ლალი მოროშკინა ე.წ. ციხის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებასა და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ითხოვს. როგორც გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა, აქვს უამრავი დოკუმენტი, რომელსაც ხელს ასობით პატიმარი აწერს. მოროშკინას თქმითვე, ანალოგიური მასალები პროკურატურასაც გადაუგზავნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოძიება დღემდე არ დაწყებულა. “არ მინდა, რომ ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, პატიმრებს სასტიკად აწამებდა, დღეს დაუსჯელი დადიოდეს... ამ ადამიანს, სადაც იცნობენ, ყველგან სცემენ, მაგრამ ეს სამართალი არაა”, - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ლალი მოროშკინა. სხვათა შორის, სასჯელაღსრულების უწყებაში გაცემულ კოლოსალურ პრემიებზე ლაპარაკი პირველად სწორედ ლალიმ დაიწყო. მოგვიანებით კი, მას ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. ივანიშვილმა მოროშკინას, როგორც იტყვიან, “პადერშკა” სხვა დროსაც მისცა. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა, რომ ყოფილმა პრემიერმა ლალის მხარი ამჯერადაც აუბას და, უახლოეს რომელიმე საჯარო გამოსვლისას, სამართალდამცავებს “ციხის მოვლენების” დროულ და საფუძვლიან გამოძიებაზე მიანიშნოს.
ლალი მოროშკინა: - ჩემი თანამდებობების მიუხედავად, რომლებიც შევარდნაძის დროიდან მეკავა, არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. სხვათა შორის, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში არ მიმუშავია... 2012 წლის პირველი ოქტომბრის სახელისუფლებო ცვლილებების მერე ვთვლიდი, რომ მთავარია, ადამიანმა ინდივიდუალიზმი შეინარჩუნოს და იმ პრობლემებს, რომლებიც მუშაობისას ჩნდება, თვალი არ დაუხუჭოს. შეიძლება, გუნდი ერთიანი იყოს, მაგრამ პრობლემები ჩნდება და ამაზე საუბარი საჭირო თუნდაც იმიტომაა, რომ ჩასაფრებულ ადამიანებს ამ თემით მანიპულაციის საშუალება არ მიეცეთ...
- ლალი, პირველი იყავით, რომელმაც ე.წ. პრემიების საკითხი წამოჭრა. ეს იმიტომ გააკეთეთ, რომ თვალის დახუჭვა ვერ შეძელით?
- ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალიან სწორი ვქენი, როცა პრემიების საკითხი დავსვი - ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, თან ამ საკითხით შემდეგ მთავრობაც დაინტერესდა. პარლამენტმა კი, სპეციალური კანონი შეიმუშავა. ამ საკითხის გარჩევაში სამოქალაქო სექტორიც, ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, თამადობით, აქტიურად ჩაერთო და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, მერე, ბევრმა გადაწყვიტა, რომ ეს ქულები თავისთვის დაეწერა, მაგრამ არა უშავს. საზოგადოებას ხომ ახსოვს, რომ ეს კამპანია ჩემი დაწყებულია!
- ზოგიერთმა ყველაფერი ეს თქვენი და ხელისუფლების დაპირისპირებად აღიქვა...
- არსებულ ხელისუფლებას არ ვუპირისპირდები, მაგრამ ამხელა პრემიების გაცემა შეცდომა იყო, რაზეც თვალი არ უნდა დაგვეხუჭა.
