დიმიტრი შაშკინის თქმით, ბოლო ორი წელია, ქვეყანა ,,დაპაუზებულია’‘
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წელი გავიდა, თუმცა ,,ქართული ოცნება’‘ და ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას ისევ წარსულს ახსენებენ: ხელისუფლება წინამორბედის შეცდომებზე საუბრობს, საპარლამენტო ოპოზიცია - 9-წლიანი მმართველობის მიღწევებზე, მოსახლეობა კი იმ მესამე წელიწადის მოლოდინშია, რომელიც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიბარა, ,,ძალიან კარგი’‘ იქნება და თითოეული მოქალაქე ეკონომიკურ განვითარების შედეგებს საკუთარ თავზე იგრძნობს. თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს მსგავსი მოლოდინი არ აქვს და ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას კოალიციის მმართველობის ორწლიან პერიოდს საზოგადოების გამოფხიზლების ეტაპს უწოდებს.
- საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, საზოგადოება ნელ-ნელა გამოფხიზლდა და ,,ქართული ოცნების’‘ მმართველობასაც თანდათან ადეკვატურად აფასებს. ამ ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ერთადერთი დაპირება შეასრულა
- იმ ყოფილი მაღალჩინოსნების ტოტალური დევნა დაიწყო, რომლებმაც არარსებული წარმონაქმნისგან ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული ქვეყანა შექმნეს.
- ბატონო დიმა, ეს თქვენი სუბიექტური აზრია, ხელისუფლება კი კანონის წინაშე თანასწორობაზე საუბრობს და საზოგადოებას ორწლიანი მმართველობის ანგარიშს აბარებს - თავისუფალი მედია, ევროკავშირთან ასოცირების ისტორიული ხელშეკრულება, საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებით გაზრდილი დაფინანსება...
- არჩევნებამდე ,,ქართული ოცნების’‘ მთავარი დაპირება უმუშევრობასთან ბრძოლა, 100 საწარმოსა და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. დღეს რიგითი მოქალაქე სულაც არ ფიქრობს, რომ ეკონომიკურად იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი არაა და სხვადასხვა მიმართულების სოციოლოგიური კვლევებიც მოწმობს. საზოგადოებას გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანა ,,დაპაუზებულია’‘. მარტივ მაგალითს დაგისახლებთ: 2006-დან 2012 წლამდე 10 ათასამდე ახალგაზრდას, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ეს რიცხვი 23 ათასით გაიზარდა და დღეს, სტატუსშეჩერებული 33 ათასი სტუდენტი გვყავს. არც ის მახსენდება, რომ 2012 წლამდე პრესას ან რომელიმე სხვა მედიასაშუალებას პრობლემა შექმნოდა, ყველაფერი გამოგონილი პრობლემა იყო.
- არ მგონია, ,,იმედში’‘ სპეცრაზმის შევარდნა და ,,მაესტროსთან’‘ მომხდარი აფეთქება ,,გამოგონილი’‘ იყოს... ალბათ დროა, პოლიტიკოსებმა მომავალზე ისაუბროთ, ევროპარლამენტარებიც ხომ სწორედ ამას გირჩევენ?
- დასავლეთი მომავალზე საუბარს დიდი ხანია მეგობრულად გვირჩევს... ვაღიარებ, რომ ,,იმედთან’‘ დაკავშირებით, მისი მფლობელების გამო, კითხვები გაჩნდა, თუმცა არ მგონია, მედიაზე მხოლოდ ამ შემთხვევას მოეხდინა გავლენა. თუ ,,მაესტროს’‘ წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულება არსებობდა, ამ მთავრობას მაინც გამოეძიებინა. მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა შეცდომას უშვებს და ამ შემთხვევაში ადამიანური ფაქტორი ჩნდება: რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებ და ქვეყნის აშენებას ცდილობ, ამ დროს კი ხელისუფლებაში მოდის ჯგუფი, რომელმაც შენი წარმატებები გადახაზა, აშენებულის დანგრევას ცდილობს და შენც თავდაცვის რეჟიმში გადადიხარ. ,,ქართულ ოცნებას’‘, წარსულზე საუბრით, პასუხისმგებლობის არიდება სურს, რადგან საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს. საერთოდ, 2012 წლამდე უამრავი ბრალდება ისმოდა, რომელთა უმრავლესობა ბოლო ორ წელიწადში სრული პროფანაცია აღმოჩნდა. ჩემზეც ამბობდნენ, რომ ყალბ დიპლომებს ვარიგებდი, პედაგოგებს პოლიტიკურად ვდევნიდი და სამსახურიდან ვათავისუფლებდი, თუმცა დღემდე სამსახურში მხოლოდ 12 დირექტორი აღადგინეს, რომლებიც ქრთამის აღებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ისიც ითქვა, რომ ქალთა კოლონიაში ბუნტი სისხლით ჩავახშე და ასობით ქალის გვამი იქვე დავმარხე. სად არის ეს გვამები? რეალურად, ერთ ქალ პატიმარს ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა. თურმე, მილიონიან პრემიებსაც ვიწერდი, იარაღს ვარიგებდი, სამხედროებზე ბინებს არასწორად ვანაწილებდი... იგივე ინფორმაცია ვრცელდებოდა დანარჩენ ყოფილ მინისტრებზეც. ხომ ამბობდნენ, რომ მილიონერები ვართ. სად არის ეს მილიონები, რომელ ბანკში ვინახავთ? 21-ე საუკუნეში ერთ თეთრსაც ვერ დამალავ, რომ აშშ-ს, ან ევროპის საფინანსო ორგანოებმა ინფორმაცია არ მიიღონ.
- ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების ანგარიშების წარმომავლობის დადგენაც შესაძლებელია, რომელსაც პროკურატურა ამ დრომდე იძიებს?
- თუ ოფშორებში იანუკოვიჩის ანგარიშები იპოვეს, ნაციონალური მოძრაობის წევრების ანგარიშების ამოქექვა რატომ უნდა გართულებულიყო? ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიის ბანკებმა გაასაჯაროეს ფინანსური ინფორმაცია.
- თქვენი არგუმენტების მიუხედავად, ნაციონალური პარტიის რეიტინგი არ იზრდება და არც იმის ნიშნები იკვეთება, რომ საზოგადოებაში მისდამი დამოკიდებულება უახლოეს მომავალში შეიცვლება. ამის მიზეზებზე პარტიაში არ ფიქრობენ?
- ამიტომაც ვთქვი, რომ პოლიტიკოსები შეცდომას უშვებენ და, პირველ რიგში, ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობდი. მუდმივად წარსულზე საუბრით მოსახლეობაც დაიღალა, ხალხს მომავალი სჭირდება და, თუ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ გზავნილებს მომავალზე ააგებს, ისევ წარმატებული პოლიტიკური ძალა გახდება.
- ბატონო დიმა, რა მომავალი უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, მაგალითად, გივი თარგამაძემ, გიორგი ბარამიძემ და ან რომელიმე სხვა ,,ძველმა სახემ’‘?
- საზოგადოება, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ, ასევე ,,ქართული ოცნების’‘ იმ სპიკერებისადმი, რომლებიც ტელევიზორში ხშირად ჩნდებიან, ნეგატიურადაა განწყობილი. არ მგონია, პარტიაში ვინმეს საკუთარი რესურსი ამოეწურა, მთავარი ამ რესურსების სწორად გამოყენებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას განახლება არ სჭირდება, როგორც კი პარტია მომავალზე საუბარს დაიწყებს, ახალი სახეებიც გამოჩნდებიან.
- ბოლო ორ წელში ისიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყნიდან გაქცეული მიხეილ სააკაშვილის პირადი პარტიაა, ამიტომ ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის შენარჩუნება გაგიჭირდებათ.
- სააკაშვილის პოლიტიკური წონის ლიდერი საქართველოში არ არსებობს და დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში, არც გამოჩნდება. მან აბსოლუტურად სწორი პაუზა აიღო, თუმცა ხელისუფლებაში მისი დაბრუნება გარდაუვალია, ეს არის კანონი, რომელსაც ვერავინ შეცვლის. სხვათა შორის, ერთ რამეზე მწყდება გული: როცა განათლების მინისტრი ვიყავი, სასწავლო პროგრამაში კრიტიკული აზროვნების გაკვეთილების დამატება გვინდოდა - ბავშვებს გარკვეული ინფორმაცია კრიტიკულად უნდა შეეფასებინათ. ეს იდეა პატრიარქს გაუჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოვასწარით. საქართველოში ჭორიკნების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით სტერეოტიპები იქმნება და ვიდრე მოსახლეობა კრიტიკულად აზროვნებას არ დაიწყებს, ქვეყანაში პრობლემები არ დასრულდება.
- ნაციონალური მოძრაობა დღემდე ირწმუნება, რომ ,,ქართული ოცნება’‘ პუტინის პროექტია, თუმცა ფაქტია: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია, უელსის სამიტიც ქვეყნისთვის, მეტ-ნაკლებად, წარმატებით დასრულდა.
- საქართველოს ხელისუფლება რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ირელევანტურად აფასებს. რამდენიმე დღის წინ სოხუმის დაცემის დღე იყო, აფხაზეთზე კონტროლი იმის გამო დავკარგეთ, რომ შევარდნაძე რუსეთს მიამიტურად მიენდო, სამწუხაროდ, დღესაც იგივე ვითარებაა. ხშირად ამბობენ, ბოლოს და ბოლოს რუსეთიც მართლმადიდებლური ქვეყანააო, მაგრამ ეს ის ქვეყანაა, რომელმაც ათასობით მოძმე უკრაინელი ჩახოცა. ბელორუსი მიხვდა, რომ რუსეთთან ერთი ადგილის თამაშს აზრი არ აქვს, საქართველოს ხელისუფლება კი ისევ ილუზიებშია.
- ფიქრობთ, გრიგორი კარასინის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც რუსეთ- საქართველოს შორის ახალი გზის მშენებლობას შეეხება, ჩვენს ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული?
- თავის დროზე როკის გვირაბი რომ არ აშენებულიყო, ცხინვალზე კონტროლს არ დავკარგავდით. გასაგებია, რომ ის საბჭოთა კავშირის დროს აშენდა, მაგრამ ახლა ხომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, იგივე ორმოში რატომ ვხტებით? ისტორიიდან ჭკუას რატომ არ ვსწავლობთ? რუსეთმა კავკასიაში თავის მიზანს ვერ მიაღწია და ირანთან დერეფნის შექმნა ვერ შეძლო. 2008 წელს რუსეთმა თბილისი ვერ აიღო და გიურმის ბაზაზე გზა ვერ გაჭრა. ამ მიზნის შესრულებას ახლა ახალი გზის მშენებლობით ცდილობს, თუმცა მჯერა, ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფლებისთვის სისხლი დაღვარა, არავის მისცემს შანსს, საქართველოში 1921 წელი განმეორდეს.