ბუნებრივია, ტრაგედია, რაც იაპონიას შეემთხვა, დიდი უბედურებაა არა მხოლოდ იაპონელი, არამედ მსოფლიოს ყველა ხალხისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, რაკი საბაზრო ეკონომიკისთვის გულჩვილობა და კეთილშობილება უცხოა, ცხადია, რომ მომხდარი მსოფლიო ეკონომიკასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკურ-პოლიტიკურ კონკურცენციაზეც აისახება. რა გავლენას მოახდენს დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი იაპონურ ეკონომიკასა თუ მსოფლიო გლობალურ კრიზისზე, რომელმა ქვეყნებმა შეიძლება, ნახონ სარგებელი მომხდარით და რა გაკვეთილის გამოტანა შეუძლია საქართველოს ზემოთქმულიდან, – თემაზე ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.
ერთი შედეგი აშკარაა: ნავთობის ფასები შემცირდა იმ მარტივ მიზეზით, რომ იაპონიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიკეტა. კიდევ რას უნდა ველოდოთ?
– მე ვფიქრობ, ამ რეალობას აქვს ორი სხვადასხვა მხარე: ჯერ ერთი, ეს საშინელი და შემაძრწუნებელი ტრაგედიაა და, მეორე, გამაგოგნებელია ამ ხალხის სიმშვიდე და თავდაჭერილობა. ის საოცარი ხალხია და ეჭვიც არ მეპარება, ძალიან მალე შეძლებენ ამ ტრაგედიის მოშუშებას და ფეხზე დადგომას. რაც შეეხება ეკონომიკას: იაპონიის ეკონომიკა რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემებს განიცდის. მათ არ ჰქონდათ დაძლეული ის რეცესია, რომელიც იპაონიაში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დაიწყებოდა ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები. რაც შეეხება ამ ტრაგედიის გავლენას იაპონიის ეკონომიკაზე: ამ შემთხვევაშიც სხვადასხვანაირად უნდა შევხედოთ საკითხს. ერთი მხრივ, იაპონია უმძლავრესი ექსპორტიორი ქვეყანაა და ადამიანები როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოში მიეჩვივნენ მათ ხარისხიან, სანდო და ფასითაც მისაღებ პროდუქციას. დღეს, ბუნებრივია, იაპონიაში ყველა წარმოება შეფერხებულია და ისიც ბუნებრივია, რომ მათზე მოთხოვნა არ დაიკლებს, რაც ფასების მატებას გამოიწვევს.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპით - მიწოდების შემცირება ზრდის ფასებს.
– დიახ და მათ შორის საქართველოშიც იაპონურ საქონელზე, ალბათ, ფასები აიწევს. ასეთივე მოლოდინებია მთელ მსოფლიოში. ვერ ვიტყვი, რომ იაპონურ პროდუქციას სხვა პროდუქცია ჩაანაცვლებს სრულად, მაგრამ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავს პროდუქციაზე ფასები მაინც აიწევს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ პრაგმატულად შევხედავთ ამ სიტუაციას, ამ საშინელმა ტრაგედიამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს იაპონიის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. მართალია, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეფასებული მატერიალური ზარალი, მაგრამ დაზღვეული ქონების ღირებულება ტრაგედიით მოცულ რეგიონებში, 34, 6 მილიარდი დოლარია. გასაგებია, ეს მცირე თანხა არ არის, თუმცა რეალური მატერიალური ზარალი განუზომლად დიდია. ბუნებრივია, ყველაფერ ამას სჭირდება ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტის ინტენსიური ამუშავება, მშენებლობასა თუ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დიდი თანხების ხარჯვა კი, ცხადია, ბიძგს აძლევს ეკონომიკის აქტივობას და მე ვიფქრობ, რომ ამით იაპონიის ეკონომიკას დადებითი ბიძგი მიეცემა.
დაჩქარდება იაპონიის ეკონომიკური ზრდა?
– შესაძლოა, დაჩქარდეს, რადგან იაპონიის ეკონომიკაში ასეთი დიდი ფულის ჩაქაჩვა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ სფეროები გაჯერებული იყო. ახლა იაპონიის ბანკმა იმის გამო, რომ შეეჩერებინა ბირჟებზე იაპონური კომპანიების აქციების ფასის ვარდნა, 271 მილიარდი, დოლარი ფაქტობრივად, მიზერული პროცენტით მისცა ბანკებს და ეს თანხა მათ უნდა განათავსონ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. რა თქმა უნდა, ამ ზარალს 270 მილიარდი დოლარი არ ეყოფა, მაგრამ სწორედ ამ თანხის ჩაქაჩვის წყალობით იაპონურ ეკონომიკაში, შესაძლებელი იქნება, რომ ეკონომიკური აქტივობა იყოს მაღალი. ასე რომ, ზოგიერთ უბედურებას თავისი დადებითი მომენტებიც ახლავს, თუმცა მკრეხელურია ამ სიტყვის ამ კონტექსტში გამოიყენება.
