რა კითხვები აქვს ხელისუფლებასთან, რატომ დაემსგავსა პოლიტიკა ფარსს და გააქტიურდება თუ არა პოლიტიკურად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

რა კითხვები აქვს ხელისუფლებასთან, რატომ დაემსგავსა პოლიტიკა ფარსს და გააქტიურდება თუ არა პოლიტიკურად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

,,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კი არა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს უნდა მივხედოთ’‘, - ამ სიტყვებით ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების ფონზე, პირადად მასაც საქართველოს ხელისუფლებასთან კითხვები მრავლად დაუგროვდა. ,,ვერსია’‘ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ამ ეტაპზე, პოლიტიკაში გააქტიურებას არ გეგმავს და პოლიტიკური სისტემის სრულყოფილად ჩამოყალიბებას ელოდება  
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კი არა, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს უნდა მივხედოთ. სწორედ ქვეყნის შიდაპოლიტიკაა მოსაგვარებელი.  საქართველოში პოლიტიკური პროცესი მკვდარია. რაც ახლა ხდება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს კი არა, ხალხის გართობას უფრო ჰგავს. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი იმაზე მსჯელობს, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები, რა გზას ადგას სახელმწიფო და რა პრიორიტეტები არსებობს. აქ კი, პირადად მე, ვერ გეტყვით სამ სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემას, რომელზეც ხელისუფლებაში მსჯელობენ.  გამონაკლისად მხოლოდ დავით სერგეენკოს დასახელება შემიძლია - მის გადაწყვეტილებას ვეთანხმებით თუ არა, ფაქტია, მას მმართველობის თავისი პოლიტიკა და კურსი აქვს.  

- რის გამო გადაიქცა ქართული პოლიტიკა შოუდ, ხელისუფლება კი -  ,,შოუმენად’‘? თუ ეს ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა, რომელიც ცდილობს პოლიტიკური დღის წესრიგი თავად შექმნას 
- ნაციონალური ოცნემოძრაობის მიზანია, ყველაფერი ფარსად აქციოს, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ღრმა პრობლემაა: ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურა დარღვეულია. პარლამენტი არ პარლამენტობს, მინისტრი არ მინისტრობს. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც გარეთ გამოდის, პრეზერვატივების კანონით დაწყებული, ლუდის სმის აკრძალვით დამთავრებული, ამ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნუთუ ქვეყანაში, სადაც უკიდურესად ღარიბი ადამიანები ცხოვრობენ, სხვა პრიორიტეტები არ არსებობს? თუ უფრო სერიოზულ საკითხებზეც მსჯელობენ, რატომ არ საუბრობენ ამის შესახებ საზოგადოებასთან? მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აუცილებელია.  

- დიალოგის ნაცვლად, მთავრობაში პირველი პირების უპირატესობას არკვევენ, შიდადაპირისპირების შემყურე საზოგადოება კი, კოალიციის ორწლიანი მმართველობით უკმაყოფილოა. როგორია მოვლენათა განვითარების თქვენეული პროგნოზი 
- ქვეყნის პირველმა პირებმა თავი გაიმასხარავეს. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტის მხრიდან პრინციპების დაცვა სწორი იყო, ეს კონსტიტუციაშიც ჯდება, მაგრამ გარკვეული ეტაპის შემდეგ, ყველაფერი მასხარაობას დაემსგავსა. ეს საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვანი საკითხებით არ არის დაკავებული და პრობლემების გადაფარვას მსგავსი პოლემიკით ცდილობს. არ მჯერა არც ვადამდელი არჩევნების და არც კოალიციის დაშლის, რადგან მასში შემავალი პარტიები სტრუქტურულად აღარ არსებობენ, ყველა მათგანი ,,ქართულმა ოცნებამ’‘ შეისრუტა. დამოუკიდებლად მოქმედებას და გაერთიანებიდან გასვლას არავინ გარისკავს, რადგან იდენტობის დაბრუნება გაუჭირდებათ. არც საქართველოს სჭირდება ვადამდელი არჩევნები. პრობლემაა ისიც, რომ ოპოზიცია არ არსებობს. განსაკუთრებით არაჯანსაღ ვითარებას ქმნის ფაქტი, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით, ნაციონალური მოძრაობა მონოპოლისტ ოპოზიციად შეიქმნა. არადა ეს პოლიტიკური ძალა რეალური ოპოზიცია არ არის. ნაციონალები ძირითადად იმას აკრიტიკებენ, რასაც თავად უარეს ფორმებში აკეთებდნენ. ეს ყველაფერი ფარსია! პარალელურად, ხელისუფლებამ შექმნა და გასაქანი მისცა სხვა პარტიებს, რომლებიც ოპოზიციურ ძალად ვერ ჩამოყალიბდნენ და ვერც მომავალში შეძლებენ მოსახლეობის ნდობის მოპოვებას. ასეთი ვითარება ხელისუფლებისთვისაა კატასტროფული შედეგებისმომტანი და, თუ ახლა ამას ვერ გრძნობს, მომავალში აუცილებლად მიხვდება.  

- პრობლემა თავად არასაპარლამენტო ოპოზიციაში ხომ არ არის, რომელიც რამდენიმე ნაწილად დაიშალა და ვადამდელ არჩევნებზე 1%-იან რეიტინგსაც ვერ ასცდა?   
- არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს და, თუ არ შეიცვლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონი, ქვეყანაში 21-ე საუკუნის შესაბამისი პოლიტიკური ძალებიც ვეღარ ჩამოყალიბდება. სწორედ არსებული კანონმდებლობის შედეგია, რომ პოლიტიკურ უდაბნოში ვართ და არც პოლიტიკური დისკურსები გვაქვს, ამიტომ საუბრობენ ვინ სად მიდის, სად იყო და რომელი პოლიტიკოსი საუბრობს ცუდი ინგლისურით. ეს საკითხები რაში მაინტერესებს?  

- ,,პოლიტიკურ უდაბნოში’‘ რამდენიმე სქემა მაინც განიხილება: ირაკლი ალასანიასა და გიორგი მარგველაშვილის ალიანსი, ან ნაციონალური მოძრაობის რევანში, რაზეც ინფორმაციას თავად ხელისუფლება ავრცელებს 
- ეს პოლიტიკური განხილვა არ არის, ჭორებია, რისი რეალური ნიშნებიც არ იკვეთება. აბსურდულად მეჩვენება, რამე საერთო აქვთ პოლიტიკურად? ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურად გამოცოცხლება გამორიცხულია. არაერთხელ მითქვამს, ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების სივრციდან გარიყვა არ შეიძლება. ქვეყანას იმის ფუფუნება არ აქვს, ყოველი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკიდან განდევნოს, მაგრამ ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება მითია, რომელსაც არსებობის საფუძველიც კი არ აქვს.  

- სად არის ამ დროს საზოგადოებრივი კონტროლი, ან რას შეცვლის ამ ფლანგზე ბიძინა ივანიშვილი და მისი დაპირება გააქტიურების შესახებ 
- დღეს ქვეყანას არავინ მართავს. მართვის ნიშნები არაფერს ეტყობა. სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის საზოგადოებრივ ფლანგზე აქტიურად გამოჩნდებოდა, მაგრამ ახლა საზოგადოება უარეს დღეშია.  სააკაშვილი კონცერტებს მართავდა, რომ მოსახლეობის ყურადღება პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაეტანა, ახლა მხოლოდ პოლიტიკური თამაშების მომსწრე ვართ - პრემიერი წავა თუ პრეზიდენტი? იმაში მაინც გაგვარკვიონ, საგარეო ვიზიტებზე რის სათქმელად მივდივართ, რა არის საქართველოს მთავარი გზავნილი ან თუნდაც დავოსში რა პოზიციები უნდა დავიკავოთ? მხოლოდ იმის თქმა, რომ მთავრობა ინვესტორების შემოყვანას გეგმავს, არაფერს ნიშნავს. ასე ამბობდნენ სააკაშვილი და შევარდნაძეც, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. არადა, რეგიონში ვითარება დღითიდღე იძაბება, ყველა მხრიდან ომია - უკრაინა, სირია, ავღანეთი, ერაყი... სად ვართ ამ დროს ჩვენ? ის მაინც თუ ვიცით, რას ნიშნავს ასოცირება და ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? საზოგადოებამ და მათ შორის მეც, ისიც არ ვიცით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პარლამენტმა ამ კონტექსტში რა კანონმდებლობა მიიღო. რუსეთთან რა პოლიტიკას ვთამაშობთ? ეს ის მნიშვნელოვანი კითხვებია, რომელზეც ხელისუფლების საქმიანი პასუხი არ მომისმენია. ისიც კი არ ვიცით, ტურიზმში რა პოლიტიკას ვირჩევთ. დედაქალაქის მერი ხომ ავირჩიეთ, თბილისში ცვლილებას ვერ ვამჩნევ. ისევ საშინელი შენობები შენდება. 
 
- ამ ფონზე, არ იზრდება საფრთხე, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს?   
- საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე, მეტ-ნაკლებად, უკვე იზოლაციაშია, რადგან კონკრეტული გზავნილის არარსებობის გამო ცივილიზებული მსოფლიოსთვის აქტუალური აღარ ვართ. საქართველოდანაც უფრო მეტი ადამიანი გარბის. რეალურად, ქვეყნის მოსახლეობის 1/3 საქართველოს საზღვრებსმიღმაა.  ხელისუფლებას არც ეს ადამიანები ანაღვლებს. 
  
- პირადად თქვენ თუ აპირებთ პოლიტიკაში გააქტიურებას 
- ჩემი აქტიურობა პარტიის აქტივობაზე დიდი ხანია არ არის დამოკიდებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე არსებობდეს.  საქართველოდან 2010 წლის ნოემბერში წავედი განცხადებით, რომ მაშინ არსებულ პირობებში, დაკავებისა და წნეხის ქვეშ პოლიტიკაში დარჩენა შეუძლებელი იყო.  დღეს შიში გაქრა, არც ზეწოლა შეიმჩნევა, მაგრამ პოლიტიკური სივრცეც გაქრა. საქართველოში რომ ჩამოვიდე, რა უნდა გავაკეთო? ჩემი და ჩემნაირების გააქტიურება დემოკრატიულ კანონმდებლობასა და თანაბარ პირობებზეა დამოკიდებული. საზოგადოებაში გაჩნდა გააქტიურების მოთხოვნა. იმისთვის, რომ აქტივობა რეალურ მოძრაობად გარდაიქმნას, სრულყოფილი სისტემაა აუცილებელი, სადაც პოლიტიკური ძალები სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებენ. დღეს სერიოზული დებატები არ იმართება, არარეალურ საკითხებზე მხოლოდ ,,ქართული ოცნებისა’‘ და ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს ვისმენთ, რაც კიდევ ვიმეორებ, არაჯანსაღ პოლიტიკურ ფონს ქმნის.