ასევე, შეცდომად მიმაჩნია, როცა ხელისუფლება ციხეებში მომხდარ მკვლელობებს კარგად არ იძიებს. მხედველობაში მაქვს კორტავას, ფარტენაძის და სხვა გახმაურებული საქმეები. პრობლემებზე თვალი არასოდეს დამიხუჭია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყალს ვინმეს წისქვილზე ვასხამ, ან ამას “ნაცების” საამებლად ვაკეთებ. თუ ვინმეა მათი დაუძინებელი მტერი და პირველი დღიდან დაპირისპირებული იყო, სწორედ მე ვიყავი. სამართლიანობის აღდგენის გზა ძალიან გრძელი აღმოჩნდა და ბევრმა სამართალი ვერ იპოვა. სწორედ ამიტომ მივიღეთ დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი “ნაცმოძრაობა”, რომელიც უკადრებელს კადრულობს. “ნაციონალებს” ეთერი კი არ უნდა ჰქონდეთ, არამედ, ეს პარტია ისე უნდა გასამართლდეს, როგორც რეჟიმი.
- ლალი, “რეაქციის” სტუდიაში რა დოკუმენტები გქონდათ მიტანილი?
- სტუდიაში ასობით წერილი მქონდა მიტანილი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობისას, პატიმრებმა გამომიგზავნეს. ეს იმ მასალების, რაც მაქვს, ძალიან მცირე ნაწილია. ამ წერილებში პატიმრები იმ უბედურებაზე საუბრობენ, რაც გადახდათ. ეს ე.წ. დაოქმებული წერილებია. ასევე, მაქვს წერილები, რომლებსაც ხელს სამასი-ხუთასი პატიმარი აწერს და სადაც ციხის დირექტორის ჯალათობაზე ჰყვებიან. ეს ციხის დირექტორი კი დღეს ქუჩაში წყნარად დადის...
წერილებში მოყვანილია გაუპატიურების, ე.წ. გაქათმების ფაქტებიც. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული თემაა, რაზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ვიცი, რომ ანალოგიური წერილები შესულია პროკურატურაში. ისიც ვიცი, რომ ბოლომდე არაა დახურული ბუნტის თემა, რომელიც თერთმეტი ადამიანის გამო მოხდა. ამიტომ ვცდილობ, რომ ამ ადამიანების ჩვენებები მოვიპოვო, რის შემდეგაც ეს საქმე საზოგადოების წინაშე სხვანაირად წარდგება.
- პატიმრები მაინცდამაინც თქვენ რატომ გწერდნენ?
- იმიტომ, რომ ბევრის თვითმხილველი ვარ!
იმიტომ, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც ამ დაწესებულებებში შევიდა და საზარელი ისტორიები მოისმინა!
“ნაციონალები” ჩემით გაღიზიანებულები იცით, რატომ არიან? - იმიტომ, რომ რეალური მასალა მიჭირავს და მათ წინააღმდეგ ფაქტები მაქვს!
- ეს წერილები პროკურატურას თქვენ მიაწოდეთ?
- წერილების ნაწილი პროკურატურას მე მივაწოდე, ნაწილი კი, - თავად პატიმრებმა. სამასი პატიმრის ხელმოწერილი საჩივარი დევს პროკურატურაში, სადაც კონკრეტული პიროვნებებია დასახელებული, რომელებიც ბიჭებს აწამებდა, ურტყამდა, აშიშვლებდა. არ ვიცი, რატომ არ ხდება ამ ადამიანების დასჯა. ამ სადამსჯელო ღონისძიებებით და პატიმრების დატერორებით კრიმინალს თითქოს ამცირებდნენ. სინამდვილეში კი, ყველაზე დიდ კრიმინალს შიგნით, ციხეებში ჩადიოდნენ. ეს იყო საკონცენტრაციო ბანაკები! დიახ, 2006 წელს, საქართველოში საკონცენტრაციო ბანაკი შეიქმნა, რომელმაც 2012 წლამდე იარსება.
სხვათა შორის, ამ წერილების ასლები, ამ ზაფხულს, სტრასბურგში წავიღე და ყველაფერი ევროსაბჭოშიც იციან. ამიტომაც, “ნაცმოძრაობა” სიმართლეს არ მაპატიებს!
