6 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებმა პარტიის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გარდა იმისა, რომ აღმასრულებელ მდივნად ჯანყარაშვილი აირჩიეს, ასევე იყო საუბარი პარტიის "კაპიტალურ რემონტზე".
როგორც პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი, ეკა ბესელია ამბობს "ალიასთან" საუბარში, სხდომაზე დაისახა გეგმა, როგორ უნდა გააქტიურდნენ პარტიასთან ერთად მხარდამჭერები და აქტივისტები:
- ჩვენ ვიმსჯელეთ პარტიის საქმიანობაზე, შემდგომ ეტაპზე, რეგიონებში ჩვენი მხარდამჭერებისა და წევრების გააქტიურებაზე. ასევე, პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე და ახალი სტრუქტურების დამატებაზე. ზვიად ჯანყარაშვილი ამ ყველაფერში დაგვეხმარება, ის გაუძღვება საორგანიზაციო და შიდა მართვის საკითხებს. ასევე ვიმსჯელეთ პარტიაში გაწევრიანების საკითხზე, საგარეო საკითხებზე, სტრატეგიაზე...
- თქვენი ძირითადი სტრატეგია რა არის?
- პარტიის გაძლიერება და რეგიონული ორგანიზაციების შესწავლა. ცვლილებები ჯერ არ არის აუცილებელი.
როგორც ხედავთ, პარტიის სამომავლო გეგმები მთლიანად აგებულია ზვიად ჯანყარაშვილის პერსონაზე. როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი ამბობს, ჯანყარაშვილის დანიშვნა პარტიისთვის სარგებლობის მომტანი კი იქნება, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ნამდვილად ვერ მოიყვანს:
- მერაბ, შეიძლება ჯანყარაშვილმა პარტია ორგანიზაციულად გამართოს, მაგრამ იდეურად მაინც "სარემონტო" დარჩეს.
- აღმასრულებელმა მდივანმა პარტია უნდა გამართოს ორგანიზაციულად, დანარჩენი სხვების გასაკეთებელია. პარტია დგება ჯანყარაშვილის მხრებზე, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: გააკეთებს? შეძლებს? "ქართულ ოცნებას" უკვე იმდენი გულანთებული ადამიანი ჰყავს განაწყენებული, არა მგონია, ეს ხალხი ჩაანაცვლოს სხვა სახეებით. რაც შეეხება გაწევრიანებას, ჩემი აზრით, ამას ბუნებრივად მოჰყვება ანგარება, დაიწყება გაწევრიანების სანაცვლოდ რაღაცების მოთხოვნა, მერე ისევ განაწყენება და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს, გაწევრიანების საკითხი აქამდე რატომ არავის ახსოვდა, 2016 წელი მოახლოვდა და ახლა დაიწყეს ამაზე ფიქრი? ახლა კაცობა ის იქნება, თუკი "ქართული ოცნების" მესვეურები განაწყენებულებთან გამართავენ დიალოგს და ისევ შემოაბრუნებენ. ეს იქნება უმადურობისთვის ერთგვარი კომპენსაცია. ბოდიში არავის სჭირდება, უბრალოდ საუბარი და ახსნა-განმარტებაა საჭირო. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, მერწმუნეთ, პარტიას არანაირი შედეგი არ ექნება.
- როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერებაზე ფიქრობენ, მაგრამ როგორ?
- რეგიონებში არსებობს ორგანიზაციები, სადაც ერთმანეთში არიან არეულები კოალიციაში შემავალი პარტიები. ერთს გასწევ? ეწყინება და მეორეს დაუწყებს ბრძოლას. ძველ მანქანაზე რამდენი მძღოლიც არ უნდა დასვა, მაინც ძველი და მოფახფახებული იქნება. დღეს "ქართულ ოცნებას" სჭირდება კაპიტალურად გარემონტება, სადგომში უნდა შევიდეს, დაიშალოს და თავიდან აიწყოს. მარტო მძღოლების გამოცვლა შედეგს არ მოიტანს.
- კაპიტალურ რემონტს სჭირდება კარგი მასალა.
- დიახ, მეც მაგას ვამბობ, უკვე მოსაბეზრებელი გახდა 6 პარტიის ერთად ყოფნა. შე მამაცხონებულო, იმის თავიც აღარ გაქვს, რომ საკუთარ თავს მიხედო? სულ მალე აღარ იქნება განსხვავება "რესპუბლიკურ პარტიას", "თავისუფალ დემოკრატებს", "კონსერვატორებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის. ამ უკანასკნელმა ერთ დროს შეძენილი კარგი სამშენებლო მასალა, რომლითაც პარტია უნდა აშენებულიყო, დაკარგა და მედროვეები შეიძინა. ამათ აკრიფეს სამსახურისთვის მორბენალი ხალხი. რა ხდება, რა უბედურებაა? ალბათ გახსოვს, რა ამბები იყო ატეხილი, პრემიების გამოწერასთან დაკავშირებით. ახლა თბილისის მერს გამოაქვს გადაწყვეტილება, მის ხელქვეითებს, გამგებლებს და სხვადასხვა სამსახურების უფროსებს უორმაგდებათ ხელფასები დანამატის სახით, თუ ადამიანს აქვს 3 ათასი ლარი, მიიღებს 6 ათასს. ამათ ხელფასები კი არ უნდა გაუორმაგო, უნდა გაუნახევრო. ახლა ამიხსნას ვინმემ, ამ საქმეს ჯანყარაშვილი უშველის? თუ ვინმე დავით ნარმანიას შეეხება, ეგრევე გამორბიან "ქართული ოცნების" დეპუტატები და ყვირიან: ნარმანია შესანიშნავი მერია! კი, მაგრამ ჩვენ ვინმეს მერის დახასიათებას ვთხოვთ? ჩვენ ვკითხულობთ, რა ხდება მერიაში. მე არ ვიცი, საიდან მოაქვთ ასეთი მიდგომები?!
რაც ხდება მერიაში, ის ხდება ქვეყანაშიც. მე არ ვიცი, როგორ გაძლიერდება "ქართული ოცნება". ერთ რამეს აშკარად ვხედავ - ძლიერდება "ნაცმოძრაობა", რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი წესით, საერთოდ უნდა აიკრძალოს. სააკაშვილის ბანდა რომ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდება, ეს ცხადია, მაგრამ ამასობაში საერთო საქმე ფუჭდება. დღეს რატომღაც "ნაცმოძრაობა" ითვლება ევროპული ღირებულებების მატარებელ ძალად. არადა, პირიქითაა, სააკაშვილის ხროვა საქართველოში ასამარებს ევროპულ ღირებულებებს. ეს ძალიან ცუდად დამთავდება და მე ვფიქრობ, "ქართული ოცნების" დუმილი იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს რაღაც გარიგებასთან. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 2016 წლის არჩევნებიც ისევე უნდა გადააგორონ, როგორც 2012 წლის არჩევნები, თუ ვინმე ხმების გაყოფაზე და ისევ პარლამენტში წამოჯდომაზე ოცნებობს, არ გამოვა, ხალხი ამას არ დაუშვებს - ორივე ძალა გადაყვება ამ პოლიტიკურ თამაშს. მე მაინტერესებს, ზვიად ჯანყარაშვილი ამას დაუსვამს წერტილს? ვნახოთ!