სოფო ხორგუანი: “ქართული პარტია პროვოკატორ ნინო ბურჯანაძესთან ნამდვილად არ დადგება”!

სოფო ხორგუანი: “ქართული პარტია პროვოკატორ ნინო ბურჯანაძესთან ნამდვილად არ დადგება”!

რამდენად რეალურია სახალხო კრების მიერ დაანონსებული რევოლუცია და დაიწყება თუ არა მოლაპარაკებები ბურჯანაძე-გაჩეჩილაძეს შორის, ამ საკითხებზე “ვერსიას” ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფო ხორგუანი ესაუბრა.

 

სახალხო კრებამ რევოლუცია აღდგომის შემდეგ დააანონსა. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია მათი განცხადებები ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით?

- სახალხო კრება რა შინაარსის განცხადებებს აკეთებს, მართალი გითხრათ, თვალს არ ვადევნებ. არაერთხელ დაუანონსებიათ რევოლუციისა და გადატრიალების შესახებ, თუმცა ამჟამად რა სამოქმედო გეგმა აქვთ, ვერაფერს გეტყვით. ძალიან დიდ პატივს ვცემ სახალხო კრების რამდენიმე წევრს, მაგალითად, მინდია უგრეხელიძესა და ნონა გაფრინდაშვილს, თუმცა ჩემი პატივისცემა არ ვრცელდება სხვა წევრებზე და ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ არასოდეს დამიმალავს.

 

რაც შეეხება, თვითონ სახალხო კრების არსებობას, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტი მსგავსი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას, რადგან რაც ურო მეტი გაერთიანება იქნება ამ ხელისუფლების წინააღმდეგი, მით უფრო მალე მივაღწევთ მიზანს.

 

“ქართულ პარტიას” საკუთარი მიზნები აქვს, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს. იცით, რომ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ხალხთან ერთად, გავდივართ რეგიონებში და სწორედ ხალხის დახმარებით ვცდილობთ, ახალი, ძლიერი პოლიტიკური ძალა შევქმნათ ხელისუფლებაში მოსასვლელად.

 

ანუ,  სახალხო კრებამ, მართლაც რომ შესძლოს, რევოლუციური ტალღის აგორება, “ქართული პარტია” არ შეუერთდება?  

- ჩემი აზრით, რეალობას მოკლებულია სახალხო კრების მიერ რევოლუციური ტალღის აგორება. აღდგომა და ხვალეო... თუ იქნება არჩევნები, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რადგან  ზუსტად ვიცი, რომ ვერცერთ სამართლიან არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს ვერ მოუგებს. არჩევნებში მიშას ლევანი არასდროს დაუმარცხებია და მე უშუალო მომსწრე ვიყავი მისი გამარჯვებებისა. ამჯერად უკვე აღარ გავაყალბებინებთ ხელისუფლებას არჩევნებს და ყველა მართვის ბერკეტს ჩამოვართმევთ, რაც მიტაცებული აქვთ. ჩვენ ხალხი გვიჭერს მხარს, ადამიანები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ გაწირა. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ძლიერები ვართ. სიმართლე ჩვენს მხარესაა.

 

როცა საზოგადოება შეთანხმდება იმაზე, რომ უკვე საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ხელისუფლების დაჯგუფებების პარპაში, ამას გავაკეთებთ. სისხლის დაღვრა და რევოლუცია ჩვენ არ გვინდა. ჩემი აზრით, არც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ ამაზე. სისხლიანი იმიჯი უკვე აქვს ხელისუფლებას და მას არ უნდა დავემსგავსოთ.

 

ხელისუფლებამ ხალხთან ურთიერთობის უნარი დაკარგა. პირადი ორი ჟურნალისტის გარდა, საუბარს სხვებთან ერიდებიან. ისეთი სახელმწიფო, სადაც ელემენტარულად, იმის საშუალება არ აქვს ჟურნალისტს, რომ დაგროვილ კითხვებზე პასუხი მიიღოს, ნამდვილად არ მინდა. საჯარო პირს ნებისმიერ კითხვაზე უნდა ჰქონდეს პასუხი. მინდა, ყველამ ერთად ვიცხოვროთ სამართლიან, ღია სახელმწიფოში. მიდით, აბა, ვანო მერაბიშვილთან სცადეთ ინტერვიუს ჩაწერა, თუ დაგელაპარაკებათ.

