,,ნაციონალებმა ხელისუფლება მერაბიშვილის ცოლისა და მისნაირების ვნებებს გადააყოლეს!’‘

,,ნაციონალებმა ხელისუფლება მერაბიშვილის ცოლისა და მისნაირების ვნებებს გადააყოლეს!’‘

რატომ ეცოდება ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილი და რით ხსნის სანდრო ბრეგაძე ,,ოცნების’‘ რეიტინგის კლებას

ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან რამდენიმეწლიანი პოლიტიკური ბრძოლა პირველად რამდენიმე თვის წინ დაუფასდა - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მაშინდელი მინისტრის, დავით დარახველიძის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 2 თვე იმუშავა და, დარახველიძე სოზარ სუბარმა ჩაანაცვლა თუ არა, პოსტი დატოვა. ერთი თვის განმავლობაში უმუშევარი იყო, რამდენიმე დღის წინ კი, ისევმ ინისტრის მოადგილის რანგში მოგვევლინა და ემიგრანტების სამშობლოსთან ინტეგრირების კონცეფციაზე მუშაობს. ,,ვერსია’‘ - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა    
- დიასპორის მინისტრის მოადგილედ პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით დავინიშნე. ეს სფერო ჩემთან ახლოსაა, რადგან წლების განმავლობაში, ემიგრანტი გახლდით და სხვადახვა ქვეყანაში მყოფი ქართული დიასპორის პრობლემებსაც კარგად ვიცნობ. საზღვარგარეთ უამრავი წარმატებული ქართველია, რომელსაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია.

- დიასპორის სამინისტრო დიდი ხანია, ფორმალურ უწყებად ჩამოყალიბდა და ძირითადად, არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ქართველების საარჩევნო ხმების დათვლითაა დაკავებული. მინისტრის მოადგილედ თქვენი დანიშვნა სამინისტროს საქმიანობაში რას შეცვლის?
- მართალია, კოტე სურგულაძეს მინისტრის თანამდებობაზე დიდხანს ყოფნა არ მოუწია, მაგრამ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება მაინც მოასწრო. დიასპორის ამჟამინდელი მინისტრიც კარგი დიპლომატი, ენერგიული და ნიჭიერი ადამიანია. ემიგრანტების პრეტენზიების შესახებ მეც მსმენია და ვიზიარებ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სამინისტრო უუნარო იყო, მაგრამ ნაციონალებს სწორედ ამ სფეროში უნდა ვაჯობოთ და დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. მათ საგანმანათლებლო, სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით გაძლიერებაში უნდა დავეხმაროთ. აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ მეზობელ თურქეთთან, სადაც სერიოზული ქართველი ბიზნესმენები და მეცნიერები იმყოფებიან. მათი პოტენციალის ქვეყნისთვის გამოყენება აუცილებელია. იგივე შემიძლია ვთქვა ინგილო და ფერეიდანელ ქართველებზე. ასე რომ, სამინისტროს კონცეფცია უკვე აქვს და ახლა მისი ამოქმედებაა საჭირო.

- ბატონო სანდრო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დევნილთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნეთ, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდით - დამისახელეთ თქვენი თუნდაც ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც ეკომიგრანტთა მდგომარეობა მცირედით მაინც გააუმჯობესა?
- კრიტიკული განცხადებები მხოლოდ ნაციონალებისგან მოვისმინე - დამამცირებელი იქნებოდა, თანამდებობაზე ჩემს დანიშვნას მისალმებოდნენ. საერთოდ, პოლიტიკოსი უნდა შეეგუო აზრს, რომ მეგობრებიც და მტრებიც თანაბრად გეყოლება. პირადად მე, მტრები მაძლიერებენ, რომლებიც ჯერ კიდევ იმ დროიდან მყავს, როცა 19 წლის ბიჭი ზვიად გამსახურიას ხელისუფლებას გვერდით ვედექი და შიშველი ხელებით მთავრობის სახლს იმ ადამიანებისგან ვიცავდი, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ტყვია ესროლეს. ამ ჯგუფების განადგურებას არ ვითხოვ, ისტორიამ ისინი პოლიტიკურად დიდი ხანია, გაანადგურა. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, დევნილთა სამინისტროში 2 თვის განმავლობაში რევოლუციური ცვლილებები გავატარე. იქ დამხვდა ჭაობი, რომელშიც სხვადასხვა მწერები და მღრღნელები ბუდობდნენ და ეკოლოგიური მიგრანტების პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებდნენ. მას შემდეგ, რაც ეს სფერო ჩემს განკარგულებაში მოექცა, ჩემთან მოსასვლელად საშვი არავის სჭირდებოდა, არც მიღების საათი იყო განსაზღვრული, რადგან 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს ვხვდებოდი. შეხვედრას შეხვედრებისთვის კი არ ვატარებდი, აბსოლუტურად ყველა ეკომიგრანტის პრობლემა, ვინც ჩემთან მოვიდა, მოგვარდა. ახალი ავტომობილიც არ ავიღე და ამით სხვა საჯარო მოხელეებს მაგალითი მივეცი - აუცილებელი არაა თანამდებობის პირმა მაინცდამაინც ბოლო მოდელის ავტომობილით იაროს. პირიქით, 12 წლის ავტომობილი მემსახურებოდა, რომელიც ადრე დაცვის პოლიციის განკარგულებაში იყო. მეტიც, ის ჩემი სახსრებით გავარემონტე.

