საქართველოში დიდი რელიგიური პროვოკაცია იგეგმება
ინფორმაცია, რომელსაც “ქართულ სიტყვას” უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე აწვდის, საგანგაშოა. შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ ყველაფერი ეს პანიკის დათესვას ემსახურება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ფორჩხიძის არაერთი პროგნოზი ახდა. ასე, მაგალითად, ქართველმა სპეცსამსახურელმა “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადა, რომ აგვისტოს ომით ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი დაინტერესდებოდა და ასეც მოხდა... ამჯერად, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ჩვენს სპეცსამსახურებს მოუწოდებს, რომ ე.წ. რელიგიური კუთხით პრევენცია გააძლიერონ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვიღაცამ ამერიკულ მედიას სირიელი მეამბოხეების საქართველოში მომზადებაზე “უტკა შეუგდო”; აშშ-ის ხელისუფლებამ კი, სირიელ ამბოხებულთა პანკისელი ლიდერი, თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი “შავ სიაში” შეიყვანა. ყველაფერ ამას კი, 2013 წელს გაკეთებული ფარული აუდიო ფაილის გავრცელება უძღოდა, რომელიც თითქოს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ციხეებს “კანონიერი ქურდები” აკონტროლებენ. მაშ ასე, ვის გამოაქვს შსს-დან საიდუმლო ინფორმაციები და ვინ მფარველობს ე.წ. ქართულ ვაჰაბიზმს? - “ქართული სიტყვა” კონსტანტინე ფორჩხიძის მორიგ სკანდალურ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
- ბატონო კონსტანტინე, ამას წინათ, ჟურნალისტმა, რომლის მეუღლეც “ნაციონალების” დროს შსს-ს მაღალჩინოსანი იყო, იმის დასტურად, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს “შავი სამყარო” მართავს, ე.წ. კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების სატელეფონო ჩანაწერები გაავრცელა, თან ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერები, რომლებიც 2013 წელსაა გაკეთებული, შსს-ს თანამშრომლებმა მიაწოდეს. თუკი ამ ჩანაწერს შსს ოფიციალურად აკეთებდა, ჟურნალისტთან როგორ მოხვდა?
- ყველაფერ ამას უკვე ტენდენციის სახე აქვს... ჟურნალისტს ეჭვი არც აუდიო ფაილების ავთენტურობაში შეუტანია და არც ჩანაწერის ფიგურანტების სრული იდენტიფიცირება უცდია. ამასთან, იმის მიხედვით, რაც ეთერში გავიდა, შეუძლებელია, დადგინდეს, ეს მასალა თუ როდის, რომელმა უწყებამ და რამდენად კანონიერად მოიპოვა. საერთოდ, თუკი ეს შსს-ს მიერ გაკეთებული ჩანაწერია, ცხადია, ჟურნალისტამდე არ უნდა მისულიყო და საქმე სამოხელეო დანაშაულთან გვაქვს, თუმცა მეეჭვება, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობდეს.
- ფაქტია, არსებობს - პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ მოისმინა...
- არ მგონია, შსს-დან ვინმე ასეთ მასალებს ჟურნალისტებს აწვდიდეს და ის, რაც მოვისმინეთ, ალბათ, ძველი მასალა, ან ფაბრიკაციაა... ჩანაწერში ბევრი ნიუანსია, რომელიც ეჭვს იწვევს ჯერ ერთი, ჩანაწერის ხარისხი თანამედროვე აპარატურის ხარისხს არ შეესაბამება.
- ერთი მოსმენით ამას როგორ მიხვდით?
- პროფესიონალისთვის ეს წამების საქმეა. ყოველ შემთხვევაში, იყო “ნაკლატკები”, რასაც აუცილებლად ექსპერტიზა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, თუ სათანადო ექსპერტიზა ჩატარდება, ყველაფერი გაირკვევა.
- მაინც, რა გაირკვევა?
- შემიძლია, ახლავე მოვიყვანო ორი მოქურდო ელემენტი, ერთმანეთთან ტელეფონით დავაკავშირო, ეს საუბარი დიქტოფონზე ჩავიწერო და მერე ისე გავასაღო, რომ ყველაფერი თითქოს ციხეში მოხდა.
