საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რევოლუციაში, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ "განახორციელოს რატიფიკაცია შემდგომი დაყოვნების გარეშე რეგიონალური და უმცირესობების ენების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ევროპის ქარტიას, და რისი ვალდებულებაც საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო".
რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება? ხომ არ მიიღებენ ამ კანონსაც ანტიდისკრიმინაციულის მსგავსად, ხალხის ნებისა და აზრის გათვალისწინების გარეშე?
"ალიას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ესაუბრა:
- ქალბატონო ეკა, ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ უნდა დაჩქარდეს რეგიონული ენებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. რას ფიქრობს ამაზე უმრავლესობა?
- საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას მოჰყვა იმთავითვე გარკვეული ვალდებულებები, რომელიც აიღო იმდროინდელმა ხელისუფლებამ და ეს, როგორც ვალი, მოგვყვება დღემდე. მათ შორისაა რეგიონალური ენების ქარტია, რომლის მიღებასაც ევროპის საბჭო პერიოდულად გვახსენებს. ამ თემაზე რამდენჯერმე იყო ჩამოსული უმცირესობების საკითხებში გაეროს კომისარი, იყო დისკუსიებიც. არსი არის ის, რომ საჭიროა, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირება, რა არის ეს ქარტია, რა შინაარსი დევს მასში და რა შედეგების მომტანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა, ისტორია, კულტურა და ტრადიცია. საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია და განსაკუთრებული.
სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღების პროცესი ახლა დაიწყო საქართველოს პარლამენტში და მიმაჩნია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის იმგვარად მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ენის სტატუსის სახელმწიფოებრივ რანგს, განსაზღვრავს მას და მისი დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნას მოახერხებს, ენის, ისტორიული, კულტურული თავისებურებების სრულყოფილად წარმოჩენას და მისი დაცვის ბაზის ჩამოყალიბებას შეძლებს.
- როგორც მითხრეს, თუკი რეგიონული ენების სტატუსს დავაკანონებთ, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საქმის წარმოება იქნება სომხურად და აზერბაიჯანულად.
- ასე არ არის, საქართველოს კანონი ენის შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება-მოვალეობების ამსახველი იქნება და საქმის წარმოება საქართველოში იქნება სახელმწიფო, ანუ ქართულ ენაზე. უმცირესობებმა რასაკვირველია, ენა უნდა ისწავლონ და ამაში სახელმწიფო მათ უნდა დაეხმაროს. სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია.
- თუკი აღმოჩნდა, რომ რეგიონული ენების დაკანონება სეპარატიზმს გააღვივებს და ქვეყნის ერთიანობას საფრთხეს შეუქმნის, კანონს მაინც მიიღებთ, მოსალოდნელი სანქციების შიშით?
- ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს იმ ტიპის სამდურავებს, რომელიც მერე ჩნდება ანგარიშებში და ბუნებრივია, ეს სასიამოვნო არაა. არ უნდა დავინახოთ ისე, რომ რეგიონალური ენების ქარტია მტერია ჩვენი. კანონპროექტი, რომელსაც ახლა ვამუშავებთ სახელმწიფო ენის შესახებ, სწორედ ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენა ქვეყანას ძალიან სჭირდება. ამ პროექტში, რასაკვირველია, უმცირესობების უფლებებიც იქნება გათვალისწინებული. საქართველოს სიმდიდრე და განსაკუთრებულობა არის მის მრავალფეროვნებაშიც.
- ქარტია ჩვენი მტერი არ არისო. რა წერია ქარტიაში, რა მოთხოვნებია?
- ძალიან ბევრი ნიუანსია და ერთმნიშვნელოვნად თქმა ძნელია, გასააზრებელია ბევრი რამე ხალხთან ერთად, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ქვეყანას რამე საფრთხე დაემუქრება, ცხადია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, ამ პრიზმაში უნდა იყოს დანახული.
- ისე, არ მოხდება, როგორც ანტიდისკრიმინაციულის დროს მოხდა? პროტესტის მიუხედავად მაინც დააკანონეთ...
