„ქართული ოცნების“ აშშ-ის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, რომ არა გულგრილობა და „დაკიდება“ თბილისიდან, ნიუ-იორკში ვერც პრემიერს დაუწყებდნენ გინებას და ვერც „ნაციონალები“ გაშლიდნენ ფრთებს ამერიკაში.
„ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილთან ნაკლები პრეტენზიები გვაქვს, ის ყოველდღე ვერ ივლის ჩვენთან. რაც მოხდა ამერიკაში, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ რატომ გაუკვირდა „ქართულ ოცნებას“, რა ეგონათ, ასეთი რამ ამერიკაში არ მოხდებოდა? რა, ბერკეტები შეინარჩუნეს, აქტივი შეინარჩუნეს თუ ემიგრანტების განწყობა, რაც 2012 წლამდე არსებობდა? ხალხი, რომელიც იბრძოდა და თავს დებდა, სრულიად იგნორირებულია. ჩემზე არ არის ლაპარაკი, ჩემს გარშემო იყო საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა. ხალხმა არჩევნების პერიოდში აქ შვებულებები აიღო და შემოსავლის ნაწილი დაკარგა, ყველაფერი გაჭირვებული ადამიანების კისერზე გადავიდა. ახლა, უყურადღებობის გამო, გაჩნდა უიმედობა, ნიჰილიზმი და სწორედ ამიტომ გაბედეს „ნაციონალებმა“ ღარიბაშვილის გინება. მე პირადად ვესაუბრე ირაკლი ღარიბაშვილს იმ შეხვედრის შემდეგ, მე თვითონ მივედი, ჩემთვის გამონახა რამდენიმე წუთი. კაცს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ამერიკაში არსებობდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი. ეს საქმე მე დამავალა კოალიციამ, ამ ადამიანს ხომ უნდა უთხრან, რომ ნიუ-იორკში ასეთი ორგანიზაცია არსებობს? მე ღარიბაშვილთან ერთად სკოლა არ დამიმთავრებია და უნივერსიტეტში ერთად არ გვისწავლია, საიდან უნდა იცოდეს ჩემს შესახებ? როცა ყველაფერი ავუხსენი, მიყურა, მომისმინა და ბოლოს მითხრა, აუცილებლად დაგიკავშირდებითო. კი დაინტერესდა თვითონ, მაგრამ იმის მერე არავინ არ დამკავშირებია. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიღაცას დაავალა. აქ იყო კიდევ ერთი ჯგუფი არჩევნების პერიოდში, რომელიც შუამდგომლობას გვიწევდა საკონსულოსთან, მაგრამ ესეც დაიშალა. მართალია, მაშინდელი კონსული ხშირად გვემალებოდა, მაგრამ მოადგილე მაინც იყო და პასუხს გვცემდა, ჩვენ მაინც „ვაწვებოდით“. რომ არ მივწოლოდით, დამკვირვებლებსაც არ დაარეგისტრირებდნენ და ყველაფერს წყალში გადაყრიდნენ. საკონსულოს ძირითადი ბირთვი არ შეცვლილა, ისევ ისინი არიან, შეიცვალა მხოლოდ კონსული. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეს პაატა აბჟანდაძე იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამ კომისიაში კი პრაქტიკულად მისი საახლობლო ტრიალებდა. ის ხალხი, რომელიც ჩვენ საპარლამენტო არჩევნების დროს დავარეგისტრირეთ და ამისთვის დიდი ომი დაგვჭირდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს სიებში არ აღმოჩნდა. ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობამ“ ისევ გაგვიყალბა. ემიგრანტებმაც დაინახეს, რომ თბილისიდან ყურადღება არ იყო და უბანზე ბევრი არც მოვიდა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისიდან ერთი ზარი არ შემოსულა, არავინ დაინტერესებულა, ერთი რა ხდება, ცოცხლები ხართ თუ მკვდრებიო?! შეიძლება გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში წაგებამ ვერ დააზარალა, ის მაინც გახდა პრეზიდენტი, მაგრამ აქ უნდა დაფიქრდნენ ამაზე, რა იყო 2012-ში, რა მოხდა 2013-ში და რა მოხდება 2016-ში. თუ ასე გაგრძელდა, ისევ „ნაცმოძრაობა“ მოიგებს“, - განუცხადა ანტონ ჯღამაძემ „ალიას“.