არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის, სასამართლოსა და მედიაზე ზეწოლის გამო. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქმედმა მედიაორგანიზაციებმა არ გააშუქეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის სისხლის სამართლის საქმე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ მიიჩნევენ, რომ მიუღებელია როგორც არასრულწლოვნის სასამართლო პროცესის შესახებ საჯაროდ საუბარი, ასევე პრემიერ-მინისტრის მომეტებული ინტერესი კერძო ტელეკომპანიის თანამშრომლებისა და მათი ნათესავების მიმართ.
2 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს საყვედური უთხრა იმის გამო, რომ სათანადო თანადგომა არ გამოუცხადეს კოლეგას, გაზეთ „ასავალ-დასავლის“ თანამშრომელს, ზაზა დავითაიას, რომელსაც წინა დღით სცემეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტენდენციურობაში დასდო ბრალი და არგუმენტად მოიტანა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის ძმის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, მისი თქმით, არ გაშუქდა:
„გაოგნებული ვარ პირდაპირ, რადგან არანაირი სოლიდარობა თქვენში არ ჩანს, თუმცა გამოჩნდა სოლიდარობა მაშინ, როცა თქვენი კოლეგის ძმამ დააყაჩაღა ორი ტაქსისტი. ეს ფაქტი არ გააშუქა არც ერთმა ტელევიზიამ, როგორც მე მახსოვს. ეს პიროვნება პირველმა ინსტანციამ გამოუშვა. ადამიანი, რომელიც იყო ბრალდებული ორი ადამიანის დაყაჩაღებაში გადამტვრეული ბოთლით, სასამართლომ გამოუშვა“.
ირაკლი ღარიბაშვილის ამ პოზიციის პასუხად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად უწევს მონიტორინგს კერძო მედიაკომპანიის თანამშრომლის ოჯახის წევრის საქმეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ვარაუდობს, რომ პრემიერ-მინისტრი დაინტერესებულია როგორც სასამართლოს მიმდინარეობით, ასევე მედიის მიერ ამ მოვლენის გაშუქებით:
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ხდება და რატომ ინტერესდება პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებით, მათი ოჯახის წევრებით. როგორც ჩანს, მას აქვს მიცემული ინსტრუქცია ან ის პირები, ვინც მის გარშემო არიან, აგროვებენ ასეთი ტიპის ინფორმაციას და აწვდიან მას, მაშინ როცა ეს არ არის საზოგადოების მაღალი ინტერესის საქმე“.
გარდა ამისა, ეკა გიგაურის თქმით, მიუღებელია ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის სასამართლო პროცესის შესახებ საჯაროდ საუბარი, რაც შესაძლებელს ხდის არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. „საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ ადგენს არასრულწლოვნის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე განხილვის ვალდებულებას, რომ ითვალისწინებს არასრულწლოვნის უპირატეს ინტერესს, რისი გათვალისწინებაც, სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არ მოხდა“, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის ერთ-ერთი ავტორი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა ასევე დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია:
„’რუსთავი 2’-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის მიმართ არსებობს მხოლოდ პირველი ინსტანციისა და აპელაციის განჩინებები და არა განაჩენები, ანუ სასამართლოს ამ ეტაპზე არათუ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანია, არამედ მსჯელობაც კი არ დაუწყია მის შინაარსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირის მოხსენიება დამნაშავედ, ყაჩაღად, არის დარღვევა საქართველოს კონსტიტუციის, რომელიც ამბობს, რომ ვიდრე არ გამოვა განაჩენი, პირი არის უდანაშაულო“.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ასევე მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის შეფასებები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს სასამართლოს მიუკერძოებლობაზე, რადგანაც ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმისთვის პატიმრობის შეფარდება-არშეფარდების მიხედვით იმსჯელა სასამართლოს თავისუფლების ხარისხზე. "მედიის განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი კი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება შესაძლებელია აღქმული იქნეს მედიაზე ზეწოლად.
„როდესაც შენ აკრიტიკებ იმის გამო, რომ მოვლენის მიმართ არ აქვს ისეთივე სუბიექტური აღქმა, როგორიც შენ გაქვს, ასეთი მიდგომა უკვე შეიცავს ავტორიტარულ ნიშნებს. უცოდველი არავინ არ არის. შესაძლოა, მედიამაც დაუშვას შეცდომა და ამისთვის არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები და მედიაც უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რათა არ დაკარგოს ნდობა, მაგრამ მეორე მომენტია მიზანშეწონილობა: როცა შენ ამას მუდმივად აკეთებ საჯაროდ, გარკვეული ზეწოლის ელფერი აქვს ამას“, უთხრა თამარ კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით კი, მიუღებელია ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების დაყოფა და მათ მიმართ სიმპათიისა და ანტიპათიის აგრესიული ფორმით დაფიქსირება, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა „ასავალ-დასავლისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე საუბრისას.