ცვლილებები პრივატიზების პროცესის დასასრულებლად

ცვლილებები პრივატიზების პროცესის დასასრულებლად

მთავრობა პრივატიზების პროცესის გააქტიურებას გეგმავს.

საუბარია იმ საწარმოებზე, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი ამუშავება ვერ ხერხდება. ამისათვის, კანონმდებლობაში ცვლილება შედის, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საწარმოების კლასიფიკაცია მოახდინა.

ქონების შესახებ კანონში პრივატიზების ორი ახალი ფორმა – უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა, გაჩნდება. კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია. როგორც ირკვევა, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ახალი ცვლილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის ანძების განთავსების მიზნით განკარგვა დაექვემდებარება ცალკე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ რეგულაციას და მისი განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

ვინაიდან, კანონს ემატება პრივატიზების ორი ფორმა - გაცვლა და უსასყიდლოდ გადაცემა, მოხდა ტერმინის შეცვლა და ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაანაცვლა შესაბამისმა ხელშეკრულებამ, რაც განპირობებულია იმით, რომ უსასყიდლოდ გადაცემისას და გაცვლისას ფორმდება არა ნასყიდობის, არამედ სხვა ტიპის ხელშეკრულებები.

ასევე ტერმინი „ქონების მყიდველი“ შეიცვალა ქონების „შემძენით“, რადგან პრივატიზებაში ნასყიდობის გარდა იგულისხმება ქონების განკარგვის სხვა ფორმებიც. კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში ტოლფასი ქონების გადაცემას, ხოლო ცვლილების თანახმად, იცვლება და ტერმინი „ტოლფასი ქონება“ ჩანაცვლდება ტერმინით „გაცვლა“, რაც მოვა შესაბამისობაში სამოქალაქო კოდექსთან.

ეს ყველაფერი შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ მთავრობა აპირებს სახელმწიფო საწარმოების წილის პრივატიზების პროცესები გააქტიუროს. ამჟამად სახელმწიფოს მფლობელობაშია 330-მდე საწარმოა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა უმოქმედო და ზარალიანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საწარმოებში არ შედის უმსხვილესი სახელმწიფო ორგანიზაციები, მაგალითად, საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა  და გაზის კორპორაცია, ესკო და ა.შ.

ბოლო დროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოახდინა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კლასიფიკაცია. ისინი დაიყო შემდეგ კატეგორიებად: საპრივატიზებო, მოქმედ და უმოქმედო საწარმოებად. სააგენტომ შეიმუშავა კონკრეტული პოლიტიკა თითოეული ამ ჯგუფის საწარმოების მიმართ.

2012 წლიდან სააგენტო აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მართვაში არსებული საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს უმოქმედო და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე საწარმოების შერწყმის, ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და წილის პრივატიზების პროცესებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში საწარმოთა რაოდენობა 114-ით შემცირდა, რაც 26%-ით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ამას გარდა, მიმდინარე პერიოდში 28 საწარმოზე მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო ლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება 7 საწარმო.