მიუხედავად ამისა, იარსებებს საფრთხეებიც. მთავარი საფრთხე, რომელიც იაპონიას ემუქრება ამ ტრაგედიის შემდეგ?
– მთავარი არის ის, რომ როგორმე თავიდან აიცილონ ატომურ ელექტროსადგურებზე შექმნილი სირთულეები. „ვიკილიკსზე“ გამოქვეყნებული მასალებიდან გაირკვა, რომ მაგატეც და „დიდი რვიანის“ შეხვედრაც 2008 წელს აფრთხილებდა იაპონიას, რომ მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო ატომური სადგურების დაცულობა. ჩემი საინჟინრო განათლებიდან გამომდინარე, გასაოცარია, რომ ასეთი გამაოგნებელი, 9-ბალიანი მიწისძვრისთვის ქვეყანა კარგად იყო მომზადებული და დარწმუნებული ვარ, მინიმალური ზიანიც მიადგებოდა, იმიტომ რომ ვიცი ის ტექნოლოგია, რომლითაც იაპონიაში სახლები შენდება, მაგრამ ცუნამის შემოტევას ვერც ვერავინ დათვლის და ამაზე ვერაფერს ვერ გაიანგარიშებ, რადგან ეს ან მოხდება, ან არ მოხდება. ათასწლეულბზე გავთლით კი სახლებს არავინ აშენებს, იმიტომ რომ ეს გონივრულობის საზღვრებს სცილდება.
თუმცა ატომური ელექტროსადგურები დააზიანა სწორედ მიწისძვრამ და არა ცუნამიმ?
– ყველაფერმა ერთად, როგორც ჩანს. 9-ბალიანი მიწისძვრის დროს მიწა უბრალოდ იხსნება. მე მაინც ვფიქრობ, ის რაც მოხდა, ნიშნავს, რომ ყველაფერი კვალიფიციურად არის ნაანგარიშები. როგორც ჩანს, მათ ყველაფერი იანგარიშეს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ოღონდ ყველაფერის გათვლა ძნელია. ახლა უკვე გასაგებია, რაზე უნდა იყოს მომავალში იაპონიაში გათვლები გაკეთებული. მეორე მხრივ, რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, რადგან ჩემი კოლეგა-მეგობრებისგან ვიცი, რომ მიწისძვრების პერიდი დგება. ამის ნიშნები არის სეიმურად აქტიურ ზონებში.
ესე იგი, ჩვენთანაც?
– ჩვენ მართლაც ღვთივკურთხეულ მიწაზე ვცხოვრობთ: ღელე თუ ადიდდება სადღაც და გზას წაიღებს, ისიც იმის გამო, რომ ოცი წელია, იქ ბეტონის მოაჯირი არ გაუკეთებია არავის, ამას ვუწოდებთ წყალდიდიდობას; ქარი თუ წამოუბერავს და ცუდად გაკეთებულ სახურავს ახდის, ეგეც ტრაგედიად მიგვაჩნია. კავკასიაც, როგორც ვიცით, მთათა შედარებით ახალგაზრდა სისტემაა და ვიცით, რომ სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ საქართველოში შეიცვალა მშენებლობის პრინციპი და კარკასული ტიპის ნაგებობებზე გადავედით. მგონია, რომ სახელმწიფომ მშენებლობის ხარისხზე კონტროლი კიდევ უნდა გაამკაცროს, რადგან ლიბერალური ეკონომიკა არ ნიშნავს სახელმწიფო ზედამხედველობის შემცირებას ისეთ სფეროებზე, რომლებიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.
იაპონიაში გაჩერდა მსხვილი საწარმოები, ამით ეკონომიკურ სარგებელს ნახავენ იაპონიის კონკურენტები?
– ასეთი პირდაპირი კონტექსტით არა, მაგრამ დროებით დაიკავებენ გამოთავსუფლებელ ადგილებს. მაგრამ, მიუხედავად რუსეთ-იაპონის დაძაბული ურთიერთობისა, თუმცა საქართველოში ზედმეტად ხდებოდა ამ საკითხის პედალირება, რადგან თვითონ იაპონიაში განსხვავებული ვითარებაა: იაპონიის საქმიანი წრეები მთავრობას მოუწოდებდა, არ გადაეჭარბებინათ თავიანთ პოლიტიკურ მოთხოვნებში, პირველი, ვისაც დახმარებისთვის მიმართა იაპონიამ, იყო რუსეთი იყო და ეს ბუნებრივია. ამასვე გაკეთებს ყველა ქვეყანა, ეს თამაშის ელემენტარული წესი და ადამიანური მორალისა და ზნეობის საკითხია. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ეს ამბავი ვნახეთ, უნდა ვისწავლოთ, თუ როგორია ასეთი ტრაგედიისადმი გონიერი ერის დამოკიდებულება.
