ევროსაბჭოს რეზოლუცია და ბრალდებები ქართულ პოლიტიკაში

ევროსაბჭოს რეზოლუცია და ბრალდებები ქართულ პოლიტიკაში

საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში კამათი და დაპირისპირება გამოიწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დამტკიცებულმა ახალმა რეზოლუციამ, სახელწოდებით ”საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება”. არადა, როგორც ტექსტის თანაავტორები, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მიკაელ ასტრუპ იენსენი  და ბორის ცილევიჩსი აღნიშნავდნენ, მათ მიზანს არა პოლიტიკური ვითარების დაძაბვა, არამედ რეალობის დაბალანსებულად ასახვა წარმოადგენდა. შეტანილი ცვლილებების გამო, მათ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციის საბოლოო ვარიანტს.

ყველა წუხილზე, რაც ამ რეზოლუციაშია ასახული, დამაჯერებელი პასუხი იქნება გაცემული ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და არა მათთვის, ვინც ცდილობს, რომ ამ რეზოლუციას ამოეფაროს და რაიმეთი საკუთარი ბოროტმოქმედება თუ წარსული შეცდომები გაამართლოს - ასეთია  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ევროსაბჭოს საპარლამენტი ასამბლეის ახალ რეზოლუციასთან მიმართებით. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ რეზოლუციის შინაარსი კოალიცია ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ ოპონენტებს კმაყოფილების განცდას არ უნდა უქმნიდეს, რადგანაც მათ ამ დოკუმენტში არავინ აქებს და მათ არც ”ყველა ბრალი” ჩამოერეცხებათ.

უფრო მკაცრი და კატეგორიულია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სივრცეში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოკავშირეების - ევროპის სახალხო პარტიის (EPP) - მხარდაჭერით ისარგებლეს და ამ პროცესში მათ საქართველოს ინტერესებზე არ უფიქრიათ:

”ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ახალაიას თაობაზე და ასევე სააკაშვილის თაობაზე, ეს მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომ ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებდნენ წლების განმავლობაში - აქ ახალი არაფერია  აბსოლუტურად. ეს არის პოლიტიკური პარტიების გამოხატულება. ისინი ისე ხატავენ ამ სურათს, თითქოს ეს არის ევროპის საბჭოს მოწოდება და რაღაც... მე კიდევ გიმეორებთ, რომ არც ერთ საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას არ დაუტოვებია პასუხგაუცემელი კითხვა. პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე”.

კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელთა შეფასებები იმის თაობაზე, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ასე ვთქვათ, თავის ჭკუაზე მოაქცია და კრიტიკულად განწყობილი რეზოლუცია მიაღებინა, არასერიოზულად მიაჩნიათ თვითონ ”ნაციონალურ მოძრაობაში”. მაგალითად, როგორც სტრასბურგის მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე, საქართველოს დელეგაციაში უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს ჟურნალისტებთან საუბრისას, ”ქართულმა ოცნებამ” სერიოზული მარცხი განიცადა:

”უმრავლესობის წევრები უნდა შეეგუონ საკუთარ კრახს და დაანებონ თავი EPP-სკენ (ევროპის სახალხო პარტია) ხელის გაშვერას. ასეთი აგდებული დამოკიდებულებით ევროსაბჭოსა და სხვა ევროპული ინსტიტუტების მიმართ გამოირჩეოდა ”იედინაია როსია” და რუსეთი. ჩვენ ასეთი ტერმინოლოგია მათგან გვესმოდა”.

მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მწვავედ კრიტიკულ აქცენტებს მოიცავს და მათ შორის არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა მასობრივი გასამართლების აქცენტი, კონკრეტული გვარების მითითებით, გიორგი კანდელაკი მაინც აკრიტიკებს ბორის ცილევიჩს, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელს და იმ ანგარიშის ერთ-ერთ ავტორს, რომელსაც ეფუძნება ეს ახალი რეზოლუცია. როგორც გიორგი კანდელაკმა უთხრა ჟურნალისტებს, ცილევიჩსი ლატვიაში მოქმედი ღიად პრორუსული, ”იედინაია როსიას” ოფიციალური პარტნიორი პარტიის წარმომადგენელია და ის ყველაფერს აკეთებდა, რომ მაქსიმალურად აერიდებინა კრიტიკა ”ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის”. 

საქმე ის არის, რომ ბორის ცილევიჩს, მეორე თანამომხსენებლის მიკაელ ასტრუპ იენსენის მსგავსად, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტისთვის მხარი არ  დაუჭერია. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ არა რეზოლუციის ძირითად ტექსტს, არამედ ცვლილებებს, რომელთა ერთი ნაწილის ინიცირებასა და დამტკიცებაშიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ. როგორც იენსენმა, ასევე ცილევიჩსმა, 1 ოქტომბრის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები დაარღვევდა ბალანსს, რომლის იქითაც შესაძლოა სახიფათო პოლიტიკურმა დაძაბულობამ იჩინოს თავი. აი, რა განაცხადა, მაგალითად, ბორის ცილევიჩსმა:

”მხოლოდ მაშინ მიაღწევს საქართველო თავის მიზნებს, როცა პოლარიზებას ჩაანაცვლებს ნორმალური პოლიტიკური კონკურენცია და თანამშრომლობა. ჩვენ უნდა ყველანაირად დავეხმაროთ საქართველოს, რომ მან დაძლიოს პოლარიზების პრობლემა. თუკი ზოგიერთ გაზვიადებულ, არა ფაქტებზე დაფუძნებულ ცვლილებას შევიტანთ ტექსტში, ეს არ დაეხმარება საქართველოს. ეს დაეხმარება მხოლოდ ზოგიერთ პოლიტიკოსს. ეს გააღრმავებს პოლარიზებას და ამიტომ ჩვენ, მომხსენებლები, ვერ დავეთანხმებით ამას”.

რეზოლუციას, რომელმაც საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე მართლაც აზრთა სხვადასხვაობა და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაინც საკმაოდ დაბალანსებულად მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მისთვის გაუგებარია პოლიტიკოსების სიბრაზე და ესოდენ უარყოფითი ემოციები.

”ჩვენ თუ მივყვებით ამას და ვიტყვით, რომ ეს რაღაც საოცარი რეზოლუციაა, რომელიც ცვლის მთლიანად თამაშის წესებს ქართულ პოლიტიკაში, ეს ნამდვილად არ არის ასე და გაზვიადებული იქნება ... მაგრამ, უბრალოდ, საყურადღებოა ის, რომ მომავალში ასეთი ტიპის რეზოლუციები სხვა საერთაშორისო ფორუმებზეც (ვთქვათ, ეუთოში ან სხვაგან და სხვაგან) თუ გამოჩნდა და ამან მიიღო პერმანენტული ხასიათი, - განსაკუთრებით ის ნაწილები, რაც მთავრობას შეიძლება არ მოსწონდეს, - შეიძლება, უბრალოდ, დაიხვიონ მათ, ვინც კრიტიკულად უყურებს საქართველოს ნატოსთან ან სხვა ორგანიზაციებთან დაახლოებას”, - უთხრა პოლიტოლოგმა რადიო თავისუფლებას.

ამ ჭრილში კორნელი კაკაჩია პოლიტიკოსებს მეტ სიფრთხილესა და წინდახედულებას ურჩევს, რათა ქვეყნის ინტერესები პარტიულ დაპირისპირებასა და კინკლაობას არ შეეწიროს.