- ხალხს ყველაფერი უნდა ავუხსნათ და დაველაპარაკოთ, რაზეა საუბარი, მაგრამ მანამდე ბევრი ნიუანსია გასარკვევი. დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე კანონი იმ სახით რა სახითაც ის დარჩა, არანაირად არ ქმნის პრობლემას, პირიქით ყველა პოზიტიურ ჩამონათვალში ხვდება, კანონს უნდა კარგად გაანალიზება და არსობრივად გაცნობა. იმ შემთხვევაში უბრალოდ დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. რაც სამწუხაროა, მაგრამ ამ ვითარებაში საჭიროა კარგად და მართებულად ახსნა და წაკითხვა, რა წერია ქარტიაში და ის სტერეოტიპები, რაც წინასწარ შეიქმნა, გამოჩნდება, რომ მიზანმიმართულად ხდება. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ვიჩქაროთ და მოსახლეობისთვის გასაგები უნდა იყოს, რაზეა საუბარი.
- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე საინიციატივო ჯგუფებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომ შეგეჩერებინათ განხილვა, მაგრამ პარლამენტმა მაინც მიიღო. ახლა რამდენი ხელმოწერა იქნება საჭირო, რომ ეს კანონი პარლამენტმა არ მიიღოს და მოსახლეობის მოთხოვნას ანგარიში გაუწიოს?
- არ ვიცი, ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ წინასწარ ნეგატიური ფონის შექმნა არასწორია და შეცდომაში შემყვანია, ჯერ საკითხი უნდა ავწონ-დავწონოთ, გავიაზროთ. ახლა კი სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტს, რომელზეც დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, მეტი ყურადღება მივაქციოთ და მეტი დაცულობა შევქმნათ.
რას აპირებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, თუკი პარლამენტმა რეგიონული ენების სტატუსის კანონის შემოღება გადაწყვიტა?
ჯონდი ბაღათურია, "ქართული დასი":
- კატეგორიულად დაუშვებელია, ამის დასტური არის უკრაინა. ბევრი დასკვნა გვაქვს წინ. ეს ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის დაშლას, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა, ვინც ამას მხარს დაუჭერს, არის მოღალატე. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოსა და დასავლეთის ასეთი ინიციატივები მიმართულია ქვეყნის დაშლისაკენ. ენის მოჩლექით ვერავის ვერ დავუწყებთ ლაპარაკს.
- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, ამ კანონის მიღებაც თუ გადაწყდა, რას აპირებთ?
- არ ვიჩქარებდი დასკვნის გამოტანას, რომ ამ კანონს მიიღებენ, რადგან წინა კანონის დროს ჯერ კიდევ ჰქონდათ რესურსი ნდობის, ახლა კი ეს ნდობა გამწყდარია. მიმაჩნია, რომ ეს კანონი არის მოღალატეობრივი. რა ხდება უკრაინაში? რეგიონალური ნიშნით მიმდინარეობს დისკუსია და მიდის დაშლის პროცესი. ჩვენ შეგვიძლია სხვა პარტიებთან თანამშრომლობით, ყველანაირი წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ კანონის მიღებას. ამ კანონთან ერთად მოხდება ყველა მისი ლობისტის გამოაშკარავება.
გიორგი გუგავა, "ლეიბორისტები":
- ვინც პრობლემას ვერ ხედავს, ან ბრმა არის, ან კეკლუცობს ვიღაცების გასახარად. აუცილებლად მოჰყვება ამას რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ორ რეგიონში სახელმწიფო ენად გამოცხადება. შესაბამისად ადმინისტრაციული საქმის წარმოებაც მოხდება ამ ენებზე. აქედან ერთი ნაბიჯია ავტონომიის გამოცხადებამდე, რადგან თუ შენ აღიარებ მათ უფლებებს, მეორე მოთხოვნა იქნება ავტონომიის გამოცხადება. დაიწყება დეზინტეგრაციის პროცესი. სწორედ ასე იწყებოდა პროცესები აფხაზეთშიც, ჯერ უნივერსიტეტის მოთხოვნა, მერე - ენა, მერე მოჰყვა ამას სხვა პროცესები. ეს არის საქართველოს დანაწევრების გეგმა, რომელსაც მოჰყვება სხვა რეგიონებში სეპარატისტულად განწყობილი პროვოკატორების ამოძრავება, მეგრული და სვანური ენების გამოცხადებაზეც მიდგება საქმე. ყველაფერი კი საქართველოს დაშლისკენაა მიმართული. თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, მათი მოღალატეობრივი პოზიცია მალე გახდება ნათელი.
