე დაინიშნებოდნენ, ხომ იცოდნენ, ხელფასი რამდენი ექნებოდათ? ვინ დააძალათ? უარი ეთქვათ ასეთ სამსახურზე. ახლა კი, კეთილი ინებონ და იმუშაონ მხოლოდ ხელფასზე და ყოველგვარი დანამატის გარეშე. არ გყოფნით ახლა ხელფასი? კეთილი ინებეთ, დატოვეთ ეგ სამსახურები და ისეთი ხალხი მიუშვით, ვინც მარტო ხელფასს იკმარებს. ასეთი, ხელფასზე მიმუშავე პროფესიონალი ძალიან ბევრია ქვეყანაში.
3 თვის მოსულია დავით ნარმანია და მისი გუნდი თბილისის მთავრობაში და ვინმეს რაიმე ღირებული გახსოვთ, ამ 3 თვეში გაეკეთებინოთ? მე ვერ ვიხსენებ. "ნაციონალების" მადლიერი მტერი იყოს, მაგრამ ასეთ მოკლე ვადაში, მათ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მაინც განახორციელეს, ზოგი ბოლომდე მიიყვანეს და ზოგიც დაიწყეს. 3 თვე ბევრი არ არის, მაგრამ, თუ მოინდომე, რაღაცა თვალში მოსახვედრი საქმის გაკეთებას მოასწრებ. ყველაფერს თავი დავანებოთ, მიკროავტობუსების მძღოლთა პრობლემის მოგვარება ვერ მოესწრებოდა ამ 3 თვეში? ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ოთხი კომპანია ერთ დღეში, ერთ რესტორანში დარეგისტრირდა და სავარაუდოდ, კორუფციული გზით მოიგო მიკროავტობუსების ტენდერი და როგორც მძღოლები ამბობენ, ტყავს აძრობენ. რა ედგა წინ ამ კომპანიებთან კონტრაქტების გადახედვას?
"ნაციონალებსა" და გიგი უგულავას გუნდს იმავეს ვუკიჟინებდით, რომ ხელფასისოდენა პრემიებს იღებდნენ ყოველთვიურად. ყველაფერთან ერთად, მოსახლეობამ "ნაციონალები" ბიუჯეტის თანხების გამოხვრისთვისაც მოიშორა თავიდან და რბილ სავარძლებს რომ მოერგეთ, იგივეს აკეთებთ, ჩვენი ფულების ჭამა დაიწყეთ? ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს, გიგი უგულავას გამოწერილი პრემია ერქმევა თუ დავით ნარმანიას სახელფასო დანამატი?
სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ, თუკი ნარმანიამ დანამატების თანხის ოდენობა არ დამალა, "ნაციონალებს" ყველაფერი "მიმალული" ჰქონდათ. ნარმანიასა და უგულავას დროინდელი დანამატ-პრემიების შედარება გვინდოდა, მაგრამ უგულავასდროინდელი მერიის ელექტრონულ მონაცემებში გამოწერილი პრემიების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. ერთადერთი, თბილისში "ნაციონალური" მმართველობის ბოლო დღეების დროინდელი პრემიები გაგვახსენდა, როცა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, სევდია უგრეხელიძემ და სხვა, მაღალი თანამდებობის პირებმა 5-10 ათასი ლარის პრემიები გამოიწერეს.
მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ საჯარო მოხელეს დიდი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს და ნარმანია სწორად მოიქცა, მაგრამ "ალიას" კითხვები გაუჩნდა და მათზე საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია ცაგარეიშვილს დაუკავშირდა:
- ბატონო გია, რას იტყვით თბილისის მერის გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც, მერიის მაღალჩინოსნებს სახელფასო დანამატები მიეცემათ ყოველთვიურად?
- მე არ მგონია, დანამატების თანხებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება უკანონოდ იყოს მიღებული. ადგილობრივი თვითმმართველობები თავად წყვეტენ ამ საკითხს, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები არ ვრცელდება მათზე. იმედია, თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელები ამ რეალობას გაითვალისწინებენ და ამის შესაბამისად გამოიწერენ ამ სახელფასო დანამატებს. დავით ნარმანიამ, რამდენადაც ვიცი, პრემიები არ გამოუწერა თავის თანამშრომლებს...
- რა მნიშვნელობა აქვს, პრემია ერქმევა თუ დანამატი, შემოსავალი ხომ გაიორმაგეს?
- დანამატის ოდენობა შესაბამისი აქტებით განისაზღვრება, პრემიების გაცემა კი ხელმძღვანელის ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნება კი, ყველანაირ ზღვარს იყო ადრე გადაცილებული. თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს დანამატების სისტემა წლის ბოლომდე იმოქმედებს და მერე გადაიხედება. მერიამ მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელიც უკეთესი იქნება და რომლის საფუძველზეც გაიცემა შემდგომში ასეთი დანამატები.
- თბილისში უმძიმესი სოციალური ფონია, ხალხი მშიერია, წამლის ფული არ აქვს, გარდა ამისა, მერი თავად აცხადებს, გიგი უგულავამ ცარიელი ბიუჯეტი დაგვიტოვა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, 30-მილიონიან კრედიტს იღებს კომერციული ბანკიდან. აქვე ისიც ვთქვათ, რომ არჩევნების წინ დავით ნარმანია ხალხს იმას არ ჰპირდებოდა, მერი რომ გავხდები, 3 თვეში ხელფასებს გავუორმაგებ ჩემს თანამშრომლებსო. ამ ყველაფრის ფონზე, რა მორალური გამართლება შეიძლება ჰქონდეს მის ამ გადაწყვეტილებას?
- აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს შეფასებას, კარგია, რომ მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეთ ამ საკითხზე და შესაბამისი შეფასებები გაკეთდა. იმედია, მერიის ხელმძღვანელები ადეკვატურნი იქნებიან იმ სიტუაციისა, რაც არის თბილისში, უამრავი შეჭირვებული ცხოვრობს ამ ქალაქში. ვფიქრობ, საზოგადოებრივ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ყველა სახელმწიფო სამსახური და უნდა გაიზიარონ კრიტიკული, მაგრამ სამართლიანი შეფასებები. დავიცადოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.