“ოცნებიდან” უდისციპლინობისთვის გარიცხული ვიცე-სპიკერი კოალიციის ინფორმატორს ასახელებს

“ოცნებიდან” უდისციპლინობისთვის გარიცხული ვიცე-სპიკერი კოალიციის ინფორმატორს ასახელებს

მართალია, ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე, დისციპლინარული დარღვევების გამო, კოალიცია ქართული ოცნებიდან გარიცხეს, მაგრამ ვიცე-სპიკერობის პოსტზე რჩება, არც გადადგომას აპირებს და, როგორცქართულ სიტყვასთანსაუბრისას აცხადებს, პოლიტიკურ ბრძოლას ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელებს:

- დღევანდელი კანონმდებლობით, ვიცე-სპიკერის გამოთხოვის ორი გზა არსებობს: პირველი ისაა, მისი გამოთხოვის თაობაზე განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობამ უნდა დაწეროს. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში აჭარიდან 6 მაჟორიტარია, აქედან, ჩემი გამოწვევის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს ოთხმა მაინც უნდა მიმართოს. მეორე ვარიანტით, გადადგომის თაობაზე განცხადება თავად ვიცე-სპიკერმა უნდა დაწეროს. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს... თუ უნდათ, რომ ვიცე-სპიკერობიდან გადამაყენონ, მაშინ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შეიტანონ და ჩაწერონ, რომ აუცილებელი არაა, აჭარის რეგიონიდან ვიცე-სპიკერი იყოს არჩეული. ამ ცვლილებების განხორციელებას 114 ხმა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, აჭარის დეპუტატები ჩემს წინააღმდეგ განცხადებას არ დაწერენ. ამ ადამიანებმა, ორი წლის წინ, მხარი დამიჭირეს და ახლა მიზეზი არ აქვთ, რომ ჩემი გამოწვევის პროცედურა დაიწყონ. არც მე ვაპირებ გადადგომას, რადგან ვიცე-სპიკერად „ქართულ ოცნებას“ არ დავუნიშნივარ!

- ყოფილი თანაგუნდელები თქვენზე ამბობენ, თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით, რომ დუმბაძე კოალიციაში ყოფილიყოო. “ქართულ ოცნებაშიროგორ და ვისი დახმარებით მოხვდით?

- დიახ, ზოგი ამას ამბობს... ახლა გავხდი მიუღებელი ფიგურა?! ეს განცხადებები ამტკიცებს ჩემს „სიჯიუტეს“ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-სპიკერის პოსტი არ უნდა დავტოვო.

რაც შეეხება კოალიციაში მიღებას, 2012 წლის 24 მარტს, ბიძინა ივანიშვილს შევხვდი. ეს შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის, ისიც, თუ როგორ უნდა შექმნილიყო რეგიონული „ქართული ოცნება“... შევთანხმდით, რომ ავიღებდი პასუხისმგებლობას და აჭარაში შევქმნიდი ძლიერ პარტიულ სტრუქტურებს. ამასთან, არჩევნებში გამარჯვებასაც ვუზრუნველვყოფდი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს გავიმარჯვეთ კიდეც, მაგრამ მერე, დამაბრალეს, ვითომ აჭარის მთავრობის საქმიანობაში უხეშად ვერეოდი და ჩემი ჩამოშორება ამიტომ გადაწყვიტეს. ისე, სინამდვილეში, კი არ გამრიცხეს, პარტია თავად დავტოვე...

- ამბობთ, რომ ბრძოლას ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელებთ. მაინც, რა გეგმები გაქვთ?

- პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი ვარ, თუმცა არც უმრავლესობას მივეკუთვნები და არც - უმცირესობას. იმის გამო, რომ უმრავლესობა დავტოვე, ეს მასთან ურთიერთობაში ხელს არ შემიშლის. უმცირესობასთან კი, ოპოზიციური ფლანგიდან ვითანამშრომლებ.

- პარლამენტში ოპოზიცია მხოლოდ ნაცმოძრაობაა”... ესე იგი, “ნაციონალებთანითანამშრომლებთ?

- ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა იმას გულისხმობს, რომ უმრავლესობის წევრი არ ხარ, შესაბამისად, კოალიციის ვალდებულებებისა და გუნდური პრინციპებისგან თავისუფალი ხარ. იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა კარგ საქმეს გააკეთებენ, შევაქებ, თუ არ გააკეთებენ, გავაკრიტიკებ...

მოგეხსენებათ, ახლახან აჭარაში სტიქია მოხდა, რამაც განსაკუთრებით ბათუმი, ქობულეთი და ხელვაჩაური დააზარალა. ქედის რაიონში მეწყერული პროცესები განვითარდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბიუჯეტიდან გამოინახოს თანხები და დამეწყრილი ზონიდან ხალხის გაყვანა შევძლოთო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლომდე უნდა გაიხარჯოს. თუ ასე არ მოხდა, კრიტიკას არ დავიზარებ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა აჭარის მთავრობის აპარატი ასი ათასიან 4 ავტომანქანას ყიდულობს... აჭარის მთავრობამ ქამრები მეტად უნდა შემოიჭიროს და თითოეული თეთრი სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენოს.

სხვათა შორის, ზემოხსენებული მანქანები მთავრობის აპარატისთვის, ანუ მრჩევლებისა და თანაშემწეებისთვის შეიძინეს, რაც კატეგორიულად გაუმართლებელია. ამის თაობაზე ვიცე-პრემიერ კახი კალაძის პოზიცია მაინტერესებს.

- რატომ მაინცდამაინც კალაძის?

- იმიტომ, რომ ადრე ავთანდილ მახარაძე, რომელიც ძვირადღირებული ავტომანქანით დადიოდა, გააკრიტიკა. ხმა ახლაც ამოიღოს. ჩუმად რატომაა? ვფიქრობ, რომ გუნდურობის პრინციპია დარღვეული და ადგილი შეგნებულ პროვოკაციას აქვს.

- ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ...

- ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ამ პროვოკაციის მიზანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების” დისკრედიტაცია იყო და მეტი არაფერი!

- იმასაც დისკრედიტაცია თვლით, ნეპოტიზმში რომ გადანაშაულებენ?

- დიახ, ეს ტყუილია, რომელიც კოალიციის ლიდერებმა გაავრცელეს. თუ ვინმე ერთ ჩემს ნათესავს დამისახელებს, რომელიც თანამდებობაზეა, მე მთავრობის წევრების 5 და 10 ნათესავს დავასახელებ, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა.

- ადგილობრივი მთავრობის წევრების ნათესავები გყავთ მხედველობაში?

- არა, ცენტრალური ხელისუფლების წევრების. ნათესაური პრინციპით არავის არც ვნიშნავ და არც ვხსნი. სამთავრობო სტრუქტურებში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის ექსკლუზიური უფლება აჭარის მთავრობას აქვს და გამორიცხულია, ამ უფლებაში ვინმე ჩაერიოს.

- ბატონო მურმან, ესე იგი, “ნაციონალებთანთანამშრომლობას უარყოფთ?

- ამაზე, მაგალითად, კახი კალაძე საუბრობს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ “ნაციონალებიდან” გადმოვიდა. ასე რომ, ამ ბრალდებას საფუძველი არ აქვს.

- რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ კალაძენაცმოძრაობისწევრი ყოფილიყო...

- “ქართულ ოცნებას” ამ სახის ინფორმაციას აჭარიდან ერთი პიროვნება აწვდის, ის მათი აგენტია.

- ვის გულისხმობთ?

- მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროს უჩა შანიძეს, რომელიც “ნაციონალების” დროსაც ამ თანამდებობაზე მუშაობდა. ცენტრალურ ხელისუფლებას ინფორმაციას ეს ადამიანი აწვდის. რატომ უნდა ენდო ვინმე შანიძეს, რომელიც არჩევნების უბადლო გამყალბებელი და ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყო? უჩა შანიძე ჯერ “ნაციონალებზე” მუშაობდა და ახლა გუნდრუკს “ოცნებას” უკმევს.

საერთოდ, ასეთ არასერიოზულ თემებზე დიდხანს საუბარი არ ღირს, კარგი იქნება, თუკი ხელისუფლება ყურადღებას უფრო მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილებს.  მართლაც, სასაცილოა, რასაც მაბრალებენ, თითქოს “ნაციონალებს” შევეკარი. როცა პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვიყავი, პრემიერ-მინისტრმა მითხრა, ყოფილი პრეზიდენტი უცხოეთში იმყოფება, რომელთანაც  შეხება გაქვთ და თქვენი ბოლოდროინდელი მოქმედებები წყალს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამსო. ამაზე გამეცინა... მორჩნენ სისულელეებს და ილაპარაკონ სიმართლე! ღარიბაშვილისა და კალაძის უსაფუძვლო ბრალდებებს ვერ მივიღებ.

- სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხულოს რაიონში აჭარელ მუსულმანებს ფარულად ხვდებით და არც იმას გამორიცხავენ, რომ ქობულეთში მომხდარი .. ღორის ინციდენტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოთ...

- ეს ახალი ბრალდებაა, რომელიც პირველად თქვენგან გავიგე. ღორის თავის ინციდენტი კატეგორიულად დასაგმობია. მაშინაც, როცა ხელისუფლებაში არ ვიყავი, ვამბობდი, რომ აჭარაში მეჩეთი აშენდებოდა... საკულტო ნაგებობების აგება სახელმწიფოსგან უნდა გავმიჯნოთ. რელიგია ცალკე თემაა, სახელმწიფოს ფუნქციონირება კი, სხვა საკითხია. ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ვისაც უნდა, მეჩეთის აშენება, ააშენოს, მაგრამ ეს უცხო სახელმწიფოს დაკვეთით არ უნდა მოხდეს. ორი კვირის წინ, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რელიგიურ სახელმწიფო დეპატარტამენტის ხელმძღვანელი, გორმეზი საქართველოში ჩამოვიდა და საპატრიარქოში განაცხადა, ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთი უნდა აშენდესო. ეს განზრახვა სააკაშვილის ხელისუფლების  დროსაც არსებობდა, მაგრამ მაშინ ბათუმელებმა ჩავშალეთ. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც არ გადაუფიქრებია აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. ვერც ერთი უცხო სახელმწიფო ბათუმში მეჩეთს ვერ დადგამს. მას კი, ვისაც საკულტო ნაგებობის აგება უნდა, ეს მრევლის მეშვეობით უნდა დაადასტუროს!

- ბატონო მურმან, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრა რა მიზნით გსურთ?

- იმას, თუ რაზე ვისაუბრებთ, შეხვედრის შემდეგ გაგიმხელთ...