პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხები ისევ არამიზნობრივად იხარჯება

პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხები ისევ არამიზნობრივად იხარჯება

უნაზღაურებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი აჭარისა და გურიის მოსახლეობას სტიქიით მიყენებულ ზარალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 30 სექტემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ, სტიქიის ზონაში, აჭარასა და გურიაში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს: ,,ჩემი დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ყველა სამინისტროს თანამშრომელი, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევძლოთ. ამ ეტაპზე, ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად, ადგილზე მობილიზებულია 774 ერთეული მძიმე ტექნიკა, 22 ერთეული წყლის საქაჩი ტუმბო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 000-მდე თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების 94 ეკიპაჟი, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული რეაგირება’‘.    

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი სტიქიის ზონაში მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, ამ ეტაპზე, მესტია-ხაიშის გზაზე, კლდეზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული მონაკვეთი უკვე აღდგენილია. გურიასა და იმერეთში, უწყვეტი ნალექის პირობებში,  ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩოხატაურის ხუთ სოფელში, ფოთსა და ქალაქ ლანჩხუთის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა. ვანის ორ სოფელში დაზიანებული ტრანფორმატორების შესაკეთებლად კი სპეციალური ბრიგადები მუშაობენ. ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი ჩამოწოლილი მეწყერული მასისგან იწმინდება.  კანონით, წლებია, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები არსებობს. ორივე ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და უპირველეს ყოვლისა, ეს თანხა სწორედ ფორსმაჟორულ სიტუაციას, სტიქიურ უბედურებასა და ქვეყანაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობას უნდა მოხმარდეს. არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში, მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები მიზნობრივად არ იხარჯებოდა. საინტერესოა, რა შეიცვალა ამ მხრივ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ან შეიცვალა თუ არა რამე, საერთოდ. როგორ აპირებს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემას მას შემდეგ, რაც სპეციალური კომისია წელს აჭარასა და გურიაში სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის? ამ მიზნებისთვის მთავრობამ სარეზერვო ფონდები უნდა გამოიყენოს.  საქართველოში მთავრობის სარეზერვო ფონდი პირველად, 2005 წელს შეიქმნა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს კი არსებობის გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს.

ამ ფონდების მსგავსი, არაერთი ფონდი არსებობდა ქართულ პრაქტიკაში, მაგალითად, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების ფონდები და აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდი. სამწუხაროდ, მათში მობილიზებული თანხების ხარჯვის კანონიერება თუ მიზანშეწონილობა, წლების განმავლობაში, ეჭვქვეშ იდგა. ამჟამად პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები ,,საბიუჯეტო სისტემების შესახებ’‘ კანონისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად არსებობს: „სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტში შექმნილია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს“, - განმარტავს კანონი ფონდების შექმნის მიზნობრიობას.   ამავე კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორებიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი, სახელმწიფო ხარჯებისთვისაც. ერთი შეხედვით, სარეზერვო ფონდების დანიშნულება ნათელია, მაგრამ ამ ფონდებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს შორის, უმთავრესი, სწორედ მათი დანიშნულების კანონით განსაზღვრული დეფინიციაა.  წინა წლების სამწუხარო გამოცდილებით, „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგანგებო შემთხვევისა“ და ,,სხვა, გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯის“ ცნებები იმდენად ზოგადია, რომ მათში ყველა სფერო და კატეგორია შეიძლება მოექცეს. მაგალითად, 2006 წლის განმავლობაში, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ფინანსდებოდა ღირსების ორდენით დაჯილდოებულთა პრემიები. მეტიც, სახელმწიფო რწმუნებულებისათვის ავტომანქანებიც სწორედ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებში მობილიზებული თანხებით შეიძინეს, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის პრაქტიკული რჩევების სახელმძღვანელოების დაბეჭდვაც სარეზერვო ფონდებიდან დააფინანსეს. ქვეყნის მასშტაბით, საცურაო აუზებიც კი სარეზერვო ფონდებში არსებული თანხებით ააშენეს, მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარებისთვისაც სარეზერვო ფონდებს იყენებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვისაც, საიდუმლო ღონისძიებებისთვისაც და საერთოდ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რუსლანასა და შაკირას კონცერტებიც კი სარეზერვო ფონდებიდან დააფინანსეს. 

„საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, სარეზერვო ფონდების მოქმედების სამართლებრივი რეჟიმი ასეთია: პრეზიდენტი და მთავრობა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე, სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯები, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, დაწესებულებებისათვის გამოყოფენ თანხებს შესაბამისი სარეზერვო ფონდიდან. 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 000 000 ლარს შეადგენს. ცხადია, ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ სტიქიური უბედურების შედევად მიყენებული ზარალი აანაზღაურონ. მითუმეტეს, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მხოლოდ გურიაში, სტიქიის ზარალის ლიკვიდაციას 6 მილიონი ლარი სჭირდება, რომლის გამოყოფაც, მთავრობამ მის უწყებას უკვე დაავალა. მაგრამ არსებობს მთავრობის სარეზერვო ფონდიც, რომელიც 50 000 000 ლარზე მეტია. უკვე ცნობილია, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება გაიზარდა და 70 000 000 ლარით განისაზღვრა. ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალი, ძირითადად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა. ამ მიზნისთვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ჯერ არ გამოუყენებიათ.  ამ ეტაპზე უცნობია, აჭარაში, გურიასა და იმერეთში წყალდიდობის, შტორმისა და მეწყერის გამო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ისევ მთავრობის სარეზერვო ფონდს გამოიყენებენ, თუ პრეზიდენტის ფონდიდანაც გაიღებენ გარკვეულ თანხას. ამ მიზნით რომ თანხა ამ ფონდიდან გამოიყოს, მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაა საჭირო. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვას კი პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება სჭირდება. გაურკვეველია, აჭარისა და გურიის მოსახლეობა კომპენსაციას რომელი ფონდიდან მიიღებს. ამ ფონზე, თანხების არმიღების შემთხვევაში, მოსახლეობას ვერ ვურჩევთ, ირაკლი ღარიბაშვილს მოსთხოვს პასუხი, თუ გიორგი მარგველაშვილს. როგორც ირკვევა, წლების წინ შექმნილი სამწუხარო რეალობა დღესაც გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი-ღარიბაშვილი დღეს თავისი ფონდებიდან საყოველთაო ტაშ-ფანდურს აღარ აფინანსებენ, ვითარება არ იცვლება - სარეზერვო ფონდებიდან თანხა იმ ღონისძიებების დასაფინანსებად იხარჯება, რასაც საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ჩათვლის საჭიროდ. ,,ვერსიას’‘ ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი ესაუბრება: - კანონით, როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდი, ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი საჭირო ხარჯებისა და ღონისძიებების დასაფინანსებლადაა შექმნილი. თითოეული სუბიექტი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, კონკრეტული მოცემულობისა და საჭიროების კვალობაზე იღებს გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ ახალ კონსტიტუციურ მოდელში ძირითადი, ყოველდღიური მმართველობა მთავრობის კომპეტენციაშია, ლოგიკურია, რომ უფრო მეტი ხარჯი მთავრობის სარეზერვო ფონდზე მოდის. სარეზერვო ფონდებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის უნდა იყენებდნენ. ამის საპირისპიროდ, თუკი განკარგულებებს გადახედავთ, მათ შორის, მიმდინარე წლის 8 თვის ხარჯვის მონაცემებიც რომ ნახოთ, როგორც მთავრობის, ასევე პრეზიდენტის ფონდიდან ისეთი ღონისძიებებია დაფინანსებული, რომლებიც თავისი დანიშნულებით, ნაკლებად საგანგებო ან განსაკუთრებულია. ჯამში, ამ ფონდების მართვა საზოგადოების წუხილის საგანია. მუდმივად იყო საუბარი, რომ სარეზერვო ფონდებს არაჯეროვნად იყენებდნენ. არადა, კანონის დარღვევაზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან არ არსებობს ისეთი კანონი, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვის წესს განსაზღვრავს! ფორმალურად, შესაძლოა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უფრო მეტი იხარჯება, მაგრამ სარეზერვო ფონდები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბიუჯეტი კი სახელმწიფოსია, შესაბამისად, ეს ფონდებიც სახელმწიფოს საკუთრებაა. რეალურად, სარეზერვო ფონდებში სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული თანხებია მობილიზებული და რომ არა კინკლაობა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, შესაძლოა, ეს თანხები უფრო ნორმალურად დახარჯულიყო. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებში, სარეზერვო ფონდებიდან თანხები მიზნობრივად და საჭიროებისამებრ დაიხარჯოს.  

- სახელმწიფო ბიუჯეტის 8 თვის მონაცემების მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან რა ტიპის ღონისძიებები დაფინანსდა? 
- სხვადასხვა ტიპის საზეიმო ღონისძიებებია დაფინანსებული, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ამით კანონი არ დარღვეულა, რადგან ამ ფონდების ხარჯვის წესი არ არსებობს! აუცილებელია, ეს საკითხი სისტემურად მოწესრიგდეს.