ვის დაიჭერენ მერიის სამსახურში მონაცემთა ბაზის განადგურებისთვის?

ვის დაიჭერენ მერიის სამსახურში მონაცემთა ბაზის განადგურებისთვის?

ყოფილი ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა დასაქმების სამსახურად" ქცეულ „თბილისის განვითარების ფონდში" სტრუქტურული ოპტიმიზაცია მიმდინარეობს. რა პრინციპით ათავისუფლებენ კადრებს და როგორ შეძლებს ფონდის ხელმძღვანელობა, ხსენებული საკადრო ოპტიმიზაცია ისე განახორციელოს, რომ მას პოლიტიკური სარჩული აარიდოს?

„ალიას" „თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი ესაუბრა:

- „თბილისის განვითარების ფონდში" 22 ადამიანით მცირდება საშტატო ერთეული. ხელფასები უკვე განახევრებულია. საკმაოდ სოლიდური იყო. ვცდილობთ, მოსახლეობის ნდობა აღვიდგინოთ. მოგეხსენებათ,რომ ფონდის დამოკიდებულება თბილისის მაცხოვრებლების მიმართ, მაინცდამაინც დიდი სიფაქიზით არ გამოირჩეოდა, რასაც საზოგადოებაც უწყობდა ხელს.

- რას გულისხმობთ?

- მოსახლეობის ნაწილი, ფონდთან გარიგებების ფასად, იმას იღებდა, რაც არ ეკუთვნოდა. მაგალითად, ფართი რომ დაინგრეოდა, იმაზე მეტს იღებდა, ვიდრე ჰქონდა. ანუ ნაწილი ორმაგ ფართს ისაკუთრებდა, ნაწილი კი საერთოდ, უყველაფროდ რჩებოდა, ანუ გარიგებაში შედიოდნენ ფონდიდან და ალბათ, ამაში ვიღაცას გარკვეული გასამრჯელოსაც უხდიდნენ. ხელშეკრულებებში თავიდანვე იყო ჩადებული ეს დისკრიმინაციული მიდგომა და ფონდს ჰქონდა უფლება, ის ეკეთებინა, რაც უნდოდა.

- თუ მსგავსი გარიგებების შესახებ თქვენთვის ცნობილია, მიმართავთ შესაბამის სამსახურებს?

- ჩვენი თხოვნით ფონდში შემოვიდა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახური, მასალები გადაგზავნილია ქალაქის აუდიტში,  და ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოკვლეულ იქნას, რატომ გაიხარჯა სახელფასო ფონდი ისეთ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ არ მოდიოდნენ ფონდში სამუშაოდ.

- თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეთ სამსახურიდან და თანამშრომელთა რა კატეგორიას შეეხო ეს პროცესი?

- თანამშრომელთა ნაწილმა ფონდში საბუთები მოიპარა. ამის გამო მოიხსნა თანამდებობიდან ფონდის იურისტი და ა.შ. ნაწილმა მონაცემთა ბაზები გაანადგურა, თანამშრომელთა ნაწილს კი, როცა მოვთხოვეთ ცნობები წარმოედგინათ ნარკოლოგიურიდან და ნასამართლეობის შესახებ, გაგვინაწყენდნენ. ერთ-ერთი ამის გამო სასამართლოშიც გვიჩივის. მან ვერ მოიტანა ცნობა, რადგან მას ნარკოტიკების რეალიზაციის გამო პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. ფონდში, ასევე, სხვა ბევრი ადამიანი მუშაობდა ნასამართლევი. მერიის ყოფილი ჩინოვნიკები, ყოფილი გუბერნატორები, გამგებლები...

- კონკრეტულად ვინ?

- ეკა ხერხეულიძე, თენგიზ გუნავა, ჯარჯი დოლიძე, ლექსო თაბუაშვილი, დიმიტრი ავალიანი... ყველა, ვინც კი ოდესმე, სადმე გამგებელი ყოფილა, ყველა აქ იყო დასაქმებული. ისეთი ადამიანები იყვნენ დასაქმებული, რომლებსაც არანაირი კვალიფიკაცია არ ჰქონდათ - მეღვინეები, მასაჟისტები და ა.შ. რომლებიც 2000-2500 ლარს იღებდნენ ხელფასის სახით და იკავებდნენ სოლიდურ თანამდებობებს. ამ ტიპის ადამიანები დავითხოვეთ და დღეს ეს ადამიანები გვაკრიტიკებენ და საუბრობენ, რომ მათ გასაშვებად მოვიგონეთ რეორგანიზაცია. არა, რეორგანიზაციას ვახორციელებთ ოპტიმიზაციისთვის.

ფონდსა და კონკრეტულ ფირმებთან გაფორმებული ძალიან ბევრი კონტაქტი დაგვხვდა, რომელთა ჩაჭრაც ძალიან ძნელია. მილიარდობით ლარია გადარიცხული სხვადასხვა ფირმების ანგარიშზე, ხოლო ქალაქის მერია მილიონებს ეძებს, რომ როგორმე სოციალურად გაჭირვებულ ხალხს პრობლემები შეუმსუბუქოს.