- ,,თავდადება’‘ რატომ არ დაგიფასდათ და დევნილთა მინისტრად სოზარ სუბარის დანიშვნის შემდეგ, პოსტიდან რატომ გაგათავისუფლეს?
- კონფლიქტი არავისთან მქონია, სოზარ სუბარი და მე სააკაშვილის რეჟიმს ჯერ კიდევ გაერთიანებული ოპოზიციის პერიოდიდან ვებრძოდით. უბრალოდ, საქმე შვეიცარული საათივით ავაწყვე და სამინისტროს დავუტოვე, რითაც ჩემი ფუნქცია უწყებაში ამოვწურე. იმედი მაქვს, ამ ,,საათს’‘ უროს არავინ ჩაარტყამს. სხვათა შორის, როცა დევნილთა სამინისტროში პირველად მივედი, თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ბიუჯეტის ათვისებაც ვერ მოასწრებდნენ. აღვშფოთდი, როცა 1000-ზე მეტი ოჯახი დაზარალებულია და საცხოვრებელი სახლი არ აქვს, ბიუჯეტში ფული უნდა დავაბრუნოთ? გრაფიკი მინიმალურ დროში გავწერეთ, რომლის მიხედვითაც, პროექტი ბოლომდე მივიდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე დაზარალებული ადამიანები დღეს კმაყოფილები არიან. ზოგს წელსვე შეხვდა ახალი სახლი, ზოგიც მომავალი წლის სიაში მოხვდა, თუმცა განაწილების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართა.

- ბიუჯეტიდან თანხის ათვისების პრობლემა სხვა სამინისტროებსაც აქვთ. არადა, ეს იმ ფონზე ხდება, როცა ქვეყანაში უამრავი გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა. ამიტომ ხომ არ იქმნება საზოგადოებაში აზრი, რომ ხელისუფლება უუნაროა?
- მომცენ ეს თანხები და ისე გავხარჯავ, რომ მთავრობას მეტ ფულს მოვთხოვ - ხალხის პრობლემების გადასაჭრელად მეტი ფული მჭირდება- მეთქი. მართლაც, არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში ბიუჯეტში არსებული თანხა ვერ გახარჯო, შვეიცარია და გერმანია ხომ არ ვართ? მიზეზებზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, არ ვარ სამინისტროების მუშაობაში ჩახედული. შესაძლოა, ობიექტური მიზეზებიც არსებობს, მაგრამ ზოგადად, ,,ქართული ოცნების’‘ რეიტინგის კლება ბუნებრივი პროცესია - ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რეიტინგს მეტ-ნაკლებად კარგავს. ხელისუფლების მიმართ მკვეთრ უკმაყოფილებას კი, ვერ ვგრძნობ და არა იმიტომ, რომ ხალხს კაბინეტიდან ვუყურებ. პირიქით, მოსახლეობასთან კონტაქტი მუდმივად მაქვს. თუმცა ვაღიარებ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ძირმომპალი რეჟიმის შემდეგ, ხალხს და მათ შორის მეც, იმაზე მეტი მოლოდინი გვქონდა, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობდა. 2-3 წელიწადში თბილისს ჟენევად, საქართველოს კი ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ვერ ვაქცევთ. ეკონომიკის განვითარებას დრო სჭირდება. მთავარია, ბიზნესი ზეწოლისგან გათავისუფლდა და ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის დროს გარიგებებით გამდიდრებული ბიზნესმენებიც ხელშეუხებელი დატოვა. ბევრი ამის გამოც გვაკრიტიკებს და მათ ,,გაკულაკებას’‘ ითხოვს, შესაძლოა, სამართლიანობის პრინციპი მართლაც ირღვევა, მაგრამ ეკონომიკის გამოსწორებისთვის ეს აუცილებელი პროცესია. სამაგიეროდ, ძალაუფლების დაკარგვის გამო, ნაციონალები იმდენად დაიბოღმნენ, კოალიციის დისკრედიტაციისთვის ყველაფერზე მზად არიან. არადა, კარგად მახსოვს, ეს ადამიანები როგორები იყვნენ და ხელისუფლებაში საიდან მოვიდნენ. პარლამენტის წევრი ვიყავი და რამდენჯერაც ზურა ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს დავინახავდი, საცოდაობის გრძნობა მიჩნდებოდა - გაცრეცილი ფეხსაცმელებით დადიოდნენ და საჭმლის საყიდლად 2-3 ლარს აგროვებდნენ.      
          
