საპროტესტო-სოლიდარობის აქციები შეხლა-შემოხლის, გინების, ბოთლების, კვერცხების, პომიდვრებისა და წყლით სავსე პრეზერვატივების ფონზე
ორი დღის წინ ნაცემი ,,ასავალ-დასავალის’‘ ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას მხარდასაჭერად, 2 ოქტომბერს პეკინის ქუჩაზე მცირერიცხოვანი, მაგრამ შეიძლება ითქვას, სამარცხვინო აქცია გაიმართა, რადგან მედიის წარმომადგენლის ცემის ფაქტის გაპროტესტებასთან საერთო არაფერი ჰქონია. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეკინზე მობილიზება დილიდან დაიწყო და 15:00 საათისთვის ასეთი სურათი მივიღეთ - 1 500 პოლიციელი ორ დაპირისპირებულ მხარეთა შორის, რომელთა აქტივისტების ჯამი, ალბათ, 500 კაციც არ იქნებოდა. ნაციონალური მოძრაობისა და ,,თავისუფალი ზონის’‘ ოფისთან რამდენიმე აქცია ერთდროულად დაიგეგმა: ერთი - საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული იდეის’‘ მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც გაზეთ ,,ასავალ დასავალის’‘ ჟურნალისტების დაგეგმილ აქციამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყო. მესამე აქციაკი ,,თავისუფალმა ზონამ’‘ დააანონსა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს აქციები ივანიშვილ-ღარიბაშვილის მოწყობილია, ჩვენს გასანადგურებლადო და საკუთარ აქციას, საკუთარ ოფისთან, ,,არა პუტინის მონობას’‘ დაარქვეს.
ვითარება 15:00 საათისთვის გახურდა, როცა ყველა მომსვლელი მოვიდა და ნაირ- ნაირი ,,პლაკატებიც’‘ აფრიალდა: ,,ნაციონალური მოძრაობა - ნეოფაშისტები’‘, ,,ძირს მეხუთე კოლონა - ნაციონალები’‘ და ა.შ. მეორე მხრიდან კი ,,ზონელებმა’‘ მოწინააღმდეგეებს 10 თვის დაღუპული ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გადიდებული სურათი შეაგებეს და სამწუხაროდ, პოლიტიკურ დაპირისპირებაში კონკრეტული ოჯახის ტრაგედია კიდევ ერთხელ გამოიყენეს. ამასობაში, პეკინის ქუჩაც გადაიკეტა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. მოვლენების ესკალაციამდე ,,ვერსია’‘ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ქალბატონს ესაუბრა, რომელმაც თავი გოდერძი ოთარაშვილის ორგანიზაციის, ,,სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის’‘, იდეოლოგიური სამსახურის უფროსად გაგვაცნო და პოლიტიკური მოთხოვნებიც გააჟღერა. თინათინ გოგრაშვილი: ,,ძალადობასა და ტერორს არა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ვუთხარით, როცა ნაციონალური მოძრაობა, ეს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება ქვეყნის სათავიდან გავუშვით. 2 წელია ყველანი ვხედავთ, რომ ნაციონალებთან ცივილურმა ურთიერთობამ შედეგი არ გამოიღო. კოჰაბიტაციის გამო მოსახლეობა შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებულია, ჟურნალისტი ზაზა დავითაია კი - ნაცემი. ნამდვილად ვერ დაველოდებით, როდის დაიგეგმება ნებისმიერი ჩვენგანის ლიკვიდაცია, ამიტომ ,,სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი’‘ მოითხოვს მარტო თავისუფალი ზონის კი არა, ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას’‘. ამ მოთხოვნას მასთან ერთად, რამდენიმე ცნობილი სახეც იზიარებდა: გია კორკოტაშვილი, მელორ ვაჩნაძე, რეზო ამაშუკელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლადო სადღობელაშვილი, სერგო ჯავახიძე, თემურ შაშიაშვილის პარტიის წევრი ზურაბ ხასია, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი სოსო მანჯავიძე და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი მხარდაჭერას ,,ასავალ- დასავალის’‘ ნაცემ ჟურნალისტს უცხადებდა, ზოგადად, მხარდამჭერი მოწოდებები იქ, ალბათ, არავის მოუსმენია - ორივე მხარე, სრული 2 საათის განმავლობაში, ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და ხან სამი თითის კომბინაციას უჩვენებდა, ხანაც წყლით სავსე პრეზერვატივებს.
