კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა (ვიდეო)

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა (ვიდეო)

დღეიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელს ატარებს. საზეიმო ღონისძიება სამხედრო სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას ლიცეუმისთვის გენერალ კვინიტაძის სახელის მინიჭება მიულოცეს. კადეტებს სიტყვით მიმართა ასევე, ღონისძიების საპატიო სტუმარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ცერემონიალზე თავდაცვის მინისტრის ბრძანებით „გენერალ კვინიტაძის“ მედლით 10 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. ასევე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავდაცვის მინისტრის სახელით, კადეტთა ლიცეუმის 20 პედაგოგსა და ინსტრუქტორს საპატიო სიგელი გადაეცა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიებაზე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამშვიდობო მისიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ცერემონიალზე მიწვეულნი იყვნენ კადეტთა ოჯახის წევრებიც.

საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მათ ასევე, საშუალება მიეცათ გენერალ კვინიტაძის 1917-1921 წლების „ჩემი მოგონებების“ ორტომეულს გაცნობოდნენ, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ „TBC“ ბანკის თანადაფინანსებით გამოსცა.  დღესვე კადეტებმა ლიცეუმის კლუბში სპეციალურად სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.