ვის ხელეწიფება ფარული მოსმენების განხორციელება? როგორ ხდება მიყურადება? რამდენად შესაძლებელია ფარული მოსმენების აღმოფხვრა ან, თუნდაც სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რათა ეს საკითხი კანონის ფარგლებში მოექცეს? ამ რიტორიკულ შეკითხვებზე პასუხი ასეთია: მალე მხოლოდ საუბრებს კი არ მოუსმენენ და გააკონტროლებენ, არამედ - აზრებსაც... რადგან, როგორც ამბობენ, სულ რაღაც, 10 წელიწადში ნანოტექნოლოგია საბოლოოდ დაიპყრობს კაცობრიობას, რასაც მოჰყვება ტექნოლოგიური სინგულარობა და ა.შ. რა არის ტექნოლოგიური სინგულარობა?! მოკლედ, პირჯვარი უნდა გადაიწერო და სამჯერ გაიმეორო: “ფუი, ეშმაკს! ფუი, ეშმაკს!” “ფუი, ეშმაკს!”, თან მარცხენა მხარეს სამჯერ გადააფურთხო... ჯერჯერობით მხოლოდ ეს ჭრის, შემდეგ რა მოხდება, ზუსტად არავინ იცის, მანამდე კი...
ვინ და რატომ გვისმენს
წინა ხელისუფლება ფარული მოსმენების ვნებით იყო შეპყრობილი და ისეთ შოუებს დგამდა, რომ ვერც თვალს მოაშორებდი და ვერც ყურს მოარიდებდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ფარული მოსმენა, ანუ მიყურადება მხოლოდ “ნაციონალების” კი არა, მთელი ცივილური მსოფლიოს საყვარელი საქმეა. ტოტალური მიყურადება ბოლო ათწლეულების მსოფლიო მონაპოვარია და სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები რეგულარულად არიან დაკავებული ამ საქმიანობით.
ფარული მოსმენის ყველაზე ცნობილი ქსელი “Echelon”-ია (რადიოელექტრონული დაზვერვის გლობალური სისტემა), რომელიც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შექმნილია. “Echelon”-ის მთავარი ოპერატორი აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო NSA-აა.
ევროპარლამენტის სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების შეფასების სამუშაო ჯგუფის საანგარიშო მოხსენებიდან: “Echelon-ის ქსელი უზარმაზარი მტვერსასრუტივით იწოვს ინფორმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ქსელს მთელ დედამიწაზე უამრავი ანტენა, ცაში კი, სპეციალური თანამგზავრები აქვს; აგრეთვე, - ფარული მოსმენების სხვა საშუალებები (წყალქვეშა და მიწისზედა კაბელები), რომლებიც მიერთებულები არიან საკომუტატორო კავშირების სადგურებთან. ამ გზით შემოსულ უზარმაზარ ინფორმაციას (სატელეფონო საუბრები, “ეს-ემ-ეს”-ები, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვ.) ამუშავებს მსოფლიოს უმძლავრესი კომპიუტერი. ინფორმაციის შეგროვებისთვის შექმნილია ურთულესი ალგორითმი. სპეციფიკური კრიტერიუმების შესატყვისი ინფორმაცია გადაეცემათ ანალიტიკოსებს და შემდეგ, ინახება მონაცემთა ბაზაში. სისტემა “Echelon”-ი ტოტალური ფარული თვალთვალისა და მოსმენის ერთადერთი უნიკალური სისტემაა.”
ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის საანგარიშო მოხსენება ფარული მოსმენების შესახებ საკმაოდ ვრცელია და, მაღალი ტექნოლოგიების შესაბამისი მეცნიერული ცოდნის გარეშე, ღრმად ვერ ჩაწვდები. ზედაპირულად, რიგითი მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, შეიძლება, ასე ვთქვათ: თუ ნას-ა დაინტერესდა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობის ყველა წარმომადგენელს მოუსმენს, ნებისმიერ ინფორმაციაზე (ელექტრონული ფოსტა, “ეს-ემ-ეს-”-ები, სოციალური ქსელი, “სკაიპი”) მიუწვდება ხელი და GPS -ით (ნავიგაციის თანამგზავრული სისტემა), მილიმეტრების სიზუსტით, დაადგენს ადგილმდებარეობას.
როცა ფარულ მოსმენას დაზვერვის სამსახური ახორციელებს, მისი მიზანი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინფორმაციის ფლობაა. სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია ნებისმიერ ადამიანზე, ვინც ოდნავ მაინც კავშირშია პოლიტიკასთან, ეკონომიკასა და თავდაცვასთან. სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო უწყებათა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შესაძლებლობას იძლევა, რომ გვერდი აუარონ კანონს ფარული მოსმენების შესახებ. მაგალითად, თუ NSA-ს უნდა აშშ-ის მოქალაქეს მოუსმინოს ფარულად, მაშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობას სთხოვს, რომ მისი სპეცსამსახურები ჩაერთონ ფარულ მოსმენაში და ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში გადაიტანონ. მონაცემთა ბაზა აშშ-ისა და დიდ ბრიტანეთს საერთო აქვთ.
დღეისათვის, “Echelon”-ის გარდა, სხვა ფარული მოსმენისა და თვალთვალის სისტემებიც არსებობს, თუმცა გაცილებით მარტივი, რომლებიც პატარა სახელმწიფოებს აქვთ. ფარული მოსმენების მცირერესურსიანი სისტემები იქმნება “Echelon”-ის ბაზაზე, რომლებიც ნატო-სა და ევროკავშირის მეგობარი ქვეყნებისათვისაა განკუთვნილი.
ფარული მოსმენების ერთ-ერთი ასეთი სისტემა წინა ხელისუფლებას ჰქონდა, რაზეც ახლა დიდი დავიდარაბაა ატეხილი.
ფარული მოსმენები, სახელმწიფო დონეზე თავისი რესურსებითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, გაცილებით მეტ არეალს მოიცავს და გლობალური ინფორმაციის დამუშავებაზე მუშაობს, თუმცა ფარული მოსმენის განხორციელება საყოფაცხოვრებო დონეზეც შესაძლებელია.
თუ, მაგალითად, ქმარს, ან ცოლს ეჭვი აქვს, რომ მეუღლე ღალატობს, შეუძლია, დაიქირავოს კერძო დეტექტივი და ყველაფერს გაარკვევს. ფარული მიყურადებისა და თვალთვალისათვის საჭირო ტექნოლოგია თავისუფლად შეიძლება შეიძინო მაღაზიაში. ინტერნეტში, ფირმა GSMK -ის საიტზე განთავსებულია სპეციალური პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფარული მოსმენის, ანუ მიყურადების განხორციელება თქვენთვის საინტერესო პიროვნებაზე. ეს, რა თქმა უნდა, კანონით იკრძალება, მაგრამ როგორც წესი, აქამდე საქმე არ მიდის.
აგრეთვე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტით შემოთავაზებული ფასიანი პროგრამები ფარული მოსმენის განსახორცილებლად, როგორც წესი, ბლეფი, ფულის მახეა და, რეალურად, არ მუშაობს.
პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარდა, ფარული მოსმენა და თვალთვალი აპრობირებულია დიდ ბიზნესშიც. დიდბიუჯეტიანი (მილიარდერები, მილიონერები) კომპანიები და კორპორაციები ზუსტ ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიებისა და გასაღების ბაზრებზე ხშირად ფარული მოსმენისა და თვალთვალის მეშვეობით იღებენ. ამ სფეროს უკვე ჰყავს თავისი მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალი კადრები, რომლებიც მომსახურებაში დიდ ანაზღაურებას იღებენ.
ერთი სიტყვით, მთელი მსოფლიო ფარული მოსმენითა და თვალთვალითაა შეპყრობილი და, როგორც ჩანს, ვერანაირი კანონი, ვერანაირი სამართლებრივი ჩარჩო, ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
რას ნიშნავს ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემა
ახლახან, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს ექსპერტებმა ქართულ მხარეს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღება შესთავაზეს.
“ქართული სიტყვა” ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი კომისიის წარმომადგენელს, გაზეთ “რეზონანსის” მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს ესაუბრა.
- ბატონო ლაშა, აღნიშნეთ, რომ ფარული მოსმენების განხორციელებისას, ძალიან ბევრი ხვრელია. ხელისუფლების გარდა, კიდევ ვის შეუძლია სისტემაში შესვლა?
- სისტემის მიმართ ხელი მიუწვდება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადრე, წინა ხელისუფლების დროს, “ნაციონალებს” ჰქონდათ ორი პროგრამა, ერთი ლეგალური და მეორე - არალეგალური. არალეგალური პროგრამით ისინი ახერხებდნენ სისტემაში შეღწევას და ამ უკანონო შეღწევით მოიპოვებდნენ არაკანონიერ ინფორმაციას.
- “ნაციონალები” მობილურ კომპანიებთან იყვნენ შეკრულნი?
- არა, სისტემაში მათი გვერდის ავლით შედიოდნენ. ეს გახლავთ ე.წ. შავი ყუთი, პროგრამა-მენეჯერი, რომლითაც მიერთებულები არიან პროვაიდერთან და დაუბრკოლებლად, გარკვეული პროგრამების მეშვეობით, აღწევენ სისტემაში, ანუ წინა მთავრობა პროვაიდერს არ ეკითხებოდა, ისე შედიოდა სისტემაში და უსმენდნენ აბონენტს, რომელიც აინტერესებდათ. სისტემაში შედიოდნენ სხვა მხრიდანაც, მაგალითად, ინტერნეტით. ახლა ითქვა, რომ ეს პროგრამა თითქოს უკანონოა და წაშალეს, მაგრამ იმის დადგენა, მართლა წაიშალა თუ არა ეს არალეგალური პროგრამა, ძნელია.
- გვყვანან ექსპერტები, რომლებიც გააკონტროლებენ, წაიშალა თუ არა?
- ექსპერტები არიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს პროგრამა საქართველოში არაა შექმნილი... ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვაა. საერთოდ, ძალიან რთული სფეროა. ეს პროგრამა შეიძლება, ჰქონდეს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ - სხვასაც.
- ევროსაბჭოს კომისიამ ფარული მოსმენების გასაკონტროლებლად ორგასაღებიანი სისტემის შექმნა შემოგთავაზათ, უფრო კონკრეტულად, ეს რას ნიშნავს?
- უბრალოდ, პრინციპი ისეთია, როგორც ბანკებში - ერთი გასაღები აქვს ბანკს მეორე კი, მას, ვისაც რაღაც აქვს შენახული და ვიდრე ორივე ერთდროულად არ გადაატრიალებს გასაღებს, კარი არ გაიღება. საუბარი იმაზეა, რომ თითოეული ცალ-ცალკე შესვლას ვერ მოახერხებს.
ევროსაბჭოს ექსპერტებმა - ჯოზეფ კანატაჩმა და გრეჰემ სატონმა შემოგვთვაზეს, რომ თუკი ფარული მოსმენა-მიყურადების ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, მეორე კი კერძო პროვაიდერს, ან მონიტორინგის სპეციალურ სამსახურს უკანონო მოსმენებისგან დაცვას მეტად ვუზრუნველვყოფთ.
ევროსაბჭოს ექსპერტების აზრი მისაღებია. მათი პოზიცია სწორი მიდგომაა. ეს არის დასავლეთში მიღებული პრაქტიკა და ძალიან ეფექტურია. ამით ბევრი რამისაგან ვიქნებით დაზღვეულები, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ფარული მოსმენების სისტემა ორგასაღებიანი იყოს.