ბარიკადებს მიღმა, ე.წ. ნაციონალების ფლანგზეც მობილიზაცია გამოცხადდა - ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერებსა და ,,ზონელების’‘ აქტივისტებს მითითებებს, პირველ რიგში, ,,თავისუფალი ზონის’‘ თავმჯდომარე კობა ხაბაზი აძლევდა, მის გვერდით კი გიგა ბოკერიას, ლევან თარხნიშვილს, კობა ხაბაზს, ნიკა მელიას, გიორგი კარბელაშვილს, დავით დარჩიაშვილსა და პარტიის სხვა წევრებსაც იხილავდით. კობა ხაბაზი, ძირითადად, ემოციამოჭარბებულ ახალგაზრდებს აშოშმინებდა და პოლიციის მორჩილებისკენ მოუწოდებდა. ორგანიზაციის ლიდერი, ამჯერად, მობილიზებულ სამართალდამცავთა რაოდენობით კმაყოფილი ჩანდა, თუმცა ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას, მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მეორე მხარეს დააკისრა. კობა ხაბაზი: ,,ყველაფერი, რაც ამ აქციაზე ხდება და მოხდება, ბარიკადების მეორე მხარეს მყოფთა პასუხისმგებლობაა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, საკუთარი ოფისი დავიცვათ, კმაყოფილი კი მაშინ ვიქნები, თუ პოლიცია თავის მოვალეობას ბოლომდე შეასრულებს’‘.
ალბათ, პოლიციას თავისი მოვალეობა რომ არ შეესრულებინა, იმაზე გაცილებით მძიმე სურათს მივიღებდით, ვიდრე ბოთლების, კვერცხების, პომიდვრებისა და წყლით სავსე პრეზერვატივების სროლა იყო. ვითარება ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როცა სიტყვით რეზო ამაშუკელი და სხვები გამოდიოდნენ, ,,ზონელები’‘ კი, მაია ორჯონიკიძის კარნახით სხვადასხვა შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებდნენ: ,,ხიხო, ხუილო’‘, ,,პუტინ ხუილო’‘, ,,ჰაკიმფაშისტებო’‘ ,,ივანიშვილის პინგვინებო’‘, ,,საქართველო მონების გარეშე’‘ და ა.შ. ისმოდა საკმაოდ პროვოკაციული მოწოდებებიც - აბა, სცადეთ და ახლოს მოდითო. ალბათ, განსაკუთრებულ ვაჟკაცობას იმ აქტივისტებს ნამდვილად ვერ მოვკითხავთ, ერთმანეთს შუათითაწეულები, დედის გინების ფონზე რომ ემუქრებოდნენ. ფაქტია, პოზიციები არც ერთ მხარეს დაუთმია და პოლიციის სამხაზიანი კორდონის გარღვევა რამდენჯერმე მაინც მოახერხეს. თუმცა ხელჩართული ჩხუბი მალევე განიმუხტა. მხოლოდ ერთი აქტივისტი დააპატიმრეს, ისიც ნაციონალების მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან. ამის შემდეგ, აქციას ,,ახალი სისხლი’‘ ლადო სადღობელაშვილმა გადაუსხა, რომელმაც ცოცხი მოიტანა და ააფრიალა! ნაციონალთა რიგებიდან ამ დროს, განსაკუთრებით, ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე აქტიურობდა, რომელიც აქციაზე ცოცხის გამოჩენას, თავისდაუნებურად, გუნდის დამაზარალებელი ტექსტით შეხვდა: ,,ეგ ცოცხი გადამალეთ, ბაჩო ციხიდან გამოდის’‘ - ყვიროდა გოცირიძე და მისი მიმართულებით ნასროლ კვერცხებს მარჯვედ იცილებდა.