- კი, მაგრამ ზემოხსენებულ ჩანაწერებში სახელები და გვარებია ნახსენები...
- მაგის გაგებას რა უნდა, ციხეში რომელი “კანონიერი ქურდი” თუ კრიმინალური ავტორიტეტი ზის? სხვათა შორის, ეჭვს ამ “ავტორიტეტების” საუბრის მანერა და ტერმინოლოგიაც აჩენს... არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ ტარიელ ფოცხვერიას ვიცავ, მაგრამ ეჭვი, რომ ეს ჩანწერი ავთენტური არაა, სწორედ ფოცხვერიას საუბარმა გამიჩინა.
- რატომ?
- როგორც ფოცხვერიას ადვოკატმაც განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხმის იოგები აქვს დაზიანებული. გარდა ამისა, ფოცხვერიას ეპიზოდში ისეთი ხმაური ისმის, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ჩანაწერი დახურულ სივრცეში არაა გაკეთებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ე.წ. კანონიერი ქურდისა და სასჯელაღსრულების უწყების თანამშრომლის საუბრის ჩაწერა ამ უწყების ოპერატიულ სამსახურს, ან გენინსპექციას შეეძლო. თუ ეს ფაილი სოზარ სუბარის მინისტრობის დროსაა გაკეთებული, ამის შესახებ მას თავისი ნდობით აღჭურვილი გენინსპექცია აუცილებლად მოახსენებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ფაილი შსს-მ გააკეთა, შესაბამის ქვეუწყებაში სათანადო დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს... შსს პენიტენციალურ სისტემას ოპერატიულ მომსახურებას არ უწევს და თუ ფაილი შსს-ს მიერაა გაკეთებული, მაშინ ვიმეორებ, საქმე სამოხელეო დანაშაულთან გვაქვს და პროკურატურამ აუცილებლად სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას.
- დავუშვათ, ჩანაწერები მოდელირებულია. მოდელირების მიზანი რა არის?
- ეს ჩვეულებრივი პიარ-ტრიუკია, რომლის მიზანიც კრიმინოგენული სიტუაციის დაძაბვა და, საბოლოო ჯამში, შს სამინისტროზე დარტყმაა. ასე რომ არ იყოს, გეკითხებით, ჟურნალისტმა ხაზი რატომ გაუსვა, რომ ჩანაწერები შსს-დან მიაწოდეს? რა, ვერ იტყოდა, რომ წყარო, ვთქვათ, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელია? აქცენტი შსს-ზე მიზანმიმართულად იმიტომ კეთდება, რომ სახელმწიფოს ხერხემალი სწორედ ეს უწყებაა - სხვა თუ არაფერი, ქვეყანას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ძირგამომთხრელი საქმიანობისგან იცავს.
- ბატონო კოტე, ამ შემთხვევაში, დარტყმის ობექტი შს სამინისტროა თუ კონკრეტულად მინისტრი?
- მინისტრი უწყებასთან ასოცირდება...
- სხვათა შორის, ნარკოტიკების შენახვისთვის დაპატიმრებულ თენგო ერისთავის მხარდამჭერ აქციაზე გაისმა მოწოდება, ხელისუფლებავ, შსს-ში “ნაციონალები” არიან მოკალათებულნი და ყურადღებით იყავიო. თუკი ეს ინფორმაცია მართალია, ხელისუფლებამ პროვოკაციები თავიდან როგორ უნდა აიცილოს?
- ეს ძალიან რთული ამოცანაა. მთავარი პრევენციაა და შსს პოსტ-პაქტუმ არ უნდა მოქმედებდეს, მაგრამ უწყება წინმსწრები ღონისძიებების გატარებას ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
- შსს-ში “ნაციონალთა” მეკავშირეების გამოვლენა როგორ უნდა მოხდეს?
- მოდით, ყველაფერი კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ...
- კი ბატონო, გისმენთ...
