ძველი შენობების ახლით ჩანაცვლების იდეა „ლიტ ჯეო ინვესტს“ გაუჩნდა

ძველი შენობების ახლით ჩანაცვლების იდეა „ლიტ ჯეო ინვესტს“ გაუჩნდა

ავარიული და ვადაგასული სახლების პრობლემა სულ უფრო მწვავდება, მაგრამ მისი მოგვარება უფრო და უფრო ფერხდება. დედაქალაქის არც ერთ მთავრობას კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, ყველაფერი დამოკიდეუბლია კერძო ინიციატივებზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში განუხორციელებელია.

ამჯერად ძველი შენობების ახლით ჩანაცვლების იდეა ლიტვურ-ქართულ სამშენებლო კომპანია „ლიტ ჯეო ინვესტს“ გაუჩნდა. იგი თბილისში ავარიული სახლების ახალი კორპუსების ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის და ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, ნაძალადევის რაიონში ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებას აპირებს.

ამ გეგმის განხორციელებას კომპანია მას შემდეგ აპირებს, რაც ქარვასლის უკან 5 კორპუსის მშენებლობას დაასრულებს. ამ ეტაპზე მშენებარე პროექტიდან 2 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია, დანარჩენი 3-ის აშენება კი 2017 წლამდე იგეგმება.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ავარიული სახლების რეაბილიტაციის სურვილი აქვთ და ლიტვური კომპანიის სურვილსაც მიესალმებიან, თუმცა მერიამ ჯერ აღნიშნული სახლები უნდა შეისწავლოს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და კომპანიებს შეთავაზებების წარდგენა შეეძლებათ.

რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტს, მასში გათვალისწინებული იქნება თუ არა ამ მიმართულებით თანხები, მერიაში მიიჩნევენ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ამასობაში კი დედაქალაქში ე.წ. ვადაგასული სახლების რიცხვი გამუდმებით მატულობს. პრობლემის გადაჭრის გზა ისევ არ ჩანს. დრო და დრო, ეს თემა რიგით მოხელეს ან მშენებელს თუ გაახსენდება და ისიც ძალიან მოკლე დროში დავიწყებას ეძლევა.

კონსტრუქტორ-ექსპერტი, ალექსანდრე ყურაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ისევ ის სამშენებლო ნორმები მოქმედებს, რომლებიც გასულ საუკუნეში მიიღეს. რეალურად, ახალ სამშენებლო სტანდარტებზე საქართველო არ გადასულა. საუბარია, საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ სამშენებლო წესებზე.

„როგორც წესი, საბჭოთა კავშირის პერიოდში მშენებლობა წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ აგებული შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უკვე სახიფათოა. ნაგებობებს საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს, დაწყებული საბურთალოდან, დამთავრებული ძველი თბილისის, ისანის, სამგორის, ვარკეთილის, გლდანის შენობებით. დაახლოებით 95%-ს საექსპლუატაციო ვადა აღარ გააჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ შენობა უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და ის საფრთხის შემცველია იქ დასახლებული ხალხისთვის. რთულია მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება. ბევრი რამ ბუნებრივ მოვლენებზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ყურაშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამ შენობების რეაბილიტაცია, რადგან მსგავს შენობებში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს.

„ეს კორპუსები არის 40, 50, 70-ბინიანი, იმის მიხედვით, თუ რამდენ სადარბაზოიანია. ძირითადად, არის ოთხ-სადარბაზოიანი კორპუსები. ასევე არის 2 და 3 სადარბაზოიანებიც. ყველა ეს კორპუსი მასობრივად დასახლებულია“, - აღნიშნა ყურაშვილმა „ბიპიენთან“ საუბრისას. მისი ინფორმაციით, საცხოვრებლად საფრთხის შემცველი კორპუსების უმეტესობა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეა.

რაც შეეხება ახალ მშენებარე კორპუსებს, სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სუსტად კონტროლდება სამშენებლო პროცესი. მერიის იურიდიულ განყოფილებაში ამბობენ, რომ მათი სამსახური სისტემატურ ინსპექტირებას ატარებს და მშენებარე ობიექტები მოწმდება. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით კი, მერია შენობებს აკონტროლებს მხოლოდ ექსპლოატაციის მიღების პროცესში. მშენებლობის პროცესის კონტროლი მხოლოდ მშენებლობის პროექტის დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ხდება.

რაც შეეხება კანონმდებლობას, მშენებლობის პროცესს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ აკონტროლებს. კანონების დაცვით მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესები, არავინ იცის. ახალაშენებული კორპუსების მდგრადობა სამშენებლო კომპანიების კეთილსინდისიერებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებზე.