შემცირდება თუ არა ემიგრანტული დოლარები?

შემცირდება თუ არა ემიგრანტული დოლარები?

ფულადი გზავნილების მაჩვენებელში ჯერ კლება არ დაფიქსირებულა, მაგრამ მალე, შესაძლოა, ამ ფაქტის მომსწრეც გავხდეთ. საქმე ისაა, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ისეთ ქვეყნებს აფარებს თავს, სადაც ახლა პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური კრიზისი მძვინვარებს. საბერძნეთის და უკრაინის კვალს თუ რუსეთიც გაუყვება, ფულადი გზავნილების ნაკადი, ალბათ, დაიწრიტება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზავნილების მაჩვენებელი კი იზრდება, მაგრამ არა იმ მასშტაბებით როგორც ადრე. წინა თვეში, 2013 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში მხოლოდ 1.2 მლნ აშშ დოლარით მეტი გადმოირიცხა. უდავოა, რომ აქ უკრაინის მოვლენებმა თავისი კვალი დატოვა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

უცხოეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს (67.7 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდის საბერძნეთი (17.0 მლნ აშშ დოლარი), იტალია (10.8 მლნ აშშ დოლარი), აშშ (7.1 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (5.2 მლნ აშშ დოლარი), ესპანეთი (2.4 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (2.3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (2.1 მლნ აშშ დოლარი), გერმანია (2.0 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (1.6 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (1.5 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო თვეებში ფულადი გზავნილების მაჩვენებელი უკრაინიდან, დაახლოებით, 750-800 ათასი დოლარით შემცირდა, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1-1,5 მილიონიანი ვარდნაა.

კერძოდ, 2014 წლის აგვისტოში უკრაინიდან საქართველოში 2,298 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს მაშინ, როცა მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი 3 მილიონ დოლარს აღწევდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინიდან ფულადი გზავნილის ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა დეკემბერში და მან 8 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ეს მაჩვენებელი იანვარში 3,66 მილიონი დოლარი იყო. შარშან სექტემბერ-ოქტომბერში უკრაინიდან საქართველოში სტაბილურად 3,2-2,7 მლნ დოლარი ირიცხებოდა.

საქართველოს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე, მაგრამ არსებული მდგომარეობა უახლოეს მომავალში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ქართველი მიგრანტები, ძირითადად, იმ ქვეყნებში არიან დასაქმებულნი, სადაც დღეს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. უკრაინის და საბერძნეთის მაგალითები უკვე სახეზეა. სავარაუდოდ, მას მათ რიცხვს რუსეთიც შეუერთდება. დასავლეთის სანქციები ამ ქვეყანას კრიზისისკენ მიაქანებს, შესაბამისად, დაიწყება ეკონომიკის რეცესია, დაიკლებს მოსახლეობის შემოსავლები და ქართველი ემიგრანტები თავისთავად შეტოპავენ ამ ჭაობში.

ამ დროს ფულადი გზავნილები საქართველოში სამუშაოს არმქონე ოჯახების სოციალური უზრუნველყოფისა და შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა არაოფიციალური ფულადი გზავნილების მოცულობა დიდია და მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 1,5 მილიონს უახლოვდება. მათი უმრავლესობა რუსეთში, უკრაინაში, აშშ-ში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში ცხოვრობს.

ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში მშპ-ის 7-8%-ს შეადგენს და ქვეყანაში შემომავალ გრანტებს და ინვესტიციებს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება. უხეში გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის 9% ფულადი გზავნილების მიმღებია. მათგან გარკვეული ნაწილი გადმორიცხვების მექანიზმით სარგებლობს, ზოგი კი სანაცნობო ქსელს იყენებს. ამიტომაც ფინანსურ ინსტიტუტებს ძალიან დიდ კონკურენციას უწევს არაფორმალური სექტორი, რაშიც იგულისხმება ფულადი გზავნილების მეგობრების, ნათესავებისა და სანდო პირების მეშვეობით გამოგზავნა.

მიუხედავად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა, მომავალი რამდენიმე წელი გამორიცხულია, რომ სავაჭრო რეჟიმის გამარტივების შედეგად ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბოს მიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი ნაკადების მოცულობას. ამიტომ ზოგიერთი ექპერტის აზრით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი და საჭირო დარგია სახელმწიფოებრივი და სოციალური კუთხით, ვიდრე ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმების გაფორმება.

მსოფლიო მასშტაბით, 215 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. 2008 წელს, მიგრანტების ფულადმა გზავნილებმა ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის 2% და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6% შეადგინა. 2012 წელს მიგრანტებმა სამშობლოში 370 მილიარდი დოლარი გადააგზავნეს.