 

ჟურნალისტებთან კარგი დამოკიდებულებით არც ლევან გაჩეჩილაძე გამოირჩევა.

- ეს იმიტომ, რომ ჟურნალისტები ბოლო დროს კითხვებს მარტო ფულთან დაკავშირებით უსვამდნენ. წარმოიდგინეთ, ურეკავს ჟურნალისტი და ეკითხება, რამდენი მიისაკუთრე ხელისუფლებისგან ფული? რა უნდა უპასუხოს?

 

თავად არ აღნიშნეთ, რამდენიმე წუთის წინ, საჯარო პირმა ნებისმიერ დასმულ კითხვას უნდა უპასუხოსო?

- არის კითხვები, რაც ლოგიკას მოკლებულია. თუმცა, ვფიქრობ, ჟურნალისტებთან ურთიერთობას ძალიან მალე მოაგვარებს ლევან გაჩეჩილაძეც. წაიკითხეთ მისი ბოლო საგაზეთო ინტერვიუ და მიხვდებით, რომ ყველაფერი შეიცვალა. არსობრივ და საგნობრვ კითხვებზე ის სიამოვნებით სცემს პასუხს და მომავალში კიდევ უფრო ახლო და ხშირი კონტაქტი ექნება ჟურნალისტებთან.

 

საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პარტია შექმნეს ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვთ.

 

იმის გამო, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი, ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ დავიტოვეთ. ვიღებთ პასუხისმგებლობას სრულიად გააზრებულად  და როცა ხელისუფლებაში მოვალთ, საზოგადოების წინაშე ვალდებულებებს ნამდვილად არ გავექცევით. “ქართული პარტია” პრობლემებს ძალიან მალე დაძლევს და ხელისუფლებაშიც ძალიან მალე მოვა. ჩვენი მიზანია ამ ხელისუფლების დასრულება, ქუჩაში ავტომატებით ნამდვილად არ გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ერთობით შევძლებთ ყველაფერს.

 

სამი თვის შექმნილი პარტია, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, საკმაოდ მალე გავედით რეგიონებში. რამდენიმე რეგიონალური ცენტრი შევქმენით, მართალია, ზეწოლა დიდია რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე, მაგრამ ისინი ყველანაირ წინააღმდეგობას უმკლავდებიან, რათა ჩვენამდე მოვიდნენ. იცით, რატომ ვიბრძვით ამდენს? სხვათა შორის, ძალიან წყნარად შეუძლიათ ირაკლი ოქრუაშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს, ეროსი კიწმარიშვილს იცხოვრონ, ყოველგვარი ზედმეტი პრობლემების გარეშე, მაგრამ ამ ადამიანებს და მათ შორის მეც, დაჩაგრული ქვეყნის ყურება აღარ შეგვიძლია. ვერ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ უსამართლობას. ყველა პარტიას საკუთარი სტრატეგია აქვს შექმნილი ვითარების დასამარცხებლად, ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ.

 

ამბობენ, რომ შესაძლებელია, მალე გაჩეჩილაძემ და ბურჯანაძემ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

- ბურჯანაძის მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს, ალბათ, ყველამ იცის. არასოდეს დამიმალავს, რომ მის არცერთ სიტყვას არ ვენდობი. ჩემი პარტიის პოზიციას რაც შეეხება, სახალხო კრებასთან გაერთიანებასთან დაკავშირებით, პროვოკატორ ნინო ბურჯანაძესთან ნამდვილად არ დადგება. როგორ შეიძლება იმ ადამიანთან დადგე, რომელიც შენს ლიდერს აბსურდულ ბრალდებებს უყენებს?

 

თუმცა ლევან გაჩეჩილაძეს ერთ-ერთ ინტერვიუში ასე რადიკალურად არ უარყვია ბურჯანაძესთან შესაძლო მოლაპარაკებები.

- ტერორისტი რომ აიყვანს მძევლად ადამიანებს, მათ შორისაც შეიძლება მოლაპარაკებები წარიმართოს. ჩვენ ახლა სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ბურჯანაძესთან მოლაპარაკებების წარმოებაა. გვინდა, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა, ვმუშაობთ სხვადასხვა პროგრამაზე, გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავარწმუნოთ ჩვენს შესაძლებლობებში. გარწმუნებთ, ჩვენ ვართ პარტია, რომელიც  მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს საქართველოს ისტორიაში.