- გაცრეცილი ფეხსაცმელი არ მგონია, ადამიანს აკნინებდეს.
- რა თქმა უნდა, ეს ადამიანის ღირსებასა თუ უღირსობაზე არ მეტყველებს, მეც მივლია გაცრეცილი ფეხსაცმლით და შეიძლება, დღესაც დავდივარ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სწორედ ზურა ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ოფიციალური მილიონერები გახდნენ - იმდენი ფული აქვთ, არ იციან, სად წაიღონ.

- თუ ასეა, ამ ადამიანებს პროკურატურა ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებას რატომ ვერ უმტკიცებს? ევროპარლმანეტარები ხელისუფლებას ბაჩო ახალაიას გათავისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის ჩამორთმევასაც ურჩევენ.
- ახალაია ჩემთვის თანამედროვე ,,ჩიკატილოა’‘. მიუხედავად იმისა, რომ ციხისთვის ყველა მეცოდება, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ახალაიას მეგობრები თუ მერაბიშვილის პოლიციელები პატიმრებსა და მომიტინგეებს როგორ ექცეოდნენ. სასაცილოა, გიგა ბოკერია დემოკრატიაზე რომ საუბრობს - ,,იმედის’‘ ჟურნალისტების დარბევის ბრძანება მან გასცა. 26 მაისს ადამიანები დახოცეს და მაღაზიის სახურავზე შემოდეს, 7 ნოემბერს მომიტინგეები დაარბიეს, ციხე პოლიტპატიმრებით გაავსეს, ბიზნესმენებს აყაჩაღებდნენ, ავხორცობით ცხოვრობდნენ და საზოგადოებას უზნეობის მაგალითს აძლევდნენ. არავის პირად ცხოვრებაში ჩავიჭრები, შესაძლოა, ამ მხრივ მეც არაერთი ცოდვა მაწევს, მაგრამ პრეზიდენტი რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მკბენარე მასაჟისტის ფულს გადაიხდის, ავადმყოფია. ამ ადამიანებს ბავშვობა არ გაუვლიათ და 40 წლის ასაკში 16-17 წლის ბიჭებივით იქცეოდნენ. ავხორცობას ხელისუფლება გადააყოლეს. ეგონათ, მუდმივად ამ მდგომარეობაში იქნებოდნენ. უჭკუო ადამიანები არიან, გრამი ტვინი რომ ჰქონოდათ, ხელისუფლებაში ისეთი აღტყინებითა და ხალხის მხარდაჭერით მოვიდნენ, რომ ძალაუფლება მართლაც დიდხანს უნდა შეენარჩუნებინათ, მაგრამ ხელისუფლება მერაბიშვილის ცოლისა და მისნაირების ვნებებს გადააყოლეს. დღეს კი, რკინის ვანო, დაცვის გარეშე ჩვეულებრივი ვანუა გახდა.