- რამდენიმე დღის წინ, “თავისუფალ თაობასა” და “თავისუფალ ზონას” შორის შეხლა-შემოხლა მოხდა - “თავისუფალი თაობა” “თავისუფალი ზონის” ოფისთან, ერთი შეხედვით, კეთილშობილური მისიით მივიდა, მერე კი, კვერცხების სროლა დაიწყო და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა და საქმეში პოლიცია ჩაერია - საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევები დააპატიმრა. “თავისუფალმა თაობამ” პოლიციის გინება დაიწყო, რას შვრები, ჩვენ ხომ “ნაცმოძრაობისგან” დაფინანსებულ არასამთავრობოს ვუპირისპირდებითო. მოკლედ, დარტყმის ობიექტი ისევ პოლიცია აღმოჩნდა.
- ესე იგი, იმის თქმა გინდათ, რომ “თავისუფალი თაობა” ვიღაცისგან იმართება?
- დიახ, ეს მართული პროცესია. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: თუ მოწინააღმდეგე მხარეს მეკავშირეები არ გყავს, პროცესს ვერ მართავ. გეკითხებით, რა საჭირო იყო “თავისუფალი ზონის” ოფისთან ამ აქციის მოწყობა? ხომ შეიძლება, პროტესტი კვერცხებით კი არა, ცივილურად გამოეხატათ, დაშლილიყვნენ და სახლებში წასულიყვნენ? ამ შემთხვევაში, შსს-ზე დარტყმა არ მოხდებოდა. საერთოდ, პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ როცა პროტესტს აგრესია ახლავს, აქ უკვე სხვა განზრახვა იკვეთება. შსს-ს მოვალეობა სწორედ ისაა, რომ ამ ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეისწავლოს და დაადგინოს, მათ შორის ადრე გარკვეული კონტაქტი ხომ არ არსებობდა.
- თქვენი ინფორმაციით, არსებობდა?
- დიახ, არსებობდა.
- “თავისუფალ ზონასთან” დაპირისპირებული ადამიანები, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, “ანტინაციონალური” პროტესტის ავანგარდში იდგნენ...
- მერე, რა?! რატომ გამორიცხავთ, რომ “ნაცმოძრაობა” თავის დროზე ოპოზიციის წინააღმდეგ სწორედ ანალოგიურ მეთოდებს იყენებდა, ანუ გავლენის “ტიპები” ოპოზიციაშიც ჰყავდა და თავის საქმეს აკეთებინებდა?! გინახავთ, რომელიმე ახალგაზრდა ოპოზიციონერი, ან სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც “ნაციონალებმა” ციხეში დიდი ხნით გამოამწყვდიეს? ერთადერთი, მელორ ვაჩნაძე იყო, რომელიც ჯერ სცემეს, მერე კი, ციხეში დიდი ხნით ჩასვეს.
- მაშასადამე, ამტკიცებთ, რომ დღეს “ანტინაციონალურ” კამპანიას თავად “ნაციონალები” მართავენ?
- რა თქმა უნდა!
- თუკი პოლიტიკურ ამინდს ისევ “ნაცმოძრაობა” ქმნის, გვისმენს და გვატერორებს, გამოდის, რომ ფარული ხელისუფლებაა?
- ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე თქვა: დააკვირდით, რა ხდება - “ნაციონალები” რაღაც თემას შემოაგდებენ და მერე, ყველა ტელევიზია ამ შემოგდებულ თემას ატრიალებს. მეტიც, სხვადასხვა ტელევიზიის სიუჟეტები ერთმანეთისგან, პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება.
- არ გეკამათებით, მაგრამ პატრიარქის მოწოდების მიუხედავად, მედია კრიმინალურ ფაქტებს ხომ არ დამალავს?
- არ უნდა დამალოს, მაგრამ დავიჯერო, ყველა ჟურნალისტი ზუსტად ერთი და იგივე დასკვნას დამოუკიდებლად აკეთებს?
- ბატონო კონსტანტინე, მომიტევეთ, მაგრამ ჩემს კოლეგებზე...
- (სიტყვას მაწყვეტინებს) კოლეგებზე კი არა, ტენდენციაზე ვლაპარაკობ. საერთოდ, ეს ქვეყანა სწორედ იმან დაღუპა, რომ კოლეგებზე საუბარი არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, სიმართლე ხომ უნდა ვთქვათ!
- მაგალითად, კრიმინალური ფაქტების გაშუქება სიმართლე არაა?