ორად გაყოფილი აქცია, რომლის მონაწილეებსაც აშკარად დაავიწყდათ, ვინ რისთვის იყო მოსული და ვინ რას აპროტესტებდა, ნაციონალების კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შეაფასა: ,,სახიფათო ზღვარს ვუახლოვდებით. ბიძინა ივანიშვილი გადავიდა სახიფათო ზღვარს. 2 წელია ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ძალადობა, რომელიც სრულად დაუსჯელი რჩება და სწორედ ესაა ვითარების ესკალაციის მიზეზიც. ახლა ხელისუფლება ძალადობის ახალ საფეხურზეა - ეს არასასურველი ორგანიზაციების ოფისებში შევარდნაა. დიახ, ეს სახიფათო ზღვარია, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვისაც! ამ აქციაზე ჩვენი მთავარი გზავნილი ხელისუფლების მიმართ ერთია - დროზე შეწყვიტონ ეს ძალადობა და გონს მოვიდნენ! ძალიან საშიში პროცესია არა ის, რომ ხალხის აზრი გაყოფილია, პირიქით, ეს დემოკრატიის პირობებში ნორნალურია, არამედ ის, რომ ოპონენტი ძალების მიმართ ძალადობა მუდმივად დაუსჯელი რჩება. ამ ძალების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართვა კი პუტინს ახასიათებს, რომელმაც მოწინააღმდეგეებს მსგავსი დაჯგუფებები შეუქმნა.’‘ ამ შედარებების სისწორეს ყველა თავად შეაფასებს, თუმცა ცხადია ერთი რამ - ბარიკადებსმიღმა მყოფი გახლეჩილი ხალხი, რომელიც მხოლოდ ურთიერთშეურაცხყოფით იყო დაკავებული, არ გახლდათ და ვერც იქნებოდა ვინმეს მიმართ სოლიდარული. ეს იყო აქცია, სადაც არავის გახსენებია ნაცემი ზაზა დავითაია და მედიისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად ხმა არავის ამოუღია. არასანქცირებული თავყრილობა კი 2 საათის შემდეგ, პატრულის რამდენიმე მანქანამ მშვიდობიანად დაშალა, უფრო სწორად, აქტივისტებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აქციის მიმდინარეობისას მცხეთაში მყოფი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მოვლენების განვითარებას ასე გამოეხმაურა: ,,ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ეგიდით მოქმედებენ, ,,ზონა’‘ თუ სხვა გაუგებარი ორგანიზაციები, დესტრუქციული ძალები არიან. ყოველ შემთხვევაში, მე მათ ქმედებაში დესტრუქციულ ხასიათს ვხედავ. ჟურნალისტს თავს დაესხნენ და პირდაპირ გაოგნებული ვარ, რომ ჟურნალისტებში არავითარი სოლიდარობა არ ჩანს. თუმცა, სოლიდარობა იმ დროს გამოჩნდა, როცა ერთ-ერთი ჟურნალისტის ძმამ ორი ტაქსი დააყაჩაღა და ეს არავინ გააშუქა. სიმართლე ელაპარაკეთ ხალხს და სიცრუის ტირაჟირება შეწყვიტეთ’‘. პ.ს. ზოგადად, სოლიდარობის ფორმას, ალბათ, ყველა მედიასაშუალება თავად ირჩევს. პეკინის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები და ბილწსიტყვაობით დაკავებული ხალხის თავყრილობა კი სოლიდარობის აქცია ნამდვილად არ ყოფილა და ამ აქციაზე მყოფი ჟურნალისტები ბარიკადების ვერცერთ მხარეს ვერ დავდგებოდით. ყველაზე დიდი სოლიდარობა ამ პროფესიაში, ალბათ, მოვლენების, თუნდაც ასეთი დაძაბულის, ეპიცენტრში ყოფნა და მისი ობიექტურად გაშუქებაა. ,,ვერსია’‘ გმობს ყოველგვარ ძალადობას, განსაკუთრებით კი ძალადობას ჟურნალისტების მიმართ, რაც წინა და ახალი ხელისუფლების საყვარელი სიტყვებით რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად ,,მავნე პრაქტიკაა’‘!