- კი მაგრამ, თუ ევროპისკენ მივდივართ, მის მოთხოვნებს როგორ ავუაროთ გვერდი?
- ეს არ არის მკაცრი მოთხოვნა, დიდი ხანია, რაც ევროსაბჭოს წევრები გავხდით, ამაზეა საუბარი ისევე, როგორც თურქი მესხების ჩამოსახლებაზე. ეს მუდმივად იწელება და მის შესრულებას შემჭიდროებულ ვადებში არავინ ითხოვს. სანქციები არ არსებობს ამასთან მიმართებაში. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიუხედავად ვალდებულებისა, არ შეუსრულებია ეს და მაინც არავის შეუფერხებია მათი ევროკავშირში ყოფნა. თუ მოთხოვნა საფრთხეს უქმნის შენს ტერიტორიულ ერთიანობას, სახელმწიფოებრივ ინტერესს, უნდა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის შენი ქვეყნის ინტერესებში და არა ის, რასაც გკარნახობენ საერთო დებულებებიდან. ამათ უნდათ, გარკვეულ ძალებს კოჭი გაუგორონ, ნაკლები იყოს სანქციები და ამიტომ ეცდებიან კანონის მიღებას. ხელისუფლებამ გაბედა და მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ახლა მიიღებენ ამასაც. ეს არის უგვანო პოზირება ხელისუფლებისა, ამით აპირებენ ევროკავშირის წევრობას? ეს ეროვნული საკითხია, ამიტომ ჯერ არ უნდა დავუშვათ, რომ მისი მიღება გაბედონ და თუ გაბედავენ, ჯოხებით გამოვრეკოთ პარლამენტიდან ეს დეპუტატები. უნდა შედგეს საერთო ეროვნული ფრონტი, რომელიც გაუწევს მათ წინააღმდეგობას. ეს არ არის მემარცხენე-მემარჯვენეობის საკითხი, ეს საფრთხე არის ჩვენი სახელმწიფოს მიმართ.
ალეკო შალამბერიძე, "თავისუფალი საქართველო":
- ეს საკითხი მტკივნეულია, იცით, რა მდგომარეობაა, როცა გვაქვს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა. ამ დროს რეგიონული ენების შემოტანა იქნება დიდი პრობლემა, გაჩნდება ჯავახეთის პრობლემა. დღეს, როცა უკრაინაში ასეთი კონფლიქტია და ვიცით, რაც არის რუსეთის მოთხოვნა, ასეთ სიტუაციაში რეგიონული ენების შემოტანა დაშლის ტოლფასია. რაც მოხდა ევროსაბჭოში, ეს არის სამარცხვინო. მთელი ევროსაბჭო უყურებს ორი დაპირისპირებული მხარის კინკლაობას. ამიტომ წამოვიდა შეუსრულებელი ვალდებულებების გახსენება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყდეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ყურადღება გადაიტანონ ასეთი პრობლემების მოგვარებაზე.
- თუ კანონის მიღება მაინც გადაწყვიტეს, რას იზამთ?
- ჩვენ გვქონდა მცდელობა და წარმატებით გავართვით თავი, როცა თვითმმართველობის კოდექსისას შემოდიოდა რეგიონალიზმის საკითხი. მაშინ ჩვენი გაერთიანება მოხდა, ამას დაემატა პატრიარქის განცხადება, რომელმაც სწორად დაინახა საფრთხეები. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზეც ვიმოქმედებთ ერთიანად. ახლა წამოიჭრა ისევ რეგიონული ენების საკითხი, ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, მოვიფიქრებთ ახალ სტრატეგიას, მალე ჩამოვყალიბდებით ამ გეგმაზე, რადგან საფრთხე რეალურია.