მსოფლიო მზადაა იაპონიის დასახმარებლად, მაგრამ ვრცელდება ისეთი ინფორმაციაც, რომ რადიაციის მატების გამო, ამერიკელი სამხედროები გავიდნენ იაპონიიდან?
– აღიარებულია, რომ გაჟონვა მოხდა; აღიარებულია, ის, ატომური ელექტროსადგურებიდან 30 კილომეტრის რადიუსით ყველა გაყვანილია, ახლა მთავარია, არ აფეთქდეს რეაქტორი. რისკები არის და ამას არ მალავს იაპონიის მთავრობა და ესეც კარგი მაგალითია. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ფაქტი აძლიერებს ატომური ენეგრეტიკის მოწინააღმდეგეების პოზიციებს. ევროპამ სასწრაფოდ ირეაგირა ამაზე. ეს არის ძალიან კარგი და იაფი ელექტროენერგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უზარმაზარი საფრთხეა.
და ეს კიდევ ერთ შანსს აძლევს ჩვენს ულევ ჰიდრორესურსებს იმავე ევროპისთვის?
– ამით აშკარა გახდა, რომ იდეა საქართველოში ატომური ელექტროსადგურის აშენების შესახებ გონივრულობის საზღვრებს სცილდებოდა. ჯერ ის საუკეთესო რესურსიც არ აგვითვისებია, რაც ღმერთს მოუცია. მე ვიცნობ ამ პროექტებს და საქართველო შეიძლება, გახდეს ელექტროენერგიის მძლავრი ექსპორტიორი: ამის ყველანაირი რესურსია და შესაძლებლობაა საქართველოში.
ცნობილია, რომ მუდმივად არის ტექნოლოგიური ჭიდილი ამერიკასა და იაპონიას შორის: იაპონიის ტრაგედია გააძლიერებს ამერიკის პოზიციებს? უკაცრავად, ასეთი პრაგმატულობისთვის.
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია: გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს იაპონია იყო ქვეყანა, რომელიც ფანტასტიკური სისწრაფით ვითარდებოდა და წინ უსწრებდა შეერთებულ შატტებსაც და სხვებსაც ტექნიკური პროგრესის ტემპით. როგორი მოკავშირეც უნდა იყო, სამყარო ცოტა უკუღმართადაა მოწყობილი: ერთი მხრივ, არსებობს პარტნიორობის მომენტი და, მეორე მხრივ, არსებობს სუფთა პრაგმატული ეკონომიკურიმოსაზრებები, რომლებიც კონკურენციის ჩარჩოებში ჯდება, ეს ყოველთვის ასე იქნება, ამიტომ ქართველი ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს მიამიტური აზროვნებიდან და მოვლენები საღად შეაფასოს. მეგობრები არსებობენ ადამიანურ ურთიერთობებში, მაგრამ სახელმწიფოებს შორის არსებობენ მოკავშირეები და ამ მოკავშირეებს შორის არსებობს სერიოზული კონკურენცია. ეს კონკურენცია კი მძაფრდება. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მსოფლიოში რესურსების პრობლემა დგება. მოსახლეობის რაოდენობა თავის პიკს – 12 მილიარდს მიაღწევს და დემოგრაფიული ბუმი ამ პიკზე გაჩერდება.
რატომ გაჩერდება?
– არსებობს კანონზომირება და მეტი ზრდა არ უნდა მოხდეს. ჩემი სტუდენტობის დროს (და მე არ ვტოვებ მხცოვანი ადამიანის შთაბეჭდილებას) სამ-ნახევარ მილიარდი არც იყო მოსახლეობა, დღეს უკვე 6 მილიარდს აღწევს და იმედი მაქვს, მოვესწრები მის 9-10 მილიარდამდე ზრდას. ეს ფანტასტიკური მაჩვენებელია. თქვენ წარმოიდგინეთ: როგორი გათვლებია საჭირო, რომ ამ მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა მოხდეს, რომ ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს დედამიწა და დენთის კასრზე არ შესხდნენ განვითარებული ქვეყნები. არ შეიძლება, ღატაკები იყვნენ მილიარდობით და კარგად ცხვრობდნენ მილიონები. ეს ლოგიკა არც საქართველოში ესმით და ამიტომ საქართველოშიც დენთის კასრზე სხედან მდიდრები.
