ფინანსთა სამინისტროს ბანკებთან დაკავშირებით მომზადებული ინიციატივის კორექტირება მოუწევს

ფინანსთა სამინისტროს ბანკებთან დაკავშირებით მომზადებული ინიციატივის კორექტირება მოუწევს

საგადასახადო ორგანოებს ბანკებიდან და ფინანსური ინსტიტუტებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნამდე, სასამართლოს წინაშე საკუთარი მოტივაციის დასაბუთება მოუწევთ. აღნიშნული ნორმა პარლამენტში ინიცირებულ „საგადასახადო კოდექსში“ ჩაიდება, რომლის კორექტირების მოთხოვნაც ფინანსთა სამინიტრომ დეპუტატებისგან, არასამთავრობო სექტორისგან და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტისგან მიიღო.

მთავრობის მიერ მომზადებული კოდექსის თავდაპირველი ვერსია საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს ბანკებიდან კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს, მაგრამ მათ ვალდებულებას არ აკისრებს, რომ სასამართლოს წინაშე საკუთარი მოტივაცია დაასაბუთოს, რის გამოც, იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ეს გადამეტებული შეჭრაა ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაცულ ინფორმაციებში.

კანონმდებელის შეფასებით, საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ახალი რეგულაციები საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების ნახვის შესაძლებლობას იძლევა.

მისი თქმით, ზოგადად, ასეთი აუცილებლობა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვება, რომელიც საქართველოს რამდენიმე ათეულ სახელმწიფოსთან აქვს დადებული.

„წარმოდგენილ პროექტში ეწერა, რომ საგადასახადო ადმინისტრირების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და შემდეგ მოსამართლემ შუამდგომლობა ან უნდა დააკმაყოფილოს, ან უარი თქვას, როცა ეს ეხება ფიზიკური თუ იურიდიული პირის საბანკო ანგარიშის ნახვას. აქ განსაზღვრული ის დონე არ იყო, თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ეს. საგადასახადო ადმინისტრირება ფართო სპექტრია და ამის ასე დატოვება, გადამეტებული შეჭრა იქნება ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაცულ ინფორმაციებში. ფინანსთა სამინისტროს ვთავაზობთ, რომ ასეთი მოთხოვნის დაყენება შესაძლებელი იყოს მაშინ, როცა საგადასახადო შემოწმების დროს, დასაბუთებული ვარაუდი გამოვლენდა, რომ საქმე გვაქვს გადასახადებისგან თავის არიდებასთან “, - განმარტავს ხმალაძე.

კანონმდებელის მეორე შენიშვნა საპროცესო ვადებს შეეხება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ დასაზუსტებელია ის, თუ რამდენ ხანში უნდა მოხდეს მოსამართლისთვის მიმართვა და თუ როგორ უნდა შეატყობინონ იმ პირს, რომლის ანგარიშების შემოწმებაზეცაა საუბარი.

„კანონპროექტში განსაზღვრული ხუთ-დღიანი ვადა იყო, მაგრამ ავტორებთან შეთანხმებით, ეს ვადა 14 დღემდე გაიზრდება. ანუ, ისე, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსშია და მხოლოდ ამის მერე ექნება მოსამართლეს უფლება, რომ პირის თანამონაწილეობის გარეშე ეს საკითხი განიხილოს“, - აცხადებს ხმალაძე, რომლის მსგავსი შენიშვნები ჰქონდა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს.

ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ თუ პროცედურები დაცული იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში საგადასახადო სამსახურს ლეგიტიმური უფლება აქვს, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, როცა პირი უარს ამბობს თავისი ანგარიშის ჩვენებაზე, სასამართლოს მეშვეობით ანგარიშებიდან ინფორმაცია აიღოს.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ის მოთხოვნები დაკონკრეტებულიყო, რომლითაც საგადასახადო ორგანოებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია მოითხოვონ სასამართლოში. პირველ რიგში, ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი პირი. ასევე დასაბუთებული მოთხოვნა უნდა იყოს სასამართლოში. ამას გარდა, უნდა დაკონკრეტდეს, თუ რომელი ანგარიშებიდან უნდა მოხდეს ინფორმაციის მიღება, რადგან ბევრი სახის ანგარიში არსებობს“, - აღნიშნავს გვასალია.

ახალგაზრდა იურისიტთა ასოციაციის წარმომადგენელი თათული თოდუა კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ სასამართლოს მეშვეობით, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში ჩართული უნდა იყოს თავად ობიექტი.

„კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, წარმოდგენილია ორი პროცედურა. ერთი ეხება, როდესაც გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, საგადასახადო ორგანოები მიმართავენ სასამართლოს, მეორე პროცედურა შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო ქვეყნიდან მიღებული მოთხოვნის შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ მიმართვას სასამართლოსადმი. მეორე შემთხვევაში ცოტა გარანტირებია მოცემული, ვიდრე პირველ შემთხვევაში. არ არის გათვალისწინებული, რომ პირს ეცნობება სასამართლო განხილვის შესახებ. ასევე არ არის გათვალსიიწნებული, რომ პირს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება სააპელაციო სასამართლოში. ეს იმდენად სენსიტიური და მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემებია, რომ ამ პროცესში თავად პირი უნდა ჩართული იყოს“, - აცხადებს თოდუა.

შენიშვნების საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ გამოთქმულ მოსაზრებებზე უწყებაში იმსჯელებენ.

„47 ქვეყანასთან საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს აღებული, რომელიც ეხება ორმხრივი დაბეგვრის წესს. ანუ, ამის ფარგლებში პირდაპრი ვალდებულება გაგვაჩნია, რომ მათ მივაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. რაც შეეხება ადმინისტრირების კუთხით საგადასახადო ვალდებულებას, ეს შემოსავლების სამსახურს გაუმარტივებს პროცედურას, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და გადამხდელებთან მიმართებაში გადაწყვეტილება გამოიტანოს“, - დასძენს ჯავახიშვილი.

პარლამენტში აღნიშნული ინიციატივის განხილვა გუშინ დაიწყო და სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას, ცვლილებები სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.

რაც შეეხება კანონპროექტს, თავდაპირველი ინიციატივით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, საბანკო დაწესებულების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ პირს, ერთხელ მაინც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და პირმა ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

ასევე პროექტით, მოსამართლე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. პროექტით, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.