თუ დღევანდელ ხელისუფლებაში ვინმეს ქმედება არ მოგვწონს, უნდა ვთქვათ, რათა სირაქლემის პოზიციაში არ აღმოვჩნდეთ. ვხედავთ გაწბილებულ საზოგადოებას, რომელიც სამართალს უშედეგოდ ეძებს.
- სხვათა შორის, “ნაციონალებმა” წამოგაძახეს, სამსახურიდან გამოგაგდეს და ამ ხელისუფლებას მაინც იცავო. ლალი, ის, რასაც აკეთებ, ხელისუფლების დაცვაა თუ რეალობისთვის თვალის გასწორება და ხელისუფლების სიმართლის გზაზე დაყენება?
- სამწუხაროდ, ამ ქალისთვის, ვინც ეს მითხრა, ჩემი შემდეგი ნაბიჯები ცნობილი არაა.
- რას გულისხმობთ?
- მქონდა შემოთავაზება, რომ სამინისტროში დავრჩენილიყავი, მით უმეტეს, ის ადამიანები, ვისაც ვუპირისპირდებოდი, სამინისტროში აღარ მუშაობენ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უკვე სხვა სამსახურში ვარ.
- თქვენი ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროს მართლა “ნაცმოძრაობა” მართავს?
- დიახ, სახელები და გვარებიც ვიცი.
- ამ სახელებს და გვარებს იტყვით?
- ვიტყვი, ოღონდ - პროკურატურაში. “ნაციონალების” “მაყურებელთა” სახელები და გვარები იმიტომ ვიცი, რომ მათთან შეხება მქონდა - ისინი მთხოვდნენ, რომ მათივე უსაფრთხოების მიზნით, დახურულ სისტემაში გადამეყვანა. ციხეების ადმინისტრაციასთან ერთად, ისეთი ცუდი რაღაცები ჰქონდათ გაკეთებული, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სხვა პატიმრებთან ყოფნა ძალიან გაუჭირდებოდათ.
- ამბობთ, ახალი ნიუნბერგის პროცესია საჭიროო. გაქვთ იმედი, რომ სააკაშვილის რეჟიმი გასამართლდება?
- თუ პროკურატურამ იმ საჩივრების განხილვა და ყველა იმ პირის დასჯა დაიწყო, რომლებიც პატიმრების წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? ეს ადამიანები იმდენნი არიან, რომ მათი გასამართლების დაწყების შემთხვევაში, მართლაც, ახალ ნიუნბერგის პროცესს მივიღებთ. საზოგადოებამ უნდა ნახოს, რომ დამნაშავე ისჯება, სხვანაირად არაფერი გამოვა.
- ხშირად ამბობენ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში კიდევ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც “ნაციონალების” ინტერესებს იცავენ და სამართლიანობის აღდგენას ხელოვნურად აფერხებენ...
- პრობლემა მქონდა ადამიანთან, ვინც ბიძინა ივანიშვილს აპარატურა გაუფუჭა. ყველას და, მათ შორის, ივანიშვილსაც ეგონა, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, მაგრამ სინამდვილეში, სასჯელაღსრულების სისტემაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ჩემი განცხადების მერე გაათავისუფლეს. სწორედ ამიტომაც არიან “ნაციონალები” გამწარებულები, რომ ამ სისტემაში თავიანთი ხალხის შეყვანა ვეღარ მოახერხეს. არც სკამს გამოვეკიდე, არც - მაღალ პრემიას. სხვაც ასე უნდა მოიქცეს და რეალური დამნაშავეები გამოავლინოს. არ შეიძლება, ყველა ერთ ქვაბში მოვხარშოთ, მაგრამ ისინი, ვინც ბრძანებას გასცემდნენ და უშუალოდ ასრულებდნენ, უნდა დაისაჯონ. ვიდრე საზოგადოება არ დაინახავს, რომ დასჯის პროცესი დაწყებულია, ნიჰილიზმი იქნება.