რა თქმაუნდა, მაღალი ღობეები ვერავის დაიცავს გავეშებული მშიერი მასისგან.
– სიმდიდრე კარგია განვითარებულ ქვეყანაში. ამიტომ, თუ გინდა, რომ მდიდარი იყო, სხვა უფრო კარგად უნდა ცხოვრობდეს, რომ იმ სხვისგან შემდეგ სარგებელი ნახო. ეს ლოგიკა აკლია ქართველ კაცს და ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენები, ხელისუფლებასთან ასოცირებულებიც და არასოცირებულებიც, აბსოლუტურად გაუთვლელად მოქმედებენ. ეს ძალიან ცუდია, რადგან ფული არ ღირს იმად, რომ შენი ფოტოსურათები წამყვან გაზეთებსა და ჟურნალებში ნეგატიურ კონტექსტში ატრიალონ, რადგან, თუ ეს დღეს, ერთი შეხედვით, უწყინარი გეჩვენება, მეორე დღეს ძალიან ცუდად მოგიბრუნდება. რატომ იყო, იცით, დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტებისთვის აწყობილი და კანონიერი ქვეყანა პრიორიტეტი?! იმიტომ, რომ შესაძლებელი გამხდარიყო დაგროვილი სიმდიდრის შთამომავლობით გადაცემა. როდესაც ყველ ყველას წინაღმდეგია, იქ გარანტია იმისა, რომ შენს ქონებას შენს შვილს გადასცემ და ის კარგად იქნება, არ არსებობს. ამიტომაც გვჭირდება ამ ქვეყნის დალაგება და იაპონიის მაგალითმა შეიძლება, კარგი იმპულსი მოგვცეს: ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ გაჭირვების დროს, როგორი სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ეს ხალხი უზარმაზარ სიმპათიას იწვევს.
მე მაინც ჩემს პროზაულ შეკითხვას დავუბრუნდები: ამერიკა ისარგებლებს ამით და ტექნოლოგიურ გარღვევას გააკეთებს?
– ვერა. შემიძლია, გითხრათ რამდენიმე არატრადიციული მოსაზრება: ჯერ ერთი, ექსტრემალური სიტუაციებში განსაკუთრებით ისეთი ნიჭიერი და მრავალრიცხოვანი ერი, როგორიც იაპონელები არიან, ისეთი ფარული ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას იწყებს, რომ ამას ვერავინ გავთვლის. რატომ არის კარგი კარგად მოწყობილი ქვეყანა? რატომ არის მთელი დასავლეთი წარმატებული? იმიტომ რომ მათ ადამიანზე გათვალეს. შექმნეს პირობები და არავის შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ რას მოიფიქრებს თავისუფალი და განათლებული ადამიანი. ამიტომ ხელისუფლებამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ადამიანი უნდა გახსნას.
ერთი ოცნება მაქვს: მთელი ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ქართველი კაცი არასდროს ყოფილა თავისუფალი და ჩვენ არასდროს გვქონია მაგალითი იმისა, რომ, თუ რა შეუძლია ამ ჩვენს ხალხს. არადა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ვმუშაობდი და ძალიან რთულ საგნებს ვკითხულობდი, მაქვს იმპულსი, რომ ჩვენი ხალხის გონებაგახსნილობა ნორმალურ პირობებში საოცარ შედეგს მოიტანს, მაგრამ არ დადგა ის დრო, როდესაც დაისმება იგივე საკითხი, რაც ასიოდე წელზე ცოტა მეტი ხნის დასვა იაპონიის იმპერატორმა, როდესაც მეიძის ეპოქას წერდნენ: მთავარი ფულის შოვნა კი არ არის, ამას ვამბობ ქართველი ბიზნესმენების გასაგონად, არამედ მთავარია მაღალი იყოს ერის ინტელექტუალური დონე და მაშინ იაპონიაში უზარმაზარი ფულის შოვნა იქნება შესაძლებელიო.
იმპერატორთან ერთად აი, ამ ერთიანმა შეგრძნებამ მოიტანა ის, რომ ერის ინტელექტუალური ზრდა არის მათი კეთილდღეობის ზრდის საუკეთესო საშულება კიდევ უფრო დიდი ფულის საშოვნელად. აი, ეს შეგრძნება უნდა მოვიდეს საქართველოში. საქართველოს სჭირდება თავისუფალი, თავისი შრომის შესაბამისად მდიდარი მოქალაქე და შემდეგ ეს მდიდარი და ნიჭიერი ადამიანები კიდევ უფრო უკეთესად შეძლებენ ცხოვრებას. ისეთი დიფირენცია კი, როგორიც ჩვენთანაა, მომავალს არ უტოვებს არც ერთს და არც მეორეს.