- ბატონო თემურ, როცა საკადრო ოპტიმიზაცია ხორციელდება სამსახურებში, მართლაც ჩნდება მოსაზრება, რომ ეს შეგნებულად კეთდება - არასასურველი კადრების თავიდან მოსაცილებლად. ხომ იცით,„ნაციონალები" რა ამბავს ატეხენ, სამსახურიდან თანამშრომლებს თავიანთი ახლობლების დასაქმებისთვის უშვებენო.

- ვინც გასათავისუფლებელი იყო, თავიდანვე, კანონის ფარგლებში გავათავისუფლე, არავის მოვრიდებივარ. ვინც დარჩა, იმ ადამიანებმა, საკუთარი ნებით, ოპტიმიზაციის კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. თვე-ნახევარია ამ ფონდში ვმუშაობ და ვაკვირდები კადრების მუშაობას. ზოგიერთმა ძველმა კადრმა, მართლაც რომ გამოიჩინა თავი მუშაობით. ის კადრები, რომლებმაც თბილისში რაიმე ღირებული შექმნეს, ვცდილობთ, შევინარჩუნოთ. მე საკუთარი მძღოლიც კი არ შემიცვლია. ყოფილი ხელისუფლების დროს, სახელმწიფო სამსახურზე ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო ვთქვი უარი. ჩემი მძღოლი გვარად მერაბიშვილია. სხვა ნიშნით რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, მაშინ მე ეს ადამიანი უნდა გამეშვა პირველ რიგში სამსახურიდან, მაგრამ არ მაქვს მსგავსი აკვიატება, კონკურსია, შემოიტანენ ადამიანები საბუთებს და ვინც არ იმსახურებს გაშვებას, ისინი, ცხადია, დარჩებიან თანამდებობაზე, მაგრამ არაკომპეტენტური თუ არის კადრი, ის წავა. არაპროფესიონალი კადრების მოყვანას ნამდვილად არ ვაპირებ.

- მაინც, როგორ შეძლებთ ამ საკითხს პოლიტიკური სარჩელი აარიდოთ?

- კომისია ისეა დაკომპლექტებული, რომ მის მუშაობაში პროფკავშირებიც არის ჩართული. ასევე არასამთავრობო სექტორია ჩართული, ასევე, თბილისის ჰამქარი. მეც შემიძლია ერთპიროვნულად დავნიშნო კადრები, მაგრამ ასე არ ვიქცევი. 8 კაცი - მრჩევლები, მოადგილეები და სამსახურის 5 უფროსი მე დავნიშნე, მაგრამ ამაზე მეტად არ ვაპირებ, შორს წავიდე.

- ეს 8 ადამიანი არ არიან ე.წ. თქვენი კადრები?

- ჩემი კადრები ესენიც არ არიან, სიმართლე რომ გითხრათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებში, შესაბამის ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდნენ. მე ეს ადამიანები მოვიწვიე, უმუშევარი ადამიანები არ მომიყვანია. რამდენიმე უცხოეთიდანაც კი ჩამოვიყვანეთ. დანარჩენი კადრები კონკურსის წესით შეირჩევიან და ვისაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ის ხელფასები აღარ არის, რაც ადრე იყო.

პოლიტიკურ სარჩულთან ბრძოლა არ იქნება ადვილი, რადგან ხალხი მიჩვეულია, რომ ამ ფონდში, წლების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით დანიშნული კადრები მუშაობდნენ. იმ 22 ადამიანიდან, რომლებიც თავიდან გავათავისუფლეთ, 15-მა თავადვე დატოვა თანამდებობა, როცა ყოველდღე სამსახურში სიარული მოვთხოვეთ და საქმე შევუფასეთ.

- ოპტიმიზაცია რამდენ ადამიანს შეეხება?

- 39 მთავარ სპეციალისტსა და სპეციალისტს.

- ხელფასებზე საუბრობდით, ახლა რამდენია თანამშრომლის საშუალო ხელფასი?

- პირდაპირ გეტყვით, რომ წინამორბედის ხელფასი იყო 10 ათასი ლარი. გარდა ამისა, ერთი ამდენ დანამატს იღებდა, ასევე, პრემიებს. გასულ წელს, „თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი თვეში, საშუალოდ, 20 ათას ლარს იღებდა ხელფასს. ასევე, არსებობდა პრივილეგირებული ხალხი - თაბუაშვილი, ავალიანი... ის ხალხი, მერიიდან რომ დააკავეს ერთი პერიოდი, სამსახურების უფროსები, ყველა აქ გადმოიყვანეს და ეს ადამიანები თვეში, საშუალოდ, 26 ათას ლარს იღებდა. ახლა, მე პირადად მაქვს 2950 ლარი, ამდენივე დანამატი. ხელზე ვიღებ 4500 ლარამდე მაქსიმუმ, მოადგილე - 4000 ლარამდე, დანარჩენი პერსონალი - 1500-2000-2500 ლარს.