- სიმართლეა, მაგრამ ამისგან აპოკალიფსური სურათი არ უნდა შეიქმნას, არიქა, ქვეყანა დაიქცაო, თორემ კრიმინალი გუშინაც ხდებოდა, დღესაც ხდება და ხვალაც მოხდება...
- ...თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციაში რომ ვიყო, “ნაციონალებს” ერთ თვეში დავამხობდიო...
- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი საქართველოში რომ იყოს, ერთ თვეში არა, მაგრამ “ოცნების” ხელისუფლებას მართლა დაამხობდა, მით უმეტეს, იმ მხარდაჭერის ფონზე, რაც საზღვარგარეთ აქვს. ამასთან, სააკაშვილის თანხებიც გასათვალისწინებელია და ნურავინ იტყვის, იმ ქონების გარდა, რაც დაუყადაღეს, მიშას არაფერი გააჩნიაო.
- უცხოელ ლობისტებსა და პიარში ფულის დახარჯვა “ოცნებასაც” შეუძლია და ამაში გასაკვირი არაფერია... იზიარებთ მოსაზრებას, რომ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რათა “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ ავანგარდში დარჩეს? ისიც უცნაურია, რომ ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონება სწორედ მაშინ დააყადაღეს, როცა პრემიერი ღარიბაშვილი გაერო-ში მიემგზავრებოდა...
- დიახ, ყველაფერი მიზანმიმართულია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და 9 დანაშაული წაუყენეს, საიდანაც ერთ-ერთი მთავარი სამოხელეოა, ვთქვი, რომ ამ დანაშაულის დამტკიცება რთული იქნება და თუკი მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, ეს ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება-მეთქი. საჭირო იყო, პროკურატურას ის მძიმე დანაშაული მოეძებნა, რომელიც სააკაშვილს ნამდვილად ჩადენილი აქვს.
- იარაღით უკანონო ვაჭრობას გულისხმობთ?
- დიახ და დიდი რაოდენობით გაფლანგვებსაც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2009 წლის ოქტომბერში, თავდაცვის სამინისტროდან 57 მილიონი უკრაინული გრინვის ექვივალენტი ლარი უკრაინაში, “ბელტრეიდინგში” გადაირიცხა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს თანხა ჰაერშია გამოკიდებული. ასეთი 57 მილიონი “ბელტრეიდინგში”, როგორც იტყვიან, ენ რაოდენობითაა გადარიცხული და ეს გადარიცხვები რომ ამოიღონ, სააკაშვილი ციხეში ძალიან დიდი ხნით აღმოჩნდება, რადგან ის უმაღლესი მთავარსარდალი იყო... ხელისუფლებაში არის ადამიანებისა და პოლიტიკური ჯგუფების კატეგორია, რომელსაც სააკაშვილის ამ დანაშაულობებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა არ აწყობს.
- რატომ?
- ალბათ, იმიტომ, რომ უცხოეთში ერთი და იგივე პატრონები ჰყავთ. ანუ “ოცნების” გარკვეულ ფრთას “ნაცმოძრაობის” შენარჩუნება აქვს დავალებული. “ქართულ ოცნებას” სწორედ ეს დაღუპავს, თორემ “ნაციონალებმა” რევოლუციაც რომ მოაწყონ და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ქართველი ხალხი არ მიიღებს - მათ დევნას ქუჩა-ქუჩა დაუწყებს და აქ საშინელი ამბები დატრიალდება.
- სამოქალაქო ომის საფრთხე რეალურია?
- თუკი “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში რევოლუციით დაბრუნდა, სამოქალაქო ომის საფრთხე, რა თქმა უნდა, რეალური იქნება!
...ვანო, თუნდაც კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიების აქტიურობას დააკვირდით - პრაქტიკულად, ნოლის ტოლფასია.
- აქტიურობა რა შუაშია? ამასთან, “ოცნების” პრობლემა იქნებ ისაა, რომ სახეები არ ჰყავს...
- 20-25 წელია, ერთი და იგივე, მაპატიეთ და, “როჟებს” ვუყურებთ და ყელში ამოგვივიდა - ზოგიერთი პარლამენტში დაბერდა, ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ალბათ, პარლამენტიდან გაასვენებენ! საქართველო პატარაა და ყველამ ვიცით, ვინ რას აკეთებს.
- და ამ პატარა ქვეყანაში ახალი სახეები საიდან უნდა მოიყვანო?
- უნდა მოძებნო...
- მაგალითად, ახალი სახეა ზვიად ჯანყარაშვილი, რომელიც პარტია “ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთ მაღალ პოსტს იკავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი პარტიას აძლიერებს?
- დიახ...
- ზოგი აქცენტს ჯანყარაშვილის პოლიციურ წარსულზე აკეთებს - შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო...
- მერე რა, რომ პოლიციური წარსული აქვს? რახან ადრე პოლიციაში მუშაობდა, ადამიანს უფლება არ აქვს, პოლიტიკაში იყოს თუ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნაძირალებისაა, რომლებიც ქვეყანას ორშაურად ჰყიდიან?
- ჯანყარაშვილს იმასაც ახსენებენ, რომ პრემიერის სიმამრის ნათესავია...
- მერე, რა? საქართველოში ყველა ყველას ნათესავია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და საკუთარი მსოფლმხედველობა აქვს...
საერთოდ, ჩვენთან პიროვნებების კი არა, სისტემის პრობლემაა. მიშამ ავტორიტარული სისტემა ააშენა და ამ ავტორიტარული სისტემით ტოტალიტარიზმისკენ მიექანებოდა. დღეს სწორედ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამ სისტემის მოსარღვევად ჯერ სერიოზული არაფერი გაკეთებულა. ვანო, წინა ინტერვიუებშიც გითხარით, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, საქართველოს ხალხი კი არა, პარტოკრატია, ანუ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი მართავს, რომელიც საზოგადოების კი არა, საკუთარ ვიწრო ინტერესებს ითვალისწინებს. ნახეთ, ევროპაში რა ხდება - ხალხი საკუთარ ბედს რეფერენდუმით წყვეტს. ჩვენს კონსტიტუციაში კი, 74-ე მუხლი ჩადეს, რითიც ხალხს დემოკრატიის, ანუ მართვის უფლება წაართვეს. რა მნიშვნელობა აქვს, ერთი პიროვნების ავტორიტარიზმი იქნება თუ ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიციის? - ავტორიტარიზმი ავტორიტარიზმია!
- ბატონო კოტე, საით მივდივართ?
- არსაით! ერთ წრეზე ვტრიალებთ.
- ესე იგი, რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ მესიის ძებას დავიწყებთ?
- საქართველოს მესია არ სჭირდება! გაიგეთ, მესია თავად ხალხია! დიახ, ხალხმა თავისი უფლების დაბრუნება უნდა მოითხოვოს! თავის დროზე ვახტანგ ხმალაძემ და ვიღაც-ვიღაცებმა კონსტიტუციაში მე-5 მუხლი შეიტანეს და ხალხს კანონის შეჩერების უფლება წაართვეს. გაიძახიან, ხელისუფლების წყარო ხალხიაო. რა, ხელისუფლება მორაკრაკე ნაკადულია თუ როგორაა საქმე?
დღეს ყველაზე საჭირბოროტო საკითხი საარჩევნო კოდექსია, რომელიც რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. ეს ცივილიზებული ფორმაა, რომელიც საქართველოში რევოლუციებს ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს.
- კოტე ბატონო, ჩვენი ხასიათი ხომ იცით - რეფერენდუმზე შეიძლება, ბუსუსებიანი პრეზერვატივის კანონის გატანაც მოვითხოვოთ და გამოვა, რომ მუდმივად რეფერენდუმის ჩატარებაში უნდა ვიყოთ...
- მთავარი პრცედენტია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული სულელური კანონი, რომელიც ხალხს საშინელ მდგომარეობაში აგდებს, რეფერენდუმით გადაისინჯოს და მეორედ, გარწმუნებთ, ასეთი სულელური კანონის მიღების სურვილი ერთ პარლამენტარსაც აღარ გაუჩნდება!
- ბატონო კონსტანტინე, ამბობთ, რომ სისტემის შესაცვლელად ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. მაშასადამე, ფარული მოსმენა-თვალთვალიც გრძელდება?
- დიახ, გრძელდება, თუმცა ესეც “ნაციონალური” პიარის ნაწილია.
- უკაცრავად, “ნაციონალური” პიარი, ამ შემთხვევაში, რა შუაშია?
- მოსმენების თემაზე შექმნილი კომისია იმის შესახებ, თუ ვის უნდა გადაეცეს მოსმენებზე წვდომის გასაღები, სამ ვარიანტს განიხილავს: შსს, მობილური ოპერატორები და პარლამენტში შექმნილი სპეცკომისია. იცით, რა მიკვირს? - არასამთავრობოთა ნაწილი გაიძახის, მოსმენების გასაღები მობილურ ოპერატორებს უნდა მივცეთო. შე მამაცხონებულო, ევროპაში კი არა, ისეთ რეგიონში ცხოვრობ, სადაც თავიდან ფეხებამდე მტვერში ხარ, შენს ეკონომიკაში ამხელა ჩრდილოეთური მონსტრია შემოსული და მოსმენების გასაღები მას უნდა მისცე?! მე რომ შს სამინისტრო ვარ და ჩემს ობიექტებს შპიონაჟსა თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოვლენაზე ვამუშავებ, ყველაფერი ეს იმ მობილურ ოპერატორს ეცოდინება, ვისაც მოსმენების უფლებას მივცემთ. იცით, ეს რას ნიშნავს? - მოსკოვიდან ვიღაც საშა ჩამოვა, მე თქვენ გეტყვით და, “ბილანის” ოფისში შესვლა გაუჭირდება თუ რა. ჰოდა, შევა ოფისში, ფეხს ფეხზე გადაიდებს და... ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, იმ ობიექტების გარკვევას, ვისზეც შსს მუშაობს, მოსკოველი საშა დაიწყებს თუ ამერიკელი სემი? ვინც ამბობს, რომ მოსმენების გასაღები მობილურ ოპერატორებს უნდა გადაეცეთ, ქვეყანას ძირს უთხრის!
- არასამთავრობოთა ნაწილს ბრალს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში სდებთ?
- შეიძლება, ეს გაუცნობიერებლად ხდება, თორემ მოსმენების გასაღების მობილური ოპერატორებისთვის გადაცემა იდიოტიზმია! მოსმენის უფლება მხოლოდ შსს-ს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამაზე კონტროლს პროკურატურა და სასამართლო უნდა ახორციელებდნენ!
- თუკი მოსმენები გრძელდება, ლოგიკურად, ახალი მეგის ქარდავაც გაჩნდება. ვის აქვს შანსი, რომ “ოცნების” მეგის ქარდავა გახდეს?
- ნებისმიერს, ვინც უკანონო მოსმენას დაიწყებს! თუ კანონი დაცულია, მოსმენა პრობლემა არაა. სხვათა შორის, მოსმენა ე.წ. გასაღების გარეშეც შეიძლება და საამისოდ უამრავი ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგრამ გასაღებით მოსმენა იმას ნიშნავს, რომ ისიც გაიგო, ძალოვანი უწყებები ვის უსმენენ.
ისე, მეგის ქარდავამდე იცით, ფარულ ჩანაწერებს ვინ აკეთებდა? P- დათა ახალაია და მისი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი, რომელიც დღესაც გარეთაა და თავს მშვენივრად გრძნობს. მთავარი პოლიტიკური ნებაა, თორემ შს და თავდაცვის სამინისტროების “ნაციონალების” კადრებისგან გაწმენდა ნახევარ საათში შეიძლება!
- ამასობაში, საქართველო ლამის საერთაშორისო სკანდალში გაეხვა - მართალია, ოფიციალურმა თბილისმა არ დაადასტურა, მაგრამ თავდაპირველად გაჩნდა ვერსია, რომ საქართველო თავის ტერიტორიაზე თითქოს სირიელი ტერორისტების მომზადების მზადყოფნას გამოთქვამდა...
- ეს ინფორმაცია ამერიკულმა გამოცემამ გაავრცელა და ვინმეს რომ არ მიეწოდებინა, არ დაესიზმრებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკული გამოცემა გადაუმოწმებელ ინფორმაციას არასოდეს ავრცელებს. ასე რომ, გასარკვევია, ეს ინფორმაცია ამერიკულ პრესას ვიღაცამ შეგნებულად ხომ არ მიაწოდა. თუ ეს შეგნებულად გაკეთდა, მაშინ, საინტერესოა, რა მიზანს ისახავდა? საქართველოში სირიელი მეამბოხეების ჩამოყვანა და გაწრთვნა ჩვენთვის კატასტროფა იქნება.
- რატომ?
- სირიელი ამბოხებულები ბაშარ ასადის რეჟიმს ებრძვიან, რომლის უკანაც რუსეთი დგას. რა გარანტია არსებობს, რომ სირიელი ამბოხებულები და ჯიხადისტები ერთმანეთთან კავშირში არ არიან?
- სირიელი მეამბოხეების თემის შემოგდებით, რამე ახალი პოლიტიკური ავანტიურა დაიწყო?
- ეს ძალიან რთული გეოპოლიტიკური თამაშია, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება, ანუ დაახლოებით, ის სიტუაციაა, რაც თავის დროზე ავღანეთში შეიქმნა - თალიბებს აიარაღებდნენ, ხელს უწყობდნენ, მერე კი, ვეღარ აკონტროლებდნენ... დღეს მნიშვნელოვანი თურქეთის როლიცაა, სადაც ე.წ. შემგროვებელ-მოსამზადებელი ბაზა არსებობს - იქიდან სირიაში საბრძოლველად მიდიან. გამოდის, რომ ყველაფერი ეს თურქეთის ინტერესშიც შედის, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე ასეთ “საშუამავლო ბაზას” არ მოაწყობდა. ოფიციალურ სტამბულს ქურთისტანის პრობლემა აქვს - არ უნდა, რომ ერაყის ტერიტორიაზე ქურთისტანის რესპუბლიკა ჩამოყალიბდეს...
სხვათა შორის, სირიაში, ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ პანკისელები კი არა აჭარელი მუსულმანებიც იბრძვიან. ამ კონტექსტში, რამდენიმე კვირის წინ, ქობულეთში მომხდარი ინციდენტიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ანუ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ისლამთან. დიახ, საქართველოში ვაჰაბიზმი მომძლავრდა. სპეცსამსახური ხელებაკაპიწებული უნდა იყოს და იმაზე ფიქრობდეს, ამ სიტუაციას თავი როგორ გაართვას. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რომელსაც შეიძლება, საქართველოში ტერორიზმის ელემენტების “შემოტანა” მოჰყვეს - სირიაში ნაომარი იარაღიანი ადამიანი საქართველოში რომ დაბრუნდება, მისგან კარგს რას უნდა ველოდოთ?
- სირიელი ამბოხებულების თემასა და “ნაციონალების” პიარს შორის შეიძლება, კავშირი არსებობდეს?
- გამორიცხული არაფერია! ვაჰაბიზმი საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, “აზიის მუსულმანთა კომიტეტმა” შემოიტანა. 2004 წელს კი, პანკისში დიდი რაოდენობით ვაჰაბისტური ლიტერატურა ამოვიღეთ...
- ბატონო კონსტანტინე, რეზიუმე რომ გავაკეთოთ, საქართველო რელიგიური პროვოკაციის წინაშე დგას?
- დიახ!.. უშიშროების სამსახურებმა პრევენციული ღონისძიებები ამ კუთხითაც უნდა გაატარონ. ამასთან, სახელმწიფომ ტრადიციული ისლამის ხელშეწყობაზეც უნდა იზრუნოს. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობა”, თითქოს იმ მიზნით, რომ რუსეთისთვის საფრთხე შეექმნა, საქართველოში ვაჰაბიზმს აძლიერებდა. დღეს კი, ეს მეტასტაზა ისეა გაზრდილი, რომ საქართველოს მოქალაქეები სირიაში იბრძვიან! ისე, მე თუ მკითხავთ, საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწრთვნის იდეის ავტორი თუ ავტორები გენშტაბში უნდა ვეძებოთ და ეს ის გავლენიანი ჯგუფია, რომელიც რუსულ საქმეს შეფარულად აკეთებდა და დღესაც აკეთებს!