ყოველდღე ასობით ადამიანი მირეკავს. მაგალითად, გუშინ დამირეკეს მშობლებმა, რომლებმაც მეშვიდე საპყრობილესთან აქცია გამართეს - ამ დაწესებულებაში ცუდი პირობებია, ადამიანებს ცოცხლად ალპობენ, მაგრამ სამწუხაროდ, გამოძიება არ იწყება. გადმოგცემთ ფოტოკადრებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა პირობებში ჰყავდათ “ნაციონალებს” პატიმრები და ეს წამების ტოლფასი არაა? მეშვიდე საპყრობილის ნაწილში დღესაც იგივე პირობებია.
- ლალი, რას გეგმავთ?
- ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს საბუთები მხოლოდ მე მაქვს. საბუთები, ასევე, იმ იურისტებს აქვთ, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. დღეს საკითხი ასე დგას: არსებობს თუ არა ნება, რომ პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება დაიწყოს.
- როგორ ატყობთ, ასეთი ნება არსებობს?
- ხელისუფლების შეცვლიდან ორი წელი გავიდა და ადამიანები, რომლებსაც სისხლიანი ხელები აქვთ, ისევ დაუსჯელნი არიან! ამიტომაც ჩნდება ეჭვი, ამნისტია საჭირო იყო თუ არა. ჩვენ ევროპული სტრუქტურა კი არა, ჩაკეტილი სახელმწიფო გვდომებია. ევროპაში, წელიწადში ოთხჯერ ცხადდება ამნისტია, მაგრამ ყოფილი პატიმრები ქუჩაში კი არ გამოდიან, არამედ, ლუკმა-პურის შოვნის საშუალებას თავად სახელმწიფო აძლევს. ჩვენთან, გარდა იმისა, პატიმრებს ცოცხლად ალპობდნენ, ცემდნენ და აუბედურებდნენ, დღეს “ნაციონალებს” ნამუსი კიდევ ყოფნით და ამბობენ, ამნისტია საჭირო არ იყოო. მე და ეკა ბესელიას კი, მკვლელებს გვეძახიან. თავს ამდენის უფლებას იმიტომ აძლევენ, რომ დასჯილები დღემდე არ არიან.
სხვათა შორის, იმასაც ვითხოვ, რომ საზოგადოებას აჩვენონ კადრები, რაც ჩვენ, ჟურნალისტებს დახურულ შეხვედრაზე გვაჩვენეს. ეს გაუპატიურებისა და ძალადობის კადრებია, მაგრამ მინდა, რომ საზოგადოებამ ნახოს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს “ნაციონალური” რეჟიმი. ნუთუ, ამის გაკეთება ასეთი რთულია?
- ლალი, აცხადებთ, რომ კრიმინალს სააკაშვილისგან ამნისტირებულები ჩადიან. ექსპრეზიდენტს პასუხისგება ამაზეც ხომ არ მოუწევს?
- სააკაშვილმა პასუხი იმაზე უნდა აგოს, თუ რატომ გამოუშვა ციხიდან ის ადამიანები, ვისაც 30 წელი ჰქონდათ მისჯილი. სააკაშვილმა ციხიდან გამოუშვა პედოფილები, მკვლელები, ყაჩაღები და ამაზე პასუხი არ უნდა აგოს? საყოველთაო ამნისტიით 15 ათასამდე პატიმარი გამოვიდა და თუკი აქედან ერთი-ორს ხელი წაუცდა, სწორედ იმიტომ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ რეაგირება დროულად მოახდინოს. პატიმრების ის ბირთვი, რომელიც სააკაშვილმა გამოუშვა, ყველაზე საშიშია და ამას ვამბობ, როგორც კომპეტენტური ადამიანი, რომელსაც თავისი თვალით აქვს ნანახი პროცესი, როცა ციხის დირექტორები ტიროდნენ და ამბობდნენ, დღეიდან ჩემი შვილები ქუჩაში წყნარად